პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ადიგენში, დაბა ბაკურიანში, ხაშურსა და ზუგდიდში, „მუსიკალური საღამოები“ გაიმართა.
ზუგდიდში „მუსიკალური საღამო“, ღამის შოუს ბენდის კონცერტით დასრულდა. ბენდი მაყურებლების წინაშე ძველი და ახალი ჰიტებით წარსდგა. მანამდე, დადიანების სასახლის მიმდებარედ, გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობა.
ხაშურის მერიის მიმდებარედ, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი სივრცე მოეწყო როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. ჩატარდა მრავალფეროვანი ვორქშოფები და მოეწყო ანიმატორების შოუ. ასევე, გამოიფინა ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები. საღამო გალაკონცერტით დასრულდა.
„მუსიკალურ საღამოს“ უმაპინძლა ადიგენმაც. გაიმართა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები. საღამო კი გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.
გრანდიოზული კონცერტით დასრულდა „მუსიკალური საღამო" დაბა ბაკურიანში. მსმენელის წინაშე ცნობილი ქართველი შემსრულებლები წარდგნენ. მანამდე კი ამირანის პარკში მოსული სტუმრებისთვის მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცე.
გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.
ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $10.5 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.4 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.4 ტრილიონია, როცა ესპანეთის, ინდონეზიის და საუდის არაბეთის - ნაკლები. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან ამ მაჩვენებელს ქვეყნების მშპ-სთან თუ შევაფარდებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.
რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $10.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?
2024 წლის I კვარტალში, BlackRock-მა $4.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 36%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში $1.5 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს, უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით - აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.
აქციების კუთხით, BlackRock-ის აქტივებს შორის ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. BlackRock-ის აქციების პორტფელის ათი უდიდესი პოზიცია კი, შემდეგნაირად გამოიყურება:
#1 - Microsoft - $229.7 მილიარდად შეფასებული 542.02 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 5.37%)
#2 - Apple - $178.4 მილიარდად შეფასებული 1.04 მილიარდი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 4.17%)
#3 - NVIDIA - $164.66 მილიარდად შეფასებული 182.42 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 3.85%)
#4- Amazon - $115.18 მილიარდად შეფასებული 638.54 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 2.69%)
#5 - META - $77.18 მილიარდად შეფასებული 158.94 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.8%)
#6 - Alphabet (Class A) - $62.77 მილიარდად შეფასებული 415.9 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.47%)
#7 - Alphabet (Class C) - $54.11 მილიარდად შეფასებული 355.37 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.27%)
#8 - Eli Lilly - $50.78 მილიარდად შეფასებული 65.27 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.19%)
#9 - Broadcom - $46.27 მილიარდად შეფასებული 34.91 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.08%)
#10 - Berkshire Hathaway (Class B) - $45.21 მილიარდად შეფასებული 107.51 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.06%)
წყარო:https://bm.ge/