USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Тбилиси
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის დემარში და ბათუმის მერის ბოდიში პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის გამო
дата:  

ბათუმის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც მათ განაცხადეს, „ქართულმა ოცნებამ“ „მორიგი სპექტაკლი დადგა და საზოგადოებას კანდიდატის სტატუსი რუსეთის რუკით მიულოცა“.

„ბათუმის მერი რუსეთის რუკით გვილოცავს კანდიდატის სტატუსს, ამით კორუფციის გადაფარვას ცდილობს. გაკვირვებული ვარ, ვერ წარმომედგინა. მოვუწოდებ მეგობრებს, არ დარჩნენ სხდომაზე. ეს მილოცვა დადგმული სპექტაკლია”,- აღნიშნა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნოდარ დუმბაძემ.

თავის მხრივ, ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ რუსეთის რუკის მონიტორზე გამოჩენა იყო ტექნიკური ხარვეზი.

„შინაარსობრივ ნაწილზე მე ვიმუშავე. ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც 10 წელზე მეტი იცხოვრა ევროპაში, შვილები გავზარდე ევროპაში და განათლებაც ევროპაში მივიღე, ვიზიარებ ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებს. დამსწრე საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი”, - აღნიშნა ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეკლა ჩიჩუამ.

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს სხდომაზე, პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ფაქტზე მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს.

არჩილ ჩიქოვანი მომხდარის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

„ტექნიკურ ნაწილში ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს. ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო იმის ნახვა, რაც დავინახეთ.

როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა. მინდა საზოგადოებას, კოლეგებო თქვენ, ასევე მედიასაშუალებებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ეს შეცდომა იხილა, ბოდიში მოგიხადოთ.

არ ამართლებს ამ შეცდომას და ამ ფაქტს, მაგრამ, როდესაც არანორმირებულად გვიწევს მუშაობა, ხდება ხოლმე შეცდომები და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს”,- აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ბათუმის მერის საკრებულოს წინაშე მოხსენებისას მონიტორზე რუსეთის რუკა გამოჩნდა, სადაც ევროკავშირის დროშა იყო დატანილი.

Тбилиси
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати