USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 ოქტომბერი?!
 703

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დღეს შეიძლება თქვენ მიმართ ვიღაცისგან ძლიერი შური იგრძნოთ. ამიტომ ნუ ცდილობთ, ყველას აჩვენოთ თქვენი წარმატება და ბედნიერება. სასურველია, დასვენების დღე სიმშვიდეში გაატაროთ და მომავალი სამუშაო კვირისთვის ძალები აღიდგინოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ზედმეტად ემოციური დღეა, ამიტომ თქვენი მთავარი ამოცანაა გარშემო განვითარებულ მოვლენებს მშვიდად შეხვდეთ. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან ნებისმიერმა დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ვითარება დაძაბოს. საღამოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაადვილდება და შესაძლოა, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნაც შეძლოთ. შეიძლება საინტერესო, მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ხელსაყრელი დღეა მშვიდი დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც გსიამოვნებთ და დადებით ემოციებს გგვრით. ნუ უპასუხებთ საქმიან ზარებს და ნუ იფიქრებთ სამუშაო პრობლემებზე. სრული უფლება გაქვთ, რომ განმარტოებით დაისვენოთ ან მეგობრებთან ერთად გაერთოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ, საჭირო ადამიანებს შეხვდეთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. გამოცდილ ადამიანებთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა კარიერულ წინსვლაში და საქმიან პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. საღამოს მოულოდნელი სიახლეებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ახლობელ ადამიანებს თქვენი რჩევა და დახმარება დასჭირდება და რა თქმა უნდა, უარი არ უნდა უთხრათ. თავის მხრივ, ამ ადამიანების ქება და აღიარება თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ. დროა ჯანსაღი კვების და სპორტდარბაზში სიარულის დაწყებაზე იფიქროთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და აკეთეთ ის, რასაც ის გკარნახობთ. შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მომავალში ბევრჯერ გამოგადგებათ. მთავარია, არ გაჯიუტდეთ და ახლობელი ადამიანების რჩევებს დაუჯეროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს სახლში ჯდომა არ შეიძლება. გირჩევთ ახალი, საინტერესო ადგილები დაათვალიეროთ, სადაც დაუვიწყარი თავგადასავლები და ნათელი ემოციები გელით. ეცადეთ, ნებისმიერი კამათი ან დისკუსია თავიდან აიცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად უწყინარი საუბარი შეიძლება სკანდალით დასრულდეს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დილიდან რომანტიკულ განწყობაზე ხართ, ამიტომ გირჩევთ, მთელი დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ და თქვენი გრძნობების შესახებ უამბოთ. თუ ჯერ მარტოხელა ხართ, ეს დღე საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. შეიძლება მცირე ფინანსური ზარალი განიცადოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - მალე უფრო დიდ შემოსავალს მიიღებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეცადეთ, დასვენების დღე მშვიდად, სასიამოვნო საქმეების კეთებაში გაატაროთ. გირჩევთ ახლობელი ადამიანების კრიტიკისგან თავი შეიკავოთ და ამის ნაცვლად, ქათინაურებით გაანებივროთ. ბინის დასუფთავება და ნივთების მოწესრიგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ბოლო დღეების ემოციური სტრესი თავს იჩენს, ამიტომ დასვენების დღის მარტოობაში და სიმშვიდეში გატარება მოგინდებათ. შეგიძლიათ ახალი საინტერესო საქმე დაიწყოთ, რომელსაც დიდი ხანია გეგმავთ. საღამოს შეიძლება უცხო ქვეყნიდან სასიამოვნო ამბავი გაიგოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, შესაძლოა, კამათიც, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით, ყველა გაუგებრობა მალე დასრულდება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати