USD 2.5949
EUR 2.8998
RUB 3.1713
Тбилиси
ბესიკ ლაგვილავა - პუტინი როგორც ვასალი იდგა ჩინეთის ლიდერის წინაშე, მუხლმოყრილი
дата:  1025
მწერალი და ყოფილი პარლამენტარი ბესიკ ლაგვილავა, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ჩინეთ-რუსეთის უმაღლესი დონის შეხვედრის შესახებ წერს და საზოგადოებას მოუწოდებს მოემაზადოს ჩინეთთან ურთიერთობისათვის.
"თბილისი პოსტი" უცვლელად გთავაზობთ მის ჩანაწერს:
 
"მოვემზადოთ ჩინეთთან მეზობლობისთვის!
ადრე ვწერდი, რომ რამდენად მეტ ხანსაც გადაიდებოდა "რუსეთის დეპუტინიზაცია", მით უფრო დამოკიდებული გახდებოდა რუსეთი ჩინეთზე!
და აჰა, რუსეთი ჩინეთის უმცროსი პარტნიორიდან ყალიბდება ჩინეთის ვასალურ სახელმწიფოდ!
ამ ომის ერთი გამარჯვებული ცნობილია, ეს არის ჩინეთი!
ის ომის შედეგად მიიღებს მთლიანად რუსეთს!
ის მიიღებს რუსეთისგან ყველა იმ ენერგო და სხვა რესურსს, რომელიც მას სჭირდება!
ის მიიღებს მონაწილოებას რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილის ათვისებაში ანუ იმ ნაწილის რომელიც ჩინეთს უკვე თავისად მიაჩნია!
და ეს ყველაფერი ფაქტიურად მხოლოდ სიტყვების ფასად!
უკრაინასთან ფრონტზე გართულებული მდგომარეობის ფონზე, როცა მაისის თვისთვის მოსალოდნელია უკრაინული არმიის შეტევები დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით, ჰააგის ტრიბუნალის მიერ პუტინის ძებნილად გამოცხადებით, რუსულ ბაზრაზე შექმნილი პრობლემებით, შეწუხებული რუსეთის ხელმძღვანელობა ბევრს ელოდა სი ძინ პინის ვიზიტისგან... რუსეთი მზად იყო უამრავი დათმობისთვის, ენერგო და სხვა ბუნებრივი რესურსების იაფად მიწოდებისთვის და ჩინეთისგან სჭირდებოდა პირველ რიგში სამხედრო დახმარება...
რუსეთმა კი მიიღო დახმარება... მაგრამ სიტყვიერი! სი ძინ პინმა მეგობარი კი ეძახა რუსეთს, მაგრამ სიტყვა არ დასცდენია სამხედრო შეიარაღების მიწოდებაზე.
მან ისიც კი თქვა, რომ მისი პოზიცია ეთანხმება რუსეთისას უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ, თანაც ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს იმაზე , რომ რუსეთის ჯარებმა უნდა დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები; სიმ მოუწოდა მსოფლიოს, "პასუხიმგებლიანი დიალოგისკენ"... მაგრამ...
... მაგრამ ეშმაკმა სიმ ისედაც იცოდა, რომ კონფლიქტის ასეთი დარეგულირების გეგმა სრულიად არარეალურია! რას აგებდა ის "პასუხიმგებლიანი დიალოგზე" სიტყვების თამაშით?! არაფერს! საერთოდ არაფერს?! მხოლოდ ჰაერში გაშვებულ სიტყვებს!
და რას იგებს სიტყვათა იგივე თამაშით?! მთელ რუსეთს!
დიახ, რუსეთი ჩინეთის უმცროსი პარტნიორიდან უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ კი არა, გიგანტური სიჩქარით მიისწრაფვის გახდეს ჩინეთის ვასალი!
ჩინეთი რუსეთის #1 სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ დააკვირდით სტრუქტურას რას იღებს ჩინეთი რუსეთისგან და რას აძლევს ჩინეთი რუსეთს! ჩინეთი იღებს ენერგო და სხვა ბუნებრივ რესურსებს და აბრუნებს მზა პროდიქციას! ამ ურთიერთიობებით რუსეთი სულ უფრო და უფრო იქცევა, ჩინეთის სარესურსო დანამატად!
არაფერს ვამბობ გაცხადებულ გეგმებზე, რომ ჩინეთი იზრუნებს სამხრეთ აღმოსავლეთ რუსეთის რეგიონების განვითარებაზე... ეს ამ რეგიონების ოფიციალური გადაფორმების დასაწყისია!
ვასალმა პუტინმა აცნობა ბატონ სის, რომ მონღოლეთთან მიღწეულია შეთანხმება "Силе Сибири-2" -ს მონღოლეთის მარშრუტის მშენებლობის შესახებ... გაზსადენმა უნდა გადაკვეთოს ჩრდილოეთიდან სამხრეთით მთელი რუსეთის ტერიტორია, მონღოლეთი, რომ ჩავიდეს ჩინეთის ნაკლებად განვითარებულ რეგიონში, სადაც უიგურები ცხოვრობენ... ეს შორეული ზღაპრებია.. ბევრს მიაჩნია, რომ ეს პროექტი იმდენად ძვირადღირებულია, ციმბირში არარსებული ინფასტრუტურის გამო, რომ საერთოდ განუხორციელებელია!
ვასალი პუტინი შეუთანხმდა სის, რომ ზოგიერთ აზიური, აფრიკულ და ლათინური ამერიკულ ქვეყანასთან სავაჭრო ვალუტა იქნება არა ამერიკული დოლარი, არამედ ჩინური იენი... ვინ იქნება ასეთი ქვეყნები?! ჩრდილო კორეა... ჰა და ჰა... ვენესუელა, აფხაზეთის მაღიარებელი ვანუატუ... რა სავაჭრო ბრუნვა რუსეთს მათთან?! მოდი, ერთად გავიცინოთ...
ალბათ, როგორ იღიმოდა სი როცა მონის ასეთ გულუბრყვილო წინადადებებს ისმენდა!
შედარებისთვის, მიხეილ ჭიაურელი იხსენებდა ისტორიას, როცა მაო ძე დუნი ჩავიდა მოსკოვში და სავარძელში მჯდომარე, მსოფლიო პროლეტარიატის დიდ ბელადს სტალინს მუხლებზე აკოცა! როცა მაომ მუხლზე აკოცა, სტალინმა უცებ მზერა ესროლა მიხეილ ჭიაურელს, ულვაშებში ჩაიღიმა და თვალი ჩაუპაჭუნა! ჭიაურელი ყვებოდა, რომ მე სტალინში უცებ დავინახე თბილისელი კინტოო!
მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი იოსებ სტალინი გულში იცინოდა! ის ზეიმობდა! მის წინ მუხლებზე იდგა მილიარდიანი ხალხის ლიდერი და არა მხოლოდ იდგა, მუხლებსაც უკოცნიდა!
პუტინს სურდა სტალინობა, მაგრამ... პუუუუ... ბოლი გაუშვა! ახლა ის, როგორც ვასალი იდგა ჩინეთის ლიდერის წინაშე, მუხლმოყრილი და მისგან სანაცვლოდ რაიმე რეალური დაპირების ნაცვლად იღებდა მხოლოდ სიტყვებს! ცარიელ სიტყვებს ნაცვლად გაზისა, ნავთობისა...
და საქართველოსთვის საინტერესო... ჩინეთ-რუსეთის საერთო ჯგუფის შექმნა ე.წ. "ჩრდილოეთის გზის" პროექტის განხორციელებისთვის!
ერთი წლის წინ, როცა რუსულ ტრანსპორტს სანქციები დაუწესდა პუტინმა "კრებას უხმო" და მოაწყო ჩრდილოეთის გზის პროექტის განხილვა! ისეთ სასაცილო მასშტაბებზე მიდიოდა საუბარი, რომ მას ჩვენი ერთი ციდა ფოთის პორტიც კი მოერეოდა! ეს იყო პიარი! სანქციებით პანიკაში ჩავარდნილი საერთაშორისო გადამზიდველენის დამშვიდების მცდელობა!
კიდევ ერთხელ გავიცინოთ! რას კარგავდა სი ძინ პინი ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ყინულმჭრელი გემების თანხლებით მოარული გემებით გადაზიდვებზე საუბრით?! არაფერს!
ან რას კარგავს ჩინეთი და სი რუსული ხორბლის და საქონლის ხორცის მიწოდებით?! და პუტინიც ეს ქოსა მონაც იმსახურებს მხარზე ბატონისგან ხელის თათუნს...
"Силе Сибири-2" რომ განხორციელდეს კიდეც (რაც სპეციალისტებსაც კი ძნელად წარმოუდგენიათ, ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა... იმ დროს აღარც პუტინი იქნება რუსეთის ხლეისუფლებაში, და ალბათ აღარც სი ძინ პინი ჩინეთის ლიდერი! ამით სის თავს მაინც და მაინც ვერ მოაწონებ! ამიტომ ვასალი პუტინი მზად არის გაზარდოს თხევადი გაზის მიწოდების მოცულობა ჩინეთში. "მოსკოვი მზად არის ასევე დაალაგოს ჩინეთისთვის ნავთობის მიწოდების უწყვეტი რეჟიმი" - ახარებს მონა პუტინი პატრონს!
და ამის პასუხად მხოლოდ უკრაინის კრიზისში "პასუხისმგებლიანი დიალოგი"?!
ვასალი პუტინი ცდილობს თავი მოაწონოს პატრონს და ამბობს, რომ სწორედ ჩინეთია რუსეთის მთავარი პარტნიორი რუსეთის შორეული აღმოსავლეთის სამეურნეო ათვისების საქმეში და... პატრონი მოწყალედ ცალი ყბით იღიმის... ეს მან იცის... ეს ტერიტორიები უკვე მისია!
რუსეთი მზად არის მხარი დაუჭიროს ჩინურ ბიზნესს, რუსეთიდან გასული დასავლური კომპანიების ჩანაცვლების საქმეში!
რუსეთს იმედ აქვს ჩინეთი გახდება მისი პარტნიორი IT ტექნოლოგიების სფეროში და პასუხად ისევ ღიმილი...
ღიმილი და კიდევ "პუტინთან მოლაპარაკებები იყო, ღია და მეგობრული"... "ჩინურ-რუსული ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მსოფლიო წესრიგისთვის", "ჩინეთს, რომელიც ხელმძღვანელობს გაეროს წესდების პრინციპებით, მიუკერძოებელი პოზიცია აქვს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით..."
მხოლოდ ზოგადი ფრაზეოლოგია...
პუტინი, რომელმაც იცის რომ მაისის თვიდან დაიწყება ახალი კოშმარი უკრაინის ფრონტებზე, უკრაინელები უკვე ამზადებენ ძალებს დონეცკ, ლუგანსკის მიმართულებით შეტევისთვის, "ვაგნერი" იხვეწება მხარდაჭერას, რომ ალყაში არ მოექცეს... იმისთვის რომ უკრაინელთა შეტევა აირიდოს ყირიმზე პუტინის თანაშეწმეები აკეთებენ განცხადებას, რომ ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში გამოიყენებე ყველა სახის იარაღს (ბირთვულს გულისხმობენ), თავად მისი ხელისუფლების კორიდორებში სულ უფრო ხშურად ესმის უკმაყოფილო ვეზირთა საუბრები... ელის მთავარ სიტყვებს... ელის... იარაღი... ტექნოლოგიები... მაკომპლექტებლები... მაგრამ ის მეტს ვერ მიიღებს!
რატომ? იმიტომ, რომ პუტინის რუსეთს უკვე გასაცემი აღარაფერი აქვს! რაც გასაცემი აქვს, ენერგო და სხვა ბუნებრივი რესურსები, ამას ხომ ისედაც ჩინეთზე გასცემს?! "Силе Сибири-2"? ეგ თუკი განხორციელდა განხორციელდება 10 წლის შემდეგ... 10 წლის შემდეგ აღარც პუტინი იქნება და აღარც სი ძინ პინი... და იქნება კი რუსეთი საერთოდ?! ში ძინ პინი იღიმება და ფიქრობს, რომ წყნარი ოკეანიდან ბაიკალის ტბის ჩათვლით ეს ქვეყანა უვე მისია...
რუსეთს გასაცემი აღარაფერი დარჩა! რაც გასაცემი ჰქონდა ისედაც "პატრონის" ჩინეთის არის! პუტინი გასცემს მხოლოდ სიტყვებს და სანაცვლოდ მიიღებს... მხოლოდ სიტყვებს!
ერთგული მონა ხალიფასგან მიიღებს მხოლოდ ხალათს და პატრონის მოწყალე ღიმილს!
ფაქტი ერთია! სის ვიზიტმა დაადასტურა რუსეთის, როგორც ჩინეთის ვასალური სახელმწიფოდ გარდასახვის პროცესი გაქანებული ტემპით მიმდინარეობს! დაძრული ზვავის შეჩერება-შენელების ერთადერთი დროებით საშუალება რუსეთის "დეპუტინიზაციაა"... თუმცა, ესეც დროებით!
აი ეს მოაქვს, გაუთვლელ, რეგვენულ პოლიტიკას და პატარა კაცის თავში დაბადებულ "მანია გრანდიოზას"...
ერთმა ჭკვიანმა რუსმა კაცმა იკითხა - რატომ აძლევენ ციმბირის ტყეებს ჩინელებს არენდაში 49 წლით, როცა ისინი ერთ წელიწადში ახერხებენ მოჭრან და ფესვებიანად ამოიღონ ამ ტყეში ყველა ხე?
ასეთია რუსეთის ბედი! და ჩვენი მწარე ბედისწერაც, რადგან ღმერთმა სწორედ ასეთ უტვინო, სასტიკ და თავის უბედურ ერთან გვაგრგუნა მეზობლობა!
თუმცა , ის დროა მოვემზადოთ Ვინეთთან მეზობლობისთვის.
P. S. სის რუსეთში ვიზიტის პარალელურად ძალიან ნიშანდობლივია იაპონიის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კიშიდას ვიზიტი უკრაინაში. უკრაინა ომში ჩართული პირველი ქვეყანაა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის პრემიერი ეწვია. სქამდე ყველა ომში იაპონია ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს! სასწრაფო ვიზიტი განხორციელდა ანტიჩინური კოალიციის ფარგლებში, აშშ-სთან შეთანხმებით ჩინეთის აქტივობის გასანეიტრალებლად ... ხოლო ის ნახევარი მილიარდი, რაც იაპონიამ უკრაინისთვის პირდაპირ "ჯიბიდან გააძრო", ზელენსკისთვის იმის დადასტურება იყო, რომ ის მარტო არ დარჩება, ჩინეთის ნებისმიერი სახის აქტივობის შემთხვევაში."
მიყევით ბმულს - ბესიკ ლაგვილავა
мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати