USD 3.2413
EUR 3.5460
RUB 4.1164
თბილისი
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
ბიომეურნეობები და მათი როლი აგრობიზნესის განვითარებაში
თარიღი : 03.18.2020 14:06  110

ჯობს მოსავალი უფრო ნაკლები და ხარისხიანი იყოს, ვიდრე, ბევრი და ჯანმრთელობისთვის საშიში!“

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო მეწარმეობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი წარმოება.

საექსპორტო პროდუქციის წარმოების გაფართოება და საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება, სამამულო პროდუქციის სურსათით ქვეყნის თვითუზრუნველყოფა საქართველოს აგრარული სექტორის ძირითადი ორიენტირია.

უკანასკნელ ათწლეულებში მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით სწრაფად იზრდება მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე. საქართველოში ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უკვე აცნობიერებენ ქიმიური ნივთიერებების გარეშე მოყვანილი ნაყოფის სიკეთეს. არადა, ჩვენს პატარა ქვეყანას ბიომეურნეობების განვითარების უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ბიომეურნეობა აგრარულ სფეროში მდგრადი განვითარების პრინციპების პრაქტიკული რეალიზაციაა.

ბიომეურნეობა აერთიანებს და ჰარმონიულად განავითარებს საზოგადოების ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებს. ბიომეურნეობების განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას ვაწარმოოთ კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქცია, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებას და საექსპორტო შემოსავლების ზრდას, რაც სურსათზე ადგილობრივი მოთხოვნილების დასაბალანსებლად იმპორტული პროდუქციის შესყიდვის საშუალებას იძლევა. ამავე დროს, უნდა ვააწარმოოთ მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფეროვანი პროდუქცია, რომელიც ყოველმხრივ დააკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილებას სურსათზე.

საქართველოს, მისი უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, აქვს კარგი პერსპექტივა გახდეს ბიოპროდუქციის სერიოზული მწარმოებელი და კონკურენტუნარიანი ექსპორტიორი ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

საკვები მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტია ქვეყანაში და საკვები საშუალებებით თვითუზრუნველყოფა არის უსაფრთხოების მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი. საკვები პროდუქტები წარწერით – „ორგანული“, „ბიო“ და „ეკოლოგიურად სუფთა“ მსოფლიოში ფუფუნებად ითვლება, ისინი სპეციალურ მაღაზიებში, ან დიდ სუპერმარკეტებში, სპეციალურად გამოყოფილ კუთხეში იყიდება და მათი ფასი ჩვეულებრივ საკვებთან შედარებით მაღალია. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ექსპორტს ახორციელებენ, საქართველოცაა, თუმცა საექსპორტო საქონელის რაოდენობა ჯერჯერობით ძალიან მცირეა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქიმიური ნივთიერებების წარმოების მოცულობისა და ამ სფეროში ვაჭრობის სწრაფმა ზრდამ და საშიში ქიმიური ნივთიერებების, მ.შ. პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებულმა შესაძლო რისკმა, მსოფლიო საზოგადოებისა და ოფიციალური წრეების შეშფოთება გამოიწვია. ამ მხრივ, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა იმ ქვეყნებში, სადაც არ არის შექმნილი ამ ნივთიერებების იმპორტსა და გამოყენებაზე მონიტორინგის განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

მსოფლიოში ბევრი ფერმერია, რომელიც ცდილობს ქიმიკატების გამოყენების შემცირებას მოსავლის მოყვანისას. ისინი არ წარმოადგენენ ფერმებს, სადაც ქიმიკატების გამოყენება მთლიანად ამოღებულია, მაგრამ ცდილობენ მათი გამოყენების მინიმუმამდე დაყვანას. აგრეთვე არსებობენ ფერმერები, რომლებიც თავიანთ მეურნეობაში საერთოდ არ იყენებენ ქიმიკატებს და ფერმერების მესამე, ყველაზე სასურველ ტიპად შეიძლება ვაღიაროთ ის ფერმერები, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ ქიმიკატებს და ამავე დროს სერთიფიცირებულები არიან ორგანული მასერთიფიცირებელი დაწესებულების მიერ.

ორგანული სერთიფიკატი სჭირდებათ იმ ფერმერებს, რომელთაც დიდი საბითუმო ბიზნესი აქვთ. ყიდიან ბოსტნეულს სუპერმარკეტების დიდ ქსელზე ან გააქვთ საექსპორტოდ საზღვარგარეთ, მაგალითად, როგორიცაა ქართული ორგანული ღვინო, რომელიც ევროპის ქვეყნებში გადის.

ძალიან ბევრი ფერმერი იყენებს დაბალი შემცველობის ქიმიკატებს მცენარეების მოყვანასა და მეცხოველეობაში, რადგან ხშირ შემთხვევაში, ის უფრო იაფია ვიდრე ქიმიური სასუქების შეძენა, ჰერბიციდები.

Картинки по запросу "აგრობიზნესი"

ქართველი ფერმერების უმრავლესობა საქონელს ადგილობრივ ბაზარზე ასაღებს. საქართველო ახორციელებს საკვების დიდი ნაწილის იმპორტირებას საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, არადა არსებობს ადგილობრივი წარმოების გაზრდის ძალიან კარგი პოტენციალი.

ორგანული პროდუქტებით ვაჭრობა არ იწყება ფერმერების მიერ ორგანული საკვების წარმოებით ან საქართველოს მთვრობის მიერ ორგანული საკვების წარმოების მოთხოვნით. ორგანული საკვებით ვაჭრობა იწყება ინფორმირებული საზოგადოებით, რომელსაც სურს ორგანული საკვების შეძენა, რადგან ის უფრო ჯანსაღია მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. ეს ასე ხდება ევროპასა და ამერიკაში.

პირველად იწყება კლიენტების მიერ ჯანსაღი საკვების მოთხოვნა, ხოლო ამის შემდეგ ფერმერები იწყებენ ორგანული საკვების წარმოებას. მთავრობა, არაკომერციული ადგილობრივი ორგანიზაციები და ბიზნესები იწყებენ დახმარების გაწევას. ეს გრძელი გზაა. მთავარ დაბრკოლებას საქართველოში დღეს წარმოადგენს ის, რომ ორგანულ საკვებზე მოთხოვნა დაბალია და ცოტაა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ ოდნავ მეტი თანხა ორგანულ საკვებში.

ბიომეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო–ნორმატიული ბაზის არსებობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროსტანდარტებთან. ამჟამად მოქმედებს საქართველოს კანონი „ბიოლოგიური აგროწარმოების“ განხორციელების შესახებ, რომელიც აწესრიგებს საქართველოში ბიოლოგიური მეურნეობის მოწყობას, მართვას, ბიოპროდუქციის წარმოებას, გადამუშავებას, რეალიზაციას, აგრეთვე მასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

დღეს ჩვენს ქვეყანაში იმის შეფასებას, არის თუ არა პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქციის სერთიფიცირების ორგანო “კავკასსერტი” ახორციელებს. “კავკასსერტი” აკრედიტებულია გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს DAP-ის მიერ და მისი ბიოსერტიფიკატს კანონიერი ძალა აქვს მთელს ევროკავშირში.

„კავკასსერტი“ პროდუქტის შეფასებას რამდენიმე კომპონენტის მიხედვით ახდენს. კავკასსერტის სერტიფიცირების სისტემა ითვალისწინებს ბიოწარმოების პროცესის ყველა საფეხურის სერტიფიცირებას და რათა გამოირიცხოს სტანდარტების მოთხოვნების დარღვევა.

ბიოწარმოების სისტემის ინსპექტირება იწყება პირველადი წარმოებიდან, სადაც მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მოიცავს საცავებს, საწყობებს, სადაც ხდება მოსავლის პირველადი დამუშავება და დასაწყობება. ინსპექტირების პროცესი გრძელდება გადამამუშავებელ საწარმოებში, სადაც პროდუქცია მუშავდება და მიიღება საბოლოო პროდუქტი. სერტიფიცირება ასევე მოიცავს საცალო მაღაზიებს, სადაც პროდუქტი საბოლოო მომხმარებელს მიეწოდება.

ბიოწარმოების პროცესის ყველა საფეხურზე ჩატარებული შემოწმებები იძლევა გარანტიას იმისა, რომ ბაზარზე Green Caucasus-ის ნიშანდებით გამოტანილი პროდუქტი ნამდვილად ბიოლოგიურია.

ჩვეულებრივი წარმოებიდან ბიოწარმოებაზე გადასვლა დროსთანაა დაკავშირებული: გარდამავალი პერიოდი ერთწლიანი კულტურებისათვის არის 2 წელიწადი, ხოლო მრავალწლიანი კულტურებისათვის 3 წელი. მეცხოველეობის შემთხვევაში, გარდამავალი პერიოდი თითოეული კატეგორიის პროდუქტებისათვის დადგენილია ინდივიდუალურად.

ბიოწარმოებაში მემცენარეობის და მეცხოველეობის დარგში დასაშვებია მხოლოდ სტანდარტით ნებადართული საშუალებების და მეთოდების გამოყენება.

მცენარეული ბიოპროდუქტის წარმოებისას მიწის და მცენარის დამუშავება ძირითადად მცენარეული და ცხოველური ნარჩენების გამოყენებით ხდება. ნიადაგის ასეთი გზით დამუშავებისას უმჯობესდება მისი ფიზიკური თვისებები და მინერალური შემადგენლობა.

მავნებლებისა და დაავადებების კონტროლი ხდება მათ მასპინძელ მცენარეებსა და ბუნებრივ მტრებთან ურთიერთდაბალანსებით, სასარგებლო მწერების პოპულაციის ზრდით, ასევე, მავნებლებისა და მცენარეების დაზიანებული ნაწილების მოშორებით.

ამ სტანდარტების დაცვიდან გამომდინარე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა გაცილებით რთულია და ძვირი ჯდება, რაც საბოლოოდ პროდუქტის ფასზეც აისახება. მეწარმეთა დიდი ნაწილის შეფასებით, „ვისაც დიდი მიწა აქვს, მათთვის წარმოუდგენელია იმდენი ბუნებრივი საშუალების შოვნა, რაც ამ მიწას ეყოფა.  სოფლებში ყველგან იყოდება ქიმიური საშუალებები, რომლებიც უფრო იაფია და მოსავალიც მეტი მოდის”. ამასთან, ვიზუალურად ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტის სხვა პროდუქტისგან გამორჩევა შეუძლებელია და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის ხარისხს მხოლოდ სასერტიფიკაციო ორგანო ადგენს. აქედან გამომდინარე, ფერმერთა მოტივაცია შედარებით მცირეა. ბიოფერმერული მეურნეობის განვითარებისათვის კი აუცილებელია მაღალი ხარისხი, შესაბამისი კვალიფიკაცია და კარგი მოტივაცია ფერმერების მხრიდან.

სახელმწიფოსთან ერთად, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მომხმარებლის ინფორმირება განათლების სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციები. მეტად მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება უკვე არსებული ბიომეურნეობების (მაგ.: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას, ბიო ორგანიკ ჯორჯიას და სხვ.) გამოცდილების და მათი საგანმანათლებო ინიციატივების შესახებ.

ბიოფერმერები საკმაოდ დიდი რისკის წინაშე დგანან, ამას ემატება ისიც, რომ სუსტია სოფლის მეურნეობის დაზღვევის სისტემა. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო იტვირთავს მასტიმულირებელ ფუნქციას ბიოპროდუქტის მწარმოებელი ფერმერებისთვის. ეს შექმნის მოტივაციას, რომ ფერმერმა შეინარჩუნოს მიწის ბიოქიმია თავისი ორგანულობით და აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.

საქართველოს ეკონომიკის პრობლემათა შორის უმნიშვნელოვანესია აგრობიზნესის განვითარება. დღეს საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 16,2%-ია გამოყენებული სახნავსა და მრავალწლიანი ნარგავებისათვის. მოსახლეობის ერთ სულზე 0,15 ჰა სახნავი მოდის. საქართველოს მოსახლეობის დაახლოვებით 50% ფერმერია, ფერმერობა მეტად მნიშვნელოვან ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საქართველოში, მაგრამ საჭიროებს მთავრობის სრულ მხარდაჭერას.

სოფლებს სჭირდებათ ეკონომიკური შესაძლებლობები, რომ მოსახლეობამ არ დატოვოს ეს ადგილები და არ გადასახლდნენ ქალაქებში ან სხვა ქვეყნებში. საქართველოსთვის აუცილებელია სოფლების დახმარება, როგორც ეკონომიკური ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ერი, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი თავის გამოკვებას, დაუცველი ერია.

არსებობს ძალიან საინტერესო ევროპული სტატისტიკა: კრიზისის ფონზე ევროპაში ერთადერთ მზარდ ბიზნესად ბიოლოგიური პროდუქციის წარმოება დარჩა. პარადოქსია: თითქოსდა, ადამიანს უფრო უნდა უჭირდეს, ამ დროს კი იგი პრაგმატულად ფიქრობს და მიიჩნევს, რომ სჯობია იყიდოს ძვირი პროდუქტი, მიირთვას ნაკლები, მაგრამ ხარისხიანი, ვიტამინებით სავსე, ვიდრე იყიდოს ბევრი და უხარისხო. დიდია მოწამლვის რისკიც.

რასაკვირველია, ხარისხიანი პროდუქტი ნიშნავს ჯანმრთელობას, უხარისხო – ექიმთან ვიზიტს, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში საკმაოდ ძვირი ჯდება. სტრატეგიულად და გლობალურად კი ეს ნიშნავს კაცობრიობის გადარჩენას. თუ მიწას არ გავუფრთხილდებით და მკვდარი ინსტრუმენტივით მოვეპყრობით, არაფერი არ გამოგვივა… მიწა არის ცოცხალი არსება! არ შეიძლება ცოცხალ არსებას მიუდგე აგრესიულად, გულგრილად… ჩვენი მცირემიწიანი ქვეყნისთვის, სადაც თითოეული მტკაველი გასათვალისწინებელია, სადაც არის უნიკალური ჰავა, მოსახლეობა, სხვა მეთოდით მცენარეების გაზრდა, უბრალოდ, არც შეიძლება… ყველაზე დიდი ძვირფასეულობა ადამიანისა და ქვეყნის ცხოვრებაში არის მიწა, რისი გულისთვისაც ადამიანი სისხლს, ოფლს ღვრის. თუ მიწას გაუფრთხილდები, ის გაჭმევს, გასმევს, ბუნებასთან აბსოლუტურ ჰარმონიაში გამყოფებს…

როცა ქართულ სოფელზე ვლაპარაკობთ, ორიენტაცია უნდა ავიღოთ, ეკოლოგიური, მდგრადი პრინციპების განვითარებაზე, XXI საუკუნის სოფელზე. საქართველომ უნდა გადახედოს სხვა მსგავსი ქვეყნების კანონებსა და კანონმდებლობას, რომლებმაც დაიწყეს საკვების უსაფრთხოებაზე მუშაობა, გამოიყენოს მათი გამოცდილება. უნივერსიტეტებმა უნდა მოამზადონ შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიონალები, საჭიროა გაფართოვდეს თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან მდგრადი აგრარული წარმოებისა და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საქართველოში ბიომეურნეობების განვითარებისთვის აუცილებელია:

1. ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლება: ფერმერებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა და კვალიფიკაცია, ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას ბიომეურნეობის, ბიოპროდუქტის შესახებ, შეეძლოს განსაზღვრა რა პერსპექტივები აქვს ამ დარგს, როგორ უნდა მოხდეს მეურნეობის ორგანულზე გადაყვანა და ა.შ.

2. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოს მხარდაჭერა: მსურველმა ფერმერებმა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა შეძლონ კონვენციური (ტრადიციული) მეურნეობიდან ორგანულზე გადასვლა, რომელსაც გარკვეული დრო და ფინანსური რესურსები ესაჭიროება, ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარკვეული შეღავათები სახელმწიფოს მხრიდან.

3. სერთიფიცირების შესაძლებლობა: ბიომეურნეს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მის მიერ ყველა წესის დაცვით მოყვანილ ბიოპროდუქციას არ შეექმნება რეალიზაციის პრობლემები, იქნება სერთიფიცირებული და ზოგადად არ დადგება ეჭვქვეშ მისი ორგანულობა.

4. რეალიზაციაში ხელშეწყობა: ფერმერისათვის დამოუკიდებლად რთულია სხვაქვეყნის ბაზარზე ადგილის დამკვიდრება, ერთპიროვნულად დაკავშირება უცხოეთში სავარაუდო მყიდველთან, კონტრაქტების გაფორმება და ექსპორტთან დაკავშირებული რთული პროცედურების მოგვარება. ყველაფერ ამაში მას სერიოზული დახმარება ესაჭიროება.

5. ფერმერულ მეურნაობებში მომუშავეთათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა: ბიომეურნეობაში ისეთი პირობების შექმნა, რომ დასაქმებულებს საშუალება მიეცეთ დაიკმაყოფილონ ძირითადი მოთხოვნილებები, იმუშაონ ჯანსაღ გარემოში, მიიღონ თავიანთი შრომის ადეკვატური ანაზღაურება და შესაბამისად შექმნან მაღალი ხარისხის პროდუქცია;

6. ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება: სოციალურად და ეკოლოგიურად გამართლებული წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

7. ბიოლოგიური ციკლების გაძლიერება: ბიოაგროწარმოების პროცესში ბიოლოგიური ციკლების (მიკროორგანიზმების, ნიადაგის, ფლორისა და ფაუნის, მცენარეთა და ცხოველთა ჩათვლით) გაფართოებისა და გაძლიერების ხელშეწყობა;

8. რესურსების გამოყენება: წარმოებასა და გადამუშავების სისტემაში განახლებადი რესურსების შეძლებისდაგვარად ფართოდ გამოყენება.

Картинки по запросу "აგრობიზნესი"

ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. საქართველოს მთავრობამ აგროსექტორის განვითარება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად აღიარა. შემუშავდა ქვეყანაში აგრარული პოლიტიკის სტრატეგია, რომლის განხორციელების ფარგლებში (შემთხვევაში-აგროკავკასია): დარეგულირდება მიწათსარგებლობის საკითხები; სასოფლო-სამეურნეო სექტორი უზრუნველყოფილი იქნება მომსახურებითა და ნედლეულით; მცირე და საშუალო ფერმერები უზრუნველყოფილი იქნებიან ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით; გაიზრდება აგრარულ სექტორში მწარმოებლურობა, რენტაბელურობა და კონკურენტუნარიანობა; გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებიდან მიღებული შემოსავლები; ჩამოყალიბდება აგრარული განათლებისა და მეცნიერების, კონსულტირებისა და ექსტენციის თანამედროვე სისტემა; ქართული პროდუქცია დაბრუნდება შიდა ბაზარზე.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე; მოხდება რეგიონებში ბიზნესგარემოს გაჯანსაღება და სტიმულირება; გაუმჯობესდება რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობები. უზრუნველყოფილი იქნება სასურსათო უსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

ამ პოლიტიკის განხორციელების შედეგად, უახლოეს წლებში, აგროსასურსათო სექტორში შეიქმნება რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი დაქირავებით დასაქმებულთათვის; გაიზრდება თვითდასაქმებულთა კეთილდღეობა, მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად გადააჭარბებს საარსებო მინიმუმს და შემცირდება ფარული უმუშევრობა სოფლად.

ავტორები: გიული გიგუაშვილი, გორის სასწავლო უნივერსიტეტი, სრული პროფესორი. მაია აზმაიფარაშვილი, გორის სასწავლო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. /ბიოეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია/

წყარო:https://agrokavkaz.ge/

ბლოგი
ლოგიკა vs სულიწმინდა, მედიცინა vs სასწაული

პანდემიას რომ გვერდს ვერ ავუქცევდით, ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ კორონავირუსის წინააღმდეგ  ფრონტი თუ  ღმერთისა და ღვთაებრივი საიდუმლოს არსებობა-არარსებობის  საკითხის გარშემო  სამკვდრო-სასიცოცხლო პოლემიკაში გადავიდოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი.  

შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოკიდებული  ქართული ეკლესია არასოდეს  ყოფილა ისეთი მასირებული კრიტიკის სამიზნე, როგორც დღეს. სავარაუდოდ, მომავალ სოციოლოგიურ კვლევებში ეკლესიის რეიტინგის ვარდნას უნდა ველოდოთ.

სააგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, როცა ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის მიუხედავად  ეკლესიამ  თავისი განჩინებით არ გააუქმა ღვთისმსახურება და  ზიარების ძველი წესიც  ძალაში დატოვა (თუმცა აღსანიშნავია, რომ  ეკლესიამ გაიზიარა  რეკომენდირებული უსაფრთხოების ზომები -მორწმუნეთა დაშორიშორება დადგენილ დისტანციაზე, დეზინფექციის უზრუნველყოფა, რიგ შემთხვევებში  ღვთისმსახურებმა მორწმუნეებს ზიარების სახლში მიღების პრაქტიკა შესთავაზეს). ეკლესიის პოზიციის მიმართ კრიტიკამ პიკს მიაღწია არგუმენტებით:  მრევლს იყენებს ბიოლოგიურ იარაღად  და ღმერთის სახელით  სასიკვდილოდ სწირავს. ამასთანავე  გამოცხადდა, რომ ეს პოზიცია არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისითაა გაუმართლებელი, არამედ ადამიანების სიცოცხლის სასწორზე შეგდებით „ჩვენ ღმერთს ვცდით“,  რაც   სახარებისეულადაც  მიუღებელი და დაუშვებელია.

ერთი სიტყვით, ეკლესიის პოზიცია ანტიჰუმანურად და არაქრისტიანულად გამოცხადდა.

არაზუსტია მთავარ სამიზნედ ეკლესიის შერჩევა.

ცოტა შორიდან და თვალსაჩინოებით დავიწყებ.

წარმოიდგინეთ,  რომ ბავშვები თამაშობენ,  მაგალითად,  ომობანას,   თამაშისას უსაფრთხო სათამაშოებს იყენებენ-პლასტმასის თოფებითა და ხმლებით „ვითომ-ვითომ“ მტრებს „ვითომ-ვითომ“ ებრძვიან.

ყველაფერი რიგზეა.

ბავშვები უნდა თამაშობდნენ-წარმოსახვით როლებს ირგებდნენ და ფანტაზიას გასაქანს აძლევდნენ,  ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ჩვენგან მოსაწონი საქციელია,  ამიტომ არათუ  თამაშს არ ვუშლით, ვაქებთ კიდეც.

მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ბავშვებმა  წარმოსახვით  კიარა, ნამდვილ მტრებად მიიღეს ერთმანეთი და პლასტმასის იარაღებით კიარა, ქვებით, ჯოხებით, დანებით  ან სულაც  ცეცხლსასროლი იარაღით დაერივნენ „ნამდვილ მოწინააღმდეგეებს“.

ვუბრაზდებით და   ვაწყვეტინებთ სახიფათო თამაშს.

ეკლესიის კრიტიკოსი რაციონალისტების თვალში  ზიარება ფორმალური,  ყოველგვარ ღვთაებრივ  შინაარსსმოკლებული ცრუმორწმუნე ადამიანების ფანტაზის თამაშია „ვითომ-ვითომ“, მაგრამ სრულიად უწყინარი და ამიტომ მისაღები რიტუალური ქცევა, როგორც ბავშვებისათვის პლასტმასის უსაფრთხო სათამაშოებით ომობანას თამაში. მაგრამ როგორც კი აღმოჩნდა,  რომ ამ  უწყინარი ცერემონიალით  ცდუნებული ადამიანები  უბრალოდ თავიანთ ჭიას კი არ ახარებდნენ თურმე, არამედ   იგი ჩვენი ჯანმრთელობისათვის   საფრთხისშემცველ აქტად  შეიძლება  აქციონ,   პირგამეხებულები ვუპირისპირდებით  სწორედ ამ შეუვალ რწმენას, რომელსაც აქამდე ვიწყნარებდით და ვახალისებდით კიდეც (დავაზუსტოთ: მორწმუნეთა შეკრების აკრძალვისა  და ზიარების წესის გაუქმების თხოვნით ეკლესიისთვის მხოლოდ ე. წ. კრიტიკოს რაციონალისტებს არ მიუმართავთ. ცალკეული ღვთისმსახურებისა  და მორწმუნე მრევლის  ნაწილიც იგივე აზრზე დგას. მაგალითად, გუშინ გამოქვეყნდა გიგი უგულავას ღია წერილი პატრიარქისადმი, რომელშიც  მის უწმინდესობას ტაძრებში ღვთისმსახურების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.  მანამდე გამოქვეყნდა ცალკეული მღვდლებისა და თეოლოგების განმარტება საპატრიარქოს განჩინებაზე).

ის, რაც თამაში გვეგონა, თავშექცევა  თუ მისტიფიკაცია, აღმოჩნდა ცოცხალი რწმენა.

არ დათმო კი არა, ჩვენ შეგვეშალა, რადგან არასწორი მოლოდინი გვქონდა.

გვეგონა ნელთბილი რწმენა, მოთხოვნილება გვქონდა ნელთბილ რწმენაზე და დაგვიხვდა შეუვალი რწმენა და  ნება, რომელზეც არ ჭრის სამედიცინო შეგონებები.

არ ჭრის შეგონებები  იმაზე, რომ ჩვენმა ეკლესიამ უნდა შეიცვალოს თავისი პოზიცია, როცა ართუ სხვა აღმსარებლობის, სხვა ქვეყნების მართლმადიდებელმა ეკლესიებმაც კი დააკორექტირეს  თავიანთი მიდგომა.

დიდი ხანია მოაზროვნე კაცობრიობა შეთანხმდა იმაზე, რომ სარწმუნოება მეცნიერება არ არის, მსოფლმხედველობაა, მსოფლმხედველობა მეცნიერულად დასაბუთებადი არ არის, ის არჩევანია.

ქართულ ეკლესიას დღემდე არასოდეს აურჩევია ყოფილიყო დემოკრატიული, წარმომადგენლობითი ინსტიტუცია, რომელიც მოქმედებს ხალხის, მრევლის აზრის გათვალისწინებითა და კარნახით. ქართული ეკლესია ყოველთვის იყო ორთოდოქსული.

ეკლესია თანმიმდევრულია თავის დოგმატზმში, ხოლო სახელმწიფოს პოზიცია არ არის თანმიმდევრული, წინააღმდეგობრივია.

ისევ შორიდან მოვუვლი.

ქმარს (ცოლს) რომ გაშორდეთ, რომელთანაც ჯვარი გაქვთ დაწერილი, მაგრამ ხელი არ გქონიათ მოწერილი, გექნებათ თუ არა საერთო ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება.

რასაკვირველია არა. ასეთი უფლება წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრირებული სამოქალაქო ქორწინების საფუძველზე. ჯვარდაწერილ, მაგრამ ხელმოუწერელ ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას ვერ წამოიწყებთ.

ნაკურთხი მანქანით, ტარების მოწმობის გარეშე, შეძლებთ თუ არა მანქანით სარგებლობას

არა, რასაკვირველია, დაჯარიმდებით.

მიეცეს კეისარს კეისრისა კი არადა, კეისარმა კეისრის საქმე უნდა აკეთოს.

ეროვნულ დარგობრივ პოლიტიკას, მათ შორის ჯანდაცვის სფეროს პოლიტიკას შეიმუშავებს და ატარებს სახელმწიფო. დარგობრივ რეგულაციებს-აკრძალვებსა თუ ნებართვებს -აწესებს სახელმწიფო და მასვე ევალება აღსრულებაზე კონტროლი. განა ეკლესიის საქმეა ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავება და მისი გატარება?! ეკლესია, რომელიც ზიარებას სულისა და ხორცის საკურნებელ ღვთაებრივ მისტერიად განიხილავს,  თვლის, რომ ზიარებისას  ინფიცირების რისკი კი არ ჩნდება, პირიქით, სულიწმინდის საიდუმლო  მადლი აუვნებელყოფს ინფიცირების საფრთხეს.

რა გვეთქმის სახელმწიფოზე, რომელიც, ერთის მხრივ,  წვეთოვანი გზით ინფექციის გავრცელების რისკებზე  გვაზღვევს, მეორეს მხრივ, უსაფრთხოდ მიიჩნევს საზიარებელი საერთო კოვზის  გამოყენებას და მასში ინფექციის გადამტან წყაროს ვერ ხედავს.

ეკლესიის ფიცი და ბოლო ერთია: ღვთაებრივი საიდუმლო აუქმებს მედიცინის კანონებს.

სახელმწიფოს რაც შეეხება, მისი ფიცი კი გვწამს, მაგრამ ბოლო გვაკვირვებს.

 თან ხშირად გვაკვირვებს.

მაგ: საპატრიარქოს გადაწყვეტილებით თბილისის ქუჩები მამაოებმა აკურთხეს(თბილისი რა მოსატანია, მამაოებმა მუსულმანებით დასახლებული მარნეულის ქუჩებიც აკურთხეს), მერე ნაკურთხ ქუჩებში ქალაქის მერიამ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა, ბოლოს დეზინფიცირებულ ქალაქს მეუფემ შემოუფრინა სამოქალაქო ავიაციის ვერტმფრენით და დალოცა.

არ გაკვირვებთ?!

ავტორი: ნანა თოფურიძე

სრულად
გამოკითხვა
როგორ აფასებთ მთავრობის საქმიანობას კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში
ხმის მიცემა
სხვათა შორის

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.

გონება ამბიციების გარეშე იგივეა, რაც ჩიტი ფრთების გარეშე. სალვადორ დალი

„შეასრულეთ თქვენი სამუშაო. შეასრულეთ არა უბრალოდ, არამედ დაუმატეთ ისეთი რამ, რაც ყველაფერ დანარჩენს გადაწონის“ - დინ ბრიგსი.