USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
აშშ მზადაა, უკრაინას ATACMS-ის რაკეტები აპრილის ბოლომდე გადასცეს
თარიღი:  478

უკრაინამ, შესაძლოა, შეერთებული შტატებისგან იარაღის ახალი პარტია კვირის ბოლომდე მიიღოს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ უორნერმა განაცხადა.

უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა და დასამტკიცებლად სენატს გადაუგზავნა, შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებსაც მოიცავს, რომელსაც შეუძლია, სამიზნეს 300 კილომეტრამდე მანძილზე დაარტყას.

„იარაღი გაიგზავნება როგორც კი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს კანონპროექტს", - აღნიშნა უორნერმა.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, Atlantic Council-ის მკვლევარი, პიტერ დიკინსონი აცხადებს, რომ ATACMS-ის რაკეტები უკრაინას საშუალებას მისცემს, სამიზნეებზე დარტყმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყველა რეგიონში განახორციელოს.

სხვა ანალიტიკოსების აზრით, ATACMS-ის რაკეტები განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი სამიზნეების წინააღმდეგ, როგორიცაა თვითმფრინავები აეროდრომებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ლოგისტიკური ცენტრები.

ანალიტიკოსების აზრით, კიევის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ახალი პარტიების მიღებამ, შესაძლოა, რუსეთის სარდლობა აიძულოს, ბაზები და სამეთაურო პუნქტები ფრონტის ხაზიდან გადაიტანოს, რაც, თავის მხრივ, შეასუსტებს ოკუპირებული ტერიტორიების თავდაცვას.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის