USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
და დაიწყო ომი - 2008 წლის 7 აგვისტო
თარიღი:  1525

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა.. 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ომში რუსეთი ღიად 8 აგვისტოს ჩაერთო.

რუსებისა და ოსების გაერთიანებული სამხედრო შენაერთები ქართველებს ცხინვალში სამი დღე ებრძოდნენ. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტის მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში _ 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვები და რუსი ჯარისკაცების თვითნებობები არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. 2008 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით აგვისტოს ომის დროს დაღუპულია: _ შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე; პოლიციის 16 თანამშრომელი; 188 მშვიდობიანი მოქალაქე.

ომის ქრონოლოგია:

1-აგვისტო -გამთენიისას ცხინვალის რეგიონში ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე, ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რის შედეგადაც ექვსი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაიჭრა.

2 აგვისტოს ოსი სეპარატისტები ქართულ სოფლებს მთელი ღამე ცხრილავენ. არის მსხვერპლი. საქართველოს ხელისუფლება ოს სეპარატისტებს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სეპარატისტები ცხინვალიდან ჩრდილოეთ ოსეთიში ქალებისა და ბავშვების ევაკუაციას იწყებენ.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელს მარად კულახმეტოვს ხვდება. იაკობაშვილი ოს სეპარატისტებთან შეხვედრას ითხოვს, მაგრამ უარს იღებს.


3 აგვისტო- რუსეთის მთავრობამ საშუალება მისცა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთში გახიზნულიყო. ამავე დღეს რეგიონს ლტოლვილებით დატვირთული 20 ავტობუსი ტოვებს.
საქართველო მოლაპარაკებებისათვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მზად არის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მფარველი ანგელოზის დღეს ულოცავს. მისალოცი ბარათი მის უწმინდესობასთან საქართველოში რუსეთის ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს მიაქვს. ვლადიკავკაზში ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხარდამჭერი მიტინგი იმართება. ამ დღეს აფხაზი სეპარატისტები იღებენ გადაწყვეტილებას სექტემბრიდან გალში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ. სერგეი ბაღაფში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და ენგურის ხიდს კეტავს.


4 აგვისტო - რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს როკის გვირაბის სიახლოვეს განახლდა. აფხაზები გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ. შეხვედრა 15 აგვისტოს ბერლინში უნდა გამართულიყო. თავის მხრივ, ოს სეპარატისტთა ლიდერი, კოკოითი აცხადებს, რომ იგი "რუსეთის გარეშე საქართველოსთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს". სეპარატისტთა ე.წ. შს მინისტრი მიხეილ მინძაევი აცხადებს, რომ ცხინვალი ცეცხლის გახსნისთვის მზადაა. საქართველოს ხელისუფლების პოზიციას სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ახმოვანებს: "საქართველო საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას არ აპირებს" და ოსურ მხარეს კვლავ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. შეთავაზება კვლავ უპასუხოდ რჩება. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდგარი რუსული ბატალიონი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის. კოკოითი ცხინვალიდან აცხადებს, რომ საქართველოს გასანადგურებლად მზადაა.


5 აგვისტო - ოსმა სეპარატისტებმა ქართული სოფლების დაცხრილვა განაახლეს. 5 აგვისტოს დილითვე აფხაზი სეპარატისტები მეორე ფრონტის გახსნაზე იწყებენ საუბარს. რუსეთის სამხრეთ ნაწილიდან ცხინვალისკენ მოხალისეთა ნაკადი მიედინება. სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მოუწოდებენ. განცხადებას ავრცელებს ეუთოც, რომელიც ვითარების დაძაბვაში სეპარატისტებს ადანაშაულებს.ინფორმაცია - "თემურ იაკობაშვილი 7 აგვისტოს ცხინვალში ჩავა და ბორის ჩოჩიევს შეხვდება".

 

6 აგვისტო- ქართული სოფლები კვლავ იცხრილება. საქართველოს განცხადებით, ქართულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა,სამი ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიჭრა. იმავე ღამეს სროლებმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რის გამოც ქართულმა მხარემ სროლები განაახლა.ცხინვალში ჩადის დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრუფუფლებიანი ელჩი დენის კიფი.ცხივნალის მცხოვრებლები გახიზვნას იწყებენ, ხოლო ქართულმა მხარემ ტანკები, არტილერია და ჯარები რეგიონის საზღვართან მიიყვანა.სოფლები _ ნული და ავნევი _ ოსი სეპარატისტების შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაბომბეს. არის მსხვერპლი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო თათბირი იმართება. მოსკოვი იური პოპოვს 6 აგვისტოს ღამით თბილისში "საქმის ვითარებაში გასარკვევად აგზავნის". პოპოვი აცხადებს, რომ იაკობაშვილისა და ჩოჩიევის შეხვედრა რუსული მხარის ხელშეწყობით გაიმართება. ამავე დროს, პოპოვი აცხადებს, რომ "ცხინვალის რეგიონში მოვლენათა ძალისმიერი გზით განვითარების შემთხვევაში რუსეთი განზე ვერ დარჩება". ოსი სეპარატისტები 7 აგვისტოს ცხინვალში დაგეგმილი შეხვედრის ვადას სწევენ და შეხვედრის ჩატარებას ქართულ მხარეს 9 აგვისტოს სთავაზობენ.

7 აგვისტო- თავდასხმებმა ქართულ სოფლებზე უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. სეპარატისტები განუწყვეტლად ბომვავენ ქართულ სოფლებს ერედვის, ფრისს, ავნევს, დვანსა და ნულს, ფრონეს ხეობას. ღამით გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ქართულ მხარეს ცეცხლი არ გაუხსნია. თუმცა მას შემდეგ რაც სეპარატისტებმა ცეცხლი მსხვილკალიბრიანი _ 12-მილიმეტრიანი ქვემეხიდან გახსნეს, ცეცხლი ქართულმა მხარემაც გახსნა. ქართული მხარე აცხადებს, რომ მას „არა აქვს დაგეგმილი კონფლიქტის ზონაში საგანგებო ზომების მიღება და დიალოგისათვის მზად არის ". საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებით გამოდის - "ქართული მხარე მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისათვის მზადაა". საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს გამოიყენოს თავისი ზეგავლენა სეპარატისტებზე და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა აღკვეთოს. ბაღაფში ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. სხდომა დახურულია. იური პოპოვმა და თემურ იაკობაშვილმა ცხინვალში შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმება ვერ შეძლეს. იაკობაშვილი კონფლიქტის ზონაში მიემგზავრება. კონფლიქტის ზონაში გაემგზავრა იური პოპოვიც. ოსი სეპარატისტების მიერ ქართული საგუშაგოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცხრილვა გრძელდება. გამუდმებით იცხრილება პატარა ლიახვის ხეობა. სეპარატისტებმა სარაბუკის სიმაღლის დაკავება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. იაკობაშვილი მარატ კულახმეტოვს, ცხინვალში სამშვიდობოთა შტაბში შეხვდა და თბილისში დაბრუნდა. იაკობაშვილისა და კულახმეტოვის შეხვედრის დეტალები არ ხმაურდება. 7 აგვისტოსთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ათი ჯარისკაცი დაიღუპა. პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეწყვეტა გამოაცხადა.
"კონფლიქტის ზონაში ამჟამად სნაიპერული ომი მიმდინარეობს სოფლის მცხოვრებთა წინააღმდეგ და ამ მომენტში ინტენსიური სროლები მოდის არტილერიიდან, ტანკებიდან და ხელსატყორცნი არტილერიული სისტემებიდან, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არალეგალურადა შემოტანილი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობირივი 19:10 საათზე პირდაპირ სატელევიზიო გამოსვლაში. სააკაშვილმა მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ „ნებისმიერ ფორმატში" და პირობა სამხრეთ ოსეთის სრულ ავტონომიაზე ძალაში დატოვა, ასევე საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა სეპარატისებისთვის, ხოლო საერთაშორისო თანამეგორბობას მოუწოდა მხარეთა შორის მოლაპარაკებებისთვის შუამდგომლობა გაეწია.სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებისათვის მიმართავს და ძალადობის ესკალაციის შეჩერებასა და მოლაპარაკებების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. სააკაშვილმა პირდაპირი ეთერით რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ შესთავაზა შუამავლის როლი კონფლიქტების მოგვარების საკითხში.ოსურმა მხარემ ცეცხლი შეწყვიტა.იური პოპოვი აცხადებს, რომ 8 აგვიტოს თემურ იაკობაშვილისა და ბორის ჩოჩიევის შეხვედრა გაიმართება. მარატ კულახმეტოვი აცხადებს, რომ "თბილისი და ცხინვალი ორმხრივ შეხვედრამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ". სააკაშვილი ცხინვალში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო დიალოგს იწყებს. საღამოს ოსურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია. შეტევა დაიწყო სოფელ თამარაშენზე. არის მსხვერპლი. 23:30 საათზე ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი სამშვიდობო ჯარების სარდალ ყურაშვილის განცხადებით, რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის" დამყარება იყო. ქართული მხარის საბრძოლო მოქდებებების დაწყებამდე რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა.


8 აგვისტო- ოსური მხრიდან ცეცხლი არ წყდება. ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. არის მსხვერპლი.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმყოფებოდა, დაგმო საქართველოს „აგრესიული ქმედებები" და თქვა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა. 09:30 საათზე პრეზიდენტმა მედვედევმა სასწრაფო შეხვედრა გამართა მთავრობის წევრებთან, კონფლიქტის შესახებ რუსეთის შესაძლო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად.როკის გვირაბის გავლით შემოსული ასობით შეიარაღებული პირი და სამხედრო ტექნიკა საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. საქართველოს მთავრობა მოუწოდებს სეპარატისტებს შეწყვიტონ შეიარაღებული მოქმედებები. 11:40 საათზე სააკაშვილის ბრძანებით ქართული სარეზერვო ჯარების მობილილზაცია გამოცხადა. საქართველოს მთავრობა: "შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავდასხმის აღსაკვეთად, საქართველოს ხელისუფლება იძულებულია ადეკვატური ზომები მიიღოს". ქართულმა ქვედანაყოფებმა ორი სოფელი მუგუთი, დიდმუხა, დმენისი დაიკავეს და ცხინვალის მისადგომებთან იმყოფებიან. პირველი განცხადება ვაშინგტონიდან: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გონსალო გალეგოსი აცხადებს, რომ ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს "გავლენა მოახდინოს სეპარატისტებზე რათა სროლები შეწყდეს". ინტენსიური ბრძოლები სოფელ ტყვიავში მიმდინარეობს. ქართული მხარე მზად არის მოლაპარაკებათა მაგიდას კვლავ დაუბრუნდეს. საქართველოს სახედრო შენაერთები კონფლიქტის ზონის რვა ქართულ სოფელს _ დმენისს, მუგუთს, დიდმუხას, სარაბუკს, ზემო ნიქოზს, ატოცსა და ქვემო და ზემო ოქონას სრულად აკონტოლებენ. ცხინვალის მისადგომებთან არსებულ თითქმის ყველა სტრატეგიულ სიმაღლესა და სოფელში ქართული დროშა ფრიალებს. ქართული ქვედანაყოფები ქალაქ ცხინვალში შევიდნენ. კოკოითი ჯავის რაიონში, საგანგებო შტაბში იმყოფება. რუსული ავიაცია ქართული ქალაქების დაბომბვას იწყებს. საქართველოს საელჩოს შენობას მოსკოვში ე.წ. ომონი ალყაში აქცევს. საელჩო მუშაობას აგრძელებს. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს უკან დაეწიათ რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები, რომლებსაც როკის გვირაბიდან ჯავის რაიონში გადაადგილების მცდელობა ჰქონდათ. ქართულ არმიას 10 დაქირავებული მებრძოლი ჩაბარდა. ქართული მხარე კონფლიქტის რეგიონის 70% აკონტროლებს.საქართველოს ხელისუფლება 15:00-დან 18:00 საათამდე სროლაზე მორატორიუმს აცხადებს და ერგნეთში გაკეთებული დერეფნით მშვიდობიან და არა მარტო მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიებს, გორში გადმოსვლასა და დაბინავებას სთავაზობს. რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ორი ბომბი ჩამოაგდო. რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა მარნეულის სამხედრო აეროდრომი და ვაზიანის სამხედრო ბაზა დაბომბა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 58-ე არმიის დანაყოფები ცხინვალის მისადგომებთან იმყოფებიან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას მსოფლიო ლიდერებს აცნობს. საქართველოს პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ქართული მხარე მკაცრად იცავს მორატორიუმის პირობებს და ცეცხლის არ ხსნის.რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო 00:00 საათიდან, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა სამჯერ დაბომბეს მარნეულის საავიაციო ბაზა. არის მსხვერპლი. საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პრეზიდენტი და საერთაშოროსო ორგანიზაცია და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რუსეთის სამხედრო ტექნიკა ჯავაში განლაგდა. ისინი ქართული არმიის ალყის გარღვევას ცდილობენ. შემნილ მდგომარეობაზე ევროკავშირის "ტროიკაც" მსჯელობს.


9 აგვისტო- რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა სენაკის სამხედრო ბაზა და ფოთის პორტი დაბომბა. არის მსხვერპლი. დაიღუპა 13 ქართველი ჯარისკაცი და ათზე მეტი დაიჭრა.ორმა რუსულმა მოიერიშემ გორთან ქართული არტილერიის პოზიციები დაბომბა. ხუთი ადამიანი დაიღუპა, ქალაქ გორში ბომბი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. რუსეთის საჰაერო ძალების ფსკოვის 76-ე საჰაერო დივიზია ცხინვალში შევიდა. ქართული მხარის განცხადებით, ჩამოგდებულია 10 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი. 11:10 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოს პარლამენტმა 90 ხმით 0-ის წინააღმდეგ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება. 12:30 საათზე სამხრეთ ოსეთში რუსებმა საპარაშუტო დესანტი გადმოსხეს. პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ გამოსვლაში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტაზე მოუწოდებს. 13:41 საათზე რუსეთის საჰაერო ძალებმა დაბომბეს კოდორის ხეობა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრას ვაიტიეკუნასი გორის რეგიონში ჩადის. ვაიტეკუნასის განცხადებით, ნგრევისა და მსხვერპლის რაოდენობა შოკის მომგვრელია. "ამერიკის ხმა" საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობას აორმაგებს. გაეროს უშიშროების საბჭომ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთიანი გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო. კვლავ დაიბომბა ფოთი. საქართველო ერაყიდან ათასი სამხედრო მოსამსახურის უკან გამოწვევის გადაწყვეტლებას იღებს. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო თანამეგობრობას საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან გადაჭრაში დახმარებას სთხოვს.რუსეთის სამხედრო ავიაცია ლიახვის ხეობის ცხრავე სოფელს ბომბავს. არის მსხვეპლი. ხეობაში დარჩენილი მოსახლეობა შველას ითხოვს.
საქართველოში იწყებენ ჩამოსვლას სხვა და სხვა საერთაშოროსო ორგანიზაციების დამკვირვებელთა ჯგუფები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია ე.წ. "ჰუმანიტარული დახმარების" და "მშვიდობისათვის იძულების ოპერაციის" საფარქვეშ მიმდინარეობს. ცხინვალში ბრძოლები მძაფრდება. რუსეთის სამხედრო ავიაციამ ონის რაიონის სოფლები წედისი და ბარი დაბომბა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ჯორჯ ბუშმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს პირველი პირი აცხადებს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 55 ადამიანი, მათ შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქე, 40 კი სამხედრო მოსამსახურე.რუსეთის ბომბდამშენებმა ბაქო-თბილისი_ჯეიჰანის საერთაშორისო ნავთობსადენზე იერიში მიიტანეს. წითელი ჯვრის წარმომადგენლები კონფლიქტის ზონაში დაჭრილების დასახმარებლად ვერ შედიან. რუსულმა ავიაციამ ზემო აფხაზეთის სოფლები ომარიშარა, საკენი, ქვაბჩარა და ჩხალთა დაბომბა. ქართულმა მხარემ როკის გვირაბზე იერიში მიიტანა. ოფიციალური ინფორმაციით საქართველოს სამთავრობო ძალები ცხინვალსა და მის შემოგარენს აკონტროლებენ.


10 აგვისტო _ 6:20 საათზე საქართველომ ცეცხლის შეწტყვეტა მოითხოვა და რუსეთს მოლაპარაკება შესთავაზა. ა ნიკოლა სარკოზიმ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების დასარეგულირებლად შეიმუშავა გეგმა. ვლადიმერ პუტინმა პეკინის ოლიმპიადაზე ვიზიტი შეწყვიტა და ჩრდილო ოსეთში ჩავიდა. მან საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანა მოსთხოვა. პუტინი აცხადებს, რომ საქართველოს ქმედებები დანაშაულებრივია, რუსეთის ქმედებები კი _ სრულიად ლეგიტიმური. საქართველოს საჯარისო შენაერთები მთლიანად აკონტროლებენ ცხინვალს, მის ირგვლივ ყველა სტრატეგიულ სიმაღლეს. რუსული ავიაცია და არტილერია ცხივნალის დაბომბვას იწყებს. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ საგანგებო ბრიფინგზე დაადასტურა, რომ რუსული არმიის უპრეცედენტო შეტევის შედეგად საქართველოს ჯარის ნაწილებმა ქალაქ ცხინვალის მისადგომებთან გადაინაცვლეს. საქართველოს მთავრობამ აფხაზ ხალხს მიმართა ნუ აყვებიან რუსეთის პროვოკაციებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ სამხრეთ ოსეთში სიტუაციის განმუხტვისათვის შემუშავებულ სამეტაპივან გეგმას ჩამოიტანს. სერგეი ბაღაფში საყოველთაო მობილიზაციას აცხადებს. საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ აფხაზეთის სანაპიროზე რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტი იმყოფება.იმავე დღესვე რუსებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ განცხადებას საქართველოს „კიდევ ერთი დეზინფორმაცია" უწოდა. 22:00 საათზე საქართველო დათანხმდა რუსეთის სამშვიდობოების შესვლას ზუგდიდში. მსოფლიოს ლიდერები რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ევროპის ქვეყნებში, რუსეთის საელჩოების წინ, საპროტესტო აქიები იმართება. რუსეთის ავიაცია გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ბომბავს. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს შეიარაღებული ჯარები სამხრეთ ოსეთში ცეცხლს შეწყვეტენ. რუსული ავიაცია საავიაციო ქარხნის "თბილავიამშენის" ტერიტორიას ბომბავს. ოფიციალური მონაცემებით, 94 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 47 სამხედრო და 47 სამოქალაქო პირია. ევროპის სხვა და სხვა ლიდერები საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოდიან. ზემო აფხაზეთს რვა რუსული ბომბდამშენი ინტენსიურად ბომბავს.


11 აგვისტო - სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისთან სატელეფონო საუბარში ახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილი "უნდა წავიდეს". თბილისში ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები ჩამოდიან. ზემო აფხაზეთს კვლავ რუსეთის სამხედრო ავიაცია ბომბავს. რუსულმა ავიაციამ თბილისა და მის შემოგარენზე საჰაერო შეტევა განახორციელა. სამხედრო ბაზა სენაკში რუსმა მედესანტეებმა დაიკავეს. ზუგდიდის პოლიცია რუსების ხელში გადავიდა. გენერალი სერგეი ჩაბანი ქართულ მხარეს ულტიმატუმს უყენებს და იარაღის დაყრას მოითხოვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ცნობას ჩეჩნეთიდან სპეცბატალიონების "ვოსტოკისა" და "ზაპადის" გადმოყვანის შესახებ. საქართველოსა და რუსეთს შორის საფოსტო კავშირი შეწყდა. ქართული მხარე ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებასთან დაკავშირებით რუსეთის თანხმობას უშედეგოდ ელის. ბერნარ კუშნერი თბილისში ჩამოდის. რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აპატიმრებენ. ორი დღის განმავლობაში მოსკოვში ეთნიკური ნიშნით მოკლულია 7 ქართველი 20 უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. საქართველოს პრეზიდენტი და უცხოელი დიპლომატები გორიდან სასწრაფოდ გამოიყვანეს. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი თავის სამშვიდობო მისიას ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს. რუსულმა ავიაციამ სოფელ ტყვიავზე მორიგი იერიში მიიტანა. სოფელი ხურჩა აფხაზებისა და რუსების შეიარაღებულმა ნაწილებმა დაიკავეს. სენაკის სამხედრო აეროპორტი და სამხედრო ბაზა იმობმება. საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას "ხვალ, 15:00 საათზე პარლამენტთან" შეკრებისკენ მოუწოდა


12 აგვისტო- რუსეთმა ფოთის სანაპიროსთან ნაწილები გადმოსხა პორტის გარშემო 50 კმ-იანი ბუფერული ზონის შესაქმნელად. აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და მოითხოვს რუსეთმა გადადგას ნაბიჯები კრიზისის დასასრულებლად. "დიდი შვიდეულის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთისგან მოითხოვეს დაუყოვნებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. რუსეთის საოკუპაციო ნაწილებმა ზემო აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.რუსეთის საოკუპაციო სამხედრო საჰარეო ძალებმა გორის რაიონის სოფელი თორტიზა დაბომბეს. კოდორის ხეობიდან მოსახლეობა მთლიანად გამოყვანილია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ზღვაზე იერიში მიიტანა. სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შესახებ ღიად განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში "ძალით მშვიდობის დამყარების" ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა. გორის დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საოკუპაციო ჯარები სენაკში თავდაცვის სამინისტროს მე-2 ბრიგადის ბაზის ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. ილია მეორემ დიმიტრი მედვედევს მიმართვა გაუგზავნა და ცეცხლის უსწრაფესად შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. რუსეთი გრძელებს საქართველოს ტერიტორიის საჰაერო დაბომბვებს. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეტევა განახორციელეს ბაქო-თბილის-სუფსის ნავთობსადენზე. პარლამეტის წინ შეკრებილ მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ საქართველო რუს სამშვიდობოებს ოკუპანტებად, ხოლო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადებდა. მან ასევე გამოაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოდიოდა. ზუგდიდში რუსმა სამხედროებმა ქართული სამშვიდობოების შტაბი და სხვა ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს. რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩიხიდან გამოსვლის 6-პუნქტიანი განცხადება შეიმუშავეს. საქართველომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ". საქართველო რუსეთს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებსრუსული ავიაცია ქართული სოფლების დაბომბვას განაგრძობს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა. თბილისში იმყოფებიან ესტონეთის, პოლონეთის, ლიტვისა და უკრაინის პრეზიდენტები. ასევე ლატვიის პრემიერი-მინისტრი. დაღუპულია 175 ადამიანი. იაპ დე ჰოოპ სხეფერი აცხადებს, რომ მიუხედავად კონფლიქტისა საქართველო რჩება ნატოს კანდიდატი ქვეყანად. მოსკოვში ნიკოლა სარკოზის პირად საუბარში პუტინმა განუცხადა, რომ ის "საკაშვილის ყვერებით ჩამოკიდებას" აპირებდა.


13 აგვისტო - საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. გორს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. მათ გორში მოროდიორობა დაიწყეს. რუსმა ოკუპანტებმა ფოთი დატოვეს. რუსმა ოკუპანტებმა გორთან დასავლეთისკენ მიმავალი საავტომობილი გზა გადაკეტეს. რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დაარღვია და გორი კვლავ დაბომბა. გორიდან თბილისისკენ მომავალმა რუსულმა ტანკებმა უფლისციხის მიმართულებით გადაუხვია. რუსი ოკუპანტები მესტიის რაიონში შევიდნენ. რუსი სამხედროები გორში მშვიდობიან მოსახლეობას უსწორდებიან.


14 აგვისტო - რუსი ოკუპანტები მესტიის რაიონს ტოვებენ. თბილისში ცხინვალის რეგიონიდან 28 ათასი დევნილია, რომლებიც 268 ობიექტშია გადანაწილებულნი.


15 აგვისტო - რუსმა ოკუპანტებმა მდინარე ცხენისწყლის საავტომობილო ხიდი გადაკეტეს. პატრიაქრი გორში შევიდა. კონდოლიზა რაისი თბილისშია. საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტის გეგმას.რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებმა ბორჯომისა და ცემის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს.


16 აგვისტო -მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ ფართომასშტაბიანი აქციები იმართება. რუსმა ოკუპანტებმა გალიდან ზუგდიდში დამატებით 50 ერთეული ტანკი შეიყვანეს. რუსრუსი სამხედროები კვლავ გორში რჩებიან. რუსეთის საოკუპაციო ჯარების ნაწილებმა დანაღმეს და ააფეთქეს სარკინიგზო ხიდი კასპის რაიონში მეტეხი-გრაკალის გადასარბენზე. დიმიტრი მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმას ხელი მოაწერა. რუსული ვეტრფრენები სურამის ტყეში ცეცხლგამჩენ ჭურვებს ყრიან.


17 აგვისტო - თბილისს ამერიკელი სენატორი ბაიდენი ეწვევა. ანგელა მერკელი თბილისშია მედვედევმა სარკოზის პირობა მისცა, რომ საქართველოდან ჯარების გაყვანის პროცესი ხვალიდან დაიწყება


18 აგვისტო - რუსმა ოკუპანტებმა შტურმით აიღეს გორის სატელევიზიო ანძა და მომსახურე პერსონალი ჩაცხრილეს. რუსმა ოკუპანტებმა განმუხურის პატრიოტთა ბანაკი გადაწვეს.


19 აგვისტო - სენატორი ჯოზეფ ბაიდენი კონგრესს საქართველოსთვის ერთი მლრდ დოლარის გამოყოფას სთხოვს. რუსეთის საოკუპაციო ჯარების გასვლის თარიღი კიდევ ორი დღით გადაიდო. დაღუპულა 215 ადამიანი, 1469 დაჭრილია, დაკარგულია 70 სამხედრო პირი. დიმიტრი მედვედები სარკოზის ჯარების გაყვანას 22 აგვისტოსთვის დაჰპირდა. რუსმა ოკუპამტებმა ოსიაურის სამხედრო ბაზა ააფეთქეს.


20 აგვისტო - რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავეს. კიკეთის მიმდებარე ტყეში ორმა რუსულმა ვერტმფრენმა ცეცხლგამჩენი ჭურვები ჩამოყარა.


21 აგვისტო - საქართველოს რუმინეთის პრეზიდენტი ეწვევია. ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკების პროცესი დიწყო. რუსეთს აკრძალული იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.


22 აგვისტო - ხაშურიდან და გორიდან რუსი ოკუპანტების გასვლა შეინიშნება. წინასწარი მონაცემებით განადგურებულია 500 ჰა უნიკალური ტყის მასივი. რუსეთი ენგურზე 18 საგუშაგოს განალაგებს. ოფიციალურად აფხაზეთში რუსული საოკუპაციო არმიის 2 142 სამხედრო რჩება.


23 აგვისტო - რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა სენაკის ბაზა დატოვეს.


24 აგვისტო - რუსი ოკუპანტები საჩხერის რაიონის სოფელ პერევის ტერიტორიაზე რჩებიან.


25 აგვისტო - რუსეთის ფედერაციის საბჭომ პრეზიდენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების რეკომენდაცია მისცა. რუსეთის დუმამ აღიარებას მხარი დაუჭირა.გორში ტყვეთა გაცვლის მორიგი ეტაპი იწყება.


26 აგვისტო - დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.