USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
ბრიუსელში „ევროპალიის“ ფარგლებში, საქართველოს საფესტივალო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
თარიღი:  1365
ბრიუსელში „ევროპალიის“ ფარგლებში, საქართველოს საფესტივალო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
ბელგიაში, ბრიუსელში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიის“ ფარგლებში, საქართველოს საფესტივალო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს „ევროპალიაში“.
„ევროპალიაზე“ საქართველოს წარსადგენი საფესტივალო პროგრამა ფესტივალის სამუშაო ჯგუფმა შეადგინა და ფესტივალის მონაწილეებიც სწორედ „ევროპალიის“ წარმომადგენლებმა შეარჩიეს. პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა კულტურის სამინისტროც.
საფესტივალო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაჰბიბი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი, „ევროპალიის“ თავმჯდომარე ფილიპ ვლერიკი და კულტურის სამინისტროსა და „ევროპალიის“ წარმომადგენლობა.
„ევროპალია“ 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და ღონისძიებები ბელგიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. ოთხი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება გაიცნონ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ხელოვნების საშუალებით.
ბრიუსელში საზოგადოება ნახავს ორ მასშტაბურ გამოფენას.
პირველი გამოფენის სახელწოდებაა „საქართველო - შეხვედრების ადგილი“. გამოფენა საქართველოს 26-საუკუნოვან ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოაჩენს (ნეოლითის ხანიდან მოყოლებული, ანტიკური პერიოდის, ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების, აღორძინების ხანისა და XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით).
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული და ვანის მუზეუმების კოლექციებთან ერთად საქართველოს საზღვრებს მიღმა პირველად იმოგზაურებს ქუთაისის, ბათუმის, ონისა და დმანისის მუზეუმების კოლექციები. გამოფენას გაამდიდრებს ის უაღრესად ფასეული ექსპონატებიც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ მუზეუმებშია დაცული.
მეორე გამოფენაზე, რომლის სახელწოდებაა „მოდერნიზმი საქართველოში - ფანტასტიკური ავანგარდი“, 25-მდე ქართველი ხელოვანის 250 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება მე-20 საუკუნის ქართველი და საქართველოში ემიგრირებული ევროპელი არტისტების შემოქმედებასაც გაეცნოს.
„ევროპალიაზე“ წარმოდგენილი იქნება კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციებიც.
„ევროპალიის“ ფარგლებში, გარდა სამუზეუმო გამოფენებისა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში აღიარებული ქართველი არტისტების - კარლო კაჭარავას, თეა ჯორჯაძის, ანდრო ვეკუას შემოქმედებით. აგრეთვე, მოეწყობა ელენე ჩანტლაძის, ანდრო ერაძის, არჩილ ქიქოძის გამოფენები.
ქართული მუსიკალური ხელოვნებისა და კულტურის წარმოსაჩენად საფესტივალო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე მუსიკის კონცერტები.
ოთხი თვის მანძილზე სხვადასხვა ქალაქსა და საფესტივალო სივრცეში ქართულ ტრადიციულ მუსიკას ევროპელ მსმენელს გააცნობენ საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები: „დიდგორი“, „ადილეი“, „ბასიანი“, „დები ჩამგელიანები“. გარდა ტრადიციული მუსიკისა, „ევროპალიაზე“ წარმოჩნდება ქართული პროფესიული მუსიკალური საკომპოზიციო ხელოვნებაც, კერძოდ, იოსებ კეჭაყმაძის, ალექსი მაჭავარიანის, გია ყანჩელის, ვახტანგ კახიძის, ზვიად ბოლქვაძის, გოგი ჩლაიძის, ჯემალ ბეგლარიშვილის ნაწარმოებებს შეასრულებენ „გორის ქალთა გუნდი“, „საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“, თბილისის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები.
ფესტივალი უმასპინძლებს ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს: ლიზა ბათიაშვილს, ხატია ბუნიათიშვილს, ვერიკო ჭუმბურიძეს, მარიამ ბაწაშვილს, სანდრო გეგეჭკორსა და ცოტნე ზედგენიძეს.
ტრადიციული და პროფესიული მუსიკის გარდა, ქართველი და ბელგიელი მუსიკოსების მიერ ფესტივალზე შესრულდება თანამედროვე ქართული ელექტრონული მუსიკაც, რომელსაც უკვე კარგად იცნობენ უცხოეთში.
ფესტივალზე მკითხველი თანამედროვე ქართველი პოეტი ქალების შემოქმედებას გაეცნობა ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე. ასევე, წარმოდგენილი იქნება გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის, შემოქმედებაც, რომელმაც არაერთგზის მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.
რაც შეეხება თეატრალურ და საშემსრულებლო ხელოვნებას, „ევროპალიაზე“ წარდგება: რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სამეფო უბნის თეატრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.
ფესტივალზე ნაჩვენები იქნება გენიალური ქართული კინოხელოვნების ნიმუშები. საქართველოს საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების არაერთ ერთობლივ პროექტს.
„ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. კულტურის საერთაშორისო ფესტივალი მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, რომლებზეც, მულტიდისციპლინური პროგრამების ფარგლებში, წარმოჩნდება სტუმარი ქვეყნების კულტურა და ხელოვნება.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის