USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
Pax Mongolica - დაპყრობილი ქვეყნები მონღოლთა იმპერიაში
თარიღი:  3285

ოცდახუთ წელიწადში მონღოლთა არმიამ უფრო მეტი მიწა და ხალხი დაიპყრო, ვიდრე რომაელებმა ოთხი საუკუნის განმავლობაში.

ჯ. უეზერფორდი

ბოლო მოეღო სულთნების ხელმწიფებას, დაემხო ხალიფების ხელისუფლება, თავიანთ ტახტებზე ცახცახებდნენ კეისრები.

ედვარდ გიბონი

 

 XIII საუკუნეში, მონღოლებმა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იმპერია შექმნეს, რომელიც ძლიერების პიკზე, თითქმის ადრიატიკის ზღვიდან წყნარ ოკეანემდე იყო გადაჭიმული, მოიცავდა შორეულ აღმოსავლეთს, ინდოჩინეთს, შუა აზიას, ევრაზიის ვრცელ სტეპებს, კავკასიას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპას; მთლიანად აკონტროლებდა აბრეშუმის გზის დიდ ნაწილს. იმდენად საგრძნობი იყო მონღოლთა იმპერიის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული მნიშვნელობა, რომ ისტორიკოსები ამ პერიოდს რომის იმპერიის ძლიერების ხანას ადარებენ და „მონღოლურ მშვიდობას“ ანუ Pax Mongolica-ს  უწოდებენ. მართალია მონღოლთა იმპერიის ერთიანობა საკმაოდ მალე შეირყა, მაგრამ ოქროს ურდოს, იუანის დინასტიის, ჩაღატას ურდოსა თუ ილხანების სახელმწიფოები, კვლავინდებურად მართავდნენ ევრაზიის დიდ ნაწილს, დიდი ხანი კი, რომელიც ფორმალურად, ყველა ამ მიწის უზენაესი მმართველი იყო, იმპერიის ცენტრიდან, ჯერ ყარაყორუმიდან, შემდეგ კი, იუანის დინასტიის დაარსების დროიდან ხანბალიქიდან (პეკინიდან) განაგებდა სამფლობელოებს. ისევე როგორც ყველა იმპერიას, მონღოლებსაც ჰქონდათ თავიანთი მართვის სისტემა, რომელიც ყველა დაპყრობილ მხარეში სხვადასხვაგვარად იყო წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის გარკვეული მსგავსებაც არსებობდა. ამ სტატიაში განხილულია მონღოლთა ბატონობის პერიოდი და მისი დასასრული ჩინეთში, რუსულ სამთავროებსა და ირანში, ასევე შედარებულია მონღოლური საიმპერიო პოლიტიკა ამ ქვეყნებსა და საქართველოში.

 ჩინეთი

მონღოლთა იმპერიის დამაარსებლის, ჩინგიზ ხანის საგარეო პოლიტიკა, როგორც აღმოსავლეთით ისე დასავლეთით იყო მიმართული. აღმოსავლეთით განსაკუთრებულ ინტერესს ჩინეთი წარმოადგენდა. ჩინგიზ ხანი მოთმინებით ელოდა შესაფერისს დროს ჩინეთის დასაპყრობად. იმავე პერიოდში ჩინეთს ჯურჯენებთან (ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შემდგომში მანჯურიად წოდებულ ტერიტორიაზე მოსახლე ტომები) დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ძინის დინასტიის (1115-1234 წწ.) დროს მათი ნაწილი ჩინელებთან ასიმილირდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ჩინგიზ-ხანმა ამ ვითარებით ისარგებლა, ჩინეთის კედელი გადალახა და ჩინეთი დალაშქრა. ამ დროიდან დაიწყო ჩინეთის დამორჩილების პროცესი, თუმცა ის რაც ჩინგიზ ხანმა ვერ შეძლო - ანუ ჩინეთის დაპყრობა, ეს ყუბილაი ხანს გამოუვიდა. როდესაც რიგით მეოთხე დიდი ხანი მუნქე (1251-1259 წწ.) გარდაიცვალა, ძმებს - არიგბუღასა  და ყუბილაის შორის, დაპირისპირება მოხდა, რაც ტოლუიდთა (ჩინგიზ ხანის ვაჟის, ტოლუის შთამომავლების) სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ყუბილაი ხვდებოდა, რომ მუნქეს ჩამნაცვლებელს (ჯერ კიდევ მუნქეს სიცოცხლის დროს) მნიშვნელოვანი სამხედრო და დიპლომატიური შესაძლებლობები უნდა ჰქონოდა. იგი იმასაც იაზრებდა, რომ ჩინეთზე მარტო ძალის გამოყენებით ვერ გაბატონდებოდა. ისტორიკოსი ჯეკ უეზერფორდი ყუბილაიზე წერდა, რომ ჩინეთში მისი წარმატების მთავარი საიდუმლო საზოგადოებრივი აზრის ოსტატურად მანიპულირება გახლდათ. მის მრჩევლებთან კონსულტაციის შემდეგ (მათგან ერთ-ერთი გავლენიანი, ყუბილაის მეუღლე იყო) ყუბილაიმ კონფუციანიზმისა და დაოიზმის შემაკავშირებელი რიტუალი შეასრულა და ამ ჟესტით, შეიძლება ითქვას, ურყევი ლეგიტიმაცია იგდო ხელთ.

 

 

მონღოლთა იმპერია და მასში შემავალი ურდოები: ოქროს ურდო, ილხანატი, ჩაღატას სახანო, დიდი ხანის იმპერია - შემდგომში იუანი 

ჩინეთი ყოველთვის ოცნებობდა ცენტრალიზებულ სახელმწიფოზე და ყუბილაიმ მათი დარწმუნება ჭკვიანურად შეძლო. აღსანიშნავია, რომ როდესაც მუნქე ცოცხალი იყო, მას არ მოსწონდა ყუბილაის მსგავსი ნაბიჯები და ჩინელებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება (იგულისხმება კულტურული ნიშნების მიღება და ა. შ.). 1264 წელს ყუბილაიმ ჩინური ტიტულიც მიიღო, მოგვიანებით კი დაი იუანი დაირქვა, რაც „დიდ საწყისს“ ნიშნავს. მონღოლური დინასტია ოფიციალურად ჩინეთის ისტორიაში იუანის სახელით შევიდა. შეიძლება ითქვას, ამით იმასაც მკაფიოდ გაესვა ხაზი რომ ყუბილაი ბარბაროსი არ იყო და ეს უკანასკნელი ნამდვილად ცდილობდა თავი ჩინელად წარმოეჩინა. მართალია, მის მიერ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ითარგმნებოდა ისე რომ მისაღები და მიმზიდველი მმართველი გამხდარიყო მათთვის, მაგრამ რეალურად, პოლიტიკურ ჩარჩოში, ჩინელები მონღოლებზე დაბლა იდგნენ, ანუ  დისკრიმინაციული მიდგომა კვლავ არსებობდა. 

ყუბილაის პროპაგანდისტულმა ხრიკებმა გაამართლა, ჩინელებს დაავიწყა კიდეც რომ უცხოელი იყო, მაგრამ ეს  ფაქტი საერთოდ არ ხიბლავდა მონღოლებს. ისინი ყოველთვის ემიჯნებოდნენ ჩინელებს და მათ მიერ დაწესებული საგადასახადო სისტემაც არასახარბიელო იყო. შეიძლება პარალელი გავავლოთ ალექსანდრე მაკედონელის პოლიტიკასთანაც დაპყრობილი ხალხების მიმართ, რომელიც მაკედონელებს არ მოსწონდათ და მეფესთან ამის გამო დაპირისპირებაც ჰქონდათ. 

ყუბილაი ხანი (XIII ს. მინიატურა)

ყუბილაი ხანი (XIII ს. მინიატურა)

 კონფუციანელებს ყუბილაისგან მაღალი ხარისხი ჰქონდათ მინიჭებული, მაგრამ ეს გარანტიას არ იძლეოდა. მონღოლების კლასიფიციკაში ჩრდ. ჩინელები მესამე კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ (ასიმილირებული ხალხი: ჯურჯენები, კორელეები), უუფლებო კატეგორიაში კი სამხრეთის ჩინელები იყვნენ. ეს შესაცვლელი იქნებოდა, რადგან ყუბილაის ჩინური საზოგადოების ჩამოყალიბება სურდა და მყარი სისტემის შესაქმნელად, როგორც ჩინელების, ისე მონღოლების მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა, მაგრამ ამავდროულად, მსგავსი კლასიფიკაცია კონტროლისათვის საჭიროებას წარმოადგენდა. 

იუანის დინასტია მალევე შეუდგა იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მონღოლთა დაპყრობებმა გამოიწვია. დაიწყეს მეურნეობების აღდგენა: განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩაის და ბრინჯის კულტურების მოყვანას; ფაიფური და აბრეშუმი საგარეო ვაჭრობის მთავარ რესურს წარმოადგენდა, რითიც მთელს მსოფლიოსთან აქტიური ვაჭრობა ჰქონდათ; ქალაქების აშენებამ, ხელი შეუწყო ახალი დარგების განვითარებას, ხელოსნობასა და ვაჭრობაში; სამდინარო ტრანსპორტის და გზების განვითარებამ კი, ხელი შეუწყო ქვეყნის შიგნით და მის გარეთ პროდუქციის და ხალხის მიმოსვლას, რამაც განავითარა ეკონომიკა და ახალ იდეებს დამატებითი შესაძლებლობები მისცა. ქაღალდის დამუშავებამ ახალი, შესაძლებლობები გააჩინა მსოფლიო ვაჭრობაში. ფაიფურის და აბრეშუმის გარდა, ქაღალდის სახით გაჩნდა  ახალი პროდუქტი, რითიც იუანის იმპერია მსოფლიო ვაჭრობის ლიდერი გახდა; რეგიონის და მსოფლიოს მრავალი ვაჭრისთვის, იუანის იმპერია სულ მალე მსოფლიო ცენტრად იქცა. ეკონომიკურმა განვითარებამ, ხელი შეუწყო იმპერიის არმიის განვითარებასაც. 

მონღოლები თანამდებობებზე უცხოელებს ნიშნავდნენ, მაგრამ თავად ჩინური ბიუროკრატიული აპარატის სტრუქტურა ხელუხლებელი დარჩა. ჩინელმა მოხელეებმა მონღოლთა იმპერიის ადმინისტრირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ჩინელი მოღვაწის ელუი ჩუ-ცაოს მიერ განხორციელებული ლიბერალური რეფორმების შედეგად, მთელ იმპერიაში დამყარდა ერთიანი ფისკალურ ადმინისტრაციული სისტემა. პროვინციებში გამგებლების თანაშემწეები – „ტარუღაჩები” პასუხს აგებდნენ აღწერაზე, გადასახადთა აკრეფაზე, რეკრუტების გაწვევაზე, რაიმე სამსახურის გამართულ მუშაობაზე და სხვა.

იაპონელი სამურაი სუენაგა ებრძვის მონღოლებს (XIII ს. მინიატურა)

ყუბილაის ადმინისტრაციამ შეამცირა გადასახადები. განავითარა საფოსტო სისტემა. მართალია, საფოსტო სადგურები ჩინეთს ჰანის დინასტიის დროიდან ჰქონდა, თუმცა მონღოლებმა ის უკიდურესად განავრცეს. საფოსტო სადგურები შეიქმნა ოფიციალური ფოსტის გადასაადგილებლად და ის ხელმისაწვდომი იყო, როგორც მოგზაურებისთვის, ისე მოხელეებისთვის. მას იყენებდნენ ვაჭრობისთვისაც, თუმცა  ეს ფუნქცია კონკრეტულად არ ჰქონდა მინიჭებული. ყუბილაის მმართველობის ბოლოს ჩინეთს 1400-ზე მეტი საფოსტო სადგური ჰქონდა, რაც ითვალისწინებს 50,000 ცხენს, 4,000 ურემს, 6000 ნავს, 200-ზე მეტ ცხენს და 1150 ცხვარს.

მსგავსი გადაწყვეტილებებით ყუბილაი ცდილობდა ვაჭრობის განვითარებასა და გაუმჯობესებას. ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური მარკო პოლო (1254-1324 წწ.) წერდა: „მე მჯერა, რომ მსოფლიოში არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც ამდენი ვაჭარი მოდის ან უფრო ძვირფასი ან უფრო დიდი ფასეულობის ნივთი შემოდის... ვიდრე ამ ქალაქში (პეკინში).“ მარკო პოლო ყუბილაის „ბრძენ მმართველს“ უწოდებდა და ამბობდა, რომ იგი სტიქიური კატასტროფისას მოსახლეობას სრულად ათავისუფლებდა გადასახადებისგან. 

ყუბილაიმ მართლაც შეძლო გაცილებით უფრო ჰუმანური სისტემა დაემკვიდრებინა ჩინეთში, ვიდრე ეს სუნის დინასტიის (960-1279 წწ.) დროს იყო. 

იუანის დინასტიის დროს ქაღალდის ფულის გამოყენებასაც ჩაეყარა საფუძველი, თუმცა მოგვიანებით ინფლაცია შეეხო. იქ სადაც ქაღალდის ფული ჩნდება, ფინანსური კოლაფსის ალბათობაც იზრდება, შესაბამისად, ბაზრისა და ვაჭრობის სტაბილიზაციას მონღოლები ყველანაირად ცდილობდნენ. მართალია, მონღოლები ბევრ რამეში გმობდნენ ჩინელებს მაგრამ სისტემის და განსაკუთრებით ფულადი სისტემის შემოღებამ მონღოლების დიდი სიმპათია გამოიწვია. ამასთანავე, მონღოლები რელიგიური ტოლერანტობითაც გამოირჩეოდნენ, ვინაიდან მონღოლების უმეტესობამ თუ არა ნაწილმა თავიდანვე ბუდიზმი მიიღო. 

 მონღოლები პოლიტიკური მდგომარეობის რეალიზებისა და სტაბილურობისთვის უცხოელებს, უფრო კონკრეტულად, ევროპელებს იყენებდნენ ხოლმე, მაგრამ თანამდებობაზე დანიშნულ უცხოელებს კომერციული მიზნები და ინტერესები გააჩნდათ, რამაც მათი გადაყენება გამოიწვია. მათი ჩანაცვლება კი ნელ-ნელა ჩინელებით მოხდა და მეტიც გადასახადების აკრეფაც ჩინელი ან მუსლიმი ვაჭრების მიერ ხდებოდა. 

ნელ-ნელა მონღოლებმა დავიწყებული, ჩინური ტრადიციების აღდგენაც კი დაიწყეს. ყუბილაი ხანი აგრძელებდა აგრძელებდა ხელშეწყობას პროგრესისთვის, რაც თავის მხრივ, მისი პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილი იყო - რადგან, ის ყველა გზით, დაუღალავად ცდილობდა ჩინელების ნდობა მოეპოვებინა. რაოდენ პროპაგანდისტულიც არ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, ამ მთელი რიგი რეფორმებით მოხდა ჩინელი ერის დაბადება, მათი კულტურული თუ სტრუქტურული გაერთიანება. მსგავს დასკვნას აკეთებს იაპონელი ისტორიკოსი და ლინგვისტი ჰიდეჰირო ოკადა, რომელიც ამბობდა, რომ ჩინელების ეროვნული იდენტობა გენეტიკურად კი არა, არამედ ცივილიზაციის სამი კომპონენტით იყო განსაზღვრული: ჩინური სიმბოლოები, ქალაქი და მმართველი. ის ამბობს, რომ ჩინელი იყო ადამიანი, რომელსაც ჩინური სიმბოლოების წაკითხვა შეეძლო, ცხოვრობდა ადმინისტრაციულად განსაზღვრულ ქალაქში და ჰქონდა სახელი, რომელიც მმართველის აღწერათა სიაში იყო ჩანიშნული. ბიოლოგიურ ექსტრაჰირებას მის იდენტობასთან არავითარი კავშირი ჰქონდა, მსგავსი ევოლუცია სიმა ციანის ისტორიული ნაშრომის დამსახურებაა, თუმცა ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, რაც მონღოლთა იმპერიამ დაუტოვა ჩინეთს, ეს იყო ჩინელი ერი. ვიღაცას შეიძლება უტრირებულად მოეჩვენოს ჰიდეჰირო ოკადას დასკვნა, მაგრამ მის ნაშრომს თუ გავყვებით, წავიკითხავთ რომ რეალურად, მონღოლებმა შეძლეს ჩინურ დიალექტზე  მოლაპარაკე ხალხის გაერთიანება და დუალისტური (მონღოლური და ჩინური ერთად) კულტურის აღმოცენება, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მთელ სამყაროზე.

 ყუბილაის შემოღებული წესრიგით მონღოლები  ყოველთვის სარგებლობდნენ უპირატესობით ჩინეთში. მოსახლეობა 4 კლასად იყოფოდა - მონღოლები, სემუ (ცენტრალური აზიის ან თურქულენოვანი ხალხი), ჰანრენი (ჩრდილოეთ ჩინელები), ნანრენი (სამხრეთ ჩინელები). თითოეულ კლასზე განსხვავებული სამართალი და გადასახადები არსებობდა. მაგალითად, ჩრდილოეთ ჩინელები იბეგრებოდნენ ოჯახობით, მაშინ, როცა სამხრეთ ჩინელები იბეგრებოდნენ მიწის ფართის მიხედვით. ამას გარდა, ჩინეთზე ვრცელდებოდა მონღოლთა იმპერიაში მიღებული ზოგიერთი საერთო გადასახადიც, მათ შორის 3%-იანი სავაჭრო მოსაკრებელი „ტამღა“. 

ჩინელებს ეკრძალებოდათ მონღოლური სახელების დარქმევა, მონღოლური ტანსაცმლის ტარება და მონღოლური ენის სწავლა. საერთაშორისო ქორწინებები არ იყო წახალისებული. ყუბილაი და მისი შთამომავლები, ძალიან მოწადინებულები იყვნენ, რომ გაეკონტროლებინათ სუბიექტები, რათა მარტივად გაერკვიათ ვინ იყო, მისი იდენტიფიცირება მოეხდინათ. აჯანყებების თავიდან ასარიდებლად, ჩინელებს აუკრძალეს იარაღის ტარება. 

უნდა აღინიშნოს, რომ მონღოლთა ბატონობამ ჩინეთში ჩინელთა დისკრიმინაცია და მათი სოციალური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, მაგრამ საგარეო ვაჭრობის, კულტურის თუ სხვათა კონტექსტში ის მაგალითები, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ. უარყოფითს დადებითიც ახლდა და პირიქით. ამასთან ერთად კი, მონღოლების იდენტობა აშკარად საფრთხის ქვეშ დადგა და დროთა განმავლობაში, დაიკარგა კიდეც. 

მონღოლთა ბატონობა ჩინეთში 1380-იან წლებამდე გაგრძელდა. XIV საუკუნის შუა წლებში იუანი დააზარალა არაბუნებრივად ცივმა ზამთარმა. სიცივისგან, შიმშილისგან,  დაავადებებისგან და  ყვითელი მდინარის, იანძის  წყალდიდობამ გამოიწვია ინფლაცია, იმის გამო, რომ მთავრობა ცდილობდა ინფრასტრუქტურის აღდგენას, რისთვისაც ქაღალდის ფული დიდი რაოდენობით გამოუშვა. ამ ყველაფერს მოჰყვა კრიმინალის ზრდა და აჯანყებები მეტისმეტად დაბეგრილი გლეხობისგან. ჩინელებმა ნელ-ნელა იგდეს ხელთ ინიციატივა და 1380-იან წლებში იუანის დინასტიისგან გათავისუფლდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელები შემდგომში ცდილობდნენ მონღოლთა კვალის წაშლას ჩინეთის ისტორიიდან, იუანის დინასტიის დროს შემოღებული ბევრი ინოვაცია შეინარჩუნეს. 

 რუსეთი

მონღოლური დაპყრობებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო რუსული სამთავროების დამორჩილება, სადაც  შემდგომში შეიქმნა უძლიერესი მონღოლური სახელმწიფო, ოქროს ურდო. XIII საუკუნის დასაწყისში, რამდენიმე რუსული სამთავრო არსებობდა. კიევის რუსეთის ერთიანი სახელმწიფო უკვე დიდი ხანია წარსული იყო. რუსულ სამთავროთაგან ყველაზე ძლიერი იყო ვლადიმირისა და სუზდალის სამთავრო, გალიჩ-ვოლინი და ნოვგოროდის რესპუბლიკა. ეს სამთავროები  მუდმივ შინაომებში იყვნენ ჩართულები და მაქსიმალურად ცდილობდნენ საკუთარი ტერიტორიების გაფართოებას. მეცამეტე საუკუნის დასაწყისში განსკუთრებით გაძლიერდა ვლადიმირის სამთავრო, რომელმაც შემდგომში სუზდალისა და როსტოვის ტერიტორიებიც მიიერთა. ვლადიმირის მთავარმა, ანდრეი ბოგოლიუბსკიმ ნოვგოროდსა და კიევზე ლაშქრობებიც კი მოაწყო, თუმცა უშედეგოდ. ასევე ყოფილ კიევის რუსეთის მიწებს დაეპატრონენ პოლონეთი, ლიტვა და უნგრეთი. 

დიდი მთავარი ანდრეი ბოგოლიუბსკი. ვიქტორ ვასნეცოვის ნახატი

მონღოლები სუბუდაისა და ჯებეს სარდლობით თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე ვოლგისპირეთიდან შევიდნენ. ამ ტერიტორიაზე იმ დროს არსებობდა ორი სახელმწიფო, ვოლგის ბულგართა სახანო და ყივჩაღთა სახანო. აღმოსავლური წყაროები ამ ტერიტორიას დეშტ-ი-კიპჩაკად მოიხსენიებენ, რაც ყივჩაღთა ველს ნიშნავს. მონღოლებმა აქტიურად დაიწყეს ამ ორი ხალხის შევიწროება. მართალია, თავიდან მონღოლები ბულგარებთან ბრძოლაში დამარცხდნენ, მაგრამ ყივჩაღებთან ომში დიდ წარმატებას მიაღწიეს. შევიწროებულმა ყივჩაღებმა გადაწყვიტეს დასახმარებლად მეზობელი რუსი მთავრებისათვის მიემართათ.  რუსმა მთავრებმა  სიამოვნებით აღმოუჩინეს დახმარება ყივჩაღებს. ბრძოლა 1223 წელს მდინარე კალკასთან შედგა. მონღოლებმა სასტიკად დაამარცხეს რუსები და ყივჩაღები. ამის შემდეგ მონღოლთა ჯარი ამ ტერიტორიებს გაეცალა, ვინაიდან მაშინ ისინი მიზნად არ ისახავდნენ დაპყრობითი კამპანიის მოწყობას.

1236 წელს მონღოლთა არმიას ბათუ ხანი ჩაუდგა სათავეში. მისი თანაშემწე იყო, სუბუდაი, რომელიც კარგად იცნობდა ამ ტერიტორიებს. ბულგართა სახანოს სრული განადგურების შემდეგ, ჯერი რუსულ სამთავროებზე მიდგა. ბათუს ლაშქრობა რუსულ მიწებზე 1237 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დაიწყო. მათ ჯერ ქალაქი რიაზანი აიღეს, შემდეგ კოლომნა, ვლადიმირი, ჩერნიგოვი, ბელგორადი, იჟესლავეცი და ბორისოვ-გლებოვი. 1240 წელს მათ კიევის ალყა დაიწყეს და დიდი დანაკარგების მიუხედავად შეძლეს ქალაქის აღება. 1243 წელს ბათუ ხანმა ვოლგისპირეთში დაიდო ბინა და დააარსა ვოლგის იგივე ოქროს ურდო. ბათუს სადგომი შემდგომში ქალაქად გადაიქცა და გახდა ოქროს ურდო დედაქალაქი, სარაი ბათუ, რომელიც თურქულიდან ითარგმნება, როგორც ბათუს სასახლე. ვოლგისპირეთში დამკვიდრების შემდგომ ბათუმ თავისთან დაიბარა კიევის დიდი მთავარი, იაროსლავ ვსევოლოდოვიჩი, რომელიც რუს მთავრებს უკვე ვლადიმირის დიდ მთავრად აერჩიათ. ბათუმ იაროსლავს დიდი მთავრის იერლაყი მიანიჭა და ვლადიმირი და კიევი დაუმტკიცა სამართვად. იაროსლავმა კი ხარკის გადახდა იკისრა. ასე დაიწყო 240-წლიანი მონღოლური ბატონობა რუსეთში, რომელიც რუსულ ისტორიოგრაფიაში თათარ-მონღოლური უღლის სახელითაა შესული.

ნოვგოროდის ბაზარი შუა საუკუნეებში. აპოლინარი ვასნეცოვის ნახატი (1909 წ.)

რუსულმა სამთავროებმა დაპყრობისთანავე დაიწყეს დაუმორჩილებლობა. ჯერ კიდევ 1239 წელს ბათუ ხანს აუჯანყდნენ დამორჩილებული მორდოველები. რუსი მთავრები ცდილობდნენ რომის პაპთან და საფრანგეთთან დაკავშირებასაც კი მონღოლების წინააღმდეგ. ამ მოლაპარაკებებს შედეგი მოჰყოლია, რადგან ევროპაშიც ხვდებოდნენ, რომ მონღოლებთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. რუსი მთავრები იძულებულები ხდებოდნენ ხლებოდნენ მონღოლთა ხანს და მისგან სიგელი, იარლიყი მიეღოთ. ასევე, ისინი მიეჩვივნენ მონღოლებთან ურთიერთობას და  დიპლომატიურ კავშირს. 

მონღოლებმა ტრადიციული აღწერა რუსულ სამთავროებშიც ჩაატარეს. ეს 1257-59 წლებში მოხდა. აღწერისას მონღოლები დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ რუსთაგან. განსაკუთრებით გაძნელდა ნოვგოროდის აღწერა. ნოვგოროდი იმ დროის რუსეთში ყველაზე მდიდარი, სავაჭრო ქალაქი იყო, რომელსაც ჩრდილოეთის ვენეციას უწოდებდნენ.  ნოვგოროდმა უარი განაცხადა აღწერაში მონაწილეობა მიეღო, რადგან ის თავისუფალი ქალაქი იყო, გარდა ამისა ბათუს ლაშქრობის დროს ნოვგოროდი ხელშეუხებელი დარჩა. ოქროს ურდოს ახალმა ხანმა, ბერქემ  ალექსანდრე ნეველს დაავალა შუამდგომლობა. ალექსანდრე ნეველმა, რომელიც ნოვგოროდის მთავარი იყო თავის დრუჟინასთან და მონღოლ დიდებულთან ერთად ქალაქი აიღო. აჯანყების მოთავეები კი დასაჯა. ალექსანდრე ნეველის დახმარებით მონღოლებმა ნოვგოროდიც აღწერეს, თუმცა ისინი გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ და ნოვგოროდს მხოლოდ, დიდი გამოსაღები და ულუფა (მონღოლი დიდებულისათვის მისართმევი ძღვენი) შეაწერეს. მონღოლებმა დაპყრობილ ქვეყნებში ყველაფერი აღწერეს და მოსახლეობის ყველა ფენას შეაწერეს ხარკი, გარდა ეკლესიისა და სამღვდელოებისა. ამ ჟესტით მონღოლებმა შეასრულეს ჩინგიზ ხანის ანდერძი, რომელიც მონღოლებს ავალდებულებდა ყველა ღმერთის შიში ჰქონოდათ. 

 მოსახლეობის დიდი აღწერის შემდეგ, მონღოლებმა რუსებს მთელი რიგი გადასახადები დაუწესეს, მათ შორის მალის („მეათედის“), ყალანის, ყაფჩერის (აიღებოდა პირუტყვიდან - ყოველ ას სულზე ერთი სული, მომდევნო ხანებში ფულადაც იღებდნენ 1 - 10 დინარამდე), საიამეს (მონღოლებმა გზებზე სადგურები „იამები" ააგეს, სადაც გზად მიმავალი მონღოლი მოხელის დასახვედრად და ღამის გასათევად ცხენები, საკვები და სხვა საჭირო რამ უნდა ყოფილიყო მომარაგებული. ამ იამებს ადგილობრივი გზის ახლომახლო მდებარე საიამე სოფლები ემსახურებოდნენ), ულუფისა (განკუთვნილი იყო მონღოლი მოხელეების სასარგებლოდ) და ტამღის (სავაჭრო გადასახადი 3 პროცენტის რაოდენობით, ყოველ 100 თეთრის ნასყიდობაზე აიღებოდა 3 თეთრი. ტამღას იხდიდნენ ვაჭრები და ხელოსნები). ხარკის ამკრეფები იყვნენ ხანის მოხელეები - ბასკაკები ანუ ტარუღები. ისინი ხშირად თვითნებობდნენ და მოსახლეობას შემოსავლის კიდევ უფრო მეტ ნაწილს სძალავდნენ. ყოველ სამთავროში იყო ერთი მთავარი ბასკაკი, „დიდ ბასკაკს“ კი რეზიდენცია ვლადიმირში ჰქონდა. ბასკაკებთან ერთად ხარკს ბესერმენებიც კრეფდნენ. ბესერმენები მუსლიმი ბუხარელი ვაჭრები იყვნენ, რომელთაც მონღოლებმა ხარკის აკრეფა დაავალეს. ბესერმენების თავნებობა იქამდე მიდიოდა, რომ მოსახლეობა იძულებული ხდებოდა ხელი იარაღისთვის მოეკიდა და აჯანყებულიყო. ერთი-ერთი ასეთი აჯანყება იყო 1327 წლის ტვერის ამბოხი, რომელმაც  ოქროს ურდო აიძულა ბასკაკებისა და ბესერმენების გამოყენება შეეწყვიტა. მონღოლთა გადასახადებს ამძიმებდა ისიც რომ, მაგალითად, „მალის“ ანუ მეათედის გადასახადს ისინი არა ყოველწლიურად, არამედ ზოგჯერ 7-8 წელიწადში ერთხელ, ერთბაშად იღებდნენ. 

ბასკაკები. ს. ივანოვის ნახატი, 1909 წ. 

მეთოთხმეტე საუკუნეში რუსულ მიწებმა დაიწყეს ცენტრალიზაცია და მონღოლთა შევიწროება. ამ გაერთიანების მოთავე მოსკოვის დიდი სამთავრო იყო. მოსკოვის დიდი სამთავრო მეცამეტე საუკუნეში ერთ პერიფერიულ ქალაქს წარმოადგენდა, თუმცა მონღოლებისაგან ის ყველაზე ნაკლებად დაზარალდა ამის გამო მან გაძლიერება დაიწყო. 1276 წელს მოსკოვი გამოეყო ვლადიმირის დიდ სამთავროს და დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბდა. მოსკოვმა აქტიურად დაიწყო ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება. მთელი რუსეთიდან ხალხი მოსკოვში მიდიოდა საკვებისა და სამუშაოს საშოვნელად.  ურდოს ხანებმა კარგად შეამჩნიეს ეს ფაქტი და მოსკოვის მთავრებს დიდი მთავრის იერლაყი დაუმტიკიცეს. ასევე მოსკოვს დაევალა სრულიად რუსული მიწების ხარკის აკრეფა და მისი სარაი ბერქეში გაგზავნა. თავად მოსკოვი 7000 რუბლის ოდენობის ხარკს იხდიდა. თუმცა მონღოლებმა ისიც შეამჩნიეს, რომ მოსკოვი ზედმეტად ძლიერდებოდა, ამიტომ ურდომ ხელი შეუწყო მოსკოვის კონკურენტის, ტვერის სამთავროს აღორძინებას. მოსკოვის უმთავრეს მტერს მონღოლების გარდა ლიტვის დიდი სამთავროც წარმოადგენდა. მოსკოვი ლიტვის აღმოსავლურ ექსპანსიას აფერხებდა. მართალია ლიტვის დიდმა მთავარმა, ოლგირდასმა, 1371 წელს  შეძლო მოსკოვის აღება და გადაწვა, მაგრამ ამან მოსკოვის ზრდა ვერ შეაჩერა. 1380 წელს, რუსებმა კულიკოვოს ბრძოლაში ოქროს ურდოს ლაშქარი დაამარცხეს. მართალია ამით ურდოს ბატონობა არ დასრულებულა, მაგრამ ბრძოლას მაინც დიდი პოლიტიკური და იდეოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა.

 XV საუკუნის დასაწყისში უკვე ნათელი იყო, რომ რუსეთი მოსკოვის დიდი სამთავროს გარშემო გაერთიანდებოდა. მან ეტაპობრივად დაიწყო, მეზობელი სამთავროების მიერთება. მოსკოვის დიდი სამთავრო განსაკუთრებით გაძლიერდა ივანე III-ს დროს. მისი მმართველობის დროს მოსკოვს პირველად შეურთდა იაროსლავი. შემდგომ მოსკოვის მთავარმა როსტოვის მთავრებისაგან იყიდა მათი სამთავრო. ხოლო უკვე 1478 წელს მოსკოვმა საბოლოოოდ დაიმორჩილა ნოვგოროდის რესპუბლიკა, ნიჟნი ნოვგოროდის მიწებითურთ. საპირისპიროდ  ოქროს ურდოში დეცენტრალიზაციის პროცესი აქტიურად იყო დაწყებული. მას ერთანობა საბოლოოდ ჰქონდა დაკარგული. ოქროს ურდოს ერთიანი ულუსი დაიშალა დიდ და მცირე ურდოებად, რომელსაც ჩინგიზიდების შთამომავლები ედგნენ სათავეში. რუსებმა ამით ისარგებლეს და 1480-იან წლებში, საბოლოოდ გათავისუფლდნენ თათართა უღლისგან. 

 ირანი

ირანის გზა მონღოლებს ხორეზმის სახელმწიფოს დაპყრობის შემდეგ გაეხსნათ. ირანის ტერიტორია მონღოლთა იმპერიას ჩინგიზ ხანის შვილიშვილმა, ჰულაგუმ დაიპყრო. მან დიდი ხანისგან მუნქესგან (1251-1259 წწ.) მიიღო წოდება „ილხანი“ რაც ხალხის მმართველს ნიშნავდა. ამის გამო, ჰულაგუს დაარსებულ სახელმწიფოს ირანში, ილხანატი ეწოდება. ჰულაგუს დროიდანვე, მონღოლთა ურდოებს შორის ომები მიმდინარეობდა. ირანის მეორე ილხანი და ჰუალგუს მემკვიდრე აბაღა ოქროს ურდოსა და ჩაღატას სახანოს წარმატებით ებრძოდა, თუმცა მარცხს განიცდიდა ეგვიპტის მამლუქებთან ომში. 1282 წელს, ის გარდაიცვალა და სამოქალაქო ომი დაიწყო მის ვაჟებს არუნსა და ტეკუდერს შორის. ტეკუდერი ილხანატის პირველი მუსლიმი მმართველი გახდა და დაიწყო მონღოლთა რელიგიური პოლიტიკის შეცვლა ისლამურით, რამაც არმიის მხარდაჭერა დააკარგინა. არღუნმა გამოიყენა ეს მდგომარეობა ძმის წინააღმდეგ, ჩამოაგდო ტეკუდერი და 1286 წელს, თვითონ ავიდა ტახტზე როგორც დიდი ხანისგან, ყუბილაისგან დამტკიცებული ილხანი. მიუხედავად იმისა, რომ არღუნი ებრძოდა ისლამურ გავლენას ილხანატში, დროთა განმავლობაში ეს მონღოლური სახელმწიფო, ისევე როგორც იუანის დინასტია ჩინეთში, ადგილობრივი ცივილიზაციისა და ისლამური რელიგიის გავლენის ქვეშ მოექცა. მონღოლი ილხანების კარზე ყვაოდა ისლამური კულტურა - მეცნიერება, მწერლობა, პოეზია. 

ილხანატის მონღოლები მომთაბარეებად რჩებოდნენ დინასტიის დასასრულამდე. მათი სამოძრაო არეალი მოიცავდა ცენტრალურ ერაყს, ჩრდილო-დასავლეთ ირანს, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მონღოლური ადმინისტრაცია განაგებდა ერაყს, დასავლეთ და სამხრეთ ირანს, კავკასიას, საქართველოს, მარდინის ართუკიანთა სასულთნოს, ქუფასა და ლურისტანის გარდა. ყარა’უნას მონღოლთა ტომი ხორასანს როგორც ავტონომიურ რეგიონს ისე განაგებდნენ და გადასახადებს არ იხდიდნენ. ჰერათის ადგილობრივი, ქართის დინასტია ასევე ავტონომიურად რჩებოდა. ილხანატის უმდიდრესი პროვინცია იყო ანატოლია, რომლიდანაც მთელი იმპერიის შემოსავლის მეოთხედი შემოდიოდა, როდესაც ერაყი და დიარბაქირი ერთად სულ შემოსავლის 35% ქმნიდნენ. აღსანიშნავია, რომ მონღოლთა იმპერიაში ჩინეთისათვის ტრადიციული სისტემის დანერგვისას იმპერიის ჩინელი მოღვაწის, ელუი ჩუ-ცაოს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ირანელებისგან, რომლებიც მათთან არსებული ტრადიციული “ჩათვლების” სისტემის დანერგვას მოითხოვდნენ. საბოლოო ჯამში დამყარდა შერეული სისტემა. “ჩათვლების” სისტემის დანერგვით დაკავებული ტერიტორიების მოსახლეობისაგან გასადახადების ამოღება შეეძლო ერთ კონკრეტულ პირს, რომელიც ახერხებდა მოცემულ რეგიონში დაწესებული გადასახადის აკრეფას. ეს არაკეთილსინდისიერი “მევახშის” ხელში მოსახლეობის ძარცვის საუკეთესო საშუალება იყო. მოგვიანებით ჩათვლების სისტემა გაუქმდა.

 ქვეყნის სტაბილურობას აფერხებდა დინასტიური შინაომები. ირანში არ გაამართლა ქაღალდის ფულის შემოღებამ. გაუთავებელი ომები ხელს უშლიდა სავაჭრო გზებზე ქარავნების უსაფრთხო გადაადგილებასაც. არც სოფლის მეურნეობა იყო კარგ მდგომარეობაში. მონღოლების ლაშქრობებისგან განადგურებული სარწყავი სისტემები აღარ ფუნქციონირებდა. მათ აღსადგენად ინტენსიური სამუშაოების ჩატარება იყო საჭირო, რასაც მონღოლები ვერ ახერხებდნენ, რადგან გაუთავებელმა ომებმა მოსახლეობა აიძულა უფრო უსაფრთხო ადგილებში გადასახლებულიყო. ახალმა ილხანმა, არღუნის ძემ ყაზანმა (1295-1304 წწ.) ცენტრალურად კონტროლირებადი ახალი ფული მოჭრა. ილხანატში ქაღალდის ფულის წარუმატებლობის გამო, ყაზანის მონეტებზე ზოგჯერ წაწერილია - „ნამდვილი ფული“. გამუსლიმებული ხანის ყაზანის დროსვე, ილხანატი ოფიციალურად გახდა ისლამური იმპერია. მონეტებზე დაემატა წარწერა - „ისლამის იმპერატორი“. ქრისტიანობისა და ბუდიზმისადმი მანამდე ლოიალური პოლიტიკა შეიცვალა. მათი ტაძრების ნაწილი დაანგრიეს, ხალხს კი დევნა დაუწყეს. თუმცა ზოგიერთ ადგილს, სადაც მუსლიმი მოსახლეობა უმცირესობას წარმოადგენდა, ეს არ შეხებია. 

 1304 წლიდან, დაიწყო შედარებით მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი მთელ მონღოლურ ტერიტორიებზე. ამან საშუალება მისცა ახალ ილხანს, ოლჯეითუს (1304-1316 წწ.), დაესრულებია ახალი ქალაქის, სულთანიას აგება, რომელიც თავრიზიდან სამხრეთით მდებარეობდა. ოლჯეითუმ მიიღო შიიტური ისლამი 1310 წელს (მისი მუსლიმური სახელი იყო მუჰამად ხოდაბანდე). ისლამური კულტურული მიღწევები საუკეთესოდ ჩანს რაშიდ ად-დინ ჰამადანის (1247-1318 წწ.), ილხანატის დიდი ვეზირის მოღვაწეობისას. მან დაწერა მისთვის ცნობილი სამყაროს ისტორია, რომელიც მონღოლთა ისტორიის შეუდარებლად მნიშვნელოვანი წყაროა. 

1322 წელს, ილხანატსა და მათ დაუძინებელ მტერს, მამლუქებს შორის საბოლოოდ დაიდო ზავი. ჰულაგუიანთა სახელმწიფო თითქოს იმაზე უფრო ჯანსაღი ჩანდა, ვიდრე ოდესმე. თუმცა, 1335 წელს, ყაზანის ვაჟის, ილხან აბუ საიდის (1316-1335 წწ.) სიკვდილის შემდეგ, შიდადინასტიური დაპირისპირების ახალი ეტაპი დაიწყო. აბუ საიდის პერიოდში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგენტი ჩობან ნოინი, რომელიც ფაქტობრივად განაგებდა ილხანატს. 

ილხან აბუ საიდის ვერცხლის მონეტა (XIV ს.) 

1330-იან წლებში საქართველო გაერთიანდა, მაგრამ ამით იქიდან ილხანთაგან მიღებული შემოსავალი არ გაზრდილა, რისი მიზეზიც წლების განმავლობაში ეპიდემიები, ომები და საქართველოსგან მონღოლთა ძალაუფლებისგან თავის დაღწევისთვის ბრძოლა იყო.

ილხანატს ზარალი მიაყენა შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელიც პერიოდულად მთელს ევრაზიაში მძვინვარებდა XIV საუკუნის შუა ხანებში. ერთიანობის არქონის გამო, სახელმწიფო დაიშალა რამდენიმე მცირე სახანოდ და მოწყვლადი გახადა ოქროს ურდოსთვის. 1370-იან წლებში, ილხანთა ყოფილი ტერიტორიები შუააზიელმა დამპყრობელმა, თემურ ლენგმა დაიკავა და მისი იმპერია რეგიონში ახალი დომინანტი ძალა გახდა. 

 საქართველო

საქართველოს სამეფო მონღოლებმა 1230-იან 40-იან წლებში დაიპყრეს და იმპერიის შემადგენლობაში მოაქციეს. მათ დაპყრობილი ტერიტორიები დაყვეს ერთმანეთისაგან სტატუსით მეტად განსახვავებულ ნაწილებად: ნებით დამორჩილებულნი; სახასო, იგივე ხასინჯუ და დაპყრობილები. დაპყრობილებს, ბუნებრივია, ყველაზე მძიმედ აწვებოდათ გადასახადები და ვალდებულებები იმპერიის წინაშე. მონღოლთა სახელმწიფოს შემადგენლობაში საქართველო „გურჯისტანის ვილაიეთის“ სახით შევიდა. უშუალოდ, მანამ, სანამ ილხანთა სახელმწიფო ჩამოყალიბდებოდა 1256 წელს, დაპყრობილ ვილაიეთებს მართავდნენ დიდი ხანის მიერ დადგენილი მოადგილეები. მონღოლებმა საქართველო რვა დუმნად დაყვეს, მათ სათავეში ქართველი ერისთავები  და მონღოლი სარდლები ჩაუყენეს, ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ქვეყნის სათავეში დიდი ხანისგან დანიშნული მეფეები აღმოჩნდებოდნენ. 

ჯებესა და სუბუდაის ლაშქრობა კავკასიასა და დეშტ-ი-კიპჩაკის ტერიტორიაზე, 1221-1223 წწ. (ნიკა ხოფერია რუკა) 

1254 წელს, იმპერიაში დიდი ხანის, მუნქეს მმართველობისას, მონღოლებმა საქართველოს აღწერა ჩაატარეს არღუნ-აღას ხელმძღვანელობით. მონღოლებმა აღწერეს ყველაფერი - ადამიანები, ცხოველები, ყანა, ვენახი, ბაღ-ბოსტანი, სათევზაო ადგილები და ა.შ. საიდანაც კი შემოსავლის მიღება შეეძლოთ.  დავთარში შეიტანეს 15-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებიც, რადგან როგორც დაპყრობილ ქვეყანას საქართველოს სამხედრო ძალა უნდა მიეცა მონღოლებისთვის მათ ომებში. ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია მოსაზრება, რომ მთლიანად სათათრო გამოსაღები მოიცავდა 40-მდე გადასახადს. საქართველოში დაწესებული იყო 14 სახის გადასახადი. აღწერის მონაცემები მთელ რიგ ქართველ ისტორიკოსებს აქვთ შესწავლილი. მათი კვლევების გათვალისწინებითა და მონღოლური აღწერის სისტემის შესწავლით, ისტორიკოსმა გიორგი ჟუჟუნაშვილმა დაადგინა, რომ მონღოლები საქართველოში  90 000 მოლაშქრის გამოყვანის პოტენციალს ხედავდნენ. მოლაშქრედ გაჰყავდათ ყოველი მეათე მამაკაცი, კომლში იყო 2 მამაკაცი. გამოდის, რომ საქართველოში ყოფილა 900 000 მამაკაცი ანუ 450 000 ოჯახი (კომლი). საქართველოს მოსახლეობა უდრიდა 2.25 მლნ. ეს მონაცემები მიახლოებით სწორი უნდა იყოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მონღოლები სხვაგვარად აითვლიდნენ სამხედრო პოტენციალს, რადგან მომთაბარეებში თითქმის ყველა მამაკაცი, ვისაც იარაღით ბრძოლა შეეძლო, პოტენციურ მეომრად ითვლებოდა, საქართველო კი ფეოდალური სახელმწიფო იყო, რომელშიც სამხედრო ვალდებულება სრული მოსახლეობის 1-2% ჰქონდა. ამის გათვალისწინებით ნათელი ხდება ის ფაქტი, რომ მონღოლებს რეალურად არასდროს გაუყვანიათ საქართველოდან რამდენიმე ათასეულზე მეტი მეომარი დამპყრობლური ომებისთვის. 

რაც შეეხება კონკრეტულად გადასახადების საკითხს, ისტორიოგრაფიაში ადრე გავრცელებული მოსაზრებების მიუხედავად, რომლებშიც ავტორები მონღოლურ გადასახადებს ზედმეტად „დრაკონულად“ თვლიდნენ და მიიჩნევდნენ რომ მათ წლიური შემოსავლების 60% მიჰქონდათ, ეს მთლად ასე არ არის. სახანოში მართლაც გავრცელებული იყო ორმოცამდე სხვადასხვა სახის გადასახადი, მაგრამ ამათგან აბსოლუტური უმრავლესობა იყო დროებითი. იბეგრებოდა ყველაფერი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გადასახადთა ოდენობა ადიოდა შემოსავლის 60%-მდე. უმთავრესი გადასახადი იყო “მალი”, იგივე “ხარაჯა”. ეს არის კომლობრივი გადასახადი და დამოკიდებული იყო კომლის შემოსავალზე. აღწერის შემდეგ იგი იქცა ფიქსირებულ გადასახადად და, როგორც აღნიშნავენ, მცირედი განსხვავებით ერთნაირი იყო მთელ სახანოში. რაც მთავარია, იგი არცთუ დიდი უნდა ყოფილიყო. პლანო კარპინის (პაპ ინოკენტი IV-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი მონღოლთა იმპერიაში, 1245-46 წწ.) თქმით, ეს იყო მეათედი შემოსავლისა; ამასვე ადასტურებენ რუსული წყაროებიც, რომლებიც უბრალოდ “მეათედად” იხსენიებენ მას. ისტორიკოსი გიორგი ჟუჟუნაშვილი თვლის, რომ მონღოლების მიერ შემოღებულ იქნა საკმაოდ მსუბუქი “ლიბერალური”, ადგილობრივ ტრადიციებთან შეთანხმებული საგადასახადო სისტემა, რომლის “მთავარი მტერიც” სწორედ მისი “ლიბერალობა” იყო, რის გამოც მოხელეთა (ჩამთვლელთა) თავნებობა ხშირად ზღვარს სცილდებოდა და იწვევდა იმგვარ საერთო სახალხო გულისწყრომას, რომელთა შესახებ ცნობებს ასე ხშირად ვხვდებით წყაროებში.

 მონღოლების დაწესებულმა გადასახადებმა, ოქროს ურდოსა და ილხანებს შორის მიმდინარე ომებმა და ადგილობრივმა აჯანყებებმა, ქართველ გლეხებს ყველაზე დიდი პრობლემები შეუქმნა. ბარში ცხოვრება და მეურნეობა გაძნელდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გლეხისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება. დაიწყო  სოფლების და ტრადიციული მეურნეობების მიტოვება გლეხისგან. თუკი მონღოლთა მიერ დაპყრობამდე საქართველო დაწინაურებული იყო, აგრონომიულ მეურნეობაში, მონღოლების დროს ეს ვითარება მეტნაკლებად უარყოფითად შეიცვალა. მოსახლეობის საერო ნაწილი გაცილებით დიდ ზარალს იღებდა მონღოლთა მმართველობისგან, ვიდრე საეკლესიო, რომელიც მონღოლური, რელიგიებისადმი ლოიალური პოლიტიკის წყალობით, გათავისუფლებული იყო გადასახადებისგან. ძლიერი ფეოდალების ძაგან აბულეთისძისა (1260 წ.) და კახა თორელის (1290-იანი წლები) წერილებში მდიდარი და ძლიერი მონასტრების, შიომღვიმისა და რკონის წინამძღვართა მიმართ, რომლებშიც ისინი სთხოვენ სამღვდელოებას, უკეთ მოეპყრან გლეხებს და უკიდურესად არ დაბეგრონ, რადგან ისინი შეიძლება საერთოდ გაწყდნენ ან აიყარონ, ჩანს მონღოლთა ბატონობის სოციალური სურათი - სამი ძირითადი ფეოდალური კლასიდან ორის - ფეოდალებისა და გლეხების დასუსტება და მესამის, ეკლესიის  გამდიდრება და გაძლიერება თუ არა, სულ მცირე, ადრინდელი მდგომარეობის შენარჩუნება. 

 მონღოლები საქართველოს მართვისთვის რამდენიმე პოლიტიკურ ბერკეტს ეყრდნობოდნენ: თავდაპირველად, საქართველოს რუსუდანის მეფობის ბოლო პერიოდში ფორმალურად ჰქონდა შიდა პოლიტიკური ავტონომია, რადგან რუსუდანი ერთპიროვნული ხელისუფალი იყო და ქვეყანა მას ემორჩილებოდა; რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, მალევე დადგინდა, რომ მონარქს ლეგიტიმაცია ყარაყორუმში მჯდარი დიდი ხანისგან უნდა მიეღო, რაც საქართველოს პოლიტიკურ მორჩილებას, უკვე ფორმალურადაც ნიშნავდა. მონღოლებმა გადაწყვიტეს საქართველოს მეფეებად დაემტკიცებინა ორი უფლისწული, დავით რუსუდანის ძე (დავით VI ნარინი, 1247-1293 წწ.) და დავით ლაშა-გიორგის ძე (დავით VII ულუ, 1247-1270 წწ.). ამით შემოიტანეს ორმეფობა, რათა მონარქებს შორის მუდმივი განხეთქილება ყოფილიყო და ადვილად ეკონტროლებინათ ისინი. ასევე, დინასტიურ კონფლიქტს აუცილებლად გააღრმავებდა ის ფაქტიც, რომ მონღოლები არ ასხვავებდნენ კანონიერ თუ უკანონო ძეებს, რის გამოც ტახტის მეტი პრეტენდენტის გაჩენის შესაძლებლობა ჩნდებოდა. მონღოლები როგორც დიდ ფეოდალებს, ისე წვრილი არისტოკრატიის წინსვლას უწყობდნენ ხელს რათა ამბიციური და დაწინაურების მოსურნე ფენა მუდმივად სარგებლის მოლოდინში ჰყოლოდათ და ხშირად იმპერიის ინტერესებისთვის გამოეყენებინათ: სამეფო კარის შიგნით ეს ფენა  ხშირად მათი ყურები და თვალები იყვნენ. მონღოლებმა ხელი შეუწყეს საქართველოს სამეფოში სამხრეთული, მსხვილი პოლიტიკური ერთეულის, სამცხე-საათაბაგოს მმართველების გაძლიერებას და მის „ხასინჯუდ“ ქცევას, რაც უშუალოდ იმპერიისთვის დაქვემდებარებას გულისხმობდა. 

საქართველოში მონღოლთა ბატონობა შესუსტდა XIV საუკუნის 30-იანი წლებიდან, ილხანთა იმპერიაში შინაომებისა და ამ მონღოლური სახელმწიფოს დასუსტების შემდეგ. გიორგი V ბრწყინვალეს დროს, საქართველო ფაქტობრივად გაერთიანდა და გამოვიდა ილხანატის ვასალობიდან, მაგრამ ილხანთა დაცემამდე, მათი გავლენა კვლავინდებურად ვრცელდებოდა კავკასიაზე და ცალკეულ შემთხვევებში ქვეყანას ხარკის მიცემა მაინც უხდებოდა, მაგალითად, 1349-50 წლებში ილხანებმა დალაშქრეს საქართველო და მეფე დავით IX-ს მათთვის 400 ათასი დინარის გადახდა მოუხდა. ამ დროისთვის ილხანთა ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე ცალკეული სახელწიფო არსებობდა, ჰულაგუს დინასტიის ილხანები კი ჩობანიანთა (ჩობანიანები განაგებდნენ აზერბაიჯანს, არანს, მცირე აზიის, მესოპოტამიის, დასავლეთ-ცენტრალური ირანის ნაწილებს) მარიონეტები იყვნენ.  ილხანთა დინასტია 1357 წელს დასრულდა და საქართველოც მათი ბატონობისგან საბოლოოდ გათავისუფლდა. 

 დასკვნა

მონღოლთა პოლიტიკა იმპერიის სხვადასხვა მხარეში განსხვავებული იყო ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობის, პოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობის, ადგილობრივი კულტურის, რელიგიის გათვალისწინებით. ჩინეთი და ირანი მონღოლთა ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს, იუანისა და ილხანატის ცენტრებად იქცნენ. მონღოლებმა შეითვისეს, მიიღეს მათი წეს-ჩვეულებები, რელიგია, ენა, კულტურა. ილხანატი ჩამოყალიბდა ირანულ, იუანი კი ფაქტობრივად, ჩინურ დინასტიად. თუმცა, არსებობდა გარკვეული წესები, რომლებიც მთელ იმპერიაზე თანაბრად ვრცელდებოდა. მონღოლთა იმპერიის ფარგლებში მოქცეულ საქართველოსა და რუსულ სამთავროებს უფრო მეტი საერთო ჰქონდათ, ვინაიდან ორივეგან კვლავინდებურად ადგილობრივი მმართველობა მოქმედებდა, რომელსაც დიდი ხანის მანძილზე უხდებოდა იმპერიის პოლიტიკის გატარება, მათი მოხელეებისთვის ანგარიშის გაწევა, მორჩილება და მრავალი სახის გადასახადის გადახდა. რუსული სამთავროებისა და საქართველოს სამეფოს მიმოხილვისას ჩვენ აღვნიშნეთ გადასახადთა მთელი რიგი, რომელიც ორივე მხარეში მოქმედებდა. ასევე, მონღოლთაგან შინაარეულობის წახალისების მცდელობები, იმპერიისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულება და ა.შ. მონღოლთა ბატონობამ მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია იმპერიაში შემავალ ყველა ქვეყანას, გარკვეულწილად დადებითი, ნაწილობრივ კი უარყოფითი. 

ყარაყორუმი 

ადმინისტრაციის, ვაჭრობის, სამოხელეო აპარატის, საფოსტო და საგზაო სისტემების განვითარების გარდა, მონღოლებმა დიდი გავლენა მოახდინეს სამხედრო საქმეზეც. მაგალითად, საქართველოში, მხედართა შეიარაღებაში გამოჩნდა მშვილდი, ასევე სამკერდე ფირფიტები ე. წ. პოლოტიკები; შემოვიდა ფარიკაობის სწრაფი მანერა და ცხენზე ჯდომის აზიური წესი. მამუკა წურწუმია აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში ეს იყო „შუა საუკუნეებში ქართული სამხედრო საქმის მიერ განცდილი ყველაზე რადიკალური ცვლილება, როდესაც მომთაბარეთა გავლენით ტრასნფორმირდა და მრავალი აზიური ნიშანი შეიძინა.“ მსგავსი ინოვაციები შეითავსეს ირანელებმაც და რუსებმაც. ტრანსფორმირდა აბჯარ-საჭურვლის სახეობები, ბრძოლის წესი, ტაქტიკა და ა.შ. 

აღსანიშნავია ის თუ რა პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა დიდი სახანოს დაცემის შემდეგ იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე, რა პოლიტიკური ცვლილებები მოუტანა მათ მონღოლების მათზე სულ მცირე, საუკუნით გაბატონებამ.

 რუსეთის შემთხვევაში, ეს სახელმწიფო გაერთიანებული და ძლიერი გამოვიდა „თათართა უღლიდან“, მაგრამ ამავე დროს, ისტორიკოსის, ჩარლზ გალპერინის სიტყვებით,  მონღოლური ბატონობის გამო რუსეთი მოწყდა ევროპას და ვერ შეძლო რენესანსისა და რეფორმაციის ნაყოფით ესაზრდოა.

 მონღოლური ბატონობის გადაგდების შემდეგ, ჩინეთმაც დაიბრუნა პოლიტიკური ერთიანობა. დაიწყეს ადგილობრივი კულტურისა და ენის განსაკუთრებული განვითარება, ამავე დროს ყოველგვარი მონღოლურის და უცხოურის უკუგდება. თუმცა, მონღოლურმა პერიოდმა ბევრი დადებითი დაუტოვა ჩინეთს, განსაკუთრებით, სახელმწიფოს მართვის, ადმინისტრირების, პოლიტიკური მოწყობის თვალსაზრისით. 

თეთრბატკნიანთა სახელმწიფო (აყ-ყოინლუ) უზუნ ჰასანის მმართველობის დასასრულს, 1478 წ. 

საქართველოში მონღოლთა ბატონობამ დეცენტრალიზაციას შეუწყო ხელი, რასაც დროებით, მყიფე კავშირით აჩერებდნენ მეფეები, მაგრამ თემურ ლენგის (XIV ს. ბოლო, XV ს. დასაწყისი), შემდეგ კი უზუნ ჰასანის ლაშქრობების (XV ს. 60-70-იანი წწ.) შედეგად, ვეღარ შეძლეს შენარჩუნება და საქართველო XV საუკუნეში ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულებად დაიშალა. ეს ერთეულები იყო დასავლეთ საქართველოს, იმერეთის სამეფო, რომელიც ჯერ კიდევ დავით VI ნარინის (1247-1293 წწ.) დროს დაარსდა და გიორგი V ბრწყინვალის (1299-1302 და 1318-1346 წწ.) დროიდან, დროებით კვლავ ერთიან საქართველოს დაუბრუნდა, ასევე, სამცხე-საათაბაგო - მონღოლთა დროში დიდი ხანისადმი პირდაპირ მორჩილებაში მყოფი პოლიტიკური ერთეული. ამას მოყვა კახეთის გამოყოფაც, უფრო გვიან კი, ცალკეული მთავრების სეპარატიზმი კიდევ უფრო გაღრმავდა. 

 წყარო:http://samxedro-istoria.blogspot.com/

 

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.