USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
ბექა ჭიჭინაძე - XII საუკუნის პარიზის უნივერსიტეტის და გელათის აკადემიის შედარებითი კვლევა
дата:  991
ფრაგმენტი წიგნიდან ,,საქართველოს ისტორიის უცნობი ქრონიკები", ბ. ჭიჭინაძე
 

პარიზის უნივერსიტეტის (მე-12-ს.) და გელათის აკადემიის კომპარატიულ (შედარებით) კვლევას შემოგთავაზებთ

ერთის მხრივ პარიზული სკოლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის - უილიამ ტვიროსელის, ხოლო მეორეს მხრივ გელათური სკოლის წარმომადგენლის - ნიკოლაოზ კათალიკოსის მაგალითზე, ბოლოს კი იერუსალემში მათი გადაკვეთის შესახებაც ვისაუბრებთ.
უილიამი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული დიპლომატიური და კულტურული მოღვაწე იყო. ტვიროსის ამ არქიეპისკოპოსს პარიზსა და ბოლონიაში საფუძვლიანი განათლებაც ჰქონდა მიღებული. მედიევისტმა თეა გოგოლიშვილმა თავის ნაშრომში ძალიან საინტერესოდ ისაუბრა ბიზანტიელთა მიმართ უილიამის დამოკიდებულებაზე. ჩამოშლის გზაზე მდგარი იმპერია, რომლის სამხედრო თავდაცვისუნარიანობა ისტორიულ მინიმუმზე იყო დასული, უილიამის შთაბეჭდილებით, ფემინიზირებული, უფრო მარტივად და ქართულად თუ ვიტყვით, „გადედაკაცებული“ იყო. ბერძენთა ეს „ქალური სირბილე“ და „არამამაკაცური ხასიათი“, მისი აზრით, იყო მიზეზი იმპერიის დამხობისა და განახევრებისა. ამის საპირისპიროდ, უილიამის ჩვენებით, ქართველები გამოირჩევიან დიდი ვაჟკაცობითა და სამხედრო სიქველით (“Robustos Viribus”). ხსენებული მკვლევარის ეს შესანიშნავი მიგნება კიდევ უფრო გასაგებს ხდის უილიამის თვალსაზრისს ბიზანტიის დაცემული იმპერიის და ქართველთა აღმავალი იმპერიის შესახებ. ამის მიზეზი ისაა, რომ ბერძნები არიან „არავაჟკაცური ზნის“, „დედაკაცური ბუნების“(“Effeminatus... Molles”), ქართველები კი, მათგან განსხვავებით, გამოირჩევიან ვაჟკაცობით და „დიდი მხედრული სიქველით“ (“Multa Strenuitate Commendabiles”). ამ სტატიის კითხვისას, მქონდა მოლოდინი, რომ ავტორი აუცილებლად შეეხებოდა ნიკოლაოზ კათალიკოსს და მის ცნობას, რომელიც არა უბრალოდ აზრობრივად, არამედ ტერმინოლოგიურადაც კი იმეორებს უილიამის ჩვენებებს ქართველებსა და ბერძნებზე, მაგრამ ავტორი თავის სტატიაში აღნიშნულ საკითხს არ ეხება, ამიტომ, ამ შთამბეჭდავ თანხვედრას აქ განვიხილავთ.
ნიკოლაოზ კათალიკოსი ბერძენთა/ბიზანტიელთა შესახებ წერს, რომ ისინი „ლბილ და დედალ“ არიან, ქართველებს კი, ამის საპირისპიროდ, აქვთ „სიქველე ჭაბუკისაი“ და ეს „საცნაურ არსყოველთათვის“. აშკარაა, რომ სახეზეა არამხოლოდ აზრობრივი, არამედ ტერმინოლოგიური თანხვედრაც. უილიამთან ბიზანტიელთა აღწერა: “Effeminatus... Molles”, ზედმიწევნით იგივეა, რაც ნიკოლაოზ კათალიკოსის „დედალნი და ლბილნი“, ქართველთა უილიამისეულ დახასიათებას კი – “Multa Strenuitate Commendabiles”, ზუსტად თარგმნის ნიკოლაოზის „სიქველე სიჭაბუკისა“.
უფრო მარტივად და გასაგებად, ორივე ავტორი აქ გულისხმობს რაინდულ კულტურას - ქართველები და ფრანგები ფლობენ ამ კულტურას, ბერძნები არა.
არქიეპისკოპოსი უილიამ ტვიროსელი გამოცდილი დიპლომატი და საფუძვლიანად განათლებული ადამიანი იყო. იერუსალიმის სამეფოში მას შონსოლიეს პოსტი ეკავა. საგულისხმოა, რომ იგივეა იერუსალიმის მომავალი მეფის – ბალდუინ მეოთხე კეთროვანის მასწავლებელიც. ნიჭიერი ყმაწვილის ხარბი ცნობისწადილი უილიამის ენციკლოპედიური ცოდნის ჰორიზონტში ფართოდ შლიდა ფრთებს. პატარა ბალდუინის სხეულზე კეთრი პირველმა სწორედ უილიამმა შენიშნა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უილიამი ეპოქის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო. თავისუფალ ხელოვნებებსა და სამართალს ის პარიზისა და ბოლონიის უნივერ სიტეტებში დაეუფლა. რაც შეეხება ნიკოლაოზს, იგი გელათის აკადემიის საუკეთესო ტრადიციებზე იყო აღზრდილი, რაც ჭარბად იგრძნობა მის პეტრიწიანულ იდეებსა და ტერმინოლოგიაში. როგორც მისი ნაწერებიდან ჩანს, გარდა საღვთისმეტყველო განათლებისა, მას გააჩნდა შესანიშნავი ფილოსოფიური კულტურაც. ისევე როგორც უილიამი, ნიკოლაოზიც დიდ მასწავლებლად („მოძღუარი“) მიიჩნეოდა, როგორც ამას ათონის ქართულ სააღაპე წიგნში ვკითხულობთ. მართალია, ნიკოლაოზი იმავე, დამამცირებელ შეფასებას იყენებს ბიზანტიელებზე საუბრისას, რომელსაც უილიამი, მაგრამ მისგან განსხვავებით, ის ყურადღებას ამახვილებს ბიზანტიელთა დიდ ეროვნულ ღირსებაზე – ფილოსოფიის ეროვნულ სკოლაზე. ნიკოლაოზის მსჯელობა უფრო დაბალანსებული და ინტელექტუალურია: ყველა ერს სხვადასხვა ღირსება აქვს, ისე, როგორც პავლე მოციქული წერს სხვადასხვა მადლთა განყოფასა და განფენაზე. მართალია, ბერძნები „დედალ და ლბილ“ არიან, ქართველები და ზოგი სხვა ხალხი კი (აშკარად, ფრანგნი/ევროპელები) მხედრული სულისკვეთების - ფლობენ რაინდულ კულტურას და ტრადიციას, თუმცა, სანაცვლოდ, ქართველებს და ევროპელებს არ აქვთ ის სათნოება, რითაც ბიზანტიელები ასერიგ ბრწყინავენ – ფილოსოფიური ტრადიცია. ამ შემთხვევაში, ნიკოლაოზი უფრო მართალი და ამავე დროს უფრო მაღალკულტურულია, ვიდრე უილიამი, რომელსაც არ შეუძლია დაინახოს და დააფასოს უწყვეტი ძველი ბერძნული ფილოსოფიური და თეოლოგიური ტრადიცია, როგორც ბიზანტიელთა ჭეშმარიტი ეროვნული სიქველე. ფართო ინტელექტუალური პერსპექტივის მქონე ნიკოლაოზი ენერგიული და პროგრესული რეფორმატორი იყო, რომელიც ზრუნავდა ხელნაწერების გამრავლებაზე, მოხატვაზე და იბრძოდა ეპოქის თანმდევი ქალთმოძულეობის წინააღმდეგ. მე-12 საუკუნის რამდენიმე ქართული აპოფთეგმატა შეიცავს უტიფარ გნომებს ქალთა შესახებ. ასეთი განწყობები, რასაკვირველია, სერიოზულ პრობლემას წარ მოადგენდა თამარის თვითმპყრობელი ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის. ნიკოლაოზი მკაცრად ილაშქრებდა „დედათა ბუნების“ – ქალთა სქესის ღირსების დამაკნინებელთა წინააღმდეგ და მათ გაჩუმებისკენ („დაიყავნ პირი“) მოუწოდებდა. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ასეთი მღვდელმთავარი იქცა თამარის იდეოლოგიურ დასაყრდენად ეკლესიაში.
ნიკოლაოზი ბურდუხან დედოფლის ერთგული მსახური უნდა ყოფილიყო. ჩანს მისი კათალიკოსად აღსაყდრება სამეფო ხელისუფლების მიერ იყო სანქცირებული, რაც სამეფო კარისადმი ნიკოლაოზის განსაკუთრებული ერთგულების მიზეზია. ერთგან იგი ლაპარაკობს, თუ როგორ აიძულა ბურდუხან დედოფალმა (თამარის დედამ) დაერღვია საქართველოს ეკლესიის ერთი ძველი წესი, რომელიც ეპისკოპოსთა სვეტიცხოველში კურთხევას მოითხოვდა. განსახილველ პერიოდში, რუისის კათედრა ბურდუხან დედოფლის მფარველობაში იმყოფებოდა, რომელმაც ნიკოლაოზი აიძულა ტიმოთე მროველი (რუისელი) ეპისკოპოსად რუისშივე ეკურთხა და არა სვეტიცხოველში, საიდანაც ჩანს, რომ იგი იძულებული იყო უსიტყვოდ დამორჩილებოდა სამეფო კარს, მაშინაც კი, როცა მას ერთდროულად უწევდა ძველი წესის შეშლა და საკუთარი სამღვდელმთავრო ღირსების შელახვა, მაგრამ ნიკოლაოზის „სიმდაბლე“, რაზეც „ქართლის ცხოვრებაც“ საუბრობს, სულაც არ ეგუებოდა პატრიარქის როლის დაკნინებას. სვეტიცხოველში საკურთხევლად გამოცხადებული ეპისკოპოსებისგან იგი მოითხოვდა „თავისა და სულისა დადებას სისხლთა დათხევამდის პატრიარქისათვის“.
 
უილიამ ტვიროსელისა და ნიკოლაოზ კათალიკოსის ქარიზმატული პერსონების სახით, სახეზეა ორი – ლათინი და ქართველი დიდგვაროვანი მღვდელმთავარი, რომელთაც უმაღლესი განათლება ჰქონდათ მიღებული. ერთს პარიზული, მეორეს კი გელათური.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ ერთმანეთი უნდა გადაეკვეთათ, რადგანაც ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე არეალში უწევდათ აქტიური მოღვაწეობა. ასეთი გადაკვეთის შესაძლებლობა უნდა შექმნილიყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ზვრებთან დაკავშირებული საქმისწარმოებისას. ცნობილია, რომ ეს ვენახები ბალდუინ მეოთხემ ქართველთა მონასტერს ჩამოართვა. წმინდა მიწაზე ჩასული ნიკოლაოზის მთავარი მიზანი სწორედ ზვრების დახსნა იყო. შესაბამისად, წმინდა მიწის ამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მონასტრის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მას აუცილებლად უნდა ჰქონოდა კომუნიკაცია ბალდუინის ადმინისტრაციასთან, რომელსაც სწორედ უილიამი წარმოადგენდა, რამდენადაც იგი იერუსალიმის სამეფოს შონსოლიე (კანცლერი) იყო. იქნებ, სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგია განხილული ზედმიწევნითი ტერმინოლოგიური თანხვედრები უილიამისა და ნიკოლაოზის ნაწერებში, თუმცა, ქართველთა და ბიზანტიელთა შესახებ არსებული ეს შეხედულებები სტერეოტიპული იყო და სავალდებულო არაა უილიამს ის მაინცადამაინც ნიკოლაოზისაგან ესესხა.

მიყევით ბმულს - ბექა ჭიჭინაძე

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати