USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 4 თებერვალი?
Date:  2933

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად სახლში დარჩეთ. 4 თებერვალი შანსს მოგცეთ, რომ ადრე დაწყებული რთული საქმე წარმატებით დაასრულოთ და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მის შესასრულებლად გამოიყენეთ თქვენი თანდაყოლილი მომხიბვლელობა და დიპლომატიური უნარები და საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ხელსაყრელი დღეა მაღაზიების შემოვლის და სახლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად. ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. დაურეკეთ მეგობრებს ან ნათესავებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ და სტუმრად დაპატიჟეთ. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და თქვენი ცხოვრება გაცილებით ლაღი და ბედნიერი გახდება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს მოულოდნელი და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც ბევრ რამეზე იმოქმედებს. სავარაუდოდ, ვითარება თქვენს სასარგებლოდ განვითარდება, მთავარია, რომ იმპულსურად არ იმოქმედოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, რომლებსაც მალე ინანებთ. სპორტდარბაზში ვარჯიში განწყობას აგიმაღლებთ და ენერგიას შეგმატებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

იზრუნეთ ახლობელ ადამიანებზე და დახმარების თხოვნაზე უარს ნუ ეტყვით. ეს თქვენს კარმაზე დადებითად აისახება და სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ. მშვენიერი დღეა სახლის დალაგებისა და ნივთების მოწესრიგებისთვის. მოიცილეთ ძველი, უსარგებლო ნივთები - ეს სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ. ეცადეთ საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი უნდა იყოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღის დაგეგმვისთვის თავს ნუ შეიწუხებთ - გეგმის შესრულებას მაინც ვერ შეძლებთ. გარემოებები სწრაფად იცვლება, ამიტომ სჯობს დრო საყვარელი საქმის კეთებას და დასვენებას დაუთმოთ. პირად ურთიერთობებში მშვიდობის დასამყარებლად პარტნიორზე ზეწოლას უნდა მოერიდოთ - მიეცით მას უფლება, რომ თქვენგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თუ პრობლემის მოგვარებას გააჭიანურებთ, ის უფრო გაღრმავდება და მეტად დაგაზარალებთ. ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარი ქმედებების სისწორეში ეჭვი არ შეგეპაროთ და თავდაჯერებულად იმოქმედოთ. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს შეიძლება შეეჯახოთ ცვლილებებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაზე, ჩვევებზე ან უშუალო გარემოზე აისახება. ეცადეთ ყველაფერში დადებითი მხარე მოძებნოთ და სიტუაციის დრამატიზება არ მოახდინოთ. პირად ურთიერთობებში ეცადეთ საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და პრობლემების დროს მხარი დაუჭიროთ. თუ თქვენს ცხოვრებაში ჩიხური ვითარება არსებობს, ეს დღე მისგან გათავისუფლების შანსს მოგცემთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მოემზადეთ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის და ეცადეთ ახალ ვითარებას სწრაფად და უმტკივნეულოდ მოერგოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ყველაფერი შესანიშნავადაა. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე მიიღოთ, რომელიც გაიძულებთ მოვლენებზე ან ზოგ ადამიანზე აზრი შეიცვალოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეცადეთ ეს დღე განმარტოებით გაატაროთ და უსარგებლო საუბრებში დრო არ დაკარგოთ. ოჯახში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ სადავო საკითხები ერთობლივად განიხილოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღოთ. სასურველია თავდაპირველ გეგმას არ გადაუხვიოთ და დანიშნული შეხვედრები ან მოლაპარაკებები არ გააუქმოთ. ამ დღეს სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მოერიდთ ახალი პროექტის დაწყებას, სანამ უკვე დაწყებულს არ დაასრულებთ. დილიდან თავს გაღიზიანებულად გრძნობთ და და ადამიანებს უმიზეზოდ უპირისპირდებით, ამიტომ სასურველია ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბედი თქვენს ნებისყოფას ცდის და რთული საკითხების გადაჭრას გაიძულებთ. შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

რთული პრობლემა, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ, შესაძლოა ამ დღეს თავისთავად მოგვარდეს. სავარაუდოდ, მეგობრებისგან ძალიან საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც დაწყებული საქმის დასრულებაში და უახლოესი მომავლის დაგეგმვაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - დროა, ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი და სპორტულ დარბაზში სიარული დაგეგმოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გარშემო მყოფები აღნიშნავენ, რომ ამ დღეს უჩვეულოდ მოუთმენელი და გაღიზიანებული ხართ და საერთო ენის პოვნა ახლობელ ადამიანებთანაც კი გიჭირთ. გირჩევთ ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდოთ და მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებზე გადაიტანოთ და რაც მთავარია, ემოციები აკონტროლოთ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way