შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 4 პირი, რომლებიც უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს ატყუებდნენ და მათ თანხებს ეუფლებოდნენ.
კერძოდ, როგორც უწყება იტყობინება, დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 4 პირი: 1982 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ა.ც. , 2002 წელს დაბადებული გ.ზ. და 1982 წელს დაბადებული ა.ი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და კონკრეტული როლები გადაინაწილეს. დაკავებულები, ბათუმში, უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდნენ, რომ კონკრეტული ფართების სესხის სანაცვლოდ გირავნობით დატვირთვის და მათთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება გააჩნდათ, რის შემდეგაც მოტყუებით ეუფლებოდნენ მოქალაქეების კუთვნილ თანხებს", - იტყობინება შსს.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 16 მოქალაქე დაზარალდა.
თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 461 306 ლარი შეადგინა.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.
ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.