USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
დავით გურგენიძე - „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე კარდინალური ცვლილებაა მოსალოდნელი“
Date:  2587

უახლოეს პერიოდში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სიახლეები ელის – ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, იქ, არაერთი ცვლილებაა დაგეგმილი.

დავით გურგენიძეს, რომელიც რექტორის პოსტზე ორიოდე თვის წინ აირჩიეს, ამ რანგში საქმიანობის დაწყება საკმაოდ რთულ დროს მოუწია. ამ ეტაპზე იგი კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებს ებრძვის. პანდემიის დასრულების შემდეგ კი, უნივერსიტეტში, ახალი რექტორის ხედვის შესაბამისი მმართველობა დაიწყება.

ამბობს, რომ მისი ბედი 30 წლის წინ გადაწყდა, როცა კათედრაზე ნახევარ განაკვეთზე დაიწყო მუშაობა. იმ დროიდან მოყოლებული, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რექტორად არჩევამდე, ოთხი წლის განმავლობაში, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი იყო. შესაბამისად, კარგად იცის რა სჭირდება უნივერსიტეტს, რა გამოწვევების წინაშე დგას და როგორ არის შესაძლებელი მისი შემდგომი განვითარება.

EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და სამომავლო გეგმებსაც გვიმხელს.

დავით გურგენიძე: როგორც ზოგადად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე პირადად ჩემი – უნივერსიტეტის რექტორის მიზანია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი, უმოკლეს დროში, ერთიანი ევროპული აკადემიური სივრცის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ამ მიზნის მიღწევას კი მხოლოდ სურვილი არ ჰყოფნის. ამისთვის, სისტემურ-სტრუქტურული რეფორმების გატარებაა საჭირო, ახალი პრიორიტეტები და სტრატეგიები უნდა განისაზღვროს და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გატარდეს. როგორც ვიცით, ეს პრიორიტეტები და სტრატეგიები, თანამედროვე ევროპულ აკადემიურ სივრცეში, ავტონომიურობის, აკადემიური თავისუფლების, სწავლების, სწავლის და კვლევის ერთიანობის, თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს გულისხმობს. რადგან უმაღლესი სასწავლებლის მიზანს მეცნიერული ცოდნის დანერგვა, გავრცელება და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, ამიტომ, აუცილებელია, შეიქმნას ისეთი სტრუქტურები და შესაბამისად, ისეთი აკადემიური გარემო, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევის, სწავლებისა და სწავლის პროცესის ერთიანობას.

სწავლისა და სწავლების პროცესში მუდმივად უნდა იყოს გათვალისწინებული კვლევის უახლესი შედეგები, რაც სწავლას უფრო სიღრმისეულსა და მრავალფეროვანს გახდის; ამასთან, უნივერსიტეტის საქმიანობა, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო, ზუსტი და საინჟინრო მეცნიერების მიმართულებით, დიდწილად, მიმართული უნდა იყოს პროფესიულ საჭიროებებზე და თავისუფალი ბაზრის მოთხოვნებზე, რაც სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა.

როგორც საზოგადოებრივ-საჯარო დაწესებულება, თანამედროვე უნივერსიტეტი წარმოადგენს კულტურულ ინსტიტუციას; ამაში კი, განსაკუთრებული როლი კულტურასა და სოციალურ მეცნიერებებს ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებაში ჰუმანისტური იდეების გავრცელებასა და განხორციელებას უწყობს ხელს. ჩვენი უნივერსიტეტის და პირადად ჩემი მიზანი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ეს ევროპული საზოგადოებრივ-ჰუმანისტური მიდგომა, შეძლებისდაგვარად სწრაფად, ტექნიკურ უნივერსიტეტშიც განხორციელდეს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ...

-აპირებთ თუ არა უნივერსიტეტში ცვლილებებს, რას მიიჩნევთ პრიორიტეტულად?

-დ.გ: უნივერსიტეტში რამდენიმე კარდინალური ცვლილებაა მოსალოდნელი. ეს ცვლილებები, პირველ რიგში, შეეხება ტრადიციული საუნივერსიტეტო აკადემიური სტრუქტურების დახვეწასა და განვითარებას და იმავდროულად, ახალი სტრუქტურული ერთეულების შემოღებას, რომლებიც თანამედროვე აკადემიური სივრცის განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტებია.

როგორც ცნობილია, თანამედროვე ევროპული საუნივერსიტეტო სივრცის განვითარება ამ ორი ნიშნით ხასიათდება – ეს არის ტრადიციული შიდა საუნივერსიტეტო სტრუქტურების განვითარება, როგორებიცაა ფაკულტეტები და მისი სტრუქტურული ერთეულები, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტები, სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებები, აკადემიური დეპარტამენტები და ასევე, ე.წ. სხვადასხვა ტიპის ფაკულტეტებს მიღმა, ფაკულტეტებს შორის, ან რამდენიმე ფაკულტეტის ბაზაზე წარმოქმნილი ახალგანვითარებული ინსტიტუციები, ე.წ. კოლეგიები, ანდა კლასტერები.

ახალი სტრუქტურების უპირატესობა, გარკვეულწილად, განპირობებულია იმით, რომ ისინი უფრო მოქნილი ორგანიზმებია მაღალრეიტინგული კვლევის საწარმოებლად. ამ ახალ ორგანიზაციებში სწავლება და კვლევა საგნებზე კი არ არის დამყარებული, არამედ თემებზე დაფუძნებული მოდელები გამოიყენება. ეს კვლევის იმპულსის მიმცემი სტრუქტურები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ახალ ინტერდისციპლინურ თემებსა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვან პრობლემებს. ინტერდისციპლინურობა კი, თანამედროვე ევროპული აკადემიური სივრცის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან მზარდი მეცნიერული სპეციალიზაცია დიდ კვლევით ჩაღრმავებასა და დისციპლინების დიფერენციაციას მოითხოვს.

იმისათვის, რომ თანამედროვე ევროპულმა უნივერსიტეტმა გამართულად და ეფექტიანად იფუნქციონიროს, საჭიროა, საზოგადოებრივი, ეკონომიკური და აკადემიური ინტერესებიდან გამომდინარე, განისაზღვროს უნივერსიტეტის აკადემიური პრიორიტეტები. ამ შემთხვევაში, პრიორიტეტულად შეიძლება ჩაითვალოს მთლიანად რომელიმე ფაკულტეტი ან ზოგიერთი ფაკულტეტის ცალკეული დარგობრივი მიმართულება. მაგრამ, იმისათვის, რომ პრიორიტეტულმა დარგებმა და მიმართულებებმა წარმატებულად იფუნქციონიროს, საჭიროა მაღალკვალიფიციური პროექტების შექმნა და განხორციელება. ისეთი პროექტების შესაქმნელად, რომელსაც საერთაშორისო აკადემიური ღირებულება ექნება, აუცილებელია წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან კოლაბორაცია, რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება ხორციელდებოდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო და კვლევით პროცესებში უცხოელი პროფესორების ჩართულობა.

-როგორ ფიქრობთ, პასუხობს თუ არა დღევანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი თანამედროვე ახალგაზრდის მოთხოვნებსა და იმ სტანდარტებს, რომელთაც უნივერსიტეტი უნდა აკმაყოფილებდეს?

-დ.გ: შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გასაცემად საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი სოციოლოგიური კვლევები, რასაც ჩვენი უნივერსიტეტი კორონავირუსის კრიზისის დამთავრების შემდეგ გეგმავს. მე კი, აქ მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რა სტანდარტებს იცავს ან უნდა იცავდეს ევროპული ტიპის უმაღლესი სასწავლებელი იმისათვის, რომ სტუდენტების უფლებები და ინტერესები იქნას დაცული და კომფორტული იყოს მათთვის საზოგადოებრივი და აკადემიური სიკეთეების მიღება უნივერსიტეტიდან. თანამედროვე უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა ერთობას და უნივერსიტეტის გამართულად ფუნქციონირება სწორედ ამ ერთობის აგებაზეა დამოკიდებული. ამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სწავლის თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ სტუდენტმა თავის შეხედულებისამებრ აირჩიოს სასწავლო ღონისძიებები, არამედ იმასაც, რომ აქტიურად ჩაერთოს, როგორც მიმდინარე სასწავლო კვლევით პროცესში, ასევე უნივერსიტეტის მართვაშიც. სწორედ ამისთვის არსებობს სტუდენტური თვითმმართველობა, რომლის ძირითადი ფუნქცია, საუნივერსიტეტო ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან ერთად, არის ის, რომ უმაღლეს სასწავლებელსა და საზოგადოებაში სტუდენტების ინტერესები დაცულ იქნას. ამავდროულად, სტუდენტური თვითმმართველობის საშუალებით, სტუდენტთა გაერთიანებები საკუთარი წევრების ინტერესებს უნდა იცავდნენ კანონის ფარგლებში, მონაწილეობას იღებდნენ უმაღლესი სასწავლებლის წინაშე დასახული ამოცანების განხორციელებაში; თავისუფლად უნდა გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო თუ სასწავლო საკითხების პოლიტიკისადმი.

როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ისე სტუდენტური გაერთიანებები განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდნენ მარტოხელა დედების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების უფლებების ზედმიწევნით დაცვას და მათთვის ხელშემწყობი პირობების განვითარებას. ამასთან, უნივერსიტეტი ცოცხალი ორგანიზმია და მისი სტრუქტურები მუდმივად დინამიურ განვითარებას განიცდის – მათ შორის, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოებიც. ისინი დროის მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად უნდა იხვეწებოდნენ, მეტად დემოკრატიულები ხდებოდნენ, რათა სტუდენტთა ჩართულობა, როგორც აკადემიურ, ისე მართველობით პროცესებში უფრო მეტად ხილვადი იყოს.

ამავდროულად, ჩემი აზრით, სტუდენტური ცხოვრება უფრო საინტერესო და მიზანმიმართული რომ გახდეს, მიზანშეწონილია, სტუდენტური თვითმმართველობის ეგიდით სტუდენტური სამეცნიერო კლუბების შექმნა, რა შემთხვევაშიც სტუდენტებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მხარდაჭერით, აკადემიური და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი პროექტების შექმნისა და განხორციელების შესაძლებლობა მიეცემოდათ. ამასთან, უნივერსიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს სტუდენტთა შორის სწავლისა და კვლევის მოტივაციის ამაღლება. ამ მიმართულებით შესაძლებელია განხორციელდეს ინოვაციური პროექტი, კერძოდ, სტუდენტთა მიერ გენერირებული იდეების მატერიალიზაცია სტარტაპ ბაზაზე, რაც გათვალისწინებული იქნება უნივერსიტეტის ბიუჯეტში.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ...

-მოსალოდნელია თუ არა ახლო მომავალში ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების განახლება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადახალისება?

-დ.გ: რაც შეეხება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვას, უნივერსიტეტში მალე დაიწყებს ფუნქციონირებას ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა უახლესი სასწავლო ლაბორატორია, რომელიც ავსტრიული წარმოებისაა. ფაქტიურად, უსასყიდლოდ გადმოგვეცა 7 მილიონის ღირებულების დანადგარები. იმდენად, რამდენადაც ეს უახლესი, 2020 წლის აღჭურვილობაა, ორგანიზაციამ, რომელმაც დანადგარები გამოგვიგზავნა, გვთხოვა, რომ გარკვეული დროის მანძილზე მათი ფოტოგადაღება და ინტერნეტში ატვირთვა არ მოხდეს. ეს არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც დიდი მიღწევაა.

გარდა ამისა, ფუნქციონირებს ხიდსაცდელი ცენტრი. ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რომლებიც ამ ლაბორატორიებში კვლევებით დაკავდებიან, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. უნივერსიტეტს გააჩნია სამეცნიერო ცენტრები, რაც ჩვენი აკადემიური წრეებისთვის და სტუდენტებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსებს, მთლიანად განახლებულია პირველი, მეცხრე და მეთერთმეტე კორპუსები. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ყველა კორპუსის განახლებას ვგეგმავთ და ეს სამუშაოები ზაფხულის არდადეგების პერიოდში რეგულარულად ჩატარდება.

-რა შეგიძლიათ გვითხრათ პროფესიულ სწავლებაზე, მის მნიშვნელობასა და ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან გადადგმულ თუ დაგეგმილ ნაბიჯებზე?

-დ.გ: უნდა მოგახსენოთ, რომ თანამედროვე ევროპული საუნივერსიტეტო სივრცე, როგორც დინამიურად განვითარებადი, მრავალ ახალ გამოწვევას შესაბამისად პასუხობს. მათ შორის, არსებობს გამოცდილება და ტენდენციები აკადემიური და პროფესიული სწავლების ინტეგრაციისა. თანამედროვე საუნივერსიტეტო სივრცე თავის თავში ამ ორ მიმართულებას აერთიანებს, რათა როგორც აკადემიური, ისე პროფესიული სწავლა და სწავლება უფრო მეტად იყოს ორიენტირებული საზოგადოებრივ-ეკონომიკურ მოთხოვნილებებზე. იმისათვის, რომ ამ ინტეგრაციულმა სისტემამ უფრო გამართულად იფუნქციონიროს, საჭიროა იმ სასწავლო-კვლევითი, პედაგოგიური მიმართულებების განვითარება-გაძლიერება, რომელიც ორიენტირებულია პროფესიული სწავლების მაღალკვალიფიციურ პროფესორ-მასწავლებელთა ჩამოყალიბებაზე, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული სწავლების მაღალკვალიფიციურად წარმართვას.

სწორედ ამიტომ, ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი ამ ტიპის სამეცნიერო კვლევით-პედაგოგიური და პროფესიული სწავლების უფრო მიზანმიმართული და ეფექტური განვითარებაა. ამ მიზნით, უნივერსიტეტი ახორციელებს 27 მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას და მათ 400-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება. დასაქმების ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჭიროა შრომის ბაზარზე მოთხოვნადი და აქტუალური პროფესიული პროგრამების შემუშავება-დანერგვა, პროფესიულ განათლებასა და დამსაქმებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის სისტემის დანერგვა და გაძლიერება, აკადემიური რესურსებისა და თანამედროვე სასწავლო მასალების მოძიება, ტრენინგების ჩატარება, გაცვლითი პროგრამების ამოქმედება. და რაც ასევე უმნიშვნელოვანესია – პროფესიული პროგრამების ეფექტიანად განხორციელებისთვის შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც უახლესი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორიული და სააუდიტორიო სივრცეების მოწყობას გულისხმობს.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ...

-რამდენად საკმარისად მიგაჩნიათ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში პრაქტიკების წილი და გეგმავთ თუ არა მის გაზრდას?

-დ.გ: რა თქმა უნდა, პრაქტიკები მომავალში მეტად გაიზრდება. გათვალისწინებულია არსებული საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიკაცია და ახალი პროგრამების შემუშავება, რაშიც აუცილებლად იქნება ჩართული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და ბაზარზე მოქმედი ორგანიზაციები. ჩვენი ახალგაზრდები პრაქტიკას სწორედ მათთან კოლაბორაციაში გაივლიან. ტექნიკურ უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული მრავალ ქართულ ორგნიზაციასა და ბიზნესკომპანიასთან. ეს მემორანდუმები ითვალისწინებენ სამივე საფეხურის სტუდენტთა სტაჟირებასა და საწარმოო პრაქტიკას დასაქმების პერსპექტივით.

გარდა ამისა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გვაქვს ევროპის მრავალ უნივერსიტეტთან, რაც „ერაზმუს პლიუსის“ გაცვლითი პროგრამების გარდა, დამატებით მრავალმხრივ შესაძლებლობას უქმნის სამეცნიერო კვლევებით დაინტერესებულ სტუდენტებს სამეცნიერო პრაქტიკა ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში გაიარონ და შესაბამისად, ორმაგი დიპლომები აიღონ.

მნიშვნელოვანი მემორანდუმები გვაკავშირებს მსოფლიოში ცნობილ იაპონიის სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. სწორედ ამ მემორანდუმებით ხდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოკენდაის შორის ელემენტარული ნაწილაკების, მაღალი ენერგიების ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების დარგში კოლაბორაცია და ქართველი დოქტორანტების ერთობლივად მომზადება. მემორანდუმების თანახმად, იაპონიის მხარე ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს სწავლისა და სამეცნიერო კვლევების პროცესში. პარალელურად, ჩვენს დოქტორანტებს ორმაგი ხარისხი მიენიჭებათ და ქართული და იაპონური დიპლომები გადაეცემათ.

ტექნიკურ უნივერსიტეტს ასეთივე მნიშვნელოვანი კოლაბორაცია აქვს ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან – CERN-თან. ჩვენი ბირთვული ინჟინერიის ცენტრი ATLAS-ის ექსპერიმენტში მონაწილეობს, ჩვენს მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს კი სამეცნიერო კვლევისა და ნაშრომების შესრულება CERN-ის პროეტების ბაზაზე შეუძლიათ. მემორანდუმი ასევე, ითვალისწინებს CERN-ში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების სამეცნიერო სტაჟირებებს, საქართველოში კი CERN-ის მასტერკლასების გამართვას. ამ ტიპის მემორანდუმები ტექნიკურ უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, გააძლიეროს და განავითაროს საერთაშორისო თანამშრომლობა სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით, უცხოელ კოლეგებთან კოლაბორაციით მოამზადოს მაღალი დონის სპეციალისტები ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ფიზიკურ ინჟინერიასა და სამოქალაქო ინჟინერიაში, ენერგეტიკასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში და ა.შ.

-რამდენადაა ჩართული უნივერსიტეტი კურსდამთავრებულების დასაქმების საკითხში, არსებობს თუ არა ამ მხრივ რაიმე სახის მონაცემი?

-დ.გ: რაც შეეხება დასაქმებას, ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა ნამდვილად დიდია. უკლებლივ ყველა მემორანდუმი, რომლებზეც ვისაუბრეთ, ითვალისწინებს სტაჟირებას, პრაქტიკას და სამომავლო დასაქმების პერსპექტივას. ტექნიკური უნივერსიტეტის არც ერთი წარმატებული და მოტივირებული სტუდენტი არ რჩება შეუმჩნეველი და როგორც წესი, იღებს შეთავაზებას დამსაქმებლის მხრიდან. უნივერსიტეტს მრავალი ორგანიზაცია თუ კომპანია თავად უკავშირდება სასურველი კადრების მოძიების მიზნით.

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way