USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
ასტროლოგიური პროგნოზი L'BLOOM-ის საბაღე ცენტრისგან - 26 სექტემბერი
თარიღი:  566

გაფრთხილება: ცაზე პლანეტები რას შვრებიან, ჩვენი საქმე არაა — ელიავაზე მიწას, ფესვებსა და მცენარეებს ვუყურებთ. თუ ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ყველაფერი თავისით აყვავდება, მოგატყუეს: მორწყვისა და სასუქის გარეშე სარეველაც კი არ ხარობს.

♈ ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

  • დღის ხასიათი: გადაწყვეტილებებს იღებ ისე, თითქოს ივლისის შუადღეზე წყლის გარეშე დარჩენილი ჰორტენზია იყო — იმპულსურად და ისტერიულად. დღეს არაფერი არ გასხლა და არავის ეჩხუბო.

  • შენი მცენარე-ტყუპისცალი: პირაკანტა (Pyracantha) — ლამაზი კი ხარ, მაგრამ ზედმეტად ეკლიანი. ცოტა შეარბილე ტონი.

  • მებაღის რჩევა: სანამ ცხელ გულზე ვინმეს ეკლებს შეასობდე, წადი და გაზონს მიხედე — სექტემბრის ბოლოს ბალახს ფოსფორ-კალიუმიანი კვება სჭირდება, რომ ზამთარში არ გაგიყვითლდეს.

♉ კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

  • დღის ხასიათი: შენს კომფორტს და მიწას ტრაქტორითაც ვერავინ მოგლეჯს, მაგრამ იმდენს ფიქრობ ნერგის გადარგვაზე, სანამ ქოთნიდან ფესვები არ ამოუვა. იმოქმედე!

  • შენი მცენარე-ტყუპისცალი: ბზა (Buxus) — მყარი, ნელი, საიმედო, მაგრამ თუ ალურა შეგეპარა (ანუ სიზარმაცე), საქმე ცუდად წავა.

  • მებაღის რჩევა: ფულის ხარჯვა თუ გინდა, უსარგებლო ნივთების ნაცვლად ნიადაგის კარგი მულჩი და ტორფი იყიდე. ფესვების დათბუნების დრო მოდის.

♊ ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

  • დღის ხასიათი: ერთდროულად გინდა გაზონიც, ალპური გორაკიც, ვენახიც და ბამბუკიც. შედეგად — ეზოში გაქვს ქაოტური ჯუნგლები. დღეს ერთ კონკრეტულ საქმეს მოკიდე ხელი და ბოლომდე მიიყვანე.

  • შენი მცენარე-ტყუპისცალი: სურო (Hedera) — ყველგან ედება, ყველაფერს ეკიდება, ბოლოს თვითონაც არ იცის, საით მიცოცავს.

  • მებაღის რჩევა: ქოთნის მცენარეებს წყლის დასხმას მოუკელი. შემოდგომის გრილ დღეებში ზედმეტი მზრუნველობა (ჭარბი მორწყვა) პირდაპირ ფესვების ლპობას ნიშნავს.

♋ კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

  • დღის ხასიათი: ემოციებში იძირები და ძველ, გამხმარ ფოთლებზე დარდობ. ბუნების კანონია: რაც მოსაჭრელია, უნდა მოიჭრას, რომ ახალმა ყლორტმა ამოიყაროს.

  • შენი მცენარე-ტყუპისცალი: მტირალა ტირიფი — ყველაფერს განიცდი, მაგრამ საკმარისია ნესტი იგრძნო, რომ მაშინვე ფეხზე დგები.

  • მებაღის რჩევა: წყავსა და დაფნას შემოდგომის სანიტარული გასხვლა ჩაუტარე — დაზიანებული ტოტები მოაშორე, ოღონდ ცრემლების გარეშე.

♌ ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

  • დღის ხასიათი: გგონია, მთელი ბაღი შენს გარშემო ყვავის და მზეც მარტო შენთვის ამოდის. ცოტა თავმდაბლობა არ გაწყენდა — მცენარეს პატრონის ეგო კი არა, სწორი სასუქი და დრენაჟი ზრდის.

  • შენი მცენარე-ტყუპისცალი: ფოტინია (Photinia 'Red Robin') — ბრწყინავს, ყურადღებას ითხოვს, ეზოში მთავარი ფიგურაა, მაგრამ დროული გასხვლა თუ დააკელი, ფორმას კარგავს.

  • მებაღის რჩევა: მეგობრებთან ტრაბახს მოეშვი და ეზოში სარწყავი მილები შეამოწმე. წნევა თუ დავარდა, შენი სამეფო უწყლოდ დარჩება.

♍ ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

  • დღის ხასიათი: მილიმეტრებში ზომავ ფოთლებს შორის დაშორებას და ლუპით ეძებ ბუგრს. მოეშვი, ბუნებას თავისი ჯანსაღი ქაოსი უყვარს. შენი პედანტურობა დღეს დოკუმენტებს მოახმარე.

  • შენი მცენარე-ტყუპისცალი: იაპონური ნეკერჩხალი (Acer Palmatum) — არისტოკრატული, დახვეწილი, ოღონდ ოდნავ ზედმეტ ქარსა და შეცდომასაც არ გაპატიებს.

  • მებაღის რჩევა: აზოტიანი სასუქები სასწრაფოდ გადამალე! მცენარეებს ახლა ზედმეტი ზრდა კი არა, ყლორტების გახევება და ზამთრისთვის მომზადება სჭირდებათ.

♎ სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

  • დღის ხასიათი: უკვე ორი კვირაა ირჩევ, ტუია ჯობია, ლეილანდი თუ წყავი, და ეზო ისევ ცარიელი გაქვს. გადაწყვიტე რამე! გაურკვევლობაში ყოფნას ნებისმიერი მწვანე ნერგის დარგვა სჯობს.

  • შენი მცენარე-ტყუპისცალი: ლავანდა — ბალანსი, სიმშვიდე და არომატი... ოღონდ თუ წყალი ჩაუდგა, მომენტალურად ჭკნება.

  • მებაღის რჩევა: მარადმწვანე ცოცხალი ღობეების პროფილაქტიკური შეწამვლა სპილენძის შემცველი პრეპარატით არ გადადო — სოკო შენს გადაწყვეტილებას არ დაელოდება.

♏ მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

  • დღის ხასიათი: გარეგნულად მშვიდი ხარ, შიგნით კი ბზის ალურასავით ჩუმად ჭამ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. დღეს ძველი წყენები მიწაში ჩაფალი — ბოლოს და ბოლოს, კარგი კომპოსტი მაინც გამოვა.

  • შენი მცენარე-ტყუპისცალი: ოლეანდრა (Nerium Oleander) — ულამაზესად ყვავის, მაგრამ შხამიანია. შენთან დაუფიქრებელი მიკარება არ ღირს.

  • მებაღის რჩევა: წიწვოვნებს (ღვია, კიპაროსი) შიდა ტოტები გადაუწიე და დაათვალიერე — თუ ობობასებრი ტკიპა შეამჩნიე, სასწრაფოდ მიასხი აკარიციდი.

♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

  • დღის ხასიათი: გეგმები გაქვს ტროპიკულ პალმებზე და ეგზოტიკურ ორქიდეებზე, როცა ეზოში ონკანი მოგდის და ღობე ჩამოშლილია. ჯერ საბაზისო საქმეები მოაგვარე.

  • შენი მცენარე-ტყუპისცალი: კამპსისი (Campsis) — ველური ენერგია, თავისუფლების სიყვარული; თუ მიუშვი, მეზობლის სახლზეც გადავა და შენსაზეც.

  • მებაღის რჩევა: ახალდარგულ ხეებს საყრდენი ჭოკები და სარები შეუმოწმეთ — შემოდგომის თბილისურმა ქარებმა ნერგი ფესვიანად არ გადაგიქციოს.

♑ თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

  • დღის ხასიათი: შაბათ დღესაც სამუშაო გეგმა-გრაფიკით დადიხარ. დაისვენე ცოტა. მცენარეებსაც კი აქვთ ბიოლოგიური მიძინების პერიოდი — შენ რკინის ხომ არ ხარ?

  • შენი მცენარე-ტყუპისცალი: უთხოვარი (Taxus baccata) — მარადიული, ურყევი, საუკუნეებს უძლებს, ოღონდ ცოტა ზედმეტად მკაცრია გარეგნულად.

  • მებაღის რჩევა: ნიადაგის გამოკვება გადამწვარი ნაკელით ან გრანულირებული ორგანული სასუქით სწორედ ახლაა ეფექტური. შრომა გაზაფხულზე დაგიფასდება.

♒ მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

  • დღის ხასიათი: ისევ რაღაც კოსმოსური ჰიდროპონიკის და ავტომატური სენსორების პროექტს ხაზავ, როცა ბაღში უბრალო თოხი და ნიჩაბი გაქვს საყიდელი. მიწას შეეხე, იდეებს მერეც მოუვლი.

  • შენი მცენარე-ტყუპისცალი: დიხონდრა (Dichondra) — ინოვაციური, არასტანდარტული, გაზონის კრეჭისგან რომ გაგათავისუფლებს და თავის გზას თავად გაიკვლევს.

  • მებაღის რჩევა: წვეთოვანი სარწყავი მილები შეამოწმე, შემოდგომაზე ტემპერატურა იკლებს და ტაიმერი შეამცირე — ჭაობი ეზოში პროგრესი არ არის.

♓ თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

  • დღის ხასიათი: დაფრინავ ღრუბლებში და გგონია, მცენარეები მარტო კეთილი აურით იკვებებიან. სამწუხაროდ, აზოტი, ფოსფორი და წყალი უფრო სჭირდებათ. გამოფხიზლდი და საქმეს მიხედე.

  • შენი მცენარე-ტყუპისცალი: ძახველი (Viburnum tinus) — სათუთი, მგრძნობიარე, ზამთარშიც რომ ყვავის და ცივ დღეებში სითბოს ინარჩუნებს.

  • მებაღის რჩევა: ქოთნების სადრენაჟო ნახვრეტები შეამოწმე — შემოდგომის წვიმების დროს ძირში წყალი არ უნდა ჩადგეს, თორემ ფესვები უხმოდ ჩაგილპება.

დღის რეზიუმე L'BLOOM-ისგან

ვარსკვლავები რას გიწინასწარმეტყველებენ, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, ეზოში რა გიდგათ და ფესვები როგორ მუშაობს.

 გინდათ რეალური სიმწვანე და არა ცარიელი წინასწარმეტყველებები?

მობრძანდით საბაღე ცენტრ L'BLOOM-ში ელიავას ბაზრობაზე. ნერგებიც ადგილზეა, აგრონომიც და ყავაც. ვარსკვლავებს ვერა, მაგრამ თქვენს ეზოს ნამდვილად ეშველება!

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის