USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
აშშ-ს საელჩო განმარტავს, რომ საიმიგრაციო ვიზების დაპაუზება ტურისტულ ვიზებს არ ეხება
თარიღი:  215

ამერის შეერთებული შტატების საელჩო საიმიგრაციო ვიზების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ.

უწყების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი.

2026 წლის 21 იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტი დროებით აჩერებს ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემას შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის:

ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაბო ვერდე, კოლუმბია, კოტ დივუარი, კუბა, კონგოს რესპუბლიკა, დომინიკის თანამეგობრობა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის საელჩო ასევე აქვეყნებს ხშირად დასმულ შეკითხვებს და შესაბამის პასუხებს.

„ხშირად დასმული შეკითხვები:

რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს?

საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები არიან, შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში ამ მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა.
არსებობს თუ არა გამონაკლისები?

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიაში არ შედის, ეს პაუზა არ გავრცელდება.

ექნება თუ არა გავლენა ამ პაუზას ჩემს ამჟამად მოქმედ ვიზაზე?

არა. ამ მითითების ფარგლებში არც ერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა. შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებული შეკითხვებით, გთხოვთ, მიმართოთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS).

ეს პაუზა ვრცელდება თუ არა ტურისტულ ვიზებზე?

არა. ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია“, - განმარტავს საელჩო.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის