USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
თარიღი:  

ბატონი ივანიშვილი აბსოლუტურად შეგუებულია იმ ფაქტს, რომ არც „კრედიტ სუისის“ საქმესთან დაკავშირებულ და არც „ჯულიუს ბაერში“ აკუმულირებულ თანხებს მას და მისი ოჯახის წევრებს არ განაკარგინებენ. ისევ და ისევ პოლიტიკური დევნისა და შანტაჟის გათვალისწინებით - ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი ამ თანხების გარეშეც აგრძელებს ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას, მეორე მხრივ კი საქველმოქმედო საქმიანობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე აცხადებს.

როგორც წიქვაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილმა ისიც კი არ იცოდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა 24 ნოემბერს იგეგმებოდა და ამის შესახებ საჯარო სივრციდან გაიგო.

„ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან სპეკულაციურად განიხილება თემა, რომელიც 24 ნოემბერს, ლონდონში ჩანიშნულ სასამართლო პროცეს უკავშირდება. კერძოდ, სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ბერმუდაზე დაწყებული დავის მესამე, საბოლოო ინსტანცია ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და ყველა წინა დავა სწორედ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებდით ამ თემაზე რაიმე სახის განცხადების ან განმარტების გაკეთებას მიუხედავად იმისა, თუ როგორი შედეგით დასრულდებოდა სამართლებრივი დავა, მაგრამ რადგან თემა პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გარჩევის საგნად აქციეს, გადავწყვიტეთ ქართული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მოკლედ შეგვეხსენებინა საკითხის პერიპეტიები, რამეთუ ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ავაზაკური რეკეტი არის უპრეცედენტო და პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკური მაგალითი.

ბატონი ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების, იგივე „დიპ სტეიტის“ მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო. ეს ის დროა, როდესაც წინა ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები გააყალბა და ძალაუფლება მიიტაცა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი სრულად დისტანცირდა ამ პოლიტიკური ძალისგან. ეს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების გარე პატრონებისთვის, რის გამოც მიზანმიმართულად დაიწყეს შვეიცარიაში განთავსებული ფინანსური ანგარიშების დანგრევა.

მარტივად გადაიბირეს კონკრეტული პირი, „კრედიტ სუისში“ მომუშავე პერსონალური ბანკირი პატრის ლესკუდრონი, რომლის ხელით გაძარცვეს ბატონი ივანიშვილის ანგარიშები, წლების შემდეგ კი ეს პიროვნება ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვნეს, ხოლო ფაქტს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს და საქმეც დაიხურა. სპეცსამსახურებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური დევნის პროცესში მთლიანად ჩამოანგრიეს შვეიცარიის საბანკო სისტემის პრესტიჟი, ხოლო ერთ დროს მსოფლიოში ნომერ პირველი ბანკი „კრედიტ სუისი“ გაკოტრებამდე მიიყვანეს.

ჩვენ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავები 10 წელზე მეტია გრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქმე მისი შინაარსიდან გამომდინარე უპრეცედენტოდ მარტივია - ხელის გულზე დევს მთელი სისტემის მხრიდან ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების სქემა. ჩვენ მოვახერხეთ და სინგაპურში წარმოებული დავა გამარჯვებით დავასრულეთ, ასევე გავიმარჯვეთ ბერმუდაზე ორი ინსტანციის სასამართლოში და ახლა, სწორედ მესამე და უმაღლესი ინსტანცია გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე.

სასამართლო დავების პარალელურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა დროთა განმავლობაში ახალ მასშტაბებს და აბსურდულობის ახალ მწვერვალებს იპყრობდა, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა მას საქართველოში „რუსული ინტერესების“ გატარების საბაბით. აშკარად იკვეთება, რომ არაფორმალურ მმართველებს, იგივე „დიპ სტეიტს“ აშკარად უჭირს სასამართლო სისტემის და პროცესების გაკონტროლება, მით უმეტეს, როდესაც საქმეში იოტისოდენა კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ მათ ხელთ აქვთ სხვა არაერთი ბერკეტი, მათ შორის ჩემ მიერ ხსენებული სანქციები.

გარდა იმისა, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია, კონკრეტულად რის გამო დააწესეს სანქცია, რა იყო ის „რუსული ინტერესი“, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა, უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ დაწესებული სანქცია სწორედ იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში სწორედ 24 ნოემბერს გამოცხადდება. ეს არის ორიდან ერთ-ერთი მსხვილი აქტივი, რომელიც ბატონ ივანიშვილს უცხოეთში აქვს. სანქციების დაწესებამ იმ თანხაზე, რომელიც ჩემს მარწმუნებელს ჯერ საბოლოოდ სამართლებრივი გზით არ დაუბრუნებია, მარტივი მესიჯი იყო ჩვენთვის - „შესაძლოა სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტთ“!

არის კიდევ ერთი, უფრო მეტაც ცინიკური და თეთრი ძაფით ნაკრები საქმე სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად შვეიცარიაში, კერძოდ ბანკ „ჯულიუს ბაერში“. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხასთან, ბანკმა ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს. და თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში შვეიცარიის ბანკი სრულიად აბსურდულად, მაგრამ მაინც საბაბად ამერიკულ სანქციებს იყენებს, ვერაფერს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ აქვს დაყადაღებული მეუღლის და შვილების თანხები. სპეცსამსახურები წინა ადმინისტრაციის ხელით ბატონი ივანიშვილის მეუღლეს და შვილებს „რუსული ინტერესების გატარებისთვის“ ვერ დაასანქცირებდნენ, რადგან ეს „დიპ სტეიტისთვისაც“ კი გადამლაშება იქნებოდა, თუმცა სადაც ფორმალური მიზეზების მოძებნა უჭირთ, უხეშ, ყაჩაღურ მეთოდებზე გადადიან.

ასეთია ძალიან მოკლე მიმოხილვა იმ პროცესების, რომელიც წლებია გრძელდება და რომელმაც ჩვენ თვალწინ შექმნა უპრეცედენტო მაგალითი ადამიანის დევნის, ძარცვისა და შანტაჟის მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები დააყენა ყველაფერზე მაღლა და არ იქცა სპეცსამსახურების, იგივე „დიპ სტეიტის“ მითითებების შემსრულებლად. სხვა მაგალითებს რომ თავი დავანებოთ, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირდაპირ აღიარებს, რომ წინა ადმინისტრაცია მთლიანად არაფორმალური გავლენების მქონე პირებისგან იმართებოდა, ხოლო თავად ხმალამოღებული იბრძვის ამ ძალების წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციებიც სწორედ ამ არაფორმალური მმართველების მიერ არის დაწესებული და ამ მხრივ ტრამპის გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნება რეალურად ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, არის თუ არა პრეზიდენტის ბრძოლა „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ რეალური.

რაც შეეხება ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებული მედიის სპეკულაციებს ლონდონში ჩანიშნული ბოლო სასამართლოს, დაყადაღებული თანხებისა და ბრიტანეთიდან მოსალოდნელი თითქოს და დამატებითი სანქციების თაობაზე, გაუგებარია რა უხარიათ ამ გაკოტრებულ ძალებს. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს სასამართლო და სავარაუდოდ, ორი ინსტანციის კვალდაკვალ მესამე ინსტანციაშიც გავიმარჯვებთ, ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება.

აქვე საზოგადოებას დარწმუნებით და სრული პასუხისმგებლობით ვუცხადებთ, რომ ჩვენი მხარისთვის ისიც კი უცნობი იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა 24 ნოემბერს იგეგმებოდა, რაც საჯარო სივრციდან გავიგეთ. აღნიშნულის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ბატონი ივანიშვილი აბსოლუტურად შეგუებულია იმ ფაქტს, რომ არც „კრედიტ სუისის“ საქმესთან დაკავშირებულ და არც „ჯულიუს ბაერში“ აკუმულირებულ თანხებს (აღნიშნულ ბანკთან ბატონი ივანიშვილი მიმოწერასაც კი აღარ აწარმოებს მათი მხრიდან ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით), მას და მისი ოჯახის წევრებს არ განაკარგინებენ. ისევ და ისევ პოლიტიკური დევნისა და შანტაჟის გათვალისწინებით.

ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი ამ თანხების გარეშეც აგრძელებს ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას, მეორე მხრივ კი საქველმოქმედო საქმიანობას”, - განაცხადა თემო წიქვაძემ.

საზოგადოება
გილოცავთ პეტრე-პავლობას !!!

მართლმადიდებლური სამყარო 12 ივლისს, პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მოციქულების - პეტრეს და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა, რომელიც დღეს თევზით არის ხსნილი. 12 ივლისს მარხვა სრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.

პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება.

სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე — 7 დღე.

ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ, ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, დადგინდა, რომ მათი ხსენების დღემდე, ანუ 12 ივლისამდე ემარხულათ.

წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან (იოანე; 1,41-42).

ერთხელ პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: „შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი“.

საკვირველი სახილველით შეძრულმა პეტრემ დიდი სულიერი ნათლის ფონზე ცხადად შეიგრძნო თავისი ბიწიერება და ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“. იესომ მიუგო: „ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე“. ნაპირზე გამოსულმა უფლის რჩეულმა ზებედეს ძეებთან ერთად დაუტევა ყოველი და მიჰყვა მესიას (ლუკა; 5,1-11).

ერთხელ ქრისტემ მოწაფეებს ჰკითხა: „თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ უპასუხა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“. ამაზე უფალმა მიუგო: „ნეტარ ხარ შენ, სჳმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან; და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მთ. 16,15-19) (ამ სიტყვებით „კლიტენი“ და „შეკვრისა და გახსნის“ უფლება მიენიჭა „თავკიდურ ლოდზე“ - ქრისტეზე დაფუძნებულ ერთიან მსოფლიო ეკლესიას და არა ერთ ადამიანს). პეტრე, მისი ფიცხი ხასიათისა და დიდი მოშურნეობის გამო, ადამიანურ სისუსტეებსაც ხშირად ავლენდა ხოლმე.

უკანასკნელი პასექის დროს განკაცებულმა ღმერთმა მოწაფეებს ამცნო: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“. პეტრემ განაცხადა: „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. უფალმა მიუგო: „ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე“ (მთ. 26,31-34).

ოცდაათ ვერცხლად გაყიდული უფალი, მართლაც, იმავე ღამეს შეიპყრეს გეთსიმანიის ბაღში და კაიაფას მიჰგვარეს. მოციქულები დაიფანტნენ. მხოლოდ პეტრე და იოანე შეჰყვნენ ქრისტეს მღვდელთმოძღვრის ეზოში. შეკრებილებმა იცნეს პეტრე და ამბობდნენ: „ესეცა მის თანა იყო“, ის კი იფიცებოდა: „არა ვიცი კაცი იგი“. როცა მესამეჯერ უარყო მაცხოვარი, „მეყსეულად. ქათამმან იყივლა და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს“. მოწაფეს მოაგონდა მოძღვრის სიტყვები, სინანულმა შეიპყრო, „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“. სინანულის ეს გრძნობა არ დასცხრომია პეტრეს სიკვდილის დღემდე.

უფალმა არ დააგდო საყვარელი მოწაფე - მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი ტიბერიის ზღვაზე გამოეცხადა თომასა და ნათანაელთან ერთად სათევზაოდ გასულ პეტრეს, და მიმართა: „სჳმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ პეტრემ მიუგო: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“, - უთხრა ქრისტემ. უფალმა სამჯერ გაიმეორა შეკითხვა და წმიდა მოციქულმაც სამჯერ აღიარა მაცხოვარი. მოძღვარმა ამით მიანიშნა მოწაფეს, რომ პატიობდა სულმოკლეობას, სიტყვებით „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“ კი იმ ღვაწლზე მიუთითა, რომლითაც იგი შეძლებდა, განსაკუთრებით სათნოჰყოფოდა უფალს და გამოესყიდა თავისი შეცოდება (იოანე 21, 1-23).

ამიერიდან პეტრე ღვთის სიტყვის მხურვალე მქადაგებელი და პირმეტყველ ცხოვართა ერთგული მწყემსი შეიქნა. სულთმოფენობის დღეს მისმა მადლმოსილმა სიტყვებმა სამი ათასი კაცი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე; იოპიაში უფალმა პეტრეს სასწაულებრივ მიანიშნა, რომ წარმართებსაც წმიდა-ჰყოფდა, რის შემდეგაც მოციქულმა კორნილიოს ასისთავის სახლში შეკრებილ უცხოტომელებს შორის იქადაგა, მათზე სულიწმიდის გადმოსვლის მოწმე შეიქნა და ნათლისღების მადლით განანათლა ღვთისგან შეწყნარებულები (საქმე 10,1-48). სხვადასხვა დროს პეტრე იმყოფებოდა: ანტიოქიაში, რომში, მცირე აზიის, ეგვიპტის, საბერძნეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის ქალაქებში იგი ყველგან ქრისტეს სწავლების მარცვლებს თესდა და აფუძნებდა ეკლესიებს. მის ქადაგებებს მრავალი სასწაული ახლდა თან: სნეულები პეტრეს ჩრდილითაც კი იკურნებოდნენ.

წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის ზეობისას. ქრისტიანებმა წინასწარ აუწყეს პეტრეს მოსალოდნელი საფრთხე და სთხოვეს, დაეტოვებინა რომი. ისიც დამორჩილდა მვედრებლებს, მაგრამ როცა ქალაქიდან გადიოდა, იხილა ქრისტე, „შემომავალი ჰრომედ“. პეტრემ იკითხა: „აქ ვიდრე ხუალ, უფალო?“ მაცხოვარმა მიუგო: „შევალ ჰრომედ ჯუარ-ცუმად“. მოციქულს გაუკვირდა: „კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო?“ როცა გაოცებისგან გამოერკვა, უფალი უკვე ზეცად მაღლდებოდა. პეტრემ ეს ჩვენება მიიღო ნიშნად იმისა, რომ „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ და უკანვე გაბრუნდა.

მტარვალებმა წმიდანს ჯვარცმა გადაუწყვიტეს. პეტრემ ითხოვა: „ამას გლოცავ თქუენ ერისაგანთა მაგათ, ესრეთ ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რაჲთა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისა“.

ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.

წმიდანის ცხედარი მისმა მოწაფემ, მარკოზმა გარდამოხსნა, რძითა და ღვინით განბანა, სურნელოვანი ნელსაცხებლებით შემურა, რჩეული თაფლით სავსე მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენა და საკუთარ საფლავში (მაშინ ძალზე გავრცელებული იყო საკუთარი საფლავების წინასწარ მოწყობის ტრადიცია) დაფლა.

პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული. პეტრეს მოწაფის, მარკოზის სახარებაც მის მიერ არის მოწონებული და ნაკურთხი.

წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა; მოციქულად მოწოდებამდე მას სავლე ერქვა. საერო მეცნიერებებს იგი მშობლიურ ქალაქში დაეუფლა, შემდეგ კი სჯულის უკეთ შესასწავლად იერუსალიმში გაემგზავრა, მაშინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან. გულისხმიერი ჭაბუკი მშვენივრად განისწავლა მოსეს სჯულში და, როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელი შეიქნა.

სავლეს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ „ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ“ (საქმე, 8,3).

იერუსალიმში აღძრული დევნის გამო ქრისტიანები პალესტინის სხვადასხვა ადგილებში გაიხიზნნენ. ბევრმა დამასკოს შეაფარა თავი. გულისწყრომით აღსავსე სავლემ მღვდელთმოძღვრისგან გამოითხოვა ქრისტიანთა დატყვევების ნებართვა და დამასკოში გაემგზავრა, რათა ქრისტეს მიმდევარი „მამები, ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ“ (საქმე 9,2). დამასკოს მიახლოებულმა სავლემ ზეციდან გარდამოსული ნათელი იხილა, ზეციური ხილვით გაოგნებული და შეშინებული სავლე „დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“. კითხვაზე: „შენ ვინ ხარ, უფალო?“ ნათლით გამო მოისმა: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!“ (საქმე 9,3-5). იესუმ უბრძანა სავლეს, ქალაქში შესულიყო და დანარჩენი იქ გაეცხადებოდა. სავლე წამოდგა, მაგრამ დამოუკიდებლად წასვლა ვეღარ შეძლო - იგი ვერაფერს ხედავდა. განცვიფრებულმა მხლებლებმა სავლე დამასკოში შეიყვანეს. სამი დღის შემდეგ უფლისმიერი კურთხევით მოციქულმა მოწაფემ, ანანიამ სავლე მონათლა და მხედველობაც დაუბრუნდა.

ამის შემდეგ უწინდელი ფარისეველი და ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი მტკიცე აღმსარებელი და უფლის გამორჩეული მოციქული გახდა. ნათლისღების შემდეგ მან არაბეთს მიმართა, სადაც, გადმოცემით, სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში.

სულიწმიდის ბრძანების თანახმად, პავლე მოციქული, მარკოზისა და ბარნაბას თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. მისგან ქადაგებული სჯულის ჭეშმარიტება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა. ეს იყო წმიდა პავლე მოციქულის პირველი მოგზაურობა. ამის შემდეგ იგი ლუკას და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა. თავად წერს: „ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე. სამ გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან“. (2 კორ. 11,24-26).

ტკივილებითა და განსაცდელებით დამძიმებული პავლე ღვთის ნებით ამ სოფელშივე შეიქნა ენითაუწერელი ნეტარების ღირსიც: იგი მესამე ცაზე იქნა ატაცებული, სამოთხის სიტკბოება იგემა „და ესმნეს უთქმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად“ (1 კორ. 12,2-4).

უფლის სათნომყოფელი მოციქული მტარვალებმა კესარიაში შეიპყრეს, აქედან კი რომში გააგზავნეს, სადაც 67 წელს იმპერატორი ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს: „წარუპყრა ქედი თჳსი წმიდამან პავლე მეჴრმლეთა მათ სიხარულითა. და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეჴრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისაჲთა სძჱ გამოჴდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლჱსა“. ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს უფალი. რომში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც წმიდა მოციქული სიკვდილით დასაჯეს.

პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც „ახალი აღთქმის“ წიგნებში შედის. ერთ-ერთი სახარებისა და „საქმე მოციქულთას“ ავტორი - ლუკაც მისი მოწაფე იყო.

უფლის სათნომყოფელნი - პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის