USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 10 მაისი?
Date:  8498

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

შესაძლოა, ამ დღეს მიიღოთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. გამორიცხული არ არის, რომ ზოგმა პასუხმა გაგაბრაზოთ, მაგრამ ეცადეთ, დადებით თემებზე იფიქროთ და სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტოთ. დროა, პირად ურთიერთობებში საკუთარი ქცევა შეცვალოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მთელ დღეს ახლობლებზე ფიქრსა და ზრუნვაში გაატარებთ. დატვირთული მუშაობის გამო, ადამიანებს საკუთარი სიტყვების ან მოქმედების განმარტებისთვის დრო არ ჰყოფნით, რაც შეიძლება წყენისა და ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდეს. გირჩევთ საღამო ოჯახურ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დღის პირველ ნახევარში ემოციების კონტროლი გიჭირთ, ამიტომ ნათესავებთან და კოლეგებთან კამათი და დაპირისპირება გელით. შუადღის შემდეგ ვითარება შეიცვლება. საღამომდე საქმიანი მოლაპარაკებების ჩატარებას და პარტნიორებისგან მოგებიანი შეთავაზების მიღებას შეძლებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

რთული კვირის შემდეგ დაიმსახურეთ, რომ დრო მხიარულად გაატაროთ. გაახალისეთ საკუთარი თავი და გარშემომყოფები, დაუკავშირდით ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებს და სასარგებლო საქმეები აკეთეთ. ეს თვითშეფასებას აგიმაღლებთ და თავდაჯერებას შეგმატებთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - მიირთვით მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტები და რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შესაძლოა, ისეთი საქმეებით ან სფეროებით დაინტერესდეთ, რომლებზეც აქამდე არ გიფიქრიათ. სიამოვნების გარდა, ამან შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ ან თქვენი საყვარელი ჰობი გახდეს. ეს დღე დაგეხმარებათ რთულ კითხვებზე პასუხები იპოვოთ, რომლებიც თქვენდა გასაოცრად, ძალიან მარტივი და მოულოდნელი იქნება.

 ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

აქტიურობისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ შეჩერდეთ და გარშემო მიმოიხედოთ. კარგი იქნება თუ გარშემო მყოფი ადამიანების გრძნობებსა და სურვილებს მეტ ყურადღებას მიაქცევთ. მოერიდეთ სხვის ემოციებზე ხუმრობას და კრიტიკულ შენიშვნებს. გირჩევთ საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმოთ - ეს ენერგეტიკულ ბალანსს აღადგენს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე დასვენებისა და ჯანმრთელობის გაკაჟებას დაუთმოთ. თქვენს სხეულს სუფთა ჰაერზე სეირნობა და ვარჯიში სჭირდება. არც დაბალანსებული კვება და იმუნიტეტის ასამაღლებელი ვიტამინები დაივიწყოთ. გირჩევთ, საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დღის პირველ ნახევარში ყურადღების მოკრეფა და სამუშაო რიტმში შესვლა გიჭირთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები საღამოსთვის უნდა გადაიტანოთ. ეცადეთ დაასრულოთ საქმე, რომლის დასრულებასაც გამუდმებით აჭიანურებთ. ნებისმიერი წვრილმანი ყურადღებას გიფანტავთ, ამიტომ მხოლოდ მთავარ მიზანზე უნდა იფიქროთ.

 მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, ამიტომ უნდა აჩქარდეთ, რომ ყველაფერი დროულად მოასწროთ. თვალი ადევნეთ ვითარებების სწრაფ ცვლილებას და არაფერი გამოგეპაროთ. ეცადეთ, დამხმარეები იპოვოთ და სამუშაოს ნაწილი მათ გადასცეთ.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მოემზადეთ იმისთვის, რომ მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემა საქმის დროულად დასრულების საშუალებას არ მოგცემთ. თუმცა, დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ რთულ და სასწრაფოდ შესასრულებელ ამოცანებთან გამკლავებას ადვილად შეძლებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეცადეთ, ადამიანებთან ურთიერთობის დროს პოზიტიური და მეგობრული იყოთ. სხვებთან ურთიერთობისას. ემოციური დონე ჩვეულზე მაღალია, ამიტომ შეიძლება ნებისმიერ წვრილმანზე სკანდალი მოაწყოთ. საღამოს სპორტდარბაზში ვარჯიში ხალისს და კარგ განწყობას დაგიბრუნებთ. მოერიდეთ ისეთი დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულებასაც ვერ შეძლებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შუადღისთვის გადაიტანეთ. სწრაფი რეაქცია უსიამოვნო სიტუაციების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს შეიძლება დაინახოთ პრობლემა, რომელიც დიდ ენერგიას გართმევთ და აღმოფხვრათ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way