USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ჩვილებით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრულია - საქართველოდან 100 000-ზე მეტი ახალშობილი გაიყიდა!
თარიღი:  857

ჩვილებით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრულია - აღმოჩნდა, რომ საბჭოთა დროიდან 2005 წლამდე საქართველოში 100 ათასზე მეტი ახალშობილის გაყიდვის ფაქტი ფიქსირდება. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ირკვევა, რომ ბავშვებს კანადასა და მექსიკაში ჰყიდდნენ, დანაშაულებრივ სქემაში კი სამშობიარო საავადმყოფოების დირექტორები და მედპერსონალი იყო ჩართული.

როდის დაიბარებენ კრიმინალურ პოლიციაში იმ მედპერსონალს, რომლებიც, წლების განმავლობაში, სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონოდ გაყიდვისა და გაშვილების საქმეში იყვნენ ჩართულნი, ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონოდ გაყიდვისა და გაშვილების ფაქტებზე, თამუნა მუსერიძემ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე ჯამში 12 საათი გაატარა. პირველი, ექვსაათიანი ჩვენება, უწყებას 31 აგვისტოს მისცა. ორ დღეში, 2 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური გამოძიება დაიწყო და საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნით ვაჭრობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 12 წლამდე.

მომდევნო ჩვენება, რომელიც ასევე ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა, თამუნა მუსერიძემ კრიმინალური პოლიციის გამომძიებლებს 5 სექტემბერს მისცა. უწყებაში ის იმ დოკუმენტაციით მივიდა, რომელიც მისი თქმით, ადასტურებს ათწლეულების განმავლობაში, ჩვილების სამშობიაროებიდან გაყიდვის ფაქტებს.

რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ერთ-ერთი საქმე, რომელსაც ახლა კრიმინალური პოლიცია იძიებს, 2004 წელს, საქართველოდან საბერძნეთში გაშვილებული ჩვილის საქმეა. ბიჭი 18 წლისაა და მან თავად გამოთქვა სურვილი, იპოვოს ბიოლოგიური მშობლები.

ბიჭის ბიოლოგიური მშობლების გრაფაში მითითებული „მშობლების“ შესახებ ინფორმაცია მცდარია და შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2003 წელს, თბილისში დაბადებული ჩვილი, 2004 წელს უკანონოდ, საბუთების გაყალბების გზით გააშვილეს.

საბერძნეთში გაყვანამდე ის თბილისში იზრდებოდა და ქალს, რომელიც მას დროებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ უვლიდა, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბავშვი დედამ მიატოვა. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში თამუნა მუსერიძემ პირველ სექტემბერს გაავრცელა:

„გამოგვეხმაურა იმ ქალის შვილი, რომელთანაც ბავშვი ერთ წლამდე იზრდებოდა. სამწუხაროდ, თავად ეს ქალბატონი 12 წლის გარდაცვლილია და ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. მაგრამ ვიცით, რომ 2003 წლის იანვრის დასაწყისში, ან 2002 წლის დეკემბრის ბოლოს დაიბადა. ერთმა ქალმა რამდენიმე დღის ჩვილი ქალბატონ მ...ს [სახელი დაშიფრა რადიო თავისუფლებამ] მიუყვანა და უთხრა, რომ ბავშვი დედამ დატოვა და სანამ სხვა მშობელი გამოჩნდებოდა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მისი მოვლა შესთავაზა. შვილს იმ ქალის სახელი არ ახსოვს. ახსოვს მხოლოდ გარეგნობა. ქალი იყო ჭარბწონიანი, ქერა, შუაზე გაყოფილი წინამოთი (ე.წ"ჩოლკით") . ეს ქალი მათ სახლში კიდევ რამდენჯერმე მივიდა და 6 თვის მერე გაქრა. გამოჩნდა დაახლოებით 8 თვის მერე და ოჯახს ბავშვის დატოვება 4 ათასი დოლარის სანაცვლოდ შესთავაზა. ოჯახს ფული არ ჰქონდა და იძულებულები გახდნენ, რომ ბავშვი მთაწმინდაზე - უკვე აღმზრდელ მშობლებთან მიეყვანათ. როგორ, რა საბუთებით და ვის მიერ მოხდა ბიჭის გაშვილება, მათ არ იციან. თუმცა მზად არიან თანამშრომლობისთვის და გვერდში დგომისთვის“, - დაწერა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში პირველ სექტემბერს და პოსტს 18 წლის ახალგაზრდის ფოტოც დაურთო, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს.

„იმედი“

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.