USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 14 მაისი?
 1352

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 მაისისათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მოიქეცით ისე, როგორც ყოველთვის იქცეოდით და დღე მშვიდად ჩაივლის. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ და თავი შეიკავეთ კოლეგებთან გულწრფელობისგან. საერთოდ, სამსახურში პირადი ცხოვრების შესახებ საუბრებს და ჭორაობას უნდა მოერიდოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ და თავი ნამდვილ გმირად იგრძნოთ, როდესაც სასურველ შედეგს მიიღებთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა მოულოდნელად გაუმჯობესდეს და იმაზე მეტი შემოსავალი მიიღოთ, ვიდრე გეგმავდით. ცხოვრების სხვა სფეროებში ბედი ასე არ გაგიღიმებთ. პირად ურთიერთობებში რუტინა გრძელდება, პროფესიულ სფეროში კი მხოლოდ სამუშაოს მომატება გელით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ფიქრობთ, რომ ვარჯიშის დაწყება გჭირდებათ. თქვენი გადასაწყვეტია, როდის შეუდგებით, მაგრამ გირჩევთ დიდი ხნით არ გადადოთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ. თქვენი ენერგიისა და მონდომების წყალობით, მისი ძველი პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს გარშემომყოფები თქვენში სრულიად სხვა ადამიანს აღმოაჩენენ. მიზეზი ისაა, რომ ამ ადამიანებს უფლებას აღარ მისცემთ, თქვენი სიკეთით ისარგებლონ. სწორი გადაწყვეტილებაა. ამჟამად მხოლოდ საკუთარ სარგებელზე უნდა იფიქროთ და ოჯახის კეთილდღეობისთვის ყველაფერი გააკეთოთ. დროა, მეგობრებმა და კოლეგებმა საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე თავად იზრუნონ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ძალიან გაწუხებთ, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერ ერთ ადგილზე გაიყინა და სიახლეები არ ჩანს, საღამოები ერთფეროვანი და მოსაწყენია. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს სიტუაცია შეცვალოთ და ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობების, თანამოაზრეებისა და მოკავშირეების პოვნისთვის. გამორიცხული არ არის სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

კრიტიკული შენიშვნები და გამოხედვა - გარშემომყოფები მთელი დღის განმავლობაში განწყობას გიფუჭებენ, თუმცა მათ შეტევებს მშვიდად იგერიებთ. ასე გააგრძელეთ და სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ. ეცადეთ შექმნილი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და მიხვდებით, რომ საქმე არც ისე ცუდადაა.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ საყვარელ ადამიანთან კამათი და დაპირისპირება გელით - ემოციური საუბარი შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს. თანამოსაუბრისგან განსხვავებით, თქვენ ემოციების კონტროლი შეგიძლიათ, ამიტომ ეცადეთ, მეტი სიბრძნე გამოიჩინოთ, რადგან ეს ურთიერთობა ნამდვილად გჭირდებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ამინდი თქვენს განწყობაზე ძალიან მოქმედებს. მუშაობის სურვილი გაგიქრათ, გინდათ გარეთ გახვიდეთ და ისეირნოთ. ვარსკვლავები გახსენებენ, რომ ჯერ კვირის დასაწყისია და უამრავი საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი. ამიტომ პეპლები თავიდან გამოიბერტყეთ და მუშაობას შეუდექით.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ბოლო დღეებში ოჯახის წევრებს ზედმეტად მკაცრად ექცევით. ისინი განცდა იქმნება, რომ ნაწყენი ხართ და სამაგიეროს უხდით. კარგად დაფიქრდით, საყვარელ ადამიანებთან ასეთი მოქცევის მიზეზი ნამდვილად გაქვთ? იქნებ ყველაფერი თქვენი ზღვარგადასული ეჭვების ბრალია? სანამ დროა, შეჩერდით და ბოდიში მოიხადეთ, რათა გაუგებრობა კონფლიქტად არ აქციოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

პირად ცხოვრებაში ყველაფერი იმდენად კარგადაა, რომ ბედნიერებისგან ანათებთ! მარტოხელა თხის რქები, რომლებსაც ასეთი გრძნობები ჯერ არ განუცდიათ, საინტერესო ადამიანთან შეხვედრისთვის უნდა მოემზადონ. ფინანსური პერსპექტივები ხელსაყრელია - საშუალება გაქვთ, რომ წარმატებული შესყიდვები განახორციელოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მთელი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან შენაძენზე იფიქრებთ - შეიძლება ეს იყოს უძრავი ქონება ან ავტომობილი. გახსოვდეთ, რომ ეს სერიოზული საკითხია, ამიტომ გონივრულად უნდა მიუდგეთ. გამორიცხული არ არის რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ კვირაში დასვენება და საქმისადმი დაუდევარი დამოკიდებულება უნდა დაივიწყოთ. იმდენი დავალება გელით, რომ სამსახურში გვიანობამდე დარჩენა, ზოგ შემთხვევაში კი სახლში მუშაობაც მოგიწევთ. ოჯახურ ცხოვრებაშიც მცირე სირთულეებია, ასე რომ „ყველა ფრონტზე ომი“ ერთდროულად მოგიწევთ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way