USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ავარიული სახლების ქალაქი - Urban Media
თარიღი:  492

ილისი, როგორც საქართველოს დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ურბანული ცენტრი, ყოველდღიურად აწყდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და საცხოვრებელ გამოწვევას. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი ავარიული სახლების პრობლემაა, რაც არა მხოლოდ თბილისის ისტორიული უბნებისთვის არის დამახასიათებელი, არამედ თანამედროვე საცხოვრებელ ზონებშიც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

ავარიული სახლების არსებობა უკავშირდება სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის მშენებლობის დაბალ ხარისხს, არასათანადო ტექნიკურ მოვლასა და სეისმურ მოვლენებს. ამგვარი შენობების კონსტრუქციული მდგრადობა მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რისკებს ქმნის როგორც უშუალოდ იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის, ასევე მეზობელი შენობებისთვის და ქალაქის საერთო ურბანული უსაფრთხოებისთვის.

თბილისის ისტორიულ უბნებში, სადაც შენობების უმეტესობა მე-19 და მე-20 საუკუნეებშია აშენებული, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას. ქალაქის ეს ნაწილები, მიუხედავად მათი კულტურული და ისტორიული ღირებულებისა, მრავალი წლის განმავლობაში სათანადო რესტავრაციასა და ტექნიკურ მონიტორინგს ვერ გადიოდა. ამის გამო, ძველი კონსტრუქციების მნიშვნელოვანი ნაწილი, დღევანდელი სეისმური და სამშენებლო ნორმების გათვალისწინებით, უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამება.

დღეისათვის თბილისი დაახლოებით 10,000-მდე ავარიულ შენობას ითვლის. ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა აბანოთუბანში, სოლოლაკში, ვერაზე, ავლაბარსა და მთაწმინდაზე გვხვდება, სადაც მრავალი ნაგებობა საუკუნეზე მეტი ხნისაა. ეს სახლები, რომლებიც ოდესღაც თბილისის მშვენებად ითვლებოდა, დღეს ჩამოშლის პირასაა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ავარიული შენობების რიცხვს განეკუთვნება საბჭოთა პერიოდში აგებული საცხოვრებელი ბინების დიდი ნაწილიც, რომელთა ექსპლუატაციის ვადა 70 წელს არ სცდებოდა და, შესაბამისად, დღეს უკვე მოძველებულია.

მსგავს შენობებში ცხოვრება დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ბოლო წლებში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ძველი სახლის ჩამონგრევის შედეგად ადამიანები დაშავდნენ ან საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. იშლება აივნები და ფასადები, რაც გამვლელებისთვის უაღრესად სახიფათოა და შეგიძლიათ ამის შესახებ ჩვენი ადრინდელი სტატიები წაიკითხოთ.

თბილისის მერიის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა

თბილისის მუნიციპალიტეტმა 2021 წელს დაიწყო ავარიული სახლების ჩანაცვლების მასშტაბური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ავარიული ნაგებობების დემონტაჟი და მათ ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობების მშენებლობა.

პროგრამის ძირითადი პრინციპებია:

  • მოსახლეობისთვის საცხოვრებლის შეთავაზება მათი საკუთრების მოცულობის შესაბამისად;

  • უსაფრთხოების თანამედროვე ნორმების დაცვა;

  • დემონტაჟის ხარჯების სრულად დაფარვა მუნიციპალიტეტის მიერ;

  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა პროექტის დასრულებამდე.

პრობლემები, რომლებიც გადაჭრის პროცესს აფერხებს:

  • მოსახლეობის თანხმობის მიღება – მრავალი შენობა ერთზე მეტ მეპატრონეს ეკუთვნის, რის გამოც ძველი სახლის დანგრევის პროცესში ყველა ბინათმფლობელის თანხმობა აუცილებელია. ზოგიერთ შემთხვევაში მესაკუთრეთა შეთანხმება შეუძლებელია და პროცესი წლების განმავლობაში ჭიანურდება.

  • ფინანსური სირთულეები – სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტისთვის ასეთი მასშტაბური პროექტები დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რაც სერიოზულ გამოწვევად რჩება.

  • სამშენებლო კომპანიების დაინტერესება – ყველა პროექტი მოგებიანი არ არის კერძო ინვესტორებისთვის, ამიტომ მშენებლების მოზიდვა რთულდება.
ფოტო: Sputnik / Stringer

ამას ემატება ისიც, რომ თბილისში არსებული მრავალი ავარიული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რაც მათი რეკონსტრუქციისა და განახლების პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული შენობები სპეციალურ დაცვას ექვემდებარება, რაც მათ დაუდევარ რეკონსტრუქციასა თუ ჩანაცვლებას გამორიცხავს.

ეს შეზღუდვები ხელს უშლის როგორც კერძო ინვესტორებს, ისე სახელმწიფო პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ავარიული ნაგებობების ჩანაცვლებას. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია ურბანული რეგულაციების გადახედვა, რათა ავარიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაცია მეტად მოქნილი და რეალისტური გახდეს.

წყარო:Urban Media • ურბან მედია

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის