USD 2.6974
EUR 3.1595
RUB 3.3298
თბილისი
ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქ. N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულდა
თარიღი:  202
თბილისის განვითარების ფონდმა ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქ. N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
რეაბილიტაციის შემდეგ, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 80-მდე ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა, ხოლო თბილისს ტურისტულ მარშრუტზე, კიდევ ერთი აღდგენილი და განახლებული შენობა შეემატა.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო.
„კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლის რეაბილიტაცია დავასრულეთ, რომელიც ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქ. N1-ში მდებარეობს. შენობაში მძიმე და სავალალო მდგომარეობა იყო, დღეს კი ყველაფერი გალამაზებული და განახლებულია. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ 78 ოჯახს მივეცით ნორმალურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რომელთა დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია. სამუშაოების ფარგლებში, მთლიანად განახლდა, როგორც ფასადი, ისე საცხოვრებელი ფართები. მიხარია, რომ დღეს ამდენ გახარებულ ოჯახს ვხედავ. გილოცავთ. მეც ვუერთდები თქვენს სიხარულსა და ბედნიერებას. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას გავაგრძელებთ და მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა შესრულებული სამუშაოებისთვის თბილისის განვითარების ფონდს, პროექტის ხელმძღვანელობისთვის კი მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მადლობა გადაუხადა. მან მადლობა ასევე გადაუხადა ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში მუნიციპალიტეტმა ქირით უზრუნველჰყო.
„დღეს ერთ-ერთი გამორჩეული დღეა, რადგან ჩვენს ქალაქს კულტურული მემკვიდრეობის სრულიად განახლებული ძეგლი შეემატა. როდესაც ჩვენ აქ პირველად მოვედით, მართლაც უმძიმესი მდგომარეობა დაგვხვდა - შენობა ფაქტობრივად, წყალზე იდგა. პირველ ეტაპზე, მისიწქვეშა კომუნიკაციების პრობლემა მოგვარდა, შემდეგ ეტაპზე კი გარემონტდა ყველა ბინა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია და მათი პირვანდელი სახით შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გასულ წლებში ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა, მომდევნო წლების განმავლობაშიც მასშტაბური გეგმები გვაქვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს, თბილისის განვითარების ფონდს, მუნიციპალურ ლაბორატორიას, რომლის თანამშრომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. ასევე, სამშენებლო კომპანიას, რომელმაც პირნათლად შეასრულა საკუთარი ვალდებულება და განსაკუთრებული მადლობა ადგილობრივ მცხოვრებლებს მოთმინებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
პროექტის ფარგლებში, გამაგრდა შენობის საძირკველი, აღდგა დაზიანებული კედლები და ღიობები, განახლდა ფასადის დაზიანებული ნაწილი, სახურავი და კარ-ფანჯრები, ეზოს მხარეს არსებული ფასადი კი აგურით მოპირკეთდა. გარდა ამისა, ეზოში მოეწყო ლითონის კიბე და მხატვრული მინათება.
პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყო, ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე შპს „იკორთამ“ იმუშავა, ხოლო მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „დიკა 2010“-მა შეასრულა. შენობის რეაბილიტაციის საერთო ღირებულებამ შეადგინა 16 759 688 ლარი, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი, ჩუღურეთის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის