USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
Carnegie Europe» (აშშ//ბელგია): „საქართველოს ორბანიზაცია: ქვეყნის მმართველი პარტია ვიქტორ ორბანისა და რეჯეფ ერდოღანის სტრატეგიას იმეორებს“
თარიღი:  509

აშშ-ის საექსპერტო-ანალიტიკური ცენტრის - „კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის“ (Carnegie Endowment for International Peace) ევროპულმა ფილიალმა „კარნეგი-ევროპამ“ (Carnegie-Europe) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თომას დე ვაალის სტატია სათაურით „საქართველოს ორბანიზაცია: ქვეყნის მმართველი პარტია ვიქტორ ორბანისა და რეჯეფ ერდოღანის სტრატეგიას იმეორებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოში ცხელი ზაფხულია, თუმცა შემოდგომაც მალე დადგება და  დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისიც ისევ გაგრძელდება.

2023 წლის ბოლოსათვის ევროკავშირმა უნდა დაადგინოს - შეასრულა თუ არა საქართველომ 12 საკვანძო მოთხოვნა წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. თუ ევროკავშირი ჩათვლის, რომ შეასრულა, მაშინ თბილისი კიევისა და კიშინიოვის გვერდით დადგება.

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, როცა საქართველოზე ამბობდნენ - „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ხუთეულში თბილისს ევროინტეგრაციის ყველაზე მეტი შანსი აქვს და ყველაზე ახლოს დგას ევროკავშირთან, მათ შორის, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებითაცო. საქართველოში ევროკავშირისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერა დღესაც ძალიან მაღალია, მაგრამ შეშფოთებას იწვევს დემოკრატიიდან უკანდახევის ტენდენცია. იმის ნაცვლად, რომ ოფლი მოსდიოდეთ ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად, ქართველი ოფიციალური პირები კატეგორიულად აცხადებენ, რომ საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირში მიღების უფლება და რომ პროცესი ხელოვნურად ბრკოლდება. ამ დროს კი მმართველი პარტია ანტილიბერალურ პოლიტიკას აძლიერებს, აფართოებს პოლიტიკურ კონტროლს სასამართლო ორგანოებზე და კულტურის სფეროს რიგ დაწესებულებებზე, ზღუდავს ადამიანის უფლებებს... დასავლეთის დედაქალაქებს არ მოსწონთ აგრეთვე საქართველოს მიერ ჩინეთთან დადებული შეთანხმება სტრატეგიულ თანამშრომლობაზე... მაგრამ შეშფოთების ყველაზე მთავარ წყაროდ მაინც რჩება ის, თუ რა აქვს ჩაფიქრებული საქართველოს ხელმძღვანელობას რუსეთთან მიმართებით.

საერთაშორისო კოლექტიურ პოზიციების დაფიქსირების დროს, მაგალითად, გაეროსა და სხვა ორგანიზაციების რეზოლუციებში, თბილისი გმობს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიას. საქართველო იცავს (თუმცა ზოგიერთი შესწორებით) დასავლურ ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც მის მეზობლებზე - თურქეთზე, აზერბაიჯანზე და სომხეთზე - არ ვრცელდება... მაგრამ იმავდროულად პრემიერ-მინისტრ ირაკლი რარიბაშვილს, როგორც ჩანს, პათოლოგიურად ეშინია სიტყვების „უკრაინის“, „ზელენსკისა“ და „პუტინის“ წარმოთქმა. იგი იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს უკრაინისადმი უფრო აქტიური დახმარებისაკენ მოუწოდებენ, ბრალს სდებს იმაში, რომ ისინი „ომის მომხრეები“ არიან და აცხადებს, რომ რუსეთთან ვაჭრობის შეზღუდვა „საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს“.

უფრო მეტიც შეიძლება ითქვას: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე ათი ათასობით რუსეთის რიგითი მოქალაქე შეუშვა, თბილისმა იმავდროულად საზღვარზე გადმოსვლა აუკრძალა ვლადიმერ პუტინის რეჟიმის კრიტიკოსებს... და ამ დროს საქართველო ნებას აძლევს რუსეთის ავიაკომპანიებს ავიამიმოსვლის განახლებაზე და რუს მოქალაქეებს ევროპაში გადაყვანას სთავაზობს.

რამდენად შორს წავა „რუსეთთან ცეკვა“ და რა დგას მის უკან?

გარდაუვლად ჩნდება ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, კრემლთან რარაც გარკვეულ გარიგებას დებს. ვიმეორებ, ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ... ბიძინა ივანიშვილი ძალიან იდუმალ ფიგურას წარმოადგენს, რომელმაც სიმდიდრე რუსეთში დააგროვა, 1990-იან წლებში, შემდეგ კი, უკვე პრემიერობის ჟამს, 2014 წელს, ხელი შეუწყო საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირში - ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით. როგორც პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, პრობლემა ის კი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი პრორუსი პიროვნებაა, არამედ იმაში, რომ ის რუსეთში მოღვაწეობდა და ფაქტიურად რუსი გახდა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ ლიდერს მენტალიტეტი რუსეთში ჩამოუყალიბდა და შესაბამისად, ქართული მმართველი ელიტა რუსული ბიზნესის წესებით მოქმედებს - როგორც ამბობენ, მაფიოზური ტრადიციებით და არა ევროპული პრინციპებით.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმის ალბათობას, რომ რუსეთთან ივანიშვილს ფართო კავშირები შეიძლება მართლაც აღარ აქვს, უფრო საინტერესო იქნება ყურადღება მივაქციოთ  თბილისის იმ კავშირებს ერთ-ერთ უცხოელ პარტნიორთან, რომლებიც მართლაც ღია სახით და ოფიციალურად არსებობენ - ვიქტორ ორბანის უნგრეთთან.

თბილისისა და ბუდაპეშტის ინტერესები

ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში იმყოფებოდა, პრემიერ ვიქტორ ორბანის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კონსერვატიულ პოლიტიკურ ფასეულობებს მიეძღვნა. ამბობენ, რომ უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანი საქართველოსთვის მთავარ ევროპელ მეგობრად ითვლება. კონფერენციაზე გაიჟღერა ფრაზებმა, რომ „ჩვენი იარაღი ტრადიციული ქრისტიანული, კონსერვატიული და საოჯახო ფასეულობებია“ და რომ „ლგბტ-საზოგადოების პროპაგანდა „ცრუ თავისუფლებას“ წარმოადგენს“.

აი, თურმე სწორედ ასეთი ევროპისაკენ მიისწრაფვის საქართველო. მისი მთავარი მოკავშირე ვიქტორ ორბანია, მაგრამ არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ თბილისის მიმართ დადებითი განწყობა აქვს და მის გულშემატკივრად ითვლება ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი ოლივერ ვარხელი - უნგრეთის წარმომადგენელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უნგრეთს უკრაინასთან მიმართებით პრობლემები აქვს, მაშინ, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მიუცემლობის შემთხვევაში, ამ ადამიანებს შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირს ორმაგი სტანდარტები აქვს: უკრაინას სტატუსს ანიჭებენ, საქართველოს კი არა.

ერთვება რა ვიქტორ ორბანისეულ კულტურულ ომში, ქართული ელიტა ერთიანდება ორ ავტორიტარულ მთავრობასთან, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით მსგავს თამაშში არიან ჩაბმულნი - აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლებთან. რეჯეფ ერდოღანი და ილჰამ ალიევი ერთნაირად ამხელენ ჯორჯ სოროსის „მსოფლიო შეთქმულებას“, დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს და „ლგბტ“ აქტივისტებს, რათა ქვეყანაში თავიანთი მკაცრი მმართველობა გაამართლონ.

ვიქტორ ორბანი და რეჯეფ ერდოღანი, რომლებიც ერთმანეთს ამას წინათ ბუდაპეშტში შეხვდნენ (თურქეთის ლიდერის ოფიციალური ვიზიტის დროს), მაგალითს აძლევენ და სტრატეგიას უზიარებენ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური ალიანსის წარმატებით განადგურების საქმეში. მთავარ იარაღს სიტუაციის პოლარიზება წარმოადგენს: თქვენ ეუბნებით ამომრჩეველს, რომ სტაბილურობისა და წესიერების ბასტიონს წარმოადგენთ, ოპოზიცია კი, რომელიც უცხოეთის გლობალისტურ და გადაგვარებულ ძალებთან არის დაკავშირებული, სწორედ ასეთ სტაბილურობას ემუქრება.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზების პროცესის ერთ-ერთ მოქმედ მხარედ მოიაზრება ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია და მკურნალობს. გამოკითხვების მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პოპულარობა მცირდება, მმართველ პარტიას მაინც იმედი აქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრძოლას მოუგებს (აქვე უნდა ვთქვათ, რომ ვიქტორ ორბანის კავშირები საქართველოსთან ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, როცა იგი 2012 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. უნგრელმა ლიდერმა მონაწილეობა მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 27 სექტემბერს ქუთაისში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგში, სიტყვითაც გამოვიდა და „ნაციონალებს“ მხარი დაუჭირა. დღეს მიხეილ სააკაშვილი, ალბათ, ბრაზით არის შეპყრობილი, ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთმანეთთან დაახლოების გამო).

სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ მოწოდებები ქართველი ამომრჩევლის ძირითად ნაწილს მოსწონს (ისინი ქუჩაში ევროპისა და უკრაინის დროშებით არ დადიან). გარდა ამისა, არალიბერალურ და „ლგბტ“-საზოგადოების წინააღმდეგ შექმნილ ნეგატიურ ფონს ხელს უწყობს მძლავრი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალრიცხოვანი მრევლიც.  მოწოდებები „მშვიდობის დაცვაზე“ განსაკუთრებით მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეშინიათ, რომ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში არ იქნეს ჩათრეული. ამას წინათ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ ქართველთა 55%-ს სურს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება (ან დღევანდელ დონეზე დარჩენა მაინც).

კანდიდატის სტატუსი: მიიღებს თუ არ მიიღებს?

ამრიგად, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს? დღევანდელი მდგომარეობით ისე ჩანს, რომ გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მიღებული. 12-პუნქტიანი მოთხოვნიდან ზოგიერთი (დეპოლიარიზაცია და დეოლიგარქიზაცია) დიდ სტრუქტურულ პრობლემებთანაა დაკავშირებული და ბრიუსელის მხრიდან დამატებით გადაწყვეტილებას ითხოვს. საქარტველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი თვლის, რომ ქვეყანამ, ბოლოსდაბოლოს, სტატუსი უნდა მიიღოს - იმის მიუხედავად, რომ ეს მთავრობის გამარჯვება იქნება. მათი აზრით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირს მეტ ბერკეტებს მისცემს რეაგირება მოახდინოს ქვეყნის ხელისუფლების მიერ დემოკრატიისაგან უკანდახევაზე. თუ ევროკავშირი საქართველოს უარს ეტყვის, მაშინ ამით საქართველოს ევროპული პერსპექტივა უფრო შორს გადაიწევს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას ისეთი შინაარსი უნდა ჰქონდეს, რომ ყველამ დაინახოს - ის არის არჩევანი ღრმა პარტნიორობის სასარგებლოდ მთლიან ქართულ საზოგადოებასთან და არა მხოლოდ მთავრობასთან, რომელიც, მიმდინარე პროგნოზების მიხედვით, უახლოეს პერიოდში ხელისუფლებას არ დათმობს.

წყარო: https://carnegieeurope.eu/strategiceurope/90465

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის