USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 იანვარი?
Date:  1996

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ, დილიდან აქტიური მუშაობისთვის განეწყოთ. ამ დღეს ბევრ ადამიანთან შეხვედრა და უამრავი საქმის გაკეთება მოგიწევთ. ვიღაც თქვენი გარემოცვიდან ცდილობს ზიანი მოგაყენოთ ან შეცდომაში შეიყვანოთ. წვრილმან უსიამოვნებებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ, თორემ განწყობა გაგიფუჭდებათ და სამუშაოს დასრულებას ვერ შეძლებთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მშვენიერი დღეა საკუთარი ცხოვრების შეფასებისა და მოწესრიგებისთვის. იფიქრეთ იმაზე, რისი შეცვლა გსურდათ და რისი გაკეთება შეძელით. სავარაუდოდ, ზოგი ურთიერთობა ზედმეტი და უსარგებლო გახდა, ამიტომ მათგან სინანულის გარეშე უნდა გათავისუფლდეთ. ნუ გამოიჩენთ ეგოიზმს საყვარელ ადამიანთან მიმართებით. გამორიცხული არ არის, რომ წარსულში დაშვებული რომელიღაც შეცდომის გამოსწორება მოგიწიოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მოუცლელობის მიუხედავად, ამ დღეს მოდუნებას და დასვენებას მოახერხებთ. შესაძლოა, კოლეგებს და მეგობრებს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა დასჭირდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფულთან სიფრთხილე გამოიჩინოთ და ხალხმრავალ ადგილებში საფულეს გაუფრთხილდეთ. არსებობს შეცდომების გამოსწორების და შერიგების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით, მით უფრო მეტი შანსია, რომ ვიღაც განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდეთ ან მოგებიანი წინადადება მიიღოთ. პროფესიულ საქმიანობაში შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, საკუთარი გადაწყვეტილებები კოლეგებთან და პარტნიორებთან შეათანხმოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ბოლო დროს უამრავი სამუშაო და დავალება დაგიგროვდათ, მაგრამ სიზარმაცის გამო მათ დასრულებას არ ჩქარობთ. ამ დღეს შეიძლება ისეთ საკითხებშიც კი შეცდეთ, რომლებშიც კარგად ერკვევით, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ აჩქარდეთ და გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თუ ახლობელ ადამიანს რაღაცას დაჰპირდით, ამ დღეს მისი შესრულების დროა. თქვენს ცხოვრებაში მალე სერიოზული ცვლილებები დაიწყება, ამიტომ მზადებას ახლავე უნდა შეუდგეთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების პირად სივრცეს მეტი პატივი სცეთ და უფრო ტაქტიანი იყოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და ინფექციურ დაავადებებს ერიდეთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას სამომავლოდ ნუ გადადებთ და ის აკეთეთ, რაც მიზნამდე მიგიყვანთ. სასურველია, პრობლემას შემოქმედებითად მიუდგეთ და მუშაობის არასტანდარტული მეთოდი გამოიყენოთ. მოერიდეთ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც უამრავ პრობლემას შეგიქმნით. სირთულეები უფლებას არ გაძლევთ, რომ ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე იყაროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მხიარული განწყობა შეიძლება გარემოებების არახელსაყრელმა განვითარებამ ან ვიღაცის მოულოდნელმა ჩარევამ გაგიფუჭოთ. ეცადეთ, საქმეში არ დაარღვიოთ დადგენილი წესები. მიუხედავად იმისა, რომ კოლეგების ნელი მუშაობა გაღიზიანებთ, საკუთარი ემოციები უნდა აკონტროლოთ და უხეშად არავის მიმართოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ გამოიყენოთ საკუთარი რესურსები ეფექტურიანად და მიზანს უფრო სწრაფად მიაღწიოთ. თქვენმა აქტიურობამ და ოპტიმიზმმა შეიძლება ვიღაც შთააგონოს. უსმინეთ საკუთარ სხეულს, ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახის ხანდაზმულ წევრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა და რჩევა განსაკუთრებით გჭირდებათ. ალტერნატიული აზრი დაგეხმარებათ, საუკეთესო გადაწყვეტილება აირჩიოთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება. თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზეც იფიქრეთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

აუცილებლად გაგიმართლებთ, თუ არ იზარმაცებთ და დილიდან საქმეს შეუდგებით. გარემოებები თქვენს ნებისყოფას გამოცდას მოუწყობს, მაგრამ შეუპოვრობის წყალობით სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ მობრუნებას შეძლებთ და წარმატებას მიაღწევთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების უნარით მენეჯმენტზე შთაბეჭდილებას მოახდენთ. ამან შეიძლება უახლოეს მომავალში თქვენი დაწინაურების შანსები გაზარდოს. სხვების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. კარგი დღეა კონფლიქტის მოსაგვარებლად და განაწყენებულ ადამიანთან შესარიგებლად.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way