USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Тбилиси
ჩინეთში BBC World News-ის მაუწყებლობა აიკრძალა
дата:  693

ჩინეთში ბრიტანული “BBC World News”-ის მაუწყებლობა აიკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ტელევიზიისა და რადიოს მარეგულირებელმა ორგანომ მიმდინარე კვირის ხუთშაბათს მიიღო. მანამდე, პეკინმა ტელეკომპანია გააკრიტიკა მის მიერ ჩინეთში მცხოვრები მუსლიმი უმცირესობის –  უიღურების – დევნისა და ქვეყანაში კორონავირუსის კუთხით არსებული ვითარების გაშუქებასთან დაკავშირებით.

ჩინური მარეგულირებლის განცხადებით, “BBC World News”-ის მასალები “სერიოზულად არღვევდა” მაუწყებლობის წესებს, მათ შორის, იმ მითითებებს, რომელთა თანახმადაც “ახალი ამბები უნდა იყოს ჭეშმარიტი და სამართლიანი” და “არ უნდა აზიანებდეს ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებს”.

BBC-ის განცხადებით, პეკინის ამ ნაბიჯით “იმედგაცრუებულია”. გადაწყვეტილება დაგმეს როგორც დიდმა ბრიტანეთმა, ისე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

“BBC World News” მსოფლიოს მასშტაბით, ინგლისურ ენაზე მაუწყებლობს. ჩინეთში მისი მაუწყებლობა აქამდეც მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული და იშვიათად სცდებოდა საერთაშორისო სასტუმროებისა და დიპლომატიური უწყებების საზღვრებს.

პეკინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბრიტანული მარეგულირებლის მიერ ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის “CGTN” იმ ლიცენზიის გაუქმება, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მისი მაუწყებლობისთვის იყო საჭირო. უწყების თქმით, ტელეარხის ლიცენზიას ერთ-ერთი ჩინური კომპანია არასწორად ფლობდა.

სანამ დაბლოკავდნენ, BBC-მ მოამზადა ინტერვიუ უიღურ ქალებთან, რომლებიც ყვებოდნენ, რომ ჩინეთის სინძიანის პროვინციაში მოწყობილ სპეციალურ ბანაკებში სისტემატიურად აუპატიურებდნენ, ავიწროებდნენ და აწამებდნენ. ჩინეთმა ეს მასალა “ყალბ რეპორტაჟად” შეაფასა.

ზოგიერთი გამოთვლით, სპეციალურ ბანაკებში მილიონზე მეტი უიღური და ჩინეთში მცხოვრები სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი მოათავსეს. გასულ წელს აშშ-მ ჩინეთი გენოციდში დაადანაშაულა, რასაც პეკინი უარყოფს და ამტკიცებს, რომ უიღურებს ისე ეპყრობა, როგორც სხვა ეთნიკურ ჯგუფებს ქვეყანაში.

ბოლო პერიოდში დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა ჰონგ-კონგის საკითხის გამო: პეკინმა სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ახალი კანონი შემოიღო, რასაც მასშტაბური პრო-დემოკრატიული პროტესტი მოჰყვა.

იანვარში ლონდონმა 5.4 მილიონ ჰონგ-კონგელს შესთავაზა ახალი ვიზა, რომელიც მათ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მოქალაქეობის მიღების საშუელბას მისცემს. გადაწყვეტილებას ბრიტანეთი ხსნის საფრთხეებით, რომლებიც, მისი აზრით, ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების ქმედებების გამო ემუქრება.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати