USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Тбилиси
არძინბა - აფხაზეთი შესაძლოა, გეოპოლიტიკის მიღმა აღმოჩნდეს
дата:  904

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ინალ არძინბამ რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„დღეს მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 2,5 მილიარდი დოლარია. რამდენი იქნება ხვალ, საჰაერო მიმოსვლის ამოქმედებისა და უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით? ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენზე და ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოვჩნდებით გეოპოლიტიკის მიღმა”, - განაცხადა არძინბამ გულრიფშის რაიონის აქტივისტებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, რუსეთში არსებული ქართული დიასპორა აქტიურად მუშაობს რუსეთში საქართველოს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გასაძლიერებლად.

„ეს შეჯიბრი არ უნდა წავაგოთ. ამისათვის საჭიროა ეფექტურად, ჰარმონიულად და დინამიკურად მუშაობა. ჩვენ არ გვაქვს დაბალი კონკურენტუნარიანობის უფლება. კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ისტორიულ გზაჯვარედინზე. დღეს ჩვენ ვწყვეტთ, როგორი იქნება ჩვენი სახელმწიფო ხვალ“, - აღნიშნა არძინბამ.

მანვე კომენტარი გააკეთა ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თემაზე. მისი თქმით, „საკითხის განხილვის საინფორმაციო მხარდაჭერამ“ დააზარალა აფხაზურ-რუსული დიალოგი. რუსეთი კი, მისი თქმით, არის „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვი“.

„თუ რუსეთთან ურთიერთობას დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას“, - აღნიშნა მან.

როგორც არძინბამ განაცხადა, აფხაზეთმა ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე უნდა იფიქროს. ის ამ საკითხში ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის.

Тбилиси
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

более
голосование
Кстати