USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ბათუმთან ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობას რუსეთის მოქალაქეები სავარაუდოდ კორუფციული გზებით ცდილობენ
თარიღი:  555

რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16,000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის (Salibauri Hills) მშენებლობას გეგმავენ. პროექტთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეების გავლით შესწირეს თანხა მმართველ პარტიას, რის შემდეგაც მალევე მიიღეს საჭირო ნებართვა.

საუბარია კომპანია „ეიჩ გრუპ დეველოპმენტზე“, რომლის 90%-ს რუსეთის მოქალაქეები: მარეტა დოლგიევა და მაგომედ ჩაბიევი ფლობენ. 2022 წლის 25 ნოემბერს, კომპანიასთან დაკავშირებულმა ორმა საქართველოს მოქალაქემ - დირექტორმა მარინა დეხტიარევმა და ჩაბიევის ბიზნესპარტნიორმა ჯონი ჯინჭარაძემ - მმართველ პარტიას ჯამში 40,000 ლარი შესწირეს (მათი პირველი და ერთადერთი პოლიტიკური შემოწირულება). ორ კვირაში, 12 დეკემბერს, ხელვაჩაურის საკრებულომ პროექტისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ) ერთხმად დაამტკიცა.

შემოწირულებისა და ნებართვის გაცემის თარიღებს შორის სიახლოვე აღძრავს ეჭვს, რომ შემოწირულების მიზანი შესაძლოა მშენებლობის ნებართვის მოპოვება ყოფილიყო. ხოლო, ის ფაქტი, რომ შემოწირულება სამშენებლო პროექტთან დაკავშირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა გაიღეს, აღძრავს ეჭვს, რომ ეს თანხა შესაძლოა არა მათ, არამედ მშენებელი კომპანიის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ.

საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პოლიტიკური შემოწირულება. კომპანიის რუსი მფლობელები ვერ შეძლებდნენ მმართველი პარტიისთვის თანხის პირდაპირ შეწირვას, ამიტომ სავარაუდოა, რომ საჭირო ნებართვის მისაღებად მათ კომპანიასთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეები გამოიყენეს.

მაგომედ ჩაბიევს სხვა პრობლემური პროექტებიც აქვს: ჩაბიევის ბიზნესპროექტები საქართველოში დაკავშირებულია ენვერ ცეცხლაძესთან,[1] რომელიც ასლან აბაშიძის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის, დისშვილია. ჩაბიევი და ცეცხლაძე ბათუმში ერთად აშენებენ 40-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს 7th Heaven Residence, რომლის გაყიდვების დირექტორიც ასევე ზემოხსენებული მარინა დეხტიარევია. “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” გამოძიების მიხედვით, მიწა, რომელზეც 7th Heaven Residence-ის პროექტი ხორციელდება, ენვერ ცეცხლაძემ 2016 წელს საეჭვო გზებით დაიბრუნა და მშენებლობის პროცესში მოპოვებულმა ნებართვებმა კითხვის ნიშნები გააჩინა.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ეს საკითხი და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედოს კანონის შესაბამისად.


[1] ჩაბიევთან და ცეცხლაძესთან დაკავშირებული კომპანიის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შპს „ეიჩ გრუპ მენეჯმენტ”, შპს „გორკის პარკი”, შპს „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის