USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 13 იანვარი?
Date:  2051

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დროა, საკუთარი გეგმებისა და ოცნებების განხორციელება დაიწყოთ. გამორიცხული არ არის, საკუთარი წარსულიდან ვიღაც მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ ან გაწყვეტილი კავშირები აღადგინოთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რთულ ვითარებაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ. თქვენი ენერგიის, შეუპოვრობისა და მონდომების წყალობით ბევრი ოჯახური პრობლემა მოგვარდება.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ზოგი თქვენი წამოწყება ან იდეა ჩიხში აღმოჩნდება ან, უბრალოდ, დასრულდება. ამაზე არ უნდა ინერვიულოთ - ამ გზით ვარსკვლავები სწორ გზას გაჩვენებენ და შეცდომებისგან გიცავენ. თუ კითხვებზე პასუხებს ეძებთ, დღეს ამისთვის არახელსაყრელი დღეა. ცოტა ხანს მოცდა მოგიწევთ. სავარაუდოდ, ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც მომავალში ბევრს ისწავლით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მთელ დღეს ქაოსური მოვლენების შუაგულში ატარებთ და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ. სტრესული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, დაისვენოთ და თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებში არ ჩაერიოთ. უბრალოდ, დამკვირვებლის პოზიცია დაიკავეთ და ნახეთ, სად მიგიყვანთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

შეგიძლიათ, საკუთარი კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შეაქოთ, დაისვენოთ და მიღებული შედეგებით ისიამოვნოთ. ამ დღეს დაწყებული პროექტი ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება, ამიტომ მისი დაწყება რამდენიმე დღე უნდა გადადოთ. იფიქრეთ თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე და განთავისუფლდით ყველაფრისგან, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ნაყოფიერი დღეა, რომელსაც თქვენი მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, სერიოზული შედეგები მოჰყვება. ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ. ეცადეთ, აქტიურობა შეამციროთ და მეტი დაისვენოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ხელსაყრელი დღეა პირადი ცხოვრების პრობლემების მოსაგვარებლად. გირჩევთ, ეჭვით შეხედოთ შეთავაზებას, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ - დიდი ალბათობით, ეს უიმედო საქმეა. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას, რაც თქვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, თქვენთვის მით უფრო უკეთესი იქნება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დამღლელი კვირის შემდეგ თავს უენერგიოდ გრძნობთ და დაწყებული საქმის დასრულება გიჭირთ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სამწუხარო გაუგებრობა, ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, ეს დღე განმარტოებით, სიმშვიდეში გაატაროთ - ძალებსაც აღიდგენთ და კამათსაც აარიდებთ თავს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დილიდან მელანქოლიურ განწყობას ებრძვით. ნუ მისცემთ თავს წარსულში დარჩენის უფლებას. ეცადეთ, ახალი გეგმები შეადგინოთ და საკუთარი ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იაროთ. პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები შეიძლება გულწრფელი საუბრით და სადავო საკითხების განხილვით მოაგვაროთ. გირჩევთ, იმედი არ გაუცრუოთ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღის ემოციური ფონი ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისკენ გიბიძგებთ. ეცადეთ, კარგად გაიაზროთ ამა თუ იმ ქმედების აუცილებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოთ. პატივი ეცით საყვარელი ადამიანის სურვილებს და გადაწყვეტილებებს. დღის განმავლობაში უსიამოვნო შემთხვევებისგან შინაგანი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია დაგიცავთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გირჩევთ, ეს დღე ოჯახს და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას დაუთმოთ. ახალი ან მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას მოერიდეთ და ვალდებულებების შესრულება სამომავლოდ გადადეთ. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით. ეცადეთ პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ყველაზე მეტად კამათში ჩართვას და საკუთარი სიმართლის მტკიცებას უნდა მოერიდოთ. ურთიერთობა მხოლოდ მაშინ გაუმჯობესდება, თუ ნაკლებს ისაუბრებთ და საყვარელი ადამიანების სურვილებს მეტად მოუსმენთ. დროა თქვენს ყოფაში ჯანსაღი ცხოვრების წესი დანერგოთ და ფიზიკური მდგომარეობა გაიძლიეროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

შოპინგი იმედებს გაგიცრუებთ, ამიტომ სასურველია, რომ ეს დღე მაღაზიებისგან მოშორებით გაატაროთ. შეგიძლიათ ამ დღეს პროფესიული პრობლემები დროებით დაივიწყოთ და მთელი დრო საკუთარ თავს მიუძღვნათ. შესაძლოა, ბრწყინვალე იდეა მოგივიდეთ, რომელიც დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way