USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Тбилиси
ჩვენ ვგავართ მზეს, სხვადასხვა მიმართულებით რომ ისვრის სხივებს
дата:  1087
ბავშვთა ფსიქოთერაპევტი, ქალბატონი მაია ცირამუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ჩანახატი უფროა, თანაც ისეთი, დილიდან რომ გაგათბობთ.
 
"ახლა ალბათ ხუთი გადასცდა შვიდს. ჯერ ისევ ბნელა და ფანჯრებს იქით ქარი ზუის. შემოვდგამ ჩაიდანს, ბიჭს რძიან კაკაოში ორი კოვზი შაქარი უყვარს. ჩანთას ჩაალაგებდა თვითონვე გუშინ. სად არის ახლა ის თმის სარჭი, აქ იდო წუხელ, გაიღვიძებს და ინერვიულებს გოგო - დავალებას რომ წერდა გვიან ღამით, რვეულში თუ ჩარჩა. ეს ცომი, ბლინებისთვის რომ მოვამზადე, ტაფამ რომ არ მიიკრას, ზეთი გათავებულა და კარაქს წავუცხებ ძირზე, მაგრამ არ შეჭამს შუათანა. რაც არის არის! ორ ნაჭერ პურს გავუხუხავ შუაში ყველით.
დავიწყებ ახლა სახლის გამოღვიძებას. ვიქცევი ჩემი შვილების თვალებში მოჭყიტინე მზის სხივად. მერე ნიავად, მერე ქარად ან ქარიშხალად.
-ადექით, ახლა გაიღვიძეთ დილა გათენდა და უნდა დატოვოთ სახლი, რომელიც ვიცი, რომ გიყვართ. გესმით ზარის ხმა?
- არა, დედა, ქარია გარეთ, ცოტაც გვაცალე, დავასრულებთ სულ ბოლო სიზმარს.
ოჰ, ღმერთო ჩემო, რა ამბავია, იყავი ჩუმად. გამოკეტე ოთახის კარი, არ გაიღვიძოს კაცმა, მას დაღლილს სძინავს, ხუთის ხუთ წუთზე მორჩა ბოლო ნაშრომის კითხვას. დღეს გზაზე მიდის. საგზალი უნდა. არ დაავიწყდეს - ჩემოდანი ჩაალაგა ნეტავ?
ჩვენ გავდივართ სახლიდან ხმაურით, ღელვით, რამე არ დაგრჩეს! ჩააქრე გაზქურა? უთო? ჩაიდანი ხომ არ დაგვავიწყდა?! ფისოს დაუყარე საჭმელი? მამას გასაღებს მე წავიღებ, მაინც არ ჩამოვა ზეგ საღამომდე. მოიხსენი გთხოვ ეს ყურსასმენი, როცა ქუჩაზე გადადიხარ! ხვალაა შენი კლასის კრება?
ჩვენ ვგავართ მზეს, სხვადასხვა მიმართულებით რომ ისვრის სხივებს.
მე კი ტკივლების ექიმი ვარ და ახლა უნდა დავივიწყო ჩემი სახლი, ჩემი შვილები. სხვის ტკივილებში ვიხეტიალო. დღეს რამდენი ტკივილის ექიმი ვარ? 10 - ზე, 11-ზე, 12 ზე, 2 ზე და 4 ზე, მოვლენ ბავშვები, რომლებსაც არ უხარიათ წვიმა რომ მოდის და არ იციან რა მაგარია იქ ბოტებით ჭყაპა-ჭყუპი, ზოგჯერ ხედავენ და ზოგჯერ ვერა იმ ცისარტყელას ყველა რომ ხედავს, არ ჰყავთ დედები დილით თეფშზე კარაქიანი პური რომ დაუდოთ.
მერე შეხვედრაა - იქ უნდა ვილაპარაკო ტკივილებზე ბავშვებს რომ ყელში ბურთად უგორგლდებათ. და უნდა ჩავყლაპო ჩემი ბურთი. მე უნდა ვიყო მშვიდი და როგორმე ვიპოვო ერთი პეშვი ბედნიერება იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ცუდი სიზმრები აქვთ.
ისევ სამსახურში მობრუნებული, ახლაღა ვხვდები - სადღაც, ჩანთაში, ჩემი ტელეფონი რეკავს:
- დედა, სახლში მოვედი და არავინაა, გასაღები შენ წაიღე?
- დედა, ხვალაა ფული ჩასარიცხი ინგლისურზე, არ დაგავიწყდეს!
- დედა, რაღაც თავი ამტკივდა და შეიძლება დღეს არ წავალ ფეხბურთზე?
- დედა, რომ გირეკავ, ასჯერ რომ გირეკავ, რატომ არ მპასუხობ?!
- დედა, გესმის? არ გესმის დედა?!
კაცი დატოვებდა ალბათ სახლში ვაშლს, მსხალს და გოგრას. უფროსი გამოაცხობდა ღუმელში უთუოდ. ოოჰ, როგორ მიყვარს ახლად გამომცხვარი გოგრის სუნი. რა ხდება ნეტა ახლა სახლში?! ზეთი აღარ გვაქვს. ცოტაა ბრინჯი, გოგოს ფეხსაცმელს ლანჩი სძვრება. და თვის ბოლომდე, ხელფასამდე, ათი დღე რჩება."
 
 
 
 
 
 
Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати