USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
ბაიდენის მიმართვა - მთავარი აქცენტები აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლიდან
Date:  494

საკნონმდებლო ორგანოში, კონგრესში გამოვიდა. პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვაში ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებზე გაამახვილა ყურადღება.


უკრაინა და იქ რუსეთის მიერ დაწყებული ომი პირველივე საკითხი იყო, რაზეც ჯო ბაიდენმა საუბარი დაიწყო. „თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება. მე გარწმუნებთ, რომ ასე არაა. თუმცა, უკრაინას შეუძლია პუტინის შეჩერება, თუ ჩვენ [ამერიკა] მის გვერდით ვიდგებით და მივაწოდებთ იარაღს. სულ ესაა რასაც უკრაინა ითხოვს.“

„ჩემი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობ შემდეგია: ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ თავს არ დავხრით, მე თავს არ დავხრი. პირდაპირი მნიიშვნელობით: ისტორია გვიყურებს!“,- განაცხადა ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრის დროს.


ბაიდენმა უკრაინისთვის იარაღის გადაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა და მოუწოდა წარმომადგენელთა პალატას, რომ დაამტკიცოს უკრაინის დახმარების ორპარტიული კანონპროექტი და ხელმოსაწერად მას გადასცეს.

უკრაინაზე საუბრის დროს, ბაიდენმა თავისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა იმ გამოსვლის გამო, როდესაც ტრამპმა თქვა, რომ NATO-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანას არ დაიცავდა, თუ მას რუსეთი დაესხმებოდა თავს. „რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა რეიგანმა წარმოთქვა ცნობილი სიტყვები: „ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი.“ ჩემი წინამორბედი რესპუბლიკელი პრეზიდენტი კი ეუბნება პუტინს: „გააკეთე რა ჯანდაბაც გინდა“. ეს აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელია,“ - აღნიშნა ბაიდენმა.


ამერიკის პირველმა პირმა საკმაოდ დიდხანს ისაუბრა ისრაელ-„ჰამასის“ ომზე და ღაზის სექტორში არსებულ კრიზისულ სიტუაციაზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს „ჰამასთან“ ბრძოლის ყველანაირი უფლება აქვს, თუმცა ამასთან ერთად მას ორმაგი პასუხისმგებლობაც აკისრია:

„ისრაელს ორმაგი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან „ჰამასი“ უდანაშაულო მოქალაქეებში იმალება, როგორც მშიშარა. მაგრამ ისრაელი ვალდებულია უდანაშაულო ადამიანები დაიცვას“.

როგორც მოსალოდნელი იყო, ერისადმი მიმართვის დროს, ბაიდენმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა: „შეუჩერებლად ვმუშაობდი, რათა ღაზაში დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტისთვის მიგვეღწია, რომელიც 6 კვირას გასტანს,“ - აღნიშნა ამერიკის პირველმა პირმა.


ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ღაზის სექტორში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საუბარს მან დიდი დრო დაუთმო.

„ისრაელის ხელმძღვანელობას ამას ვეუბნები: ჰუმანიტარული დახმარება არ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი, ან ვაჭრობის საკითხი. უდანაშაულო სიცოცხლის დაცვა და გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს,“ - აღნიშნა ბაიდენმა.


გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მან ამერიკელ ჯარისკაცებს უბრძანა, დროებითი პორტის აშენება უზრუნველყონ ღაზის მისადგომებთან, საიდანაც მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა იქნება შესაძლებელი. თუმცა, იქვე განმარტა, რომ ხმელეთზე არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ გადავა და ეს მხოლოდ ჰუმანიტარული მისიაა.

რაც შეეხება რეგიონის მომავალს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ორი ქვეყნის გვერდიგვერდ ცხოვრება ერთადერთიპერსპექტივაა: „ერთადერთი სამომავლო გამოსავალი [ღაზა-ისრაელის შემთხვევაში] ორი ქვეყნის გამოსავალია და ამას ვამბობ მე, ისრაელის დიდი ხნის მხარდამჭერი და ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ისრაელში ომის დროს ჩავიდა.“


ქვეყნის გარეთ ომების გარდა, პრეზიდენტმა ბაიდენმა, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა აშშ-ის სამხრეთის საზღვრის დაცვის ცვლილებებზეც, რამაც რესპუბლიკელ კანონმდებლებში უკმაყოფილება გამოიწვია.

დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას.


ერისადმი მიმართვის დროს ქვეყნის პრეზიდენტმა მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა. მან საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ამერიკაში აბორტის უფლების თემას. ისაუბრა საყოველთაო დაზღვევის წარმატებასა და მედიკამენტების ღირებულების შემცირებაზეც.


ბაიდენმა თავისი გამოსვლა განათლების რეფორმაზე, საგადასახადო წესების ცვლილებებზე, უძრავი ქონების საფასურზე, კლიმატის ცვლილებაზე, იარაღის კონტროლის თემაზე საუბარსაც დაუთმო. მან ასევე ისაუბრა ამერიკელებისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა გადასახადები, ინფლაცია და კრიმინალი.

პრეზიდენტმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მისი წინამორბედი რამდენჯერმე გააკრიტიკა, მათ შორის, ტრამპი კორონავირუსის პანდემიის დროს ადამიანებზე არასკმარის ზურნვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ყველაზე რთულ პერიოდში გადაიბარა, თუმცა ახლა სიტუაცია ამერიკაში ამ მიმართულებით უმჯობესდება.

წყარო - ამერიკის ხმა

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way