USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 18 მაისი?
Date:  4275

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღის მთავარი ამოცანა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაა. საოჯახო საქმეები დაგიგროვდათ, ამიტომ მათთან გამკლავებისთვის დრო უნდა გამონახოთ. ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. სასურველია, რომ ჯანსაღ კვებაზე გადახვიდეთ და მასაჟების კურსი ჩაიტაროთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ნებისმიერ საქმიანობაში მხარს დაგიჭერენ და დახმარებას გაგიწევენ. ერთობლივი საქმიანობა თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს. ამ დღეს მუშაობა იმედებს გაგიცრუებთ - თქვენ ახალ, საინტერესო პროექტებს და უჩვეულო დავალებებს ელით და არა ყოველდღიური რუტინას.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

წინსვლისა და განვითარებისთვის ძველისგან უნდა გათავისუფლდეთ. ეს პირად სივრცეს და პირად ურთიერთობებს ერთნაირად ეხება. შეზღუდეთ კონტაქტები, რომლებიც დროს გართმევთ, მოაწესრიგეთ საკუთარი აზრები და პრიორიტეტები. სასურველია საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ხელსაყრელი დღეა მცირე, ყოფითი საკითხების მოსაგვარებლად, დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები კი ჯობს სხვა დროისთვის გადადოთ. კარგად ნაცნობი და საყვარელი საქმის კეთება სიმშვიდეს და თავდაჯერებას შეგმატებთ. შეეცადეთ, ვალი დროულად გადაიხადოთ და ადრე მიცემული დაპირება შეასრულოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღის მთავარი ამოცანა ფინანსური საკითხების მოგვარება და ბიუჯეტის შევსებაა. გირჩევთ, ფინანსური ოპერაციები ოჯახის წევრებთან თათბირის და მათთან შეთანხმების შემდეგ დაგეგმოთ. ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

 ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობას გრძნობთ, ამიტომ ახალი და რთული პროექტების დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ და უკვე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. ოჯახური საქმეების კეთება დ ძველ მეგობრებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნასა და სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ. სრულყოფილი დასვენება თქვენს შრომისუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ მსუბუქი ყოფითი საქმეები აკეთოთ. რთული და გლობალური ამოცანები სხვა დროისთვის უნდა გადადოთ: ამ დღეს აქტიური მოქმედებები და გადაღლა უფრო მეტ პრობლემას მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ და რამე, თქვენთვის შესაფერისი დიეტა დაიწყოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მშვიდი სამუშაო დღეა. მოერიდეთ კოლეგების კრიტიკას და ნებისმიერ წვრილმანზე კამათს. აუცილებელი არაა, რომ ყველა თქვენსავით ფიქრობდეს და მუშაობდეს. ყურადღება მიაქციეთ ამ დღეს მიღებულ ყველა შეთავაზებას - მათ შორის შეიძლება, რაღაც ძალიან საინტერესო და მოგებიანი შეთავაზებაც იყოს.

 მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ზოგი ადამიანის წარმატება თქვენს გადაწყვეტილებაზე და ზოგადად, პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. გირჩევთ, კოლეგებს და ახლობელ ადამიანებს თქვენი ახალი იდეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ უამბოთ. ეს პროფესიულ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ შეიძლება სამწუხარო შეცდომამდე მიგიყვანოთ, ამიტომ ეცადეთ, საქმეები პრიორიტეტების მიხედვით გაანაწილოთ და აუჩქარებლად აკეთოთ. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. გირჩევთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. საღამო უმჯობესია სახლის დასუფთავებას და მოწესრიგებას დაუთმოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

აქტიური და ნაყოფიერი დღე - დილიდან სახლში და სამსახურში უამრავი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. გარშემომყოფები თქვენგან მხარდაჭერას და აქტიურ ქმედებებს ელიან. დროა, პროფილაქტიკურ მკურნალობაზე და იმუნური სისტემის გაძლიერებაზე იფიქროთ - ახლა ყველაზე მეტად ვარჯიში და სუფთა ჰაერზე სეირნობა გჭირდებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თუ ხვდებით, რომ თქვენი გეგმა ძლიერ დაბრკოლებას შეეჯახა და მიმდინარე საქმე წინ ნელა მიიწევს, უმჯობესია საკუთარ გეგმებს და მათი განხორციელების გზებს გადახედოთ. ნათესავები და მეგობრები ამ საკითხში სიამოვნებით დაგეხმარებიან და საინტერესო იდეებს მოგაწვდიან. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის - ამ დღეს შეძენილი ნივთები უამრავ სიამოვნებას მოგიტანთ და დიდხანს მოგემსახურებათ.

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way