USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
დამოუკიდებლობას რომ თავი დავანებოთ, პრობლემაა, რომ ბიზნესდავებს გამოუცდელი მოსამართლეები იხილავენ - ნაზი ჯანეზაშვილი
Date:  

"სასამართლოს გუშაგის" დირექტორის ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, სახდეპის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესდავების ნაწილი სასამართლოში წლების განმავლობაში იწელება, ნეგატიური გზავნილია საქართველოს პოტენციური ინვესტორებისთვის.

მან BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ აღნიშნა, რომ ანგარიშში მოყვანილი გამოწვევები მნიშვნელოვანია და ყველას ეხება, რადგან ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუარესებას იწვევს.

„ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და აბსოლუტურად ყველას ეხება იმიტომ, რომ თუკი საქართველოში არის სასამართლო, რომელიც არის დამოუკიდებელი, ასეთ დროს განსხვავებული მდგომარეობაა საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით. ამაზე მუდმივადაა საუბარი პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც. ბუნებრივია, ეს შემდეგ აისახება მოსახლეობაზე, პირველ რიგში სამუშაო ადგილებზე. პოტენციური ინვესტორებისთვის იქნება სიგნალი, რომ როდესაც ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არის, მარტივი შრომითი დავაც კი შეიძლება პრობლემური გახდეს. წარსულში მქონდა შეხება არაერთ ადამიანთან, რომლებსაც წარმატებული ბიზნესი ჰქონდათ და საქართველო დატოვეს სწორედ იმის გამო, რომ სასამართლო დავები დიდი ხნით გაჭიანურდა“,- განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას წლების წინ ჰქონდა გეგმა, რომ კომერციული პალატები შექმნილიყო, თუმცა საბოლოოდ არ განხორციელდა. ის მიუთითებს, რომ არსებულ პრაქტიკაში, გარდა დამოუკიდებლობისა, პრობლემაა მოსამართლეების არასათანადო გამოცდილება და კვალიფიკაცია.

„ხელისუფლებას წლების წინ, დაახლოებით 2017-2018 წლებში, ჰქონდა გეგმა, იყო მსჯელობა, სამუშაო შეხვედრები, რომ შექმნილიყო კომერციული პალატები, რომლებიც ბიზნესდავებს განიხილავდნენ, რაც ხელს შეუწყობდა პროფესიონალი მოსამართლეების მხრიდან დავების მაღალ დონეზე განხილვას და რაც მთავარია, ამის მოკლე ვადებში გაკეთებას. იყო პარტნიორი ქვეყნებიდანაც სურვილი, რომ პროცესის სწორად წარმართვაში დაგვხმარებოდნენ. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე უარი თქვა და თბილისის საქალაქო სასამართლოში შექმნეს ვიწრო სპეციალიზაცია. ეს ნიშნავს კონკრეტული მოსამართლეების მიმაგრებას ბიზნესდავებზე, მეტი არაფერი. არიან მოსამართლეები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ იხილავენ ასეთი მნიშვნელობის დავებს“,- თქვა მან.

ნაზი ჯანეზაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, საქართველო 2013 წლამდე მდგომარეობას უბრუნდება და რამდენიმე კვირაა საბჭოს სხდომები ჩაკეტილ რეჟიმში იმართება.

„სასამართლოში კლანური მმართველობა არის ის, რომ მათ აქვთ კონკრეტული, საკუთარი ბიზნესგეგმები, ინვესტიციები, ინტერესები, ვხედავთ, რომ კონკრეტული მოსამართლეები მდიდრდებიან მაშინ, როდესაც ისინი უნდა ზრუნავდნენ ქვეყნის განვითარებაზე მართლმსაჯულების სწორად განხორციელებით.

დღეს, საქართველო ფაქტობრივად უბრუნდება 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას. „ქართული ოცნება“, რომელიც ამაყობდა იმით, რომ გახსნა სასამართლოს დარბაზები, თითქოს სისტემა გახდა უფრო გამჭვირვალე, გახსნა საბჭოს სხდომები, დღეს ეს პრობლემა დგას საბჭოს ნაწილში ჯერჯერობით, მერე არ ვიცით რა იქნება. უკვე რამდენიმე კვირაა საბჭოს სხდომები ჩაკეტილ რეჟიმში მიმდინარეობს, დამკვირვებლებს, მედიას არ უშვებენ“,- აღნიშნა "სასამართლოს გუშაგის" დირექტორმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს, წერია, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები კარგია და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უკეთესი პოზიცია აქვს, თუმცა არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად.

წყარო: https://bm.ge/

society
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way