USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
თბილისი
ჩეკისტის ჩანაწერები - კათოლიკოს-პატრიარქზე მეთვალყურეობა ყოველთვის ხორციელდებოდა
თარიღი:  18913

რა ხდებოდა 43 წლის უკან საქართველოს საპატრიარქოში, როგორ მოხდა პატრიარქის პოსტზე ილია მეორის არჩევა. რა მონაწილეობას იღებდა ამ პროცესებში უშიშროების სამსახური და კომუნისტური პარტია; ამ და ბევრი სხვა საინტერესო საკითხის შესახებ გვიყვება თავის წიგნში „შავი სათვალე ეკეთა - ჩეკისტის ჩანაწერები“ (2006 წ.), უშიშროების ყოფილი გენერალ მაიორი ჯემალ ფოცხვერია, რომელიც იმ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, რომელსაც რელიგიურ ორგანიზაციებზე კონტროლი ჰქონდა დავალებული.

ბიოგრაფია: ჯემალ ფოცხვერია (1939 თბილისი) ქართველი მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, გენერალ-მაიორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1963 წელს. 1966-1995წწ. მუშაობდა სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სისტემაში; 1981 წლიდან გადაყვანილ იქნა სამუშაოდ ამავე კომიტეტის ცენტრალურ აპარატში; 1991-1995წწ. - რუსეთის ფედერაციის უშიშროების მინისტრის მრჩევლად. ფლობს საერთაშორისო სამართლის იურისტის დიპლომს. 1995-1998წწ. არის კორპორაცია "მიკროდინი"-ს ვიცე პრეზიდენტი უშიშროების საკითხებში; 1998-2003წწ. კორპორაცია "ნორილსკი ნიკელის" პრეზიდენტის მრჩეველი; 2003-2011წწ. კორპორაცია "პრეზიდენტ სერვისის" ვიცე-პრეზიდენტი და რუსეთის ფედერაციის ტვერის ოლქის გუბერნატორის მრჩევლი. დაჯილდოვებულია ორდენებითა და მედლებით, მათ შორის საზღვარგარეთის ქვეყნებისა.

"თბილისი პოსტი" გთავაზობთ ამონარიდებს ამ საინტერესო წიგნიდან. სრულად წიგნის წაკითხვა შეგიძლიათ ბმულზე:http://dspace.nplg.gov.ge/

 „შავი სათვალე ეკეთა - ჩეკისტის ჩანაწერები“

 რელიგიის შესახებ

(70-ანი წლების შუალედი და დასასრული)

 

„რატომ მაინცდამაინც 70-ანი წლების შუალედი და მისი დასასრული? მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს (საქართველოს უშიშროების კომიტეტში _ 1966-1981 წწ.), სწორედ ამ წლებში მქონდა გარკვეული შეხება იმ პროცესებთან, რომელიც ვითარდებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიაში... 

რას წარმოადგენდა 70-ანი წლების შუახანებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია? გადაშენების გზას ადგა, ქაღალდზე 14 ეპარქიად იყო დაყოფილი, სინამდვილეში მხოლოდ 13(?!) არსებობდა, თუ ამას არსებობა ჰქვია. ეპარქიები განიცდიდნენ როგორც ფინანსურ, ისე საკადრო კრიზისს, ვინაიდან არ იყვნენ დაკომპლექტებულნი საკმაო რაოდენობის მღვდელმსახურებით. ყოველ წელს მცხეთის სასულიერო სემინარიაში შევსება მხოლოდ 7-10 კაცს შეადგენდა, რადგან პარტიული და უშიშროების ორგანოები ყველა მათთვის ჩვეული «მეთოდებით» ეწინააღმდეგებოდნენ ქართულ ეკლესიაში ახალგაზრდა კადრების მოდინებას.

 1921 წლიდან საქართველოში წარმოებულმა ბოლშევიკების პოლიტიკამ თანდათანობით დეგრადაციისა და გადაგვარების პირამდე მიიყვანა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია - ერთ დროს გამაერთიანებელი, ენისა და წეს-ჩვეულებათა ერთადერთი დამცველი ძალა, რამაც შეიძლება ითქვას, ისტორიულად გადაარჩინა ქართველი ერი, მისი ენა და ყოფადობა. ამიტომაც კომუნისტური (ბოლშევიკური) პოლიტიკა ეკლესიის მიმართ ყოველთვის იყო მიზანმიმართული, რათა დაეთრგუნათ ეროვნული სულისკვეთება და მყარი ნიადაგი შეექმნათ ე.წ. საბჭოთა კონგლომერატის, საბჭოთა ადამიანის ფორმირებისათვის. რუსული კულტურა, რუსული ენა ძირითადი წარმართველი ძალა უნდა გამხდარიყო. პროცესებს, რომელიც რუსეთის იმპერიამ (ცარიზმმა) ვერ დაამთავრა, მისი მემკვიდრეები-ბოლშევიკები ამთავრებდნენ. ამიტომაც იყო სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ყოველივე ეროვნულის, ენის, კულტურის დამთრგუნველი. უპირველეს ყოვლისა უნდა გაენადგურებინათ სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ყოველივე ეროვნულის მატარებელი, მისი გული და სული.

საბჭოთა კავშირის მთელ პოლიტიკურ რუკაზე ერთ მთლიან სახელმწიფოში გაერთიანებული იყვნენ მუსულმანი ერები (ტაჯიკები, თურქმენები, თათრები, ყაზახები და სხვ.), ბუდისტები (ტუველები, ყალმუხები, ბურიატები), კათოლიკები (ბალტიისპირეთი) და რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, - თავიანთი მართლმადიდებლური, კათოლიკური და სხვა სექტანტური კონცეფციების მატარებლები. ძირითადი იდეოლოგიური კომუნისტური პროპაგანდა მიმართული იყო ამა თუ იმ რეგიონში გაბატონებული რელიგიების წინააღმდეგ, ათეისტური წესისა და ცხოვრების დანერგვისათვის. ასეთივე პოლიტიკა იყო საქართველოშიც, მაგრამ იგი გაცილებით აგრესიული და ვერაგი გახლდათ, რადგან მათ კარგად ესმოდათ, ქართული მართლმადიდებლობის განადგურებით გაანადგურებნენ ქართველობას, ენას, მის თვითმყოფადობას. საუკუნეების განმავლობაში ქართველისათვის ილია წმინდანის მიერ ნაანდერძევი ფორმულა - ენა, მამული სარწმუნოება _ აქტუალური იყო არა მარტო XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, რამედ მთელი ქართული ისტორიის განმავლობაში. იგი აქტიური იყო ქართული რენესანსის დროსაც X-XIII საუკუნეებში, შავბნელი ძნელჟამიანობის დროსაც XIV-XVIII საუკუნეებშიც, და რუსეთის იმპერიის საქართველოში ბატონობის დროსაც.

დიახ, დაახლოებით ასე წარმომიდგენია ჩემი შეხედულებით და საქართველოს უშიშროების კომიტეტში თუ სხვადასხვა სახელწოდებით არსებულ უშიშროების ორგანოებში ათეული წლების განმავლობაში (1921-1991 წლები) დაგროვილი მასალებით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. ეს მასალები რამდენიმე ათეულ ტომს შეადგენდა. როცა ხელი მიმიწვდებოდა, არ დამეზარა და ძირითადი ტომები გადავიკითხე. ახლა მათი გაცნობა შეუძლებლად მიმაჩნია, რადგან არ ვიცი, ავბედით სამოქალაქო ომის დროს უშიშროების კომიტეტის სარდაფებში ამოწვეს თუ 1989 წლიდან დაწყებული - სატვირთო  მანქანებით სხვა ოპერატიულ მასალებთან ერთად  გაზიდეს გაურკვეველი მიმართულებით, არადა, მიმაჩნია, რომ უშიშროების მასალებს (ალექსანდრიის ბიბლიოთეკისა არ იყოს) არაფერი ეშველება, ე.ი. სამუდამოდ დაკარგულია. ის, რაც არსებობს, თუკი არსებობს, მაინც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, მისი განადგურებული, გადასახლებული, რეპრესირებული ხალხის ისტორია, რა თქმა უნდა, ბოლშევიკური თვალთახედვით დანახული და აღწერილი, მაგრამ პროფესიონალი მკითხველი და ისტორიკოსი ბევრ საინტერესოს ამოიკითხავს მასში...

როგორც მოგახსენეთ, ამ მოგონებების დაწერის დროს, არავითარი საარქივო მასალა საწერ მაგიდაზე არ მედო და არ მქონდა საშუალება პირველწყაროებში ჩამეხედა. რაც დავწერე, ყველაფერი ის არის, რაც გამახსენდა, რისი მოწმეც პირადად ვიყავი... რა თქმა უნდა, როდესაც პირადად ვკითხულობდი საიდუმლო მასალებს, არასოდეს მომსვლია აზრად, რომ ჩემი «არქივი» შემედგინა, ასლები გადამეღო. ეს გამორიცხული იყო. ამის არც უფლება მქონდა. თავი «გმირად» არ მომაქვს, თითქოსდა არალეგალურად ვაგროვებდი-მეთქი და, მართალი გითხრათ, იმ წლებში მხოლოდ ავადმყოფურ გონებაში შეიძლება დაბადებულიყო აზრი კომუნისტური წყობის დანგრევისა.

ვინ წარმოიდგენდა, რომ როგორც ფაშისტებმა ვერ შექმნეს ათასწლიანი სახელმწიფო (რეიხი), ისე კომუნისტებიც (ბოლშევიკებიც) მხოლოდ რაღაც 70 წლამდე იბოგინებდნენ ამ ქვეყანაზე?! რა არის 70 წელი კაცობრიობის ისტორიისა, რა არის 13 წელი ფაშისტების მართველობისა?! მე მგონია, არაფერი, მაგრამ იმასაც თუ გავიხსენებთ, თუ რამდენი მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მათ ბატონობას, მაშინ თათარ-მონღოლთ შემოსევები, ალექსანდრე მაკედონელის, ჰანიბალის თუ ნაპოლეონის სისხლიანი ბრძოლები თამაშებად მოგვეჩვენება.

როგორც მოგახსენეთ, პირველი ეტაპი იყო მცდელობა ძირფესვიანად გაენადგურებინათ რელიგია (საქართველოში ძირითადად ქრისტიანული), მოეშალათ დიდი ვაივაგლახით 100 წლის აღდგენილი  ავტოკეფალია, ფიზიკურად მოესპოთ მისი ხელმძღვანელები. მიუხედავად მრავალი დათმობისა და კომპრომისებისა, ისინი მაინც განადგურებულ იქნენ. შემდეგ გამოჩნდა ღირსეული ადამიანი, ნამდვილი წინამძღვარი ქართული ეკლესიისა კალისტრატე ცინცაძე, რომლის შორსმჭვრეტელურმა და კომპრომისულმა საეკლესიო პოლიტიკამ გარკვეულ წილად გადაარჩინა ქრისტიანობა საქართველოში. მიუხედავად იმ პროვოკაციებისა, დევნისა და მეთვალყურეობისა კომუნისტების მხრიდან, რომლის გარემოცვაშიც მას უხდებოდა ცხოვრება და მოღვაწეობა, მან ღირსეულად შეასრულა თავისი პატრიოტული მოვალეობა, თავის განსწავლულობით და გარკვეული დიპლომატიური ნიჭით არაერთი უხეში შემოტევისაგან იხსნა ქართული ეკლესია. მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ 30-ანი წლების დასაწყისიდან, თითქმის სამამულო ომის დაწყებამდე, როდესაც რეპრესიები მძვინვარებდა, მან შესძლო ეკლესიის გადარჩენა. შემდეგ ეფრემ მეორესა და დავით მეხუთეს შედარებით მშვიდობიანობის დროს მოუხდათ მოღვაწეობა. ამ ღირსეულმა ხალხმა თავიანთი კომპრომისებით აღსავსე საეკლესიო პოლიტიკით შეუნარჩუნეს ხალხს რელიგია და ამით გარკვეულ წილად ეროვნული სულისკვეთება.

და აი, 1977 წელს უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს სულიერი მამა დავით მეხუთე მიიცვალა და დადგა საკითხი, თუ ვინ დაიკავებდა მის ადგილს. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა მაშინ ამ საკითხის მთლიანობაში აღქმა შეუძლებელი იყო (ქვეყანაში კომუნიზმის რენესანსის იდეა ბატონობდა, უკვე გამოცხადებული იყო, რომ აშენდა განვითარებული სოციალიზმი და ხალხი უნდა დარაზმულიყო კომუნიზმის მშენებლობისათვის). არავინ დაიჯეროს, რომ მაშინდელი ქართული რელიგიის კულტის მაღალთანამდებობებზე ვინმე ინიშნებოდა (ან აირჩეოდა) კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და მისი ავანგარდის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანხმობის გარეშე. ეს პრინციპი უცილობელი იყო გასულის საუკუნის 20-ანი წლებიდან საბჭოთა სახელმწიფოს დაშლამდე. ერთი ცნობილი რუსული გამოთქმა არსებობს: «История не знает сослагательного наклонения». ძნელია ამ გამოთქმაში სიტყვას _ «сослагательного» _ უპოვო თავისი შინაარსობრივი სინონიმი. ძირითადი ეს მაინც ასე უნდა გავიგოთ: რა მოხდებოდა მსოფლიო ისტორიაში, ესა თუ ის ფაქტი რომ არ მომხდარიყო. მაგალითად, არ გაჩენილიყო სტალინი, ლენინი, ჰიტლერი, ნაპოლეონი და სხვები, რა მოხდებოდა, საქართველოს ისტორიული რენესანსი X-XIII საუკუნეებში თათარ-მონღოლთა შემოსევებს რომ არ დაემხო და ასე შემდეგ. არავინ არ იცის, ბატონებო, რა მოხდებოდა. რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ ამის შესახებ, ყველას თავისი აზრი ექნება, ერთმანეთისაგან განსხვავებული, და იქნება მხოლოდ ვარაუდი, ვერსია და მეტი არაფერი... რა მოხდებოდა, რომ მაშინ ქართული ეკლესიის სათავეში არ მოსულიყო ან ვერ მოსულიყო სულმნათი ადამიანი, ადამიანი მისიონერის ფუნქციით, თვით ღმერთისგან მოვლენილი ქართველთათვის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II? არ იფიქროთ, რომ მისი გზა ქართული ეკლესიის სათავისკენ ია-ვარდით იყო მოფენილი. არამც და არამც! დიდი საშიშროება არსებობდა იმისა, რომ ამისათვის ხელი შეეშალათ გარკვეულ, ჩვენთვის უკვე ცნობილ ძალებს (კომპარტიიდან და უშიშროებიდან), ვინაიდან დიდ ძალისხმევას ამ პოსტის დაკავებისათვის იჩენდა მაშინ «მეუფე» კერატიშვილი, რომელსაც მხარს უჭერდნენ გარკვეული ძალები როგორც კომპარტიაში, ისე უშიშროების სამსახურში.

ახლა კი, მას შემდეგ, რაც საზოგადოებისათვის ცნობილია (თუ არ ახსოვთ, მაშინდელ გაზეთებშიც შეუძლიათ გაეცნონ) კერატიშვილის მორალური სახე, მისი ადამიანური გადაგვარების ეტაპები, _ გისვამთ კითხვას: რა მოხდებოდა? რა გზით წავიდოდა ქართული ეკლესია, ეს ადამიანი რომ «აერჩიათ» ამ პოსტზე? დასკვნა აქ ერთია. ეს იქნებოდა დამაქცეველი, დამღუპველი არა მარტო ქართული ეკლესიისათვის, არამედ ქართული ეროვნული სულის შენარჩუნების საქმეში. ღმერთი იყო ჩვენი მფარველი და საღმა აზროვნებამ გაიმარჯვა... საქართველოს პატრიარქად აკურთხეს ილია II, ხოლო კერატიშვილს იქ მიუჩინეს ადგილსამყოფელი, რომელსაც მისი ბიოგრაფიული წარსული იმსახურებდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ «არჩევაში» ხელი არ შეუშალეს, მაგრამ ბოლომდე მაინც არასოდეს ენდობოდნენ კათოლიკოს-პატრიარქს. მეთვალყურეობა მასზე ყოველთვის ხორციელდებოდა... ყოველ დილას უშიშროების მესვეურებს საშუალება ჰქონდათ,გაცნობოდნენ მისი სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს, მის რეზიდენციაში მიმდინარე საუბრებს და ა.შ. მოსასმენი აპარატურა არც ისე შორს იყო განლაგებული (ლესელიძის ქუჩაზე განთავსებულ საქართველოს სპორტკომიტეტის ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირის კაბინეტში, რომელიც ხალხში ღვთისმოსავი ადამიანის ავტორიტეტით სარგებლობდა). არ ვიცი, ხვდებოდა თუ არა ამას უნეტარესი, მაგრამ ერთი კი იყო, ინფორმაციის ამ წყაროდან უშიშროებას არასოდეს რაიმე საინტერესო ინფორმაცია არ მოუპოვებია. ერთსაც გეტყვით: არასოდეს მიფიქრია, ჩემი პერსონა თავს მომეხვია პატრიარქისათვის, და მომეხსენებია, რომ ვარ თქვენი საკურატოროს უფროსი-მეთქი.

არ ვიცი, ეს ნაბიჯი მაშინაც მკრეხელობად მიმაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას ძალიან გულმოდგინედ აკეთებდნენ ჩემი წინამორბედნი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეკლესიას ყოველდღიური ყურადღება არ აკლდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა კომიტეტისაგან, რომელსაც მაშინ ბატონი მაისურაძე თავმჯდომარეობდა, ხოლო მისი ღვიძლი ძმა საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ მაისურაძე კი მთელ იდეოლოგიურ (მათ შორის ეკლესიასაც) ფრონტს ხელმძღვანელობდა _ მაშინ ალბათ ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ეკლესია არამარტო სახელმწიფოს დიდი «მზრუნველობის» საგანს წარმოადგენდა, არამედ თითქმის ერთი ოჯახის «საშინაო» საქმედაც კი იქცა. თუმცა ეს შინაური ურთიერთობა რელიგიის საქმეთა მმართველს მაისურაძეს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ერთხელ _ ზაფხულში მას სახლში ეწვია ერთი უცხო სტუმარი, დარეკა ბინის ელექტრო-ღილაკზე და მასპინძელმა გაუღო კარები. როგორც გამოძიებამ დაადასტურა, სტუმარი ძალიან ზრდილობიანად შეეკითხა მასპინძელს: «მაპატიეთ, ეს თქვენი ბრძანებით, ბატონო მაისურაძეო, რელიგიის საქმეთა რწმუნებულიო». მიიღო რა დადებითი პასუხი: «მაპატიეთ, ბატონო, ერთი წუთით შეგაყოვნებთო». ცელოფანის პაკეტიდან ამოიღო ნაჯახი და მასპინძელს მოუქნია. ღმერთმა თუ ფიზიკურმა მომზადებამ, უფრო სწორად ჩეკისტურმა და დიპლომატიურმა ალღომ უშველა და მაისურაძემ აიცილა პირველი დარტყმა. შემდეგ ბინაში შეუვარდა მოძალადე და იქაც სცადა მისი დაჭრა ან მოკვლა, მაგრამ იმ დღეს ღმერთი მის მხარეს იყო: ფიზიკურად იგი სტუმარზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, განაიარაღა მოძალადე და მილიციას ჩააბარა. სახელმწიფოს არ აწყობდა, რომ თავდამსხმელის ძალადობის მოტივი პოლიტიკური ხასიათისა ყოფილიყო და ამიტომ სერიოზულად არ მიიღეს მისი განცხადება გამოძიების დროს, რომ მისი თავდასხმა განპირობებული იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით. როგორც ყოველთვის, თავმდამსხმელი გააგზავნეს ე.წ. «ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე», სადაც, რა თქმა უნდა, მორჩილმა ფსიქიატრებმა პატიმარი შეურაცხადად გამოაცხადეს. სასამართლომდე საქმე არ მისულა, ისე გაამწესეს ქართული ეკლესიის «დამცველი» ასათიანის ქუჩაზე ფსიქიატრიულ კლინიკაში სამკურნალოდ. ქართულმა ეკლესიამ პანაშვიდი გადაიხადა გადარჩენილი ადამიანის საპატივცემულოდ, ხოლო მე დანარჩენ პარტიულ თუ სამეურნეო აქტივთან ერთად (ძირითადში ამხ. მაისურაძის მეგობრებთან ერთად) რესტორანში კარგ პურ-მარილს გეახელით. როგორც წესია, ბატკანი შევწირეთ ამხანაგის გადარჩენას.

როდესაც წყდებოდა არამარტო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ ქართველი ერის შემდგომი არსებობისათვის მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც მოგახსენეთ, დიდი საშიშროება არსებობდა იმის გამო, რომ ერის სულიერ წინამძღოლობას ეპოტინებოდა მორალურად გადაგვარებული პიროვნება კერატიშვილი და არა მარტო კერატიშვილი. საზოგადოებაში გავრცელდა ჭორები, თითქოსდა ქართული ეკლესიის წინამძღოლობა მოისურვა დისიდენტმა ზვიად გამსახურდიამ... ამ «ჭორებმა» (არ იყო გამორიცხული, რომ იგი თვით გამსახურდიას მომხრეების მიერ იყო გავრცელებული) საკმაოდ შეაშინა რესპუბლიკის პარტიული ხელმძღვანელობა, მისი უშიშროების კომიტეტი: ვაი და ვუი ჩვენს თავს, თუ ეს მართლაც ასე მოხდაო, ამით ხომ ზვიად გამსახურდია თითქმის ლეგალური პოზიციებიდან დაიწყებს ანტისაბჭოთა აგიტაციასო. ამას კი მოსკოვი არათუ არ გვაპატიებს, ამან შეიძლება ჩვენი თბილი სავარძლები დაგვაკარგვინოსო. და, რაც შეიძლება «სწრაფად» დაიწყეს მათთვის (და არა ეკლესიისთვის ან ქართველი ხალხისთვის) კომპრომისული პიროვნების ძებნა და არჩევანი შეჩერდა... მაგრამ, როგორც ეტყობა, ამ ისტორიულ მომენტში ღმერთმა არ მიატოვა ქართული ეკლესია, ქართველი ხალხი და სულიერ წინამძღოლად მოუვლინა დინჯი, წყნარი, განსწავლული, ღვთიური ნიჭით დაჯილდოვებული, ეკლესიისა და ერის წინამძღვარი, მართლაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

25 დეკემბერი – პატრიარქის ...

 დიახ, უფლის ნება იყო, რომ ილია II მოევლინა საქართველოს სულიერ მამად (კათალიკოსად ყველა ქართველთა). მაგრამ იმ დროს ამ არჩევანის მანიპულირება სავსებით დამოკიდებული იყო ორი საბჭოთა სტრუქტურის _ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ კათოლიკოსობის სავარძლის მაძიებელ კერატიშვილსაც ჰყავდა ლობისტები, როგორც ცენტრალურ კომიტეტში, ასევე სუკში და მათი კანდიდატიც არანაკლებ კოდირებული იყო, ვინაიდან მისი მოსვლა ქართული ეკლესიის სათავეში მათ არამარტო გარკვეულ ფინანსურ ასპარეზს უხსნიდა, არამედ იძლეოდა შესაძლებლობას, ეკლესიის სათავეებში მოეყვანათ არა ავტორიტეტული პიროვნება, არამედ მართვადი მარიონეტი და ამით მოსკოვისთვისაც ეამებინათ. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, უფალმა მაინც გაიმარჯვა და გაიმარჯვა იმაში, რომ ამ ხალხს არ მიაღებია ეს საბედისწერო გადაწყვეტილება, და ეს მაშინ, როდესაც მათი მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა. ყოველივე ეს _ ამ საქმეებში ასე თუ ისე კარგად ჩახედულ ადამიანს _ ღმერთის სასწაულმოქმედებად მიმაჩნია.

იმასაც ვიტყვი: ილია მეორემ კურთხევისთანავე არ «გაუმართლა» თავის იძულებით ლობისტებს, დაიწყო ეკლესიის რეორგანიზაცია, ახალგაზრდების მიზიდვა, დაამყარა კავშირი ინტელიგენციასთან მწერლებთან, კომპოზიტორებთან და, რაც მთავარია, მეცნიერებათა აკადემიასთან, კვლევით ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ ინსტიტუტებთან, რამეთუ მათთან ურთიერთობა საშუალებას აძლევდა გაემაგრებინა კომუნისტების მიერ შერყეული ფუნდამენტი. შემდეგ გამოჩნდნენ ახალგაზრდა კონსულტანტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ილია მეორეს გვერდით ისეთი სპეტაკი მამულიშვილები, როგორებიც იყვნენ ნ.ჭავჭავაძე, პ.გუგუშვილი, მ.ლორთქიფანიძე, რ.ჩხეიძე და სხვები), რამაც დიდი დადებითი მუხტი მისცა კათოლიკოსის მოღვაწეობის პირველ წლებს. ცდილობდა თუ არა საბჭოთა ხელისუფლება მის «დამორჩილებას»? რა თქმა უნდა, ცდილობდა და არა ერთხელ და ორჯერ. იბარებდნენ ცეკაში, მიდიოდნენ მასთან «აუდიენციაზე» პარტიის იდეოლოგიური «ფრონტის» მუშაკები, არაერთხელ ესტუმრნენ რეზიდენციაში სუკის ხელმძღვანელი იდეოლოგები ნ.მაისურაძე, რ.ქვარცხავა და სხვები და უტარებდნენ ე.წ. პროფილაქტიკურ «გამაჯანსაღებელ» საუბრებს, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც არ ჩანდა. ასეთი საუბრების შემდეგ იწერებოდა, რა თქმა უნდა, წერილობითი ცნობები «ჩატარებული პროფილაქტიკური მუშაობის შესახებ», იგზავნებოდა წერილები და დეპეშები ცენტრში და ა.შ. კათოლიკოსი დინჯად, მშვიდად, აუღელვებლად ატარებდა ჯერ კიდევ პატარა ჩანასახის სახით ეკლესიის აღორძინების ღონისძიებებს...

ერთიც უნდა ითქვას და აუცილებლად, ამ საუბრების დროს, რამდენადაც ვიცი, კათოლიკოსი უმეტესად დუმდა, აქა-იქ თუ ჩაურთავდა რეპლიკას. მშვიდად შეჰყურებდა თანამოსაუბრეს თვალებში, თითქოსდა გიპნოზს უკეთებსო, და ეს «სახელგანთქმული იდეოლოგიური მოლაყბეები» გარკვეული პერიოდის შემდეგ თვითონაც წყნარდებოდნენ, ეკარგებოდათ პარტიული პათოსი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი დამორჩილებულნი და დამშვიდებულნი ხვდებოდნენ ამ მაგიური თვალების გამჭოლავ გამოხედვას და ტოვებდნენ მოსაუბრეს ისე, რომ ვერ გაეგოთ, რა მოხდა, რა ზეციურმა ძალამ შეზღუდა და შებორკა მათი აღმაფრენა, ისე რომ, თვით მკითხველმა განსაზღვროს, ვინ ვის უტარებდა მაშინ ე.წ. პროფილაქტიკურ საუბარს. ერთი კითხვაც დაებადება ალბათ მკითხველს: საიდან იცის ამ განცდებისა და დიალოგების შესახებ ამ სტრიქონების დამწერმაო? გიპასუხებთ: პირადად მე არასოდეს დავსწრებივარ ამ საუბრებს, თუმცა სამსახურეობრივი მოვალეობით მევალებოდა კიდეც, ვინაიდან მაშინ სწორედ იმ განყოფილების უფროსი გახლდით სუკში, რომელიც რელიგიას კურირებდა. მაგრამ ეტყობა, ღმერთმა გადამარჩინა, და არასოდეს ვხლებივარ ილია მეორეს, თუმცა მაშინ ეს დიდ პატივად ითვლებოდა და ამას არავინ თაკილობდა. იყვნენ ოპერატიული მუშაკები, რომლებიც მომახსენებდნენ ხოლმე საერთო მდგომარეობას. გარდა ამისა, ჩემს მოადგილედ ითვლებოდა ოპერატიული მუშაკი უშიშროების კომიტეტისა, რომელიც ამავე დროს საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან (წაიკითხე - ცეკასთან და სუკთან) არსებულ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის (მინისტრის რანგში) მოადგილე იყო.

საუბრებს კი ატარებდნენ, მაგრამ შემდეგში საჭირო იყო ამ საუბრების, წერილობით ცნობებისა და აუდიოჩანაწერების გაშიფრა და გაანალიზება. ამ «შავ საპატიო სამუშაოს», ჩემდა საუბედუროდ, მე მავალებდნენ, რადგანაც ამას გარკვეული პროფესიული მომზადება ესაჭიროება. ეს მართლაც «შავი სამუშაოა», ამიტომაც არაერთხელ მისაუბრია ამ იდეოლოგებთან, როგორც ცეკაში, ისე უშიშროებაში, რომ მომესმინა მათი შთაბეჭდილებები, შეხედულებები, აზრები, აქცენტები, რათა ისინი შემდეგ გამომეყენებინა «ანალიტიკურ» საბოლოო დასკვნებში. ღმერთს მაინც სურდა, რომ ჩვენ შევხვედროდით. …. კათოლიკოსს მხოლოდ ერთხელ შევხვდით და ისიც როდის? ჩემი შვილის გიას დასაფლავებისას (რედაქციისგან - გია ფოცხვერია. დ. 16 აგვისტო, 1964, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 23 თებერვალი, 2006 წ.— ქართველი მწერალი, პოეტი.). გათიშული ვიყავი თავს დამტყდარი უბედურებისაგან, მაგრამ მაშინაც გამიკვირდა ეს თხოვნა: მთხოვეს საწყალი გიას ნეშთი სიონში დამესვენებია საღამოს და დილას გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი იქვე ჩატარებულიყო (ვიმეორებ, ეს ჩემი ან ოჯახის ინიციატივა არ იყო). რა თქმა უნდა, დავთანხმდი... ჩემი ოჯახის უბედურების კულმინაციის დროს, ალბათ დაახლოებით რაღაც ოცდაათი წუთი (არ ვიცი, რამდენი) რჩებოდა პანაშვიდის დამთავრებამდე, რომ ჩემთან მოვიდა მეუფე აბრაამი და ჩამჩურჩულა: «რამდენიმე წუთში პატრიარქი მოვა სამძიმრის მოსახდელად და გიას უკანასკნელი წესის ასაგებადო. მას მიაჩნია, რომ იმდენად დიდი გია ფოცხვერიას დამსახურება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებაში (გიამ ხომ ქართული ეკლესია და მსახურება დაარსა ლონდონში), რომ მან საჭიროდ ჩათვალა პირადად მოსულიყო ამ დიდად ღვთისმოსავ ადამიანთან გამოსამშვიდობებლადო. ალბათ ისიც გაახსენდა, პირადად რომ იცნობდა, გია ხომ მას ახლდა ინგლისის დედოფალთან აუდიენციის დროს?! შემობრძანდა პატრიარქი, მოგვიახლოვდა, რაღაც არაჩვეულებრივი, ზებუნებრივი გრძნობა დამეუფლა. შეიძლება ასეც არ უნდა მოვქცეულიყავი; არ ვიცი, როგორ, რა შეგრძნებით, მის მუხლებთან აღმოვჩნდი, ხელებს ვუკოცნიდი და არ ვიცი რას ვთხოვდი, პატიებას, შეცოდებას, ცოდვების მონანიებას, შეწყალებას თუ რას? მან ხომ არაფერი იცოდა, მხოლოდ მე ვიცოდი ჩემი წარსული, ჩემი შეხება მის მოღვაწეობასთან, მის ე.წ. სამსახურთან. ასეთ პარადოქსს გვიმზადებს ხოლმე ცხოვრება. და მხოლოდ ღმერთია ერთადერთი განმსჯელი ჩვენი ქმედებისა.

პატრიარქი მოვიდა, ღვთისმოსავ, მორწმუნე, ქართული ეკლესიის მართლმადიდებლობის მქადაგებელ გია ფოცხვერიასთან გამოსათხოვებლად, თავისი სურვილით, ღმერთის შთაგონებით და იქ მუხლებში ჩაუვარდა, პატიებასა და ცოდვების მონანიებას შესთხოვდა არამარტო გაუბედურებული მამა, მშობელი, არამედ უშიშროების მუშაკი, რომელიც თავისი სამსახურეობრივი მოვალეობით იძულებული იყო ოპერატიული მეთვალყურეობა ეწარმოებია მასზე, ეკლესიაზე! რაა ეს, თუ არა ცხოვრების პარადოქსი?! დიახ, და მხოლოდ ღმერთი გვმართავს და წარმართავს ჩვენს ქმედებებს.

 ერთი, მხოლოდ ერთი რამ დამრჩა სანუგეშო: ისე «ვიმუშავე» ოპერატიულად, რომ ჩემი ქმედებით, არავითარი ზიანი არ მიმიყენებია მართლმადიდებლობისათვის. შინაგანად ალბათ თანავუგრძნობდი კიდეც. ამის მოწმე მხოლოდ ღმერთია. სხვა რამ რომ ვთქვა ან დავწერო, არ იქნება დამაჯერებელი, თავის მართლებას დაემსგავსება და თუ სწორს არ ვამბობ, ამაზეც ვაგებ პირადად პასუხს.“     

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის