USD 2.6625
EUR 3.0683
RUB 3.6325
თბილისი
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი
თარიღი:  696

მხატვარ-დიზაინერ მანანა არაბულთან საუბარი თავისუფალ ცურვას ჰგავს, ამბების თხრობისას ემოციებს უფრო მიჰყვება, ვიდრე ქრონოლოგიას. ეს გაბნევს, თუმცა წამითაც არ გტოვებს განცდა, რომ საკუთარ საქმეზე შეყვარებულ პროფესიონალს ესაუბრები.

ამაში დარწმუნდა თიბისი ბიზნესდაჯილდოების ჟიურიც და 2025 წლის საუკეთესო ფრილანსერის ჯილდოც მას მიაკუთვნა.

„ენერგია არც აქამდე მაკლდა, მაგრამ ამ მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო ენერგიული და კონცენტრირებული გავხდი. პასუხისმგებლობაც გამეზარდა. თიბისი ჩემთვის კულტურული პლატფორმაცაა, რომელიც ამ სფეროს წლებია ეხმარება და მაღალი ხარისხის პროექტებს ქმნის. ჩემი კოზირიც, ვფიქრობ, ხარისხია. ჯილდომ მომანდომა ხალხს ვაჩვენო რა მაქვს გაკეთებული“,- ამბობს მანანა არაბული.

გაკეთებულიც ბევრი აქვს და მოსაყოლიც. თბილისში სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ არ დარჩენილა სფერო, სადაც საკუთარი ძალები არ მოსინჯა. ( თან წარმატებულად): კერამიკაზე, მხატვარ დიზაინერად, კინემატოგრაფიაშიც კი იმუშავა, თან ოთარ იოსელიანის ფილმზე „შანტრაპა“.

წლების წინ დააფუძნა დიზაინ-სტუდია და მაღაზია Black dog. სპეცპროექტით “Typography rebirth“ შეძლო მოეძიებინა მე-19 და მეოცე საუკუნის ქართული ფონტები და ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე აჩუქა. თუმცა, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ყველა თაობის ადამიანმა შეიყვარა „ფაბრიკის“ Fabrika-ს კორპორატიული იდენტობაა.

„6 ხელი მაქვს, შამანობა შემიძლია“- ხუმრობს თავადაც. „ვფიქრობ, ჩემს სტილს გამორჩეულს ის ხდის, რომ პროფესიით ხელოვანი ვარ“.

ბოლო 10 წელია სრულად ფრილანსინგზე გადაერთო. მანანასთვის შემოქმედებითი თავისუფლება უმნიშვნელოვანესია, ურჩევნია კომპანიამ იცოდეს მისი გამოცდილება, ენდობოდეს გემოვნებას. ამ პროცესს თანაბრად აქვს თავისი დადებითი მხარე და გამოწვევებიც.

„როდესაც ფრილანსერი ხარ შემოქმედების არეალი უფრო ფართო გაქვს. არ ხარ ვინმეზე მიბმული და არ ასრულებ მუდმივად ერთი დამკვეთის სურვილებს. თუმცა, მუდმივად მუშაობა გიწევს, მოდუნების დრო და საშუალებაც არ გაქვს, ამიტომ ჯარისკაცივით მუდმივი მობილიზება გიწევს“,- ამბობს მანანა.

დამკვეთთან ურთიერთობისას მთავარი ნდობაა, უარს ამბობს თანამშრომლობაზე თუ კონტენტი არ აინტერესებს. პირდაპირია და პრინციპული. ამბავს იხსენებს წარსულიდან, როგორ არ უყვარდა „დეკორატიულობა“, გულს უსმენდა, ვიდრე გონებას და შედეგზე მეტად მუშაობის პროცესი იზიდავდა.

„წინსვლა და სიცოცხლე მხოლოდ მოძრაობაშია. ბუნებრივია, ამ გზაზე შეცდომებიც მოსულა, ის გამოცდილებას და მეტ კვალიფიკაციას გაძლევს. იგივეს ვურჩევდი ახალ თაობას, ინტერნეტის ხანაა, ბევრად მეტის სწავლა შეიძლება“.

საზოგადოება
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის - წესდება ენობრივი ბარიერი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.

კერძოდ, მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

ასევე, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

„საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მორიგი მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პაკეტი შსს-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით მოამზადა და დაჩქარებული წესით პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას.

საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ სანქციის გატარება.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით. იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის