USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
ბექა ჭიჭინაძე- სინამდვილეში, რუსთაველის ბიოგრაფია არც ისეთი ბურუსითაა მოცული
თარიღი:  6677
ჩვენს მითომან საზოგადოებას დიდად არ აინტერესებს ისტორიული ჭეშმარიტება რუსთაველზე, ბრჭყვიალა მითები უფრო სახალისო სარწმუნებელია, მერამდენედ მხვდება ,,თეორია" მის იერუსალემში გადასახლებაზე.
 
სინამდვილეში, მისი ბიოგრაფია არც ისეთი ბურუსითაა მოცული, თუკი არსებულ წყაროებს სწორად განვმარტავთ ბევრ რამეს სწორად დავინახავთ, ოთხ ნაწილად დავაჯგუფებ ამ ხელჩასაჭიდ მომენტებს.
 
1. პირველყოვლისა, აღსანიშნავია ის ფაქტიგასაღები რომ შოთა გარკვეული აზრით ვაჭართუხუცესია, რადგანაც მეჭურჭლეთუხუცესის სახელოში შედის: ,,ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო", ეს კი სწორედ ,,ვეფხისტყაოსნის" სამყაროა, აქედანვე ქალაქურ-ვაჭრული თემის პოპულარობა და ბრწყინვალე ცოდნა ,,ვეფხისტყაოსანში".
 
შოთა, როგორც ,,მეჭურჭლეთუხუცესი" განაგებდა სამეფო კარის არქივსაც, რომელსაც ქართველთა მეფეები საგანძურებთან ერთად ინახავდნენ. რუსთაველი ეპოქის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრია, რომლის შემოსავლებიც აღემატება ამ ეპოქის საფრანგეთის და ინგლისის შემოსავლებსაც. მუსლიმური წყაროების მიხედვით, შოთას დროს ქართველთა მეფეების საგანძურები მოიცავდა მრავალგვარ პატიოსან ქვას და თვალს, ყველაფერ ამის შემდეგ გასაგებია ის პროფესიული ცოდნა, რასაც მეჭურჭლეთუხუცესი შოთა ამ საკითხთან დაკავშირებითაც ამჟღავნებს ,,ვეფხისტყაოსანში".
 
მეჭურჭლეთუხუცესს საგანგებო დამოკიდებულება უნდა ჰქონდა ზღვასთან და საზღვაო ვაჭრობასთანაც, შოთას დროს ქართული საზღვაო პორტების - ხუფათის, ფოთისა და ცხუმის ტვირთბრუნვა საკმაოდ მაღალი იყო, რაც იქიდანაც ჩანს, რომ როდესაც ფოთიდან კონსტანტინეპოლისკენ მიმავალი ერთ-ერთი ხომალდი ჩაიძირა, იმპერატორმა ალექსი ანგელოსმა ამ გადაკარგული ხომალდების მოსაძებნად საგანგებო კომისია შექმნა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ფოთიდან მომავალი ეს ხომალდები უძვირფასესი ტვირთით იყო დატვირთული, ამავე პერიოდში იწყებენ შემოსვლას შავ ზღვაში გენუელებიც. შავი ზღვის ქართული ,,ძველნი, სავაჭრო ქალაქნი" - ნიკოფსი, ანაკოფი, ცხუმი, ფოთი, ხუფათი, ბათომი და სხვა სწორედ მეჭურჭლეთუხუცესის, მაშასადამე შოთას კომპეტენციის სფეროა. ამ ქართული ზღვისპირეთის უმეტესი ნაწილი - ცხუმიდან ხუფათამდე და იმის იქითაც, მეგრულენოვანი იყო (აქედანვე ზოგი ზანიზმი ,,ვეფხისტყაოსანში" რომელიც ქართულ საზღვაო/სავაჭრო ტერმინოლოგიას ბუნებრივად ახლდა თან ? დასაშვები ვარაუდია).
 
ამგვარად, შოთას, როგორც მეჭურჭლეთუხუცესის სამყარო შედგება ზღვის, ძველი ქალაქების, სამეფო საგანძურების, სამეფო არქივის, სავაჭრო საქმისა და ვაჭრებისაგან.
 
შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ სავაჭრო, საზღვაო, ურბანულ და ეკონომიკურ საკითხებში შოთასგან გამოვლენილი განსაცვიფრებელი ცოდნა არის არა უბრალოდ მაღალი და სამოყვარულო, არამედ პროფესიული ცოდნა.
 
2. 1180-ან წლებში მოიპარეს/მიითვისეს თამარის მიერ ათონზე გაგზავნილი შეწირულობა:
,,25 ივლისს (ლოცვა თამარისთვის). როცა კელიები დაიწვა და ბერები წავიდნენ აღმოსავლეთში (შესაწირავების მისაღებად) თამარმა მათ მისცა ოცი დუკატი და ორი ბროკარტი... მოგვიანებით, ნიკოლოზ გულაბერისძის ხელით გამოგზავნა ოცი ჰიპერბერაც, დაზიანებული წყალგაყვანილობის შესაკეთებლად, რათა გაეშენებინათ ბაღები და წისქვილები. თამარმა მერეც გაიღო შესაწირავი, მაგრამ ბოროტმა ადამიანებმა მიითვისეს..."
 
ასეთი შემთხვევების გამო აუცილებელი გახდა რომ თამარს საზღვარგარეთ ქართველთა მონასტრებში დაეწყო ,,სარწმუნოთა თვისთა წარვლენა".
ფინანსური ოპერაციები შუა საუკუნეებში ერთმანეთისგან დაცილებულ დიდად დაცილებულ ადგილებში, ცხადია დიდად სარისკო იყო, სწორედ ამიტომ დაიკარგა თამარის მიერ ათონზე გაგზავნილი შეწირულობის ნაწილი 1180-ან წლებში.
 
მეჭურჭლეთუხუცესი შოთა იერუსალემის ჯვრის მონასტერში სწორედ ამ პერიოდში, ნიკოლოზ გულაბერისძის შემდეგ ჩადის, იერუსალემის დაცემის შემდეგ, და იწყებს ზრუნვას საზღვარგარეთის ამ ყველაზე დიდ ქართულ მონასტერზე.
 
მეჭურჭლეთუხუცესი, ანუ საქართველოს ფინანსთა მინისტრი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფინანსურ საკითხებში თამარის ,,სარწმუნოთა" შორის უპირველესად, ამიტომ უშუალოდ მისი ჩასვლა იერუსალემში ხსენებული ათონური ინციდენტის შემდეგ კარგად გასაგებია.
 
3. იერუსალემის ჯვრის მონასტრის წინაშე დამსახურებისათვის მისი ერისკაცი შემწირველები იხსენებიან ოჯახთან, ძირითადად, შვილებთან ერთად, მაგალითად, როდესაც იერუსალემის მეფე ბოლდუინ კეთროვანმა ქართველთა მონასტერს ქონება ჩამოართვა, გაქრისტიანებულ/გაქართველებულმა თურქმა - ანასუღლიმ მონასტერს 100 დუკატი შესწირა, რის გამოც ბერები იხსენიებენ მის ვაჟ იაღსაც.
 
ჯვრის მონასტრის დიდი მეცენატი შოთა აღაპში ცალად იხსენიება, უშვილძიროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს იგი უკვე ღრმად მოხუცებული კაცი ჩანს ფრესკაზე.
 
შესაძლოა ამ გარემოების უკან ,,ერთის ერთგულების" ის რაინდული პრინციპი იდგეს, რაც ,,ვეფხისტყაოსნის" ავტორის მრწამსია და რომელსაც ამ ეპოქის რაინდულ საზოგადოებაში მიმდევრები არ აკლდა.
 
4. ისევ ,,ვეფხისტყაოსნის" საზღვაო სამყაროზე
ამ ეპოქის საქართველო ნაწილი იყო უზარმაზარი საზღვაო გზისა წმინდა მიწისკენ, რომელიც მუსლიმური ექსპანსიისგან ჩაკეტილი სახმელეთო გზების ალტერნატივა იყო, შოთას სწორედ ეს გზა უნდა გაევლო იერუსალემში ჩასასვლელად
 
ალ-მაკრიზის მიხედვით, ეს საზღვაო გზა იწყებოდა საქართველოს საზღვაო კარიბჭიდან - სავაჭრო ქალაქ ფოთიდან, ჩაუყვებოდა აღმ. შავიზღვისპირეთს თავის ,,ცოტასა, მარა ტურფასა" ქალაქებით, შემდეგ გაივლიდა მცირე აზიის ჩრდილოეთ სანაპიროებთან, სადაც უმდიდრესი საზღვაო სავაჭრო ქალაქები მდებარეობდა, ვიდრე კონსტანტინეპოლამდე, საიდანაც დარდანელისა და ბოსფორის სრუტით გავიდოდა ხმელთაშუაზღვაში და ამჯერად მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროების არანაკლებ აყვავებულ სავაჭრო ქალაქებს ჩაუვლიდა, ბოლოს კი მიადგებოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპირო ზოლს კიდევ უფრო აყვავებული და ხალხმრავალი ქალაქებით...
 
მოკლედ, ეს ძალიან გრძელი საზღვაო გზა მოიცავდა მე-12 საუკუნის ყველაზე დიდ საზღვაო სავაჭრო ქალაქებს, წარმოიდგინეთ რამდენი ფერით უნდა გამდიდრებულიყო შოთას პოეტური სამყარო ამ მოგზაურობისას, სანამ იერუსალემში ჩავიდოდა, იერუსალემი თავის მხრივ კი იყო შუა საუკუნეების ნამდვილი ინტერნაციონალური მეგაპოლისი, სადაც შოთას მთელი იმდროინდელი სამყაროს ერების უმეტესობა უნდა ენახა, მათ შორის ,,ზანგები", რამდენჯერმე ახსენებს, რაც არაა გასაკვირი, რადგან ერთის მხრივ ზანგ, ეთიოპიელ მეფეს - იემრეჰანას დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდა მე-12 საუკუნის საქართველოსთან, მეორე მხრივ კი სალადინმა ქრისტეს საფლავის ტაძარში ცხოვრების უფლება მხოლოდ ზანგ და ქართველ ბერებს - აღდგომელებს მისცა. ქრისტიანული სამყაროს მთავარი საკურთხევლის- გოლგოთის ტაძარშიც ქართველი და ზანგი ბერები ერთად ცხოვრობდნენ, ყველაფერ ამან ქართული ეკლესია დაახლოვა ეთიოპურ ეკლესიასთან, რამაც ერთი ძალიან საინტერესო და თბილი გამოვლინება ჰპოვა ძველ ქართულ ხელნაწერებში - ზოგიერთი ქართული სახარება მორთულია ზანგების მინიატურებით. ეთიოპურ ხელნაწერებშიც ამავე დროს ჩნდება ცნობები მეგობარი ქრისტიანი ხალხის, კოერჯებს - ქართველების შესახებ.
 
მე-12 საუკუნის საქართველოს და შოთას პოეტური სამყაროს ფართო გეოგრაფიული თვალსაწიერი დიდწილად სწორედ ამ დიდი საზღვაო გზის შედეგია, რომელიც უზარმაზარსა და უმდიდრეს კულტურულ გამოცდილებას იძლეოდა.
 
მიყევით ბმულს- ბექა ჭიჭინაძე
შეიძლება იყოს რუკა, რადარი and ტექსტი გამოსახულება
 
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის