ჩეხეთის მთავრობა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70-მდე თანამშრომელს გააძევებს. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულჰანეკმა განაცხადა.
„გუშინ რუსეთის ელჩს ვუთხარი, რომ თუ ჩეხ დიპლომატებს მოსკოვში არ დააბრუნებდნენ, ჩეხეთში რუსეთის საელჩოს შემადგენლობას შევამცირებდით. იმის გათვალისწინებით, რომ რუსულმა მხარემ ჩვენს მოთხოვნაზე რეაგირება არ მოახდინა, ამ გადაწყვეტილების განხორციელებას შევუდგებით. პრაღაში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობას მოსკოვში ჩვენი საელჩოს შემადგენლობის დონემდე დავიყვანთ. რუსეთს ჩეხეთიდან თავისი ხალხის გაყვანაზე მაისამდე ეძლევა დრო“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დღეის მდგომარეობით, პრაღაში რუსეთის საელჩოში 27 დიპლომატი და ტექნიკური პერსონალის 67 თანამშრომელი იმყოფება, ხოლო მოსკოვში ჩეხეთის საელჩოში - 5 დიპლომატი და ტექნიკური პერსონალის 19 თანამშრომელი.
17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატები რუსეთის დაზვერვაზე ფარულად მუშაობდნენ. ამასთან, ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.