USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
აპრილის ტრაგედიის ქრონიკები
თარიღი:  454

9 აპრილის ტრაგედია — 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

საპროტესტო გამოსვლები

ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში 1988 წლის ნოემბრისთვის გააქტიურდა, როდესაც სსრკ-ში დღის წესრიგში დადგა მოკავშირე რესპუბლიკებისათვის თვითგამორკვევისა და აქედან გამომდინარე სუვერენიტეტის ხელყოფის საკითხი. იმ დროს დემონსტრაციებმა ბალტიისპირეთის რესპუბლიკები მოიცვა, გამონაკლისი არც საქართველო იყო. 5-29 ნოემბერს თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები.

1989 წლის 18 მარტს აფხაზეთში ჩატარდა 30 ათას კაციანი ლიხნის კრება, რომელზეც ხელი მოეწერა ე. წ. ლიხნის მიმართვას. დეკლარაციის მთავარი მესიჯი იყო აფხაზეთის ასსრ-ის საქართველოსგან გამოყოფა და მისთვის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა. სეპარატისტულ დოკუმენტს ერთ-ერთი პირველი ავტონომიური რესპუბლიკის კომპარტიის პირველი მდივანი ბ. ადლეიბა აწერდა ხელს.

24 მარტს ლიხნის მიმართვა ერთროულად გამოქვეყნდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, მათ შორის „სოვეტსკაია აბხაზიაში“. სწორედ ამ დღიდან იწყება საპროტესტო გამოსვლები ჯერ აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქში, ხოლო შემდეგ — თბილისში.

25 მარტი

სოხუმში ლიხნის მიმართვის საპირწონედ ქართულმა პატრიოტულმა ძალებმა მოაწყვეს მრავალათასიანი მიტინგი, რითაც უჩვენეს აფხაზ სეპარატისტებს ერთობის ძალა. ეს მიტინგი, ქართველ პატრიოტთა მიერ, უშუალოდ მერაბ კოსტავას ინიციატივით დაიგეგმა. მასში აქტიურად მონაწილეობდნენ: ზურაბ ჭავჭავაძე, თამარ ჩხეიძე, ჯუმბერ კოპალიანი, ვოვა ვეკუა, სოსო ადამია და ა.შ.

გალში ჩატარდა 12 ათასიანი მიტინგი.

თბილისში ვაკის პარკში გაიმართა დიდი მიტინგი, რომელიც გაიმართა აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. მიტინგს დაესწრო 20 ათასამდე ადამიანი. მომიტინგეები ითხოვდნენ აფხაზეთის ისტორიის პირუთვნელი და ობიექტური გაშუქება, ხოლო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მოსთხოვეს მკაცრი ღონისძიებების გატარება აფხაზი სეპარატისტების ქმედებების აღსაკვეთად. ღონისძიების დამთავრების შემდეგ მონაწილეთა დიდი უმრავლესობა დაიძრა ჭავჭავაძის გამზირით მთავრობის სასახლისაკენ, სადაც კვლავ გაიმართა მიტინგი (ამჯერად ლიტვისადმის სოლიდარობის გამოსახატავად).

26 მარტი

თბილისში ისევე როგოც მთელ კავშირში მიმდინარეობდა სსრ კავშირის XII მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. არჩევნების დროს საქართველოს ცენტრალური მთავრობა მიტინგის ორგანიზატორებს დაჟინებით თხოვდა დემონსტრაციებისაგან თავის შეკავებას.

27 მარტი

თბილისში საქართველოს კომპარტიის ცეკას ბიურომ სპეციალური სხდომა მიუძღვნა აფხაზეთში მომხდარი ამბების განხილვას. თუმცა უკვე ცნობილი იყო, რომ ლიხნის მიმართვას ხელი მოაწერეს აფხაზმა ოფიციალურმა ხელმძღვანელებმაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიუროს წევრებმა ჯერ-ჯერობით მაინც ვერ გაბედეს მათ მიმართორგანიზაციული სადამსჯელო ზომების გატარება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გამართულ მიტინგზე ირაკლი წერეთელმა გამოაცხადა თავისი პარტიის (სედპ) შექმნა. წაიკითხა შესაბამისი პროგრამა და წესდება, რომელშიც მთავარ მიზნად ცხადდებოდა „საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, საქართველოს გამოსვლა სსრ კავშირის შემადგენლობიდან, კომპარტიის დათხოვნა და საქართველოს ტერიტორიაზე გაეროს ჯარების შემოყვანა“.

28 მარტი

გაგრაში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, რომელიც გადაიზარდა ერთაშორის ნიადაგზე მომხდარ შეტაკებად.

29 მარტი

თბილისში საქართველოს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციის გულის მოსაგებად პრეზიდიუმის თავჯდომარის პოსტიდან გაანთავისუფლეს საზოგადოების თვალში სახელგატეხილი პავლე გილაშვილი, რომელიც შეცვალა ოთარ ჩერქეზიამ. სესიაზე ასევე ისაუბრეს და განიხილეს აფხაზეთის საკითხიც. სიტყვით გამოსული იყო ჯ. პატიაშვილი.

30 მარტი

სოხუმში ჩავიდნენ ჯ. პატიაშვილი, გ. ანჩაბაძე, ბ. ნიკოლსკი, ნ. ფოფხაძე და ო. ჩერქეზია.

31 მარტი

სოხუმში თბილისიდან საქართველოს შს მინისტრის შ. გორგოძეს ორგანიზებით გადაყვანილ იქნა თბილისის მილიციის 200 კაციანი ბატალიონი და თბილისის სასწავლო პოლკი — 400 კაცის ოდენობით.

1 აპრილი

დაბა ლესელიძეში „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ აქტივისტებმა ლიხნის კრების საპროტესტოდ ჩაატარეს ანტიიმპერიალისტური მიტინგი, რომლის მონაწილეთა ერთი ჯგუფი — მგზავრებით დატვირთული ორი სამგზავრო ავტობუსი დარბეულ იქნა აფხაზთა ეგზალტირებული მასის მიერ ბზიფსა და ახალ ათონთან, იყვნენ დაჭრილებიც — დაშავდა 10 ადამიანი. პროტესტის ნიშნად სოხუმის ქართველი სტუდენტობა მომხდარის გამო 3 აპრილის ლექციებზე არ გამოცხადდა.

სოხუმში ჩაფრინდა ჯ. პატიაშვილი, რომელიც შეხვდა აფხაზ ინტელიგენციას, სტუდენტებსა და უხუცესებს. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოლაპარაკებების გზით შესძლო სოხუმში ვითარების სტაბილიზაცია. დასასრულ აფხაზეთში დატოვა საქართველოს შსს მინისტრი შოთა გორგოძე და ქართული მილიციის თითქმის მთელი შემადგენლობა, ხოლო ხელმძღვანელობა დაბრუნდა უკან თბილისში.

თბილისში დაბრუნებულ პატიაშვილს შეატყობინეს, რომ ცენტრალური კომიტეტიდან სიტუაციის უკეთ შესასწავლად ხუთკაციანი ჯგუფი გამოემზავრა, ამის პარალელურად ტელეფონით გრამოვმა დარეკა და ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, საქართველოში ჩამოსვლა და ბაკურიანის მონახულება მოითხოვა.

2 აპრილი

სოხუმში გაიმართა ქართული მოსახლეობის მიტინგები და მანიფესტაციები, რამაც შექმნა სიტუაციის უკიდურესად ესკალაციისა და გარკვეულწილად მისი უმართაობის საფრთხე. ამ ვითარებაში საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ მიზანშეწონილად მიიჩნია საპროტესტო აქციების აფხაზეთიდან დედაქალაქში გადატანა. ასე დაიწყო თბილისის 1989 წლის 4-9 აპრილის აქცია. იგი აფხაზეთის კრიზისზე სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი რეაქციის დაფიქსირებით დაიწყო, მალე გადაიზარდა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და დეოკუპაციის მოთხოვნის მქონე საპროტესტო მოძრაობად.

3 აპრილი

თბილისში ცენტრალურ კომიტეტში გაიმართა თათბირი რესპუბლიკის იდეოლოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელთა და პარტორგანიზაციების მდივანთა მონაწილეობით. განიხილეს აფხაზეთში მომხდარი უკანასკნელი ამბების შესაბამისად იდეურ-აღმზრდელობითი მუშაობის გაძლიერების საკითხები. თათბირზე სიტყვით გამოვიდა ჯ. პატიაშვილი[. 22:00 საათზე ცკ-ს შენობაში გაიმართა შეხვედრა ჯ. პატიაშვილსა, ზ. გამსახურდიასა, მ. კოსტავასა და ნ. ჭავჭავაძეს შორის. შეხვედრისას ჯ. პატიაშვილმა პირობა დადო, რომ მშვიდობიანად მოაგვარებდა აფხაზეთში არსებულ პრობლემას, მანამდე კი მომიტინგეებს უნდა შეეწყვიტათ შიმშილობა. შეხვედრა თანხმობით დასრულდა.

4 აპრილი

თბილისში 15:00 საათზე სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე, ამავე სასწავლებლის „პრესკლუბის“ ორგანიზებით გაიმართა სტუდენტი ახალგაზრდობის ორი ათას კაციანი მიტინგი. მიტინგზე სიტყვით გამოვიდა ზ. გამსახურდია, რომელმაც „აფხაზეთის საკითხთან“ დაკავშირებით მოუწოდა დამსწრეებს, რომ ხელი შეეწყოთ რესპუბლიკაში მასობრივი გაფიცვებისა და მანიფესტაციების გამართვისათვის. ზ. ჭავჭავაძე, რომელიც ასევე სიტყვით გამოვიდა მომიტინგეებს მოუწოდა დაძრულიყვნენ მთავრობის სასახლისაკენ. წინადადებას ყველამ დაუჭირა მხარი და ისინი ვარაზისხევის გავლით დაიძრნენ მთავრობის სასახლისკენ.

ამავე დღეს, საღამოს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგა კიდევ ერთი მიტინგი, რომელმაც მიიღო რეზოლუცია აფხაზეთის ასსრ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მთავრობისადმი ეროვნული დაუმორჩილებლობის, საქართველოს დროებითი მთავრობის შექმნის, საქართველოში ავტონომიურ ფორმირებათა გაუქმების შესახებ. მიტინგზე მონაწილეობდნენ: ა. ბაქრაძე, მ. მაჭავარიანი, რ. ჩხეიძე, გ. ფანჯიკიძე, მ. ლორთქიფანიძე, ჯ. ჩარკვიანი და ლ. ალექსიძე. დასასრულ მუხრან მაჭავარიანს საქართველოს სამფეროვანი დროშა საზეიმოდ გადასცეს.

იმ დღეებში იმართებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, სადაც თბილისის „დინამო“ ხარკოვის „მეტალისტს“ მასპინძლობდა (დასაწყისი 19:00 საათზე). მატჩის დასრულების შემდეგ ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა გულშემატკივრებს მიმართეს, შეერთებოდნენ აქციას და სტადიონიდან 15 ათასი ადამიანი რუსთაველისკენ დაიძრა. მუხრან მაჭავარიანი საქართველოს სამფეროვანი დროშით ხელში შეუერთდა კიდეც სტადიონიდან წამოსულ ფეხბურთის გულშემატკივრებს.

დღის ბოლოს, მთავრობის სასახლის წინ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ორგანიზებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მიტინგი შედგა. იგი დამთავრდა მეორე დილის 5 საათისათვის, როცა ახალგაზრდობის ერთმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა.

აქციების დაწყებიდან თბილისში მოსკოვიდან ალფას დანიშნულების 100 კაციანი რაზმი გადმოისროლეს. იგეგმებოდა აცქიის დაშლა. საქართველოს მთავრობასა და სამხედროებს შორის იყო შეთანხმება იმაზე, რომ აქცია მართალია ტრამვებით, მაგრამ უსისხლოდ დაიშლებოდა.

5 აპრილი

სოხუმში ჩატარდა პარტიულ-სამეურნეო აქტივის თათბირი, რმელზედაც გადაწყდა „მტკიცე“ ორგანიზაციული ღონისძიებებისა და იდეოლოგიურ-განმარტებითი მუშაობის გაძლიერებით აღედგინათ ჯანსაღი ურთიერთობანი ქართველებსა და აფხაზებს შორის[17].

თბილისში მიტინგი მთავრობის სასახლის წინ მიჰყავდა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას“. მომიტინგეთა რიცხოვნობაც შედარებით მცირე იყო — რამდენიმე ათასი.

6 აპრილი

სოხუმში თბილისიდან დილით ჩაფრინდა ჯ. პატიაშვილი, სადაც მოწვეულ იქნა აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პლენუმი. ბიუროს სხდომაზე დაისვა ბ. ადლეიბას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და მის მაგივრად რეკომენდაცია ვ. ხიშბას გაეწია. ადლეიბას გარდა მისი ბედი გაიზიარა რამდენიმე პარტიულმა და პასუხისმგებელმა მუშაკმაც.

თბილისში საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეუერთდა მომიტინგეებს. მათ შორის იყვნენ ლიდერები მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები. ამ დღეს მიტინზე აფხაზეთის პრობლემატიკამ მეორე რიგში გადაინაცვლა და მიიღო როგორც 1988 წლის ნოემბრის ანტისაბჭოთა გამოსვლების გაგრძელების ხასიათი. ორატორების გამოსვლებში ძირითადი ყურადღება ეთმობოდა პრაქტიკული ზომების მიღებას იმისათვის, რომ საქართველოს სსრ გამოსულიყო სსრ კავშირის შემადგენლობიდან. მიტინგმა ნელნელა მიიღო ანტისაბჭოთა ხასიათი. ეს გამოიხატა მთავრობის სახლის ფასადზე გაკრული ლოზუნგებით, რომლებიც მოუწოდებდნენ კომუნისტური რეჟიმის დამხობას და სხვა. არაფორმალური გაერთიანების წარმომადგენლები დადიოდნენ საწარმოებში და ანტისაბჭოთა პროპაგანდით ხალხის გადმობირებას ცდილობდნენ. მაგალითად იყვენნ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ელვასა“ და დიმიტროვის სახელობის საავიაციო-საწარმოო გაერთიანების შრომით კოლექტივებში და შეძლეს მშრომელთა ნაწილის დაყოლიება. მიტინგზე გამოცხადდა რომ დაწყებული შიმშლობა გაგრძელდებოდა 14 აპრილამდე.

დაახლოებით 20:00 საათზე მიტინგის მონაწილეთა ორიათასიანი ჯგუფი მივიდა საქართველოს ტელევიზიასა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტის შენობასთან. წამოყებული იქნა მოთხოვნა მთავრობის სახლთან გამართული მიტინგის პირდაპირი ტრანსლიაციის შესახებ.

6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კონსტანტინ კოჩეტოვი.

7 აპრილი

თბილისში გამთენიისას ჯ. პატიაშვილი, შ. გორგოძე და ს. გოგიბერიძე სოხუმიდან ჩამოფრინდნენ, რომელთაც აეროპორტში ცკ-ს მეორე მდივანი ნიკოლსკი დახვდათ. მან პატიაშვილს მოახსენა, რომ 12 საათზე დაგეგმილი იყო პარტიული აქტივის კრება. შემუშავებული იყო გეგმა, რომელშიც გაწერილი იყო რა ქმედითი ღონისძიებები უნდა გატარებულიყო ვითარების სტაბილიზაციისათვის.

მოსკოვში სკკპ ცკ-ში, თათბირის დამთავრებისთანავე სსრკ თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა დ. იაზოვმა ზეპირი განკარგულება მისცა გენერლებს – კ. კოჩეტოვსა და ი. როდიონოვს, ჩასულიყვნენ თბილისში და ემოქმედათ ვითარების შესაბამისად, საკუთარი გადაწყვეტილებებით. 11:30 პატიაშვილს მოსკოვიდან დაუკავშირდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრი იაზოვი, რომელმაც მოახსენა, რომ 15 წუთში მოვიდოდა მისი პირველი მოადგილე კოჩეტოვი. მალე პატიაშვილის კაბინეტში საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კონსტანტინე კოჩეტოვი და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი გამოცხადდნენ. პატიაშვილმა მიმართა ორივე გენერალს, რომ ყარაბაღიდან დაებრუნებინათ საქართველოს შსს-ს ე. წ. მერვე პოლკი, რადგან თბილისი რამდენიმე ასეული მილიციელის ანაბარა იყო დარჩენილი (ქართული მილიციის დიდი ნაწილი აფხაზეთში იყო დატოვეული ლიხნის და ბზიფის მოვლენების შემდეგ). პატიაშვილს აუცილებლად მიაჩნდა, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში თბილისში წესრიგი დაემყარებინა ქართულ მილიციას. აღნიშნულის თაობაზე მან ოფიციალურად მიმართა საკავშირო შსს-ს.

პარტაქტივის კრება დილის 12:00 საათზე დაიწყო. კრებას ოთხასამდე პარტიული მუშაკი, ინტელიგენციისა და საზოგადოების წარმომადგენელი ესწრებოდა, ასევე კოჩეტოვი და როდიონოვი, რადგანაც კოჩეტოვი იყო ამიერკავკასიის ჯარების ყოფილი სარდალი და საქართველოს ცეკას წევრი, ხოლო როდიონოვი — ამიერკავკასიის ჯარების მოქმედი სარდალი და ბიურო სწევრი. ყველა თანხმდებოდა მთავარზე, რომ მიტინგი უნდა დაშლილიყო მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანად, ყველანაირი დარბევისა და სისიხლისღვრის გარეშე[5].

16:50 საათზე გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა მ. მოისეევმა თავდაცვის მინისტრის სახელით გასცა დირექტივა თბილისის რაიონში საპარაშუტო-სადესანტო პოლკის გაგზავნის შესახებ, უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ორგანიზაციების დასაცავად და დედაქალაქის შესასვლელ-გასასვლელი ძირითადი გზების გასაკონტროლებლად. ერთდროულად სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს თბილისის გარნიზონის სამი საჯარისო ნაწილი.

სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ი. შილოვის ბრძანებით, თბილისში ასევე გაიგზავნა შინაგანი ჯარის ქვედანაყოფები და მილიციის სპეციალური ქვედანაყოფები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, საერთო რაოდენობით 2 ათასზე მეტი ადამიანი. იმავე დღეს, საღამოს, გენერლები – კ. კოჩეტოვი და ი. როდიონოვი თბილისში შეხვდნენ საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ და მეორე მდივნებს – ჯ. პატიაშვილსა და ბ. ნიკოლსკის. ამ შეხვედრაზე საქართველოს პარტიული ხელმძღვანელები კვლავ დაბეჯითებით მოითხოვდნენ კომენდანტის საათის შემოღებას, რაზეც კოჩეტოვმა და როდიონოვმა უარი განაცხადეს, ჯარისკაცთა არასაკმარისი რაოდენობის გამო.

იმავე საღამოს თავდაცვის საბჭოს სხდომაზე გენერალმა კოჩეტოვმა კატეგორიულად მოითხოვა აქციის დაშლა. მისი თქმით „თუ 8 აპრილს აქციის დაშლა არ მოხდებოდა, მოსალოდნელი იყო ვითარების კონტროლიდან გამოსვლა და დიდი სისხლისღვრა“, ასევე „მომიტინგეების რიცხვი ღამით მცირდება და დარბევაც ღამით უნდა დავიწყოთო“.

საღამოს კინოს სახლში, სადაც საქართველოს სახალხო ფრონტის აქტივისტებთან ერთად ფართო საზოგადოებრიობა მონაწილეობდა, მიდიოდა მსჯელობა თუ როგორ გამოსულიყო საზოგადოება აღნიშნული ვითარებიდან. რ. ჩხეიძემ წამოაყენა წინადადება უმაღლეს ხელისუფალთა და მიტინგის თავკაცების შეხვედრისა (საშუამავლო ჯგუფში შედიოდნენ: ნ. ჭავჭავაძე, ა. ჯავახიშვილი, ჯ. ჩარკვიანი, მ. კოკოჩაშვილი და ე. გოგუაძე), მაგრამ უკნასკნელებმა არ ისურვეს შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. თავყრილობა კინოს სახლში 20:00-ზე დასრულდა.

მთავრობის სახლთან გამართულ მიტინგზე ამ დღეს საშუალოდ 10-20 ათასი კაცი იმყოფებოდა. მასში მონაწილეობდნენ ქალაქის საწარმოთა და დაწესებულებების, სასწავლებელთა, შემოქმედითი კავშირების, მთელი რიგი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები. მიტინგიზ ორგანიზატორთა ერთ-ერთმა ლიდერმა გაეროს, აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართა, რომ მათ სცნონ XX საუკუნის 20-იან წლებში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოყენების ფაქტი. წინა დღეებისაგან განსხვავებით, ქალაქში სტიქიურად იქმნებოდა ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებსაც მოჰქონდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშები. ისინი საკუთარი მანქანებით გადაადგილდებოდნენ თბილისის სხვადასხვა უბნებში და მოუწოდებდნენ საყოველთაო დაუმორჩილებლობისაკენ. ამ დღეს გამოცხადდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ათკაციანი ჯგუფის შიმშილობა.

20:40 საათზე საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.

ჯ. ი. პატიაშვილის დეპეშა სკკპ ცკ-ს • 07/04/1989 • შემოსული დაშიფრული დეპეშა №217/ш

თბილისიდან მიღებულია 1989 წ. 7 აპრილს 20 სთ. 40 წთ.

სკკპ ცენტრალური კომიტეტი

ბოლო დროს რესპუბლიკაში მკვეთრად გამწვავდა მდგომარეობა. ის, პრაქტიკულად, გამოდის კონტროლიდან. საბაბად იქცა აფხაზეთის ასსრ სოფ. ლიხნში ა.წ. 18 მარტს გამართული შეკრება, სადაც დაისვა საკითხი აფხაზეთის ასსრ- ის საქართველოს სსრ შემადგენლობიდან გასვლის შესახებ. მაგრამ მოვლენები გასცდა აღნიშნულ ჩარჩოებს.
ექსტრემისტული ელემენტები ამძაფრებენ ნაციონალისტურ განწყობებს, მოუწოდებენ გაფიცვებისკენ, ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისკენ, იწვევენ არეულობებს, ახდენენ პარტიული და საბჭოთა ორგანოების დისკრედიტაციას.

აუცილებლად მიგვაჩნია:
1. დაუყოვნებლივ მიეცნენ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ის ექსტრემისტები, რომლებიც გამოდიან ანტისაბჭოთა, ანტისოციალისტური, ანტიპარტიული ლოზუნგებითა და მოწოდებებით (ამის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს).
2. შსს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის დამატებითი ძალების მოზიდვით, თბილისში შემოღებულ იქნას საგანგებო მდგომარეობა (კომენდანტის საათი).
3. მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით, პარტიული, საბჭოთა და სამეურნეო აქტივის ძალებით განხორციელდეს პოლიტიკურ, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ ღონისძიებათა კომპლექსი.
4. საკავშირო და რესპუბლიკურ საინფორმაციო მასობრივ საშუალებებში არ გამოქვეყნდეს პუბლიკაციები, რომლებიც გაართულებს სიტუაციას.

გთხოვთ თანხმობას 1, 2, 4 პუნქტებზე.

სა­ქარ­თვე­ლოს კპ ცკ-ის მდივა­ნი ჯ. პა­ტიაშ­ვილი

მოსკოვში სკკპ ცკ-ში პოლიტბიუროს წევრის, სკკპ ცკ-ის მდივნის, ე. კ. ლიგაჩოვის ხელმძღვანელობით, ჩატარდა თათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრებმა: ვ. ა. მედვედევმა, ნ. ნ. სლიუნკოვმა, ვ. მ. ჩებრიკოვმა; სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატებმა: ა. ი. ლუკიანოვმა, გ. პ. რაზუმოვსკიმ, დ. ტ. იაზოვმა; სსრკ სუკ-ის თავმჯდომარე ვ. ა. კრიუჩკოვმა, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვ. პ. ტრუშინმა და სკკპ ცკ-ის აპარატის პასუხისმგებელმა მუშაკებმა. თათბირზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. აღნიშნული თათბირის მუშაობის შესახებ ოქმი არ შეუდგენიათ და მისი შედეგები დოკუმენტში დაფიქსირებული არ იყო. მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა მხოლოდ თათბირის მონაწილეთა განმარტებების მიხედვითაა შესაძლებელი. თათბირზე, ფაქტობრივად, გადაწყდა თანხმობის მიცემა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ზეპირი თხოვნების დასაკმაყოფილებლად, შინაგანი ჯარისა და საბჭოთა არმიის ქვედანაყოფების გამოყოფის შესახებ. ამის საფუძველზე გაიცა სსრკ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დირექტივა და სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანება საქართველოში შესაბამისი საჯარისო ქვედანაყოფების გასაგზავნად. რესპუბლიკის ხელმძღვანელობას წინადადება მიეცა, კოლექტიურად განეხილა შექმნილი მდგომარეობა და პოლიტიკური მეთოდებით ეპოვა გამოსავალი რთული სიტუაციიდან. იგი გაფრთხილებული იქნა უკიდურესი წინდახედულობის გამოჩენის აუცილებლობის შესახებ, რომ ჯარი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოეყენებინათ. რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ტელეფონით აცნობეს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოში გასაგზავნი ჯარის გამოსაყენებლად მან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობასთან ერთად, შექმნილი ვითარების მიხედვით უნდა მიიღოს. ამასთან, არ იყო რეკომენდებული მოცემულ მომენტში საგანგებო მდგომარეობის შემოღება და ქ. თბილისში კომენდანტის საათის გამოცხადება.

23:00 საათზე სსრკ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე მ. ს. გორბაჩოვი საზღვარგარეთ მოგზაურობიდან მოსკოვში დაბრუნდა და ინფორმირებული იქნა საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. მასთან ერთად მოსკოვში სსრკ-ის საგარეო მინისტრი ედუარდ შევარდნაძეც დაბრუნდა. აეროპორტში პრეზიდენტს მთელი პოლიტბიურო დახვდა და ქვეყანაში არებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩააბარა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. თბილისში მთავრობის სასახლის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდა. როგორც გორბაჩოვს მოახსენეს, რესპუბლიკის ხელმძღვანელი ჯუმბერ პატიაშვილი ვითარებას პრაქტიკულად ვეღარ აკონტროლებდა. მ. გორბაჩოვმა შესთავაზა იმავე ლაინერით ჩასულიყო თბილისში ვითარების გასარკვევად. შევარდნაძე-პატიავილის ტელეფონით საუბრისას გადაწყდა, რომ იმ ეტაპისთვის შევარდნაძის თბილისში ჩასვლა დამატებით დაძაბულობას გამოიწვევდა.

უკვე ცნობილი იყო, რომ დაპირისპირება აღარ განიმუხტებოდა. მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. სწორედ იმ დღეს თხოვნაზე ოპოზიციამ პატიაშვილს შეხვედროდა მათ, უპასუხა, რომ საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ისინი ილაპარაკებდნენ მხოლოდ კრემლის წარმომადგენლებთან, გაეროს სპეციალური მდივნის წარმოადგენლის მეთვალყურეობით.

დღის ბოლოს ჯ. პატიაშვილი გამოვიდა ტელევიზიით და მოუწოდა ხალხს დაშლისაკენ.

8 აპრილი

თბილისში დილით, ქალაქს დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა სამხედრო ვერტმფრენთა სამმა ესკადრილიამ, ხოლო დაახლოებით შუადღეს თბილისის ქუჩებში სამი მარშრუტით და მომიტინგეთა გვერდით ჩაიარა საბრძოლო ტექნიკამ შეიარაღებული ჯარისკაცებით. ამ აქციამ მაპროვოცირებელი როლი შეასრულა. პასუხად, მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები კანონის დარღვევის მხრივ უფრო შორს წავიდნენ. დაიწყეს სატრანსპორტო საშუალებების მიტაცება, მათი მეშვეობით ჩაკეტეს როგორც რუსთაველის პროსპექტის გასასვლელები, ისე მიმდებარე ქუჩები (სულ გამოიყენეს 29 ავტობუსი, ტროლეიბუსი და სატვირთო მანქანა).

მოსკოვში დილას სკკპ ცკ-ში შედგა მეორე თათბირი საქართველოში შექმნილი გარემოების შესახებ. მას ხელმძღვანელობდა პოლიტბიუროს წევრი, სკკპ ცკ-ის მდივანი ვ. მ. ჩებრიკოვი. მონაწილეთა შემადგენლობა იგივე იყო, რაც წინა დღეს, გარდა ე. კ. ლიგაჩოვისა, რომელიც შვებულებაში გაემგზავრა. თათბირს ასევე ესწრებოდნენ პოლიტბიუროს წევრი ე. შევარდნაძე და სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრი ვ. ვ. ბაკატინი. როგორც წინა დღეს, თათბირის ოქმი არ შედგენილა და მიღებული გადაწყვეტილებები დოკუმენტში არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის მიღებული იყო 8 აპრილის დაშიფრული დეპეშა ჯ. ი. პატიაშვილის ხელმოწერით, რომ ვითარება ქალაქში სტაბილური ხდება და კონტროლს ექვემდებარება. ე. შევარდნაძესა და ჯ. პატიაშვილს შორის შედგა აზრთა გაცვლა ტელეფონით. ჯ. პატიაშვილმა, 7 აპრილიდან 8 აპრილის ღამით მდგომარეობის სტაბილიზაციის გამო, ზედმეტად ჩათვალა ამხანაგების – ე. შევარდნაძისა და გ. რაზუმოვსკის ჩასვლა, რასაც დაეთანხმნენ თათბირის მონაწილენი. ამრიგად, შინაგანი ჯარის, მილიციისა და საბჭოთა არმიის სპეციალური ქვედანაყოფების საქართველოში გაგზავნა სკკპ ცკ-ში 7 და 8 აპრილს გამართულ აღნიშნულ თათბირებზე გადაწყდა, რაც ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, რომლის მიხედვით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდა არა პარტიულ, არამედ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს[21].

მთავრობის სახლის წინ მოედნიდან მომიტინგეთა განდევნის ოპერაციის კონკრეტული გეგმის შემუშავება გენერალმა ი. როდიონოვმა დაავალა სსრკ შსს შინაგანი ჯარების შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსს, გენერალ ი. ტ. ეფიმოვს, რომელიც თბილისში 7 აპრილს ჩამოვიდა. ოპერაციის გეგმას და ჯარების მოქმედების სქემას ხელი მოაწერეს გენერალმა ი. ტ. ეფიმოვმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შ. ვ. გორგოძემ, დაამტკიცა გენერალმა ი. ნ. როდიონოვმა, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერაციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები. თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.

თბილისში მომიტინგეები კვლავ აგრძელებდნენ მიტინგს, ცენტრალურ კომიტეტში კი კვლავ გრძელდებოდა მუშაობა. დარბაზში სადაც წინა დღეს ოთხასკაციანი პარტაქტივის კრება ჩატარდა კვლავ გადაჭედილი იყო. ამჯერად 8 აპრილს განხილული აუცილებელი ღონისძიებები მტკიცდებოდა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი იყო მიტინგის ორგანიზატორთა იზოლირება, რაც მათ დაპატიმრებას გულისხმობდა. იმავე დღეს მოსკოვიდან რაზუმოვსკიმ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ — „კრემლი კატეგორიული წინააღმდეგია, აქციის ორგანიზატორების დაპატიმრების უფლებას არ გაძლევთ!“

აქტივის გაფართოებულ კრებაზე განაწილებული და გაწერილი იყო ყველა ის ფუნქცია და დავალება, რომლებიც კონკრეტულ პარტიულ მუშაკს უნდა შეესრულებინა. ღონისძიებათა ნუსხას ცეკას იდეოლოგიური განყოფილების მიერ იყო შესრულებული, რომელსაც უშუალოდ ნიკოლსკი ხელმძღვანელობდა და ის წყვეტდა ვის რა უნდა გაეხმოვანებინა.

20:50 საათზე ჯუმბერ პატიაშვილი კვლავ აბარებს ანგარიშს მოსკოვს.

ჯ. ი. პატიაშვილის დეპეშა სკკპ ცკ-ს • 08/04/1989 • შემოსული დაშიფრული დეპეშა №219/ш

თბილისიდან მიღებულია 1989 წ. 8 აპრილს 20 სთ. 50 წთ.

სკკპ ცენტრალური კომიტეტი

გაცნობებთ, რომ ვითარება თბილისში კვლავ დაძაბულია.

მთავრობის სახლთან მიმდინარეობს მრავალათასიანი მიტინგი, რომლის ძირითად ლოზუნგებად კვლავ რჩება: „სსრკ შემადგენლობიდან გასვლა, დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა”, „ავტონომიების გაუქმება” და სხვ.

აფხაზეთის ასსრ- ში ქართველი ეროვნების მოქალაქეებმა ჩაატარეს 3,5-ათასკაციანი მიტინგი, რომელიც საქართველოს სსრ-დან აფხაზეთის გასვლის წინააღმდეგ იყო მიმართული.

რიგ უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტთა ნაწილმა მომიტინგეთა მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა. მთლიანად კპ ცკ, მთავრობა, ადგილობრივი პარტიული და საბჭოთა ორგანოები ფლობენ სიტუაციას და ვითარების სტაბილიზაციისთვის იღებენ აუცილებელ ზომებს.

გუშინ, 7 აპრილს, ჩატარდა საქართველოს კპ ცკ-ის ბიუროს სხდომა, დღეს კი – რესპუბლიკის პარტიული აქტივის კრება, რომლებზეც მოიწონეს პარტიული, საბჭოთა და სამართალდამცავი ორგანოების ღონისძიებები პოლიტიკური, ორგანიზატორული და აღმზრდელობითი მუშაობის გაძლიერების თაობაზე შრომით კოლექტივებსა და საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, აგრეთვე მიღებულია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს მიმართვა რესპუბლიკის კომუნისტებისადმი, მშრომელებისადმი.

კერძოდ, განზრახულია საქართველოს კომპარტიის ცკ-სა და ბიუროს წევრთა მონაწილეობით რესპუბლიკის ყველა რეგიონში ჩატარდეს აქტივები, პირველადი პარტიული ორგანიზაციების კრებები, სადაც, გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესაბამისად, შემუშავებული იქნება მოქმედების პრაქტიკული გეგმა. ორგანიზებულია რესპუბლიკის მეცნიერების, კულტურის გამოჩენილ მოღვაწეთა, მუშათა კლასის, გლეხობის წარმომადგენელთა ტელევიზიით, რადიოთი და პრესით გამოსვლების სერია. უმაღლეს სასწავლებლებში ტარდება „მრგვალი მაგიდები”, ახალგაზრდობის შეხვედრები საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა დამღუპველობაზე, ჩადენილზე პასუხისმგებლობის ზომების, დისციპლინისა და წესრიგის განმტკიცების აუცილებლობის შესახებ დემოკრატიისა და საჯაროობის შემდგომი განვითარებისთვის.

აქტივის შემდეგ ყველა გავიდა ადგილებზე, შრომით კოლექტივებში, რათა განემარტათ მისი მასალები, პარტიის პოლიტიკა თანამედროვე პირობებში, პარტიისა და ხალხის ერთიანობის აუცილებლობა გარდაქმნის ამოცანების განსახორციელებლად.

დისციპლინის და ორგანიზებულობის დასაცავად, თბილისის 111 საწარმოსა და დაწესებულებაში შექმნილია სახალხო რაზმები 4685 ადამიანის მონაწილეობით. შსს- სა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქთან ერთად შემუშავებულია და ხორციელდება კონკრეტული ღონისძიებები მართლწესრიგის დასაცავად, აუცილებლობის შემთხვევაში სრული ზომების მისაღებად არეულობების, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად. ცკ-ის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს, თბილისის საქალაქო კომიტეტისა და ქალაქის აღმასკომის მთელი აპარატი მკაფიოდ ასრულებს თავის ფუნქციებს, აქტიურად მუშაობს მოსახლეობასა და მიტინგის მონაწილეებთან.

სკკპ ცკ-ის, სსრკ მთავრობის მხრივ, ადრე მიღებულის გარდა, არავითარი დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ არის.

გაცნობებთ ინფორმაციის სახით.

სა­ქარ­თვე­ლოს კპ ცკ-ის მდივა­ნი ჯ. პა­ტიაშ­ვილი

გაფართოებული აქტივის შეკრებიდან მალევე გაიმართა თავდაცვის საბჭოს სხდომაც.

თავდაცვის საბჭოს სხდომა • 08/04/1989 • სტენოგრაფიული ჩანაწერი (საიდუმლო)

„საიდუმლო.
ეგზ. №1
საქ. სსრ თავდაცვის საბჭოს 1989 წლის 8 აპრილის სხდომის ოქმი.
საქ. სსრ თავდაცვის საბჭოს წევრები:
ჯ. ი. პატიაშვილი — საქ. კპ ცკ პირველი მდივანი.
ბ. ვ. ნიკოლსკი — საქართველოს კპ ცკ მეორე მდივანი.
ო. ე. ჩერქეზია — საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარე.
ზ. ა. ჩხეიძე — საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე.
გ. გ. გუმბარიძე — საქართველოს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე.
ლ. ლ. შარაშენიძე —საქ. სსრ სამხედრო კომისარი.

საქ. სსრ თავდაცვის საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ:
თავდაცვის საბჭოს წევრები: ჯ. ი. პატიაშვილი, ბ. ვ. ნიკოლსკი, ო. ე. ჩერქეზია, ზ. ა. ჩხეიძე, გ. გ. გუმბარიძე.
საქ. სსრ თავდაცვის საბჭოს დივანი პ. ი. გიორგაძე.
სხვები: კ. ა. კოჩეტოვი — არმიის გენერალი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
ი. ნ. როდიონოვი — გენერალ-პოლკოვნიკი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი.
ა. ნ. ნოვიკოვი — გენერალ ლეიტენანტი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს წევრი.
შ. ვ. გორგოძე — საქ. სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი.
ა. გ. კარანაძე — საქ. სსრ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე.
ვ. ა. შარაშენიძე — საქ. სსრ იუსტიციის მინისტრი.
ნ. ხ. შოშიაშვილი — სა. სსრ პროკურორის პირველი მოადგილე.
სხდომას არ ესწრებოდა თავდაცვის საბჭოს წევრი ლ. ლ. შარაშენიძე — საქ. სსრ სამხედრო კომისარი — საპატიო მიზეზით (იმყოფებოდა გარდაცვლილი გენერლის, აბრამიძის დაკრძალვაზე).

დღის წესრიგი:

პოლიტიკური მდგომარეობა რესპუბლიკაშ და მისი ნორმალიზაციის ღონისძიებათა შესახებ.
თავჯდომარეობდა ამხ. ჯ. ი . პატიაშვილი.

სხდომის მონაწილენი თავიუფალ სამუშაო გარემოში რამდენიმეჯერ გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს, აფასებდნენ რესპუბლიკაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას, მდგომარეობიდან გამომდინარე აკეთებდნენ დასკვნებს და აყენებდნენ წინადადებებს კონკრეტულ ღონისძიებათა შესახებ.

თავდაცვის საბჭოს სხდომაზე თითოეული დამსწრის გამმოსვლები შემდეგნაირად ჯამდება:

ჯ. ი. პატიაშვილმა — რესპუბლიკაში შექნილი მდგომარეობა დაახასიათა, როგორც უაღრესად გამწვავებული, რომელიც კატასტროფულის მიჯნაზეა.

არაფორმალური ორგანიზაციებისა და ჯგუფების ლიდერები აზრის პლურალიზმიდან მოქმედებაზე გადავიდნენ. მათ მოხერხეს, თავიანთი მიზნებისათვის გამოეყენებინათ აფხაზეთის წერილი ქვეყნის ხელმძღვანელობისადმი, არასანქცირებულ მიტინგებსა და დემონსტრაციებში ჩაეთრიათ მოსახლეობის მნიშვნეოვანი რაოდენობა, განსაკუთრებით, მოსწავლე ახალგაზრდობა, სტუდენტობა. ხანგრძლივი დროის განმავლობაშიარ ტარდება მეცადინეობები სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, ქ. თბილისშ პარალიზებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართვის ორგანოების მუშაობა, ალყაშია მოქცეული მთავრობის სახლი, გამოდიან მთავრობის ფიზიკურად მოსპობის მუქარით, რადგან იგი არაკანონიერად და თვითმარქვიათ მიაჩნიათ. ჩვენი მცდელობა არაფორმალების ლიდერებთან დიალოგის დაწყების შესახებ წარმატებით ვერ დაგვირგვინდა. გამოცხადდა, რომ შემნილია რესპუბლიკის მართვის დროებითი კომიტეტი, რომელმაც უარი თქვა საქ სსრ. არსებულ ხელმძღვანელობასთან კონტაქტის დამყარებაზე.

14 აპრილი მათ გამოაცხადეს კომუნისტებთან ანგარიშსწორების დღედ. დღევანდელმა პარტაქტივმა დაგვანახა, რომ კომუნისტების დიდი უმრავლესობა აუცილებლად მიიჩნევს გადამწყვეტი ღონისძიებების განხორციელებას რესპუბლიკაში წესრიგის დასამყარებლად. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მხარს უჭერს არაფორმალებს და დაინტერესებულია რესპუბლიკაში მდგომარეობის გამწვავებით. წესრიგის დასამყარებელი ღონისძიებების განხორციელებისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ არც ერთ ადამიანს არ მივაყენოთ ფიზიკური ტკივილი.

ნ. ა. კოჩეტოვი — მდგომარეობის შეფასებას დაეთანხმა.

განაცხადა, რომ, როგორც გამოცდილება გვიჩენებს, ექსტრემისტული ელემენტებისა და თავაშვებული პიროვნებების მიერ პროვოცირებული ამგვარი არეულობების აღკვეთა ყოველთვის ვერ ხერხდება რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებით, რადგან რესპუბლიკის მილიციას ეშინია და ყოველთვის არ სურს, გაბედულად იმოქმედოს წესრიგის დასამყარებლად. იგი დაარწმუნეს, განაცხადა მან, რომ სსრკ შს სამინისტროს სპეცძალები, რომლებიც უკვე იმყოფებიან თბილისში, კარგად არიან მომზადებული და შესძლებენ წესრიგის დამყარებას მოქალაქეთა დალურჯების გარეშე. დაადასტურა, რომ ღამით მთავრობის სხლის წინ ცოტა დემონსტრანტი რჩება და სწორედ ღამით შეიძლება მთავრობის სახლისა და ტელე-რადიოს დებლოკირება. მიზანშეწონილად არ მიაჩნია, განუცხადონ მოსახლეობას რესპუბლიაში რაღაც საგანგებო კომისიის შექმნის შესახებ, რაც პანიკას დასთესს მოსახლეობაში. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ადგილზე, რადგან მოსკოვიდან ყველაფერი არ ჩანს. თანახმაა, რომ მიღებული ღონისძიებების შესახებ უნდა მხსენდეს მოსკოვს.

ბ. ვ. ნიკოლსკი — დაეთანხმა რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობის შეფასებას და დაუმატა, რომ მისაღებია სასწრაფო ღონისძიებები დემონსტრაციაზე ბავშვების, მოსწავლეების მისვლის აღსაკვეთად. დაუშვებლად მიაჩნია მოტყუებული მოსწავლეების დემონსტრაციაზე მისვლა ლოზუნგებით, რომლებიც ეროვნებათშორის მტრობას აღვივებს. შეიტანა წინადადებით, რომ მთელი სიმკაცრით მოეკითხოს სკკპ წევრ მასწავლებლებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობას იმის გამო, რომ ისინი არ განახორციელებენ ღონისძიებებს მოსწავლეთა დემონსტრაციაზე დაუშვებლობის მიზნით, ქ, სადაც ისმის ლოზუნგები კომუნისტებთან ანგარიშის გასწორების შესახებ. ხოლო სკკპ წევრებს, რომლებიც თვითონ მონაწილეობენ მიტინგებში და წინ მიუძღვიან მთავრობის სახლისკენ მიმავალბავშვთა კოლონას, მოეკითხოს პარტიული პასუხისმგებლობის კუთხით.

დაეთანხმა რესპუბლიკის პარტაქტივის მოთხოვნას წესრიგის დამყარების შესახებ და მოიწონა წარდგენილი ღონისძიებანი. წინადადება შეაქვს, გაიწმინდოს მოედანი მთავრობის სახლის წინ, აღდგეს ყველა სახელმწიფო ორგანოს საქმიანობა. მოედნის გაწმენდის აქტი განხორციელდეს ღამით, არაფორმალების ლიდერები დააპატიმრონ 10-11 აპრილს და ხელი შეუშალონ მათ, რომ 14 აპრილს გაუსწორდნენ კომუნისტებს. ამ დროისათვის მიღებული იქნება კანონი და გამოაქვეყნებენ.

მოსკოვი გვირჩევს, ყველა განცხადება შევუთანხმოთ ამხანაგებს (დაასახელა სკკპ ცკ პასუხისმგებელი მუშაკების გვარები). წინადადება წამოაყენა, საქალაქო და რაიონული კომიტეტების კომუნისტებისაგან შეიქნას 10-15-კაციანი ჯგუფები სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სამუშაოდ, რომლებიც არ დაუშვებენ მოსწავლეთა მონაწიეობას დემონსტრაციაში.

ო. ე. ჩერქეზია — მიაჩნია, რომ დემონსტრანტების ნაწილი ზღვარს გადავიდა და დაიწყო მოქმედება, რასაც უნდა ეწოდოს აშკარად ანტისახემწიფოებრივი და ამიტომ, დაუშვებელი. არაფორმალების ლიდერები მოუწოდებენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ კომუნისტებს, მოითხოვენ სისხლის დაღვრას, რის გარეშეც, როგორც მათ მიაჩნიათ, მიზანს ვერ მიაღწევენ. აღვირახსნილი ლიდერები მოუწოდებენ დაუმორჩილებლობისკენ, საყოველთაო გაფიცვისკენ და ა. შ.

იმუქრებიან, რომ 14 აპრილს კომუნისტებს მოუწყობენ „ბართლომეს ღამეს“.

წინადადება შემოაქვს, შემოღებულ იქნას საგანგებო მდგომარეობა, ღამის საათებში მოახდინონ მთავრობის სახლისა და ტელერადიოს დებლოკირება. ლიდერები დააპატიმრონ.

ი. ნ. როდიონოვი — განაცხადა, რომ მას, როგორც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალს, დაევალა წესრიგის აღდგენა და დაცვა რესპუბლიკაში, მათ შორის, ქ. თბილისში. ამასთან დაკავშირებით, მის განკარგულებაში გადადის საქართველოს შს სამინისტროსა და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ძალები და საშუალებანი, რომლებიც ვალდებული არიან, შეასრულონ სარდლის გადაწყვეტილებანი.

დაეთანხმა, რომ ობიექტები, რომლებიც დაბლოკილი აქვთ დემონსტრანტებს, დებლოკირებული იყვეს ღამის საათებში. ამისთვის ყველაზე უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევს 3-დან 4 საათამდე პერიოდს, როცა დემონსტრანტები მცირე რაოდენობით არიან. დაჰპირდა, რომ მთავრობის სახლის წინ მოედნის გაწმენდისა და ტელე-რადიოს დებლოკირების დაწყების ზუსტ დროს დამატებით აცნობებს. სინანული გამოთქვა, რომ უარი თქვეს კომენდანტის საათის დღესვე გამოცხადებაზე. განაცხადა, რომ არმიის ძალები წესრიგის დასაცავად აქციის განხორციელებისათვის მომზადებული არ არიან, მაგრამ იმედი აქვს სსრკ და საქ. სამინისტროების შსს ძალებისა, რომლებიც მის განკარგულებაშია გადასული.

გ. გ. გუმბარიძე — მდგომარეობის შეფასებას დაეთანხმა. დაამატა, რომ ავრცელებენ ხმებს, თითქოს 14 აპრილს არაფორმალები აპირებენ, გაუსწორდნენ კომუნისტებს, 26 მაისს კი მოაწყონ გრანდიოზული დემონსტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. დაეთანხმა, რომ საჭიროაღონისძიებების განხორციელება წესრიგის აღსადგენად. სამხედრო კოლონის გავლამქალაქ თბილისში თავაშვებულ ელემენტებზე სათანადო გავლენა მოახდინა.

ზ. ა. ჩხეიძე — ვიტარება შეაფასა, როგორც კრიტიკული, განაცხადა, რომ თუ არ იქნება მიღებული ღონისძიებანი, უპასუხისმგებლოთა მოქმედებამ შეიძლება ტრაგედიამდე მიგვიყვანოს.

ჯ. პატიაშვილს ურჩია, არ გამოვიდეს მომიტინგეთა წინაშე, ეს უშედეგო იქნება, მას არავინ მოუსმენს, ხოლო ამის შემდგომ მოედნის გასაწმენდად ძალის გამოყენება აღქმული იქნება, როგორც მთავრობისა და პირველი მდივნის მხრიდან შურისძიება.

დაეთანხმა, რომ არაფორმალთა ლიდერები, რომელთაც დაუშვეს უკანონობა და არ სურთ მთავრობასთან კონტაქტი, დააპატიმრონ. განაცხადა, რომსაქ. სსრ მინისტრთა საბჭო დღესვე მიიღებს დადგენილებას რესპუბლიკაში წესრიგის დამყარების ღონისძიებათა მხარდაჭერის შესახებ.

ა. ნ. ნოვიკოვი — მდგომარეობის შეფასებას დაეთანხმა და მხარი დაუჭირა წესრიგის დამყარების წინადადებებს. გამოთქვა მოსაზრება, რომ, თუ არ არის საკმარისიმასალა არაფორმალების ლიდერების დასაპატიმრებლად, მაშინ საჭიროა მათი 2-3 დღით დაკავება და ამით მომიტინგეებზე გავლენის მოხდენა.

შ. ვ. გორგოძე — ეთანხმება რესპუბლიკაშიპოლიტიკური მდგომარეობის შეფასებას. განაცხადა, რომ, თუ დაუყოვნებლივ არ იქნება მიღებული ღონისძიებები წესრიგის დასამყარებლად, შემდეგ დაგვიადნდება და მომავალში რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ამ დაგვიანებას არ აპატიებენ. წამოაყენა წინადადება მომიტინგეთა ლიდერების დაუყოვნებლივ დაპატიმრების შესახებ. ყველასი თუ არა, მას სიაში 30 ასეთი ჰყავს ჩაწერილი, თუნდაც, 9-10 ადამიანისა, ვისზეც შეგროვებულია სავსებით საკმარისი მასალები. თუ მომიტინგეებს უთავოდ არ დავტოვებთ, მაშინ ლიდერებს გადაწყვეტილი აქვთ, გამაგრდნენ ბარიკადებს მიღმა და განაგრძონ არეულობა.

ნ. ვ. შოშიაშვილი — განაცხადა, რომ ლიდერების დასაპატიმრებლად საკმარისი მასალაა შეგროვებული და გაკვირვება გამოთქვა მოსკოველი ხელმძღვანელი ამხანაგების მტკიცების გამო, თითქოს არაფორმალების დასაპატიმრებლად არ არსებობს საკმარისი მასალები.

ა. გ. კარანაძე — დაეთანხმა მდგომარეობის შეფასებას და მხარი დაუჭირა წინადადებას მტავრობის სახლის დემონსტარნტებისაგან გაწმენდის შესახებ.

ვ. ა. შარაშენიძე — დაეთანხმა მდგომარეობის შეფასებას და მხარი დაუჭირა წინადადებებს, რომლებიც სხდომის მონაწილეებმა შეიტანეს.

დაასკვნეს:

  1. რესპუბლიკაში ჩამოყალიბდა უკიდურესდ გამწვავებული პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც კატასტროფულის მიჯნაზეა. არაფორმალებმა და მათ თანაგრძნობთა ნაწილმა, თავიანთი ლიდერების ხელმძღვანელობით, სიცრუის, შანტაჟისა და დეზინფორმაციის გამოყენებით, შეცდომაში შეიყვანა ახალგაზრდობის ნაწილი, აგრეთვე, უფროსი ასაკის მოსახლეობა და რამდენიმე დღე ზედიზედ განაგრძობენ მიტინგებს, დემონსტრაციებს, მსველობებს, აშკარად ანტისახელმწიფოებრივი ლოზუნგებით აღვივებენ ნაციონალისტურ ფსიქოზს. დეზორგანიზებულია სწავლება, მუშაობა, სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებების, ტრანსპორტისა და ზოგიერთი საწარმოს ნორმალური ფუნქციონირება.
  2. აუცილებელია სასწრაფო და გადამჭრელი ღონისიებების განხორციელება კანონის ფარგლებში და საბჭოთა კანონიერების დაცვით რესპუბლიკის ნორმალური ცხოვრებისა და საქმიანობის აღსადგენად.

მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:

  1. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზემდგომი ინსტანციების გადაწყვეტილებით:
    ა) რესპუბლიკაში წესრიგის აღდგენა და დაცვა დაკისრებული აქვს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობას;
    ბ) სამხედრო ოლქის, სსრკ, საქ. სსრ შს სამინისტროებისა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ჯარების ყველა ძალა და შესაძლებლობა, რომლებიც გამოყოფილია რესპუბლიკაში წესრიგის აღდგენისა და დაცვისათვის, დაექვემდებარა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს და იგი მათ გამოიყენებს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული თავისი გადაწყვეტილებით.
  2. 8-9 აპრილის ღამეს ქ. თბილისსა და რესპუბლიკის სხვა ქალაქებში სსრკ და საქ. სსრ შს სამინისტროების, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პარტიული და საბჭოთა აქტივის ძალებითა და საშუალებებით მიღებულ იქნეს ღონისძიებანი მიტინგების, დემონსტრაციების, მოხულიგნო და უპასუხისმგებლო ელემენტების თავაშვებულობის წინააღმდეგ.
  3. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისა და საქ. სსრ შს სამინისტროს ძალებით უზრუნველყოფილ იქნეს ხელისუფლებისა და მართვის ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების, ფოსტის, ტელევიზიისა და რადიოს დაცვა.
  4. მოეწყოს პატრულირება ქალაქებში და უზრუნველყოფილ იქნეს საქალაქო ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირბა.
  5. შეიქმნას 10-15-კაციანი ჯგუფები ქალაქკომების, რაიკომების კომუნისტების შემადგენლობით სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და დაწესებულებებში სამუშაოდ უწესრიგობისა და და ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლების აღსაკვეთად.
  6. მიზანშეწონილად ჩაითვალოს მომიტინგეთა წინაშე დღესვე ყველაზე უფრო ავტორიტეტული პიროვნებათა გამოსვლები, შექმნილი ვითარების განმარტების მიზნით და გასაფრთხილებლად, თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ კანონისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში.
  7. დაწესდეს კონტროლი თბილისისა და სხვა ქალაქების შესასვლელებზე, არაფორმალების, მოხულიგნო ჯგუფების გადაადგილების აღკვეთის მიზნით.
  8. გაიწმინდოს მოედანი მთავრობის სახლის წინ და ამით აღდგეს რესპუბლიკის მთავრობის ნორმალური ფუნქციონირება. იმის გათალისწინებით, რომ ღამის საათებში მთავრობის სახლის წინა მოედანზე მომიტინგეთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა იკრიბება, მოედნის გაწმენდა და მისი დაცვა განხორციელდეს 9-დან 10 აპრილამდე. ოპერაციის განხორციელების კონკრეტულ დროს ადგენს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი და ამის შესახებ აცნობებს რესპუბლიკის ხელმძღვანელობას.
  9. დაევალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, დღესვე მოამზადოს და გამოსცეს შესაბამისი დადგენილება, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებისა და სხვა ძალების რესპუბლიკაში წესრიგის დასამყარებლად მოქმედების სამართლებრივი საფუძველი.

უშიშროების სხდომაზე გადაწყდა, რომ მომიტინგეების დაშლისა და მათგან მოედნის გათავისუფლების ოპერაციას ამიერკავკასიის ჯარების სარდალი, გენერალი როდიონოვი უხელმძღვანელებდა, ხოლო მის მოადგილედ საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან დაინიშნა შს მინისტრი შოთა გორგოძე.

ოპერაციის სქემაში ლაპარაკი არ ყოფილა არანაირ იარაღზე, მით უფრო — მის გამოყენებაზე. უფრო მეტიც, სქემის მიხედვით, ჯარსა და მომიტინგეებს უშუალო შეხება არ უნდა ჰქონოდათ. მათ შორის უნდა ჩამდგარიყო თბილისში დარჩენილი ქართული მილიცია, რომელიც მომიტინგეებისაგან მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას გაანთავისუფლებდა. შემდეგ კი ამიერკავკასიის ჯარი აღნიშნულ ტერიტორიას დაიკავებდა. როგორც პატიაშვილი იგონებდა, მან კატეგორიულად გააფრთხილა ყველა, რომ ოპერაცია ყველანაირი დაპირისპირების გარეშე უნდა დასრულებულიყო, რაზეც როდიონოვისაგან ჰქონდა მიღებული პირობა, რომ „ერთი სინიაკის გარეშე“ გაანთავისუფლებდნენ მოედანს. კოჩეტოვი, რომელიც პატიაშვილის ყოყმანს ხვდებოდა თქვა, „თუ ჩვენ დღესვე არ გავანთავისუფლებთ მოედანს მომიტინგეებისაგან, ხვალ შესაძლოა საქართველოში სუმგაითი განმეორდესო“.

მომიტინგეებთან მოლაპარაკებებზე რეზო ჩხეიძე იმყოფებოდა, რომლის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მიტინგის ორგანიზატორებმა უარი განაცხადეს პატიაშვილთან შეხვედრაზე.

შეთანხმებისა და სქემის მიხედვით ჯარისკაცებს მხოლოდ რეზინის ხელკეტები და ფარები უნდა ჰქონოდათ, რომელთაც ასევე მხოლოდ და მხოლოდ მომიტინგეების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში გამოიყენებდნენ.

იმის ნაცვლად, რომ მიტინგის დაშლა უხმაუროდ მომხდარიყო კოჩეტოვის ბრძანებით ქალაქში დილით ხალხის დაშინების მიზნით ჯავშანტექნიკა გამოიყვანეს, ხოლო თბილისს სამხედრო ვერტმფრენებმა გადაუფრინეს. მისი სიტყვებით ეს აპრობირებული მეთოდი იყო, რადგანაც მსგავსი მეთოდით ბაქოში დაშალეს მრავალათასიანი მიტინგი. ამან ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ყველა მთავრობის სასახლეს მიაწყდა.

მიტინგის ორგანიზატორებმა მიაღწიეს იმას, რომ მთავრობის სახლთან გამართულ აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები, შეკრებილთა დიდ ნაწილს სწორედ ისინი შეადგენდნენ. დღის მეორე ნახევარში ორგანიზატორებმა შეიტყვეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ქვედანაყოფებს მიცემული ჰქონდთ მითითება მიტინგის დაშლის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიტინგის ორგანიზატორებმა გადწყვიტეს წინააღმდეგობის გაწევის მიზნით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ჩაკეტვა ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით. ქალაქში, კ. გამსახურდიას ძეგლთან 500 ქალმა გამოახადა შიმშილობა.

მთავრობის სახლთან აქციის ორგანზატორებმა წამოაყენეს წინადადებანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთიანი კომიტეტის შექმნისა და ამ მოძრაობის საფინანსო ფონდისათვის სახსრების მასობრივად შეგროვების შესახებ. მიტინგის ორგანიზატორები შეკრებილთ მოუწოდებდნენ, რომ არ დაშლილიყვნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო ნაწილები გამოჩნდებოდნენ.

ღამით სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. სატელევიზიო მიმართვები გააკეთეს ინტელიგენციისა და კულტურის წარმომადგენლებმა. საზოგადოებას საჯაროდ მიმართა მილიციის სამმართველოს უფროსმა რომან გვენცაძემ და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. მთავრობის სახლის წინ მომიტინგეთა რიცხვი კი კლების მაგივრად მატულობდა. პატიაშვილი უკავშირდება როდიონოვს და მომიტინგეთა რიცხოვნობის გამო სთავაზობს ოპერაციის გადადებას. როდიონოვმა გარანტია მისცა, რომ სიტუაციას აკონტროლებდა და, რომ არავინ არ დაშავდებოდა.

მიტინგის დარბევა

9 აპრილი

3:30 საათისთვის ოპერაციის ხელმძღვანელის გენერალ- პოლკოვნიკ ი. როდიონოვის მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილების თანახმად, ლენინის მოედანზე განლაგდა ჯარი, რომელსაც დაევალა მთავრობის სახლის წინ მოედანსა და რუსთაველის პროსპექტიდან რესპუბლიკის მოედნამდე მომიტინგეთა გაძევება. მის შემადგენლობაში იყო:

  • განსაკუთრებული დანიშნულების ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის მე-4 მოტომსროლელი პოლკი (გდცმდ-ის მე-4 მმპ), ქ. მოსკოვი — 650 ადამიანი;
  • განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის რაზმი (გდმრ), ქ. პერმი — 120 ადამიანი;
  • გდმრ, ქ. ვორონეჟი — 40 ადამიანი;
  • მილიციის უმაღლესი სკოლა (მუს), ქ. გორკი — 450 ადამიანი;
  • მე-8 მოტომსროლელი პოლკი (მე-8 მმპ), ქ. თბილისი — 650 ადამიანი, საქართველოს სსრ შსს — 250 ადამიანი;
  • საჰაერო- სადესანტო პოლკი (სსპ) — 440 ადამიანი.

ოპერაციაში მონაწილეობდა 2550 ადამიანი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი, დესანტის 8 საბრძოლო მანქანა, 4 სახანძრო მანქანა და 2 სანიტარული ავტომობილი.

ოპერაციის დაწყების წინ გენერალ-მაიორმა ი. ეფიმოვმა ქვედანაყოფთა მეთაურებს ზეპირად დაუსახა შემდეგი ამოცანები:

მე-4 მოტომსროლელი პოლკი უნდა გასულიყო რუსთაველის პროსპექტზე და ლენინის მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე განედევნა მომიტინგები — სასტუმრო „ივერიამდე”.

ი. ეფიმოვის წერილობითი განმარტებით, რაც დადასტურდა შსს კომისიის მიერ, მინისტრის მოადგილის ვ. ტრუშინის თავმჯდომარეობით, მე-8 მოტომსროლელი პოლკის წინაშე დასმული ამოცანა ჩამოყალიბებული იყო სხვაგვარად, ვიდრე გადაწყვეტილებაშია, კერძოდ:

მე-8 მოტომსროლელი პოლკი — ოპერაციის დაწყებისას ორი ბატალიონით უნდა გასულიყო მთავრობის სახლის წინ მოედანზე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებით და უნდა განეცალკევებინა მოშიმშილეთა ჯგუფი მოედანზე მყოფი ხალხის ძირითადი მასისგან.

მილიციის უმაღლესი სკოლა (ქ. გორკი) უნდა გადაადგილებულიყო მე-4 მოტომსროლელი პოლკის მიყოლებით და გადაეკეტა რუსთაველის პროსპექტზე მიმდებარე ქუჩებიდან გასასვლელები.

ანალოგიური ამოცანა დაისვა განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის რაზმების წინაშეც. სახანძრო ნაწილის მეთაურს დაევალა ხანძრის ჩაქრობა, თუ გაჩნდებოდა. მითითებული ჰქონდა, განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ ჯარის თანმხლები ჯავშანტექნიკისთვის. მომიტინგეთა წყლით დაშლა გადაწყვეტილებაში ეწერა, მაგრამ შემდგომ ის გაუქმდა ი. ეფიმოვისა და შ. გორგოძის მიერ.

საჰაერო-სადესანტო პოლკს (ორი ბატალიონის შემადგენლობით) უნდა ემოძრავა მე-4 მოტომსროლელი პოლკის უკან. მისი ამოცანა იყო მთავრობის სახლის წინ მოედნის, რუსთაველის პროსპექტისა და მისი მიმდებარე ქუჩების დაცვა. ეს პოლკი მზად უნდა ყოფილიყო, აუცილებლობის შემთხვევაში მე-4 მოტომსროლელ პოლკს დახმარებოდა.

დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად შინაგანი ჯარი ეკიპირებული და შეიარაღებული იყო: ჩაჩქანით, ჯავშანჟილეტით, რეზინის ხელკეტით, პირადი შემადგენლობის 50%-ს ჰქონდა ფარი, ოფიცრებს – პირადი იარაღი (პისტოლეტი „ПМ”) ორი გამზადებული მჭიდით. მე-4 მოტომსროლელი პოლკის შემადგენლობაში მოძრაობდა დაჯგუფება სპეცსაშუალებით „ჩერიომუხა”, რომელიც უშუალოდ ამ პოლკის მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, პოდპოლკოვნიკ ა. მ. ბაკლანოვს ექვემდებარებოდა.

2:50 საათზე მომიტინგეთა წინაშე გამოვიდა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი რ. გვენცაძე და შეკრებილებს მოუწოდა, დაშლილიყვნენ, ვიდრე ჯარი გამოიყენებდა ძალას. მისი სიტყვებით, მომიტინგეებმა მას არ მისცეს საშუალება, გამოსულიყო მიკროფონით, რის გამოც იძულებული გახდა ესარგებლა მეგაფონით.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თხოვნით მიემართათ პატრიარქისათვის, რათა მისი ლოცვა-კურთხევით დაშლილიყო მიტინგი. ამისათვის მათ საქართველოს პატრიარქთან ცნობილი სპორტსმენი და ამავე დროს პოლიციელი მერაბ ღუდუშაური გაგზავნეს.

3:30 საათზე ღამით, მიტინგის დარბევამდე მთავრობის სახლის წინ მომინტიგეების წინაშე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გამოვიდა, რომელმაც მოუწოდა მომიტინგეებს დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გადაენაცვლათ ქაშვეთის ეკლესიაში.

ვიკიციტატა
„სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი! თქვენ იცით, რომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი განსაცდელი უნახავს საქართველოს და მრავალგზის უფალსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გადაურჩენია საქართველო. აი დღესაც ჩვენ ვდგავართ რეალური საშიშროების წინაშე. მე მოვედი იმისათვის, რომ დაგლოცოთ თქვენ. მთელი საქართველო ხედავს თქვენს თავდადებას, მთელი საქართველო ხედავს თქვენს ღვაწლს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ შეგვიძლია არ დავინახოთ ის რეალური საშიშროება, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. აი ამიტომ მე მოვედი აქ, რომ დაგლოცოთ, რომ დამთარდეს ეს შეყრილობა. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევსწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ, ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უფალს. თქვენ ნუ იფიქრებთ იმას, რომ მე მთხოვა მთავრობამ. ახლა მოვიდნენ ჩემთან წარმომადგენლები, რომელთაც მითხრეს, რომ ეს საშიშროება რეალურია და მე ნება არ მქონდა არ მოვსულიყავი და ეხლა თქვენთან ერთად არ ვყოფილიყავი.“

კათოლიკოსის გამოსვლა დუმილით მოისმინეს, კეთილგონიერებისკენ მისი მოწოდების შემდეგ ჩამოვარდა შვიდწუთიანი სიჩუმე, რასაც მოყვა „მამაო ჩვენოს” ერთობლივი ლოცვა. მომიტინგეები ინარჩუნებდნენ წესრიგს, სიმშვიდეს, არ იყო შიშის ხილული ნიშნები, ბევრი მღეროდა და ცეკვავდა. შემდეგ გამოვიდა არაფორმალების ერთ-ერთი ლიდერი ი. წერეთელი, რომელმაც მოუწოდა, არ დაშლილიყვნენ, არ გაეწიათ წინააღმდეგობა, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, ყველაზე უკეთესი კი იქნებოდა, დამსხდარიყვნენ („მსხდომარებს არ ურტყამენ!”). ბევრი დაჯდა კიდეც, ძირითადად, მთავრობის სახლის კიბეებთან. წერეთელმა მოწოდება 3:59 საათზე დაასრულა.

4:00-ზე გენერალ- პოლკოვნიკმა ი. როდიონოვმა მომიტინგეთა განდევნის ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. როგორც ფოტოგრაფი იური როსტი იხსენებდა, ლენინის მოედნიდან წამოვიდნენ ჯავშანტრანსპორტიორები, მათ მოჰყვებოდნენ ძერჟინსკის დივიზიისა და შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები ფარებითა და ხელკეტებით შეიარაღებულნი. დარბევა გაფრთხილების გარეშე დაიწყო.

4:05 საათზე რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლთან ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა. ისინი პროსპექტის მთელი სიგანეზე მოძრაობდნენ, ხალხმა დაუბრკოლებლად გაატარა ისინი. ნაწილმა მთავრობის სახლთან, ნაწილმა კი მხატვრის სახლსა და ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლა. ჯავშანტექნიკის კვალდაკვალ მოდიოდა ჯარისკაცთა წყება, რომელიც 4:07 საათზე შეჩერდა მიჯნაზე: მხატვრის სახლში შესასვლელი — მთავრობის სახლის წინ, მარჯვენა გაზონი. ამ დროს მომიტინგეთა ძირითადი მასა მთავრობის სახლის კიბესთან რჩებოდა.

პოდპოლკოვნიკმა ა. ბაკლანოვმა მეგაფონით წინადადება მისცა მიტინგის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ რუსთაველის პროსპექტი და გააფრთხილა, რომ უარის შემთხვევაში ძალას გამოიყენებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაფრთხილება ბევრმა ვერ გაიგონა ხმაურის გამო.

საწყის პოზიციაზე, ჯარის გასვლასთან ერთად, მომიტინგეებმა დაიწყეს მოედნის დატოვება, მაგრამ მათ არ მიეცათ საკმარისი დრო დაშორიშორებისთვის. ამასთან, არც ის იყო მიღებული მხედველობაში, რომ მოედნიდან თითქმის ყველა გასასვლელი გადაკეტილი იყო, ანუ ევაკუაციის გზები მკვეთრად იყო შეზღუდული. 3 წუთის შემდეგ გაგრძელდა მოედნიდან ხალხის განდევნის ოპერაცია.

მე-4 მოტომსროლელი პოლკის საჯარისო რიგებმა დაიწყეს მომიტინგეთა შევიწროება როგორც მთავრობის სახლისკენ, ისე რუსთაველის პროსპექტის გაყოლებით. ამასთან, მიტინგის მონაწილეთა დიდი ნაწილი, რომელიც მთავრობის სახლის მარცხენა მხარეს იმყოფებოდა, კვლავ ადგილზე რჩებოდა, უნებურად ხელს უშლიდა ფრონტიდან შევიწროებული ადამიანების თავისუფლად გასვლას. სიტუაცია სერიოზულად გართულდა, როცა ამ დროს მე-8 მოტომსროლელი პოლკის 1-მა ბატალიონმა, გენერალ-მაიორ ი. ტ. ეფიმოვის ზეპირი ბრძანების შესაბამისად, ჭიჭინაძის ქუჩიდან მოედნის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. ერთი მხრივ, სამხედრო მოსამსახურეთა მოძრაობამ და მეორე მხრივ, ადამიანთა მასების სიმჭიდროვის ზრდის გამო მომიტინგეთა წინააღმდეგობამ გამოიწვია ხალხის ჭყლეტის დაწყება მარცხენა გაზონთან.

სწორედ აქ დაიღუპა და დაშავდა მოქალაქეთა ყველაზე დიდი რაოდენობა. იმ პირთა შორის, რომლებმაც ტრავმები მიიღეს, ბევრი მილიციის მუშაკი და სამხედრო მოსამსახურე იყო.

ამ ეტაპზე მომიტინგეთა ნაწილი, ფაქტობრივად, გაიჭედა სამხედრო მოსამსახურეებსა და იმ დემონსტრანტებს შორის, რომლებმაც ვერ მოასწრეს გასვლა. მოხდა გააფთრებული შეტაკება. ინსტრუქციების უხეში დარღვევებით, მიტინგის დასაშლელად ხელკეტების, მომწამლავი ნივთიერებებისა და ბარების გამოყენება, ფაქტობრივად, საბჭოთა ადამიანების მიმართ სასტიკ ანგარიშსწორებად იქცა.

გენერალ ი. ეფიმოვის განმარტებით, რუსთაველის პროსპექტზე ჯარის გადაადგილების დროს, მთავრობის სახლთან გზის გაგანიერების გამო, მარცხენა ფლანგი თითქოსდა გაშიშვლდა, რამაც, მისი სიტყვებით, შექმნა მომიტინგეთა არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეთა ზურგში შეღწევის, არამედ მათი ალყაში მოქცევის საშიშროება.

გარღვევის აღმოსაფხვრელად, გენერალ ი. ეფიმოვის თხოვნით, გენერალმა ი. როდიონოვმა გამოყო მედესანტეთა ასეული, რითაც საბჭოთა არმიის სამხედრო მოსამსახურეებმა დაიწყეს მათთვის უჩვეულო ფუნქციების შესრულება, მან უხეშად დაარღვია გენერალური შტაბის დირექტივა არმიის ქვედანაყოფებზე მხოლოდ განსაკუთრებულად გამოყოფილი ობიექტების დაცვის ამოცანების დაკისრების შესახებ. კომისიის აზრით, ამ სიტუაციაში არ იყო მომიტინგეთა განდევნის ოპერაციის ჩაშლის რეალური საფრთხე, ისევე, როგორც არ იყო მედესანტეთა ასეულის ჩართვის აუცილებლობა.

4:21 საათისთვის მთავრობის სახლის წინ მოედნის გაწმენდა დასრულდა. მე-8 მოტომსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონი შეუერთდა მე-4 მოტომსროლელ პოლკს, რომელიც განაგრძობდა მომიტინგეთა განდევნას.

ოპერაციის ამ ეტაპზე შინაგანმა ჯარმა, რუსთაველის პროსპექტზე მიტინგის მონაწილეთა აქტიური წინააღმდეგობის დაძლევისას, გამოიყენა სპეცსაშუალება „ჩერიომუხა”. შინაგანი ჯარის ხელმძღვანელობის მოხსენების მიხედვით, სპეცსაშუალებები გამოყენებული იყო – პირველი მიჯნა: ჯორჯიაშვილის ქუჩა – ლ. უკრაინკას ქუჩა; მეორე მიჯნა: ლუნაჩარსკის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა; მესამე მიჯნა: კავშირგაბმულობის სახლის წინ.

რესპუბლიკის მოედნის მისადგომებთან გაზრდილი წინააღმდეგობის გამო (გასასვლელი ჩახერგილი იყო ტროლეიბუსებით და ავტობუსებით), პოდპოლკოვნიკმა ა. მ. ბაკლანოვმა დამოუკიდებლად გასცა არატაბელური ნაკეთობა К-51-ის (რომელიც შეიცავდა მომწამვლელ ნივთიერება სი-ეს-ს) გამოყენების ბრძანება. გამოიყენეს ოთხი „გრანატა”, მათგან ერთმა არ იმუშავა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პოდპოლკოვნიკ ა. ბაკლანოვის თვითნებური გადაწყვეტილება К-51-ის გამოყენების შესახებ, რაც მან შემდგომ დამალა მისი გამოყენების ფაქტი. დაშავებულთა ჩვენებით, ისინი მოიწამლნენ უფრო ადრე (უშუალოდ მთავრობის სახლსა და ქაშვეთის ტაძართან).

განდევნის ოპერაციის დასრულებისას მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე ცეცხლსასროლი იარაღით თავში დაიჭრა.

სპეცსაშუალებები მე-4 მოტომსროლელმა პოლკმა გამოიყენა მოქმედი დარიგების დარღვევით (იხ. სსრკ შსს 1970 წ. №0507 ბრძანების №1 დანართი21). სპეცსაშუალებების გამოყენების პირველი მიჯნიდან რუსთაველის პროსპექტის ბოლომდე საცხოვრებელი სახლებია (სასტუმრო „თბილისიდან” დაწყებული). დარიგების მე-III განყოფილების 23-ე პუნქტში აღნიშნულია სპეცსაშუალებების გამოყენებამდე მშვიდობიანი მოსახლეობის გაფრთხილების შესახებ და მათ ევაკუაციაზეც კი. მაგრამ გენერალმა ი. ტ. ეფიმოვმა უგულებელყო ეს მოთხოვნა და გასცა „ჩერიომუხას” საცხოვრებელ რაიონში გამოყენების ბრძანება. იგივე ხდებოდა შემდგომ მიჯნებზეც. არის ცნობები, რომ სამხედრო მოსამსახურეები შეიჭრნენ საცხოვრებელ კვარტლებში და გამოიყენეს სპეცსაშუალება „ჩერიომუხა”.

სპეცსაშუალება „ჩერიომუხას” გამოყენება მათ ოფიციალურად აღიარეს ა.წ. 13 აპრილს, ისიც უცილობელი სამხილების ზეწოლის ქვეშ.

შემდგომ ეტაპობრივად მოხდა „ჩერიომუხას” სხვადასხვა მოდიფიკაციისა და სი- ეს გაზის (ნაკეთობა К-51) გამოყენების აღიარება.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში საბჭოთა არმიის სარდლობის წარმომადგენლები ასევე უარყოფდნენ მესანგრეთა ხელბარების გამოყენებას.

ჯ. პატიაშვილი იხსენებდა, რომ „როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელი, მხოლოდ ოპერაციის დასრულების შემდეგ ვიგებ, რომ აქციის დაშლაში ქართულ მილიციას მონაწილეობა არ მიუღია. პირველადი ინფორმაციით მატყობინებენ, რომ ოპერაცია მსხვერპლით დამთავრდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი: ორი ქალი და ერთი მამაკაცი. მაშინვე ვურეკავ გორგოძეს. კითხვაზე — რატომ დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები? — შს მინისტრი არანაკლებ აღშფოთებული მპასუხობს: —როდიონოვმა ფიზიკური შეურაცყოფა მომაყენა და იმ მომენტში იარაღია არ მქონდა თორემ ვესვროდი! ამის შემდეგ ჩემს კაბინეტში გააფთრებული შემოდის გაფითრებული როდიონოვი და თითქმის ისტერიკაში ჩავარდნილი მეუბნება: — როგორც შეთანხმებული ვიყავით და როგორც სქემით იყო გაწერილი, ოპერაცია ისე არ ჩატარდა. გორგოძემ ქართული მილიცია არ გამოიყვანა და შედეგად ჯარი და მომიტინგეები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ“.

ღამის ოთხი საათიდან თბილისის №1 საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანებმა ინტენსიურად დაიწყეს დაჭრილებისა და გვამების მიყვანა. მთავარი ექიმის ბრძანებით, მიმღებ განყოფილებასთან შექმნილი მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული ბრიგადა სასწრაფო დახმარების მანქანებშივე ადგენდნენ დაზარალებულთა დაზიანების ხასიათს და შესაბამის განყოფილებებში ანაწილებდნენ.

როგორც იხსენებდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის 1 ქირურგიული კათედრის დოცენტი, მორიგე ექიმი მიხეილ თეთროქალაშვილი, „იმ საბედისწერო ღამეს კლინიკამ მიიღო 63 დასახიჩრებულ-მოწამლული და 14 გვამი. დაღუპულთა შორის მხოლოდ ორსღა ეტყობოდა სიცოცხლის უკანასკნელი ნიშნები. დაზარალებულთა უმეტესი ნაწილი ტოქსიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, იყვნენ გაბრუებულნი, აღენიშნებოდათ გულის რევის შეგრძნება, ჰქონდათ დაჟეჟილობები და ჭრილობები თავის არეში და ტანის ზედა სარტყელში. მათი თქმით, ეს დაზიანებები მიყენებული იყო ხელკეტებითა და სასანგრე ნიჩბებით. დღეს კიდევ ერთი გოგონა დაიღუპა მოწამვლის ნიადაგზე, ერთიც მეტად მძმე მდგომარეობაშია. მისი გადარჩენის მხოლოდ თეორიული შანსი თ არსებობსდა ისიც, სამწუხაროდ, უმცირესი. გაზით მოწამლულები მეორე დღეს უფრო მძიმედ შეიქმნენ, რადგან მათ ორგანიზმზე შეესხურათ მავნე ნივთიერება“.

ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის 1 ქირურგიული კათედრის გამგის ვახტანგ ფიფიას ცნობით, „№1 ქირურგიულ და გულ-მკერდის ქირურგიულ განყოფილებაში სამი დაზარალებული მოიყვანეს ტოქსიკური ნიშნებით. მათი გადმოცემით ორი მომწამვლელი გაზი გამოუყენებიათ 9 აპრილს უბედურების ჩამდენთ: ერთი, რომელსაც დეზოდორანტის მაგვარი ალონებით ასხურებდნენ. და მეორე, რომლებსაც შორ მანძილზე ისროდნენ, რის შედეგადაც გაზის კაფსულები ფეთქებოდნენ. ამ გზით მოწამლულ ავადმყოფებს ცრემლის დენისა და პირღიბინების შემდეგ, გასაგება რომ ვთქვათ, ეყებათ გამოლენჩება, მოძრაობა შეუძლებელია, წნევა — მაღალი“.

დღისით სავადმყოფოები გადავსებული იყო დაზარალებულებისაგან, რომელთაც ბლაგვი და მჭრელი იარაღით ჰქონდათ მიყენებული ჭრილობები და რომელბიც მოწამლულები იყვნენ ექიმებისათვის უცნობი ტოქსიკური გაზით, რომელიც იწვევდა ქავილსა და ჰაერის უკმარისობას. ქლოროპიკრინის ბაზაზე დამზადებული აირის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია მრავალი სასიკვდილო შედეგი.

მოგვიანებით, გარდაცვლილთა ცხედრები გადაასვენეს სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მოსახლეობა უკანასკნელ გზაზე აცილებდა 9 აპრლის გმირებს.

მთავრობის სასახლის წინ მოედანზე მომხდარი უბედურების გამო საქართველოს სსრ შნინაგან საქმეთა სამინისტროს ლაზარეთში მოხვდა ოცდათექვსმეტი დაზარალებული. აქედან შვიდი მძიმე მდგომარეობით.

დაზარალებულთა რიცხვში ასევე მოხვდა 90-მდე ჯარისკაცი.

თბილისის პროკურატურის ცნობით, ქალაქში 9 აპრილს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც იძიებდა პროკურატურა. აღძრული საქმის გამო დაპატიმრებულ იყვნენ ხუხანაიშვილი, კოსტავა, ჭანტურია, სარიშვილი და გამსახურდია[24].

10:25 საათზე დღისით ჯ. პატიაშვილი კვლავ აბარებს ანგარიშს კრემლს:

ჯ. ი. პატიაშვილის დეპეშა სკკპ ცკ-ს • 09/04/1989 • შემოსული დაშიფრული დეპეშა №220/ш

თბილისიდან მიღებულია 1989 წ. 9 აპრილს 10 სთ. 25 წთ.

სკკპ ცენტრალური კომიტეტი

1989 წლის 8 აპრილს თბილისში, 21:00 საათის შემდეგ, პარტიული, საბჭოთა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებული ყველა ზომის მიუხედავად, რესპუბლიკის მთავრობის სახლის შენობასთან მიმდინარე მიტინგზე, რომელშიც დაახლოებით 15 ათასი კაცი მონაწილეობდა, აგრეთვე ქალაქის სხვა ადგილებში, ექსტრემისტების მიერ ვითარება უკიდურესად დაიძაბა და კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ანტისაბჭოთა, ანტისოციალისტური და ანტირუსული მოწოდებების გარდა, ისმოდა ექსტრემისტების მიმართვები ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ კომუნისტების, რესპუბლიკის ხელმძღვანელებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. მომიტინგეები, რომელთა შორის ბევრი არ იყო მთვრალი და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, მოუწოდებდნენ რესპუბლიკის მთელ მოსახლეობას აჯანყებისკენ, მოქალაქეობრივი დაუმორჩილებლობისკენ და მათი ანგარიშსწორებისკენ, ვინც მხარს არ დაუჭერდა მათ. მიტინგის მონაწილეებთან ერთად, რესპუბლიკის ახლომდებარე ქალაქებსა და რაიონებში ექსტრემისტთა ჯგუფების დელეგირება დაიწყო. ქ. რუსთავში იყო მეტალურგიული ქარხნის ხელში ჩაგდების მცდელობა.

ე.წ. „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის” ლიდერებმა რესპუბლიკაში ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმების საჯაროდ გაცხადება დაიწყეს. ამ სიტუაციაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და არაპროგნოზირებადი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დილის 4 საათზე ძალის გამოყენების შესახებ, რათა მოედანი მთავრობის სახლთან მომიტინგეებისგან გაწმენდილიყო. კომპეტენტური ორგანოების მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, გამოყენებულია რესპუბლიკის შსს-სა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები. მიტინგის ჩატარების ადგილთან მათი მიახლოების დროს მონაწილეებს (ამ დროისთვის მათმა რაოდენობამ დაახლოებით 8 ათასი შეადგინა) არაერთგზის მოუწოდეს რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა, კომპარტიის ცკ-ის წევრებმა, პარტიულმა და საბჭოთა აქტივმა, აგრეთვე საქართველოს კათოლიკოსმა ილია II-მ, რათა შეეწყვიტათ მიტინგი და მშვიდად დაშლილიყვნენ. მაგრამ მომიტინგეები არ რეაგირებდნენ. თავის მხრივ, მიტინგის ორგანიზატორები ძაბავდნენ სიტუაციას ფსიქოზამდე, მოუწოდებდნენ, რომ მართლწესრიგის ძალებთან დაპირისპირების დროს არ დაეშურათ სისხლი და თავიანთი სიცოცხლეც კი.

შსს-სა და ამიერკავკასიის ჯარების ქვედანაყოფებმა არ გამოიყენეს ცეცხლ- სასროლი და ცივი იარაღი. მკაცრად სრულდებოდა ინსტრუქციები ქალებისა და მოზარდების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულების შესახებ. მომიტინგეთა პირველი რიგების დახევის დროს, ექსტრემისტების გააფთრებული წინააღმდეგობის პირობებში, რომლებიც იყენებდნენ ჯოხებსა და ქვებს, ხალხი უმართავი გახდა და დაიძრა ტროტუარზე მწოლიარე ახალგაზრდებისკენ, რომლებმაც გამოაცხადეს შიმშილობა. უფრო მეტიც, ბრბოში ბევრი პროვოკატორი იყო. ისინი იყენებდნენ ცივ იარაღს. წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი (13 ახალგაზრდა ქალი და 3 მამაკაცი), 100-ზე მეტმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის ჭრილობა, მათ შორის 22 სამხედრო მოსამსახურეა (მათგან 13 ჰოსპიტალშია). დაშავებულებს აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ამ დროისთვის მოედანი მთავრობის სახლთან გათავისუფლებულია მომიტინგეებისგან და მას ჯარი იცავს. ტარდება აუცილებელი ღონისძიებები უწესრიგობის მოთავეთა დასაკავებლად და დასაპატიმრებლად, ახალი მიტინგებისა და დემონსტრაციების თავიდან ასაცილებლად. მიღებული ზომების ტრაგიკული შედეგების გამო შექმნილია სამთავრობო კომისია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ამხ. ზ. ა. ჩხეიძის მეთაურობით.

დღეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პლენუმზე განზრახულია შექმნილი მდგომარეობის განხილვა და მისგან გამომდინარე ღონისძიებების განსაზღვრა.

მასობრივი არეულობის თავიდან ასაცილებლად და ვითარების სტაბილიზაციის მიზნით გთხოვთ თანხმობას, რათა დღეიდან ქ. თბილისში შემოღებული იქნას კომენდანტის საათი.

სა­ქარ­თვე­ლოს კპ ცკ-ის მდივა­ნი ჯ. პა­ტიაშ­ვილი

მსხვერპლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

9 აპრილს ტრაგიკული მოვლენების დროს ადგილზე დაიღუპა 16 ადამიანი, ხოლო მიღებული ტრამვის შედეგად 11 აპრილს საავადმყოფოში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. 13 აპრილს გარდაიცვალა 1 ადამიანი[კ 2], ხოლო 17 აპრილს — 1 ადამიანი. 9 აპრილის ტრაგედიის 21-ე მსხვერპლი — ვენერა მეტრეველი, რომელიც მუშაობდა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში ექთნად, 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე მივიდა გაზით მოწამლული ხალხის დასახმარებლად და თავადაც გაზით მოიწამლა. გარდაიცვალა 12 მაისს საავადმყოფოში.

არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, ცხრა აპრილიდან 20 აპრილის 11 საათამდე, სამედიცინო დაწესებულებების სტაციონარებში მოთავსებული იყო 275 დაშავებული.

დაღუპულთა სრული სია
9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ფოტოები (პარლამენტის შენობის წინ, 2008 წ.)
  1. აზა ადამია, 22 წლის;
  2. ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის — 9 აპრილს, მომწამვლელი გაზითა და ჭრილობებით ტრამვირებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ასფიქსიით გარდაიცვალა 17 აპრილს;
  3. ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის (შეცდომით გავრცელდა 16 წელი);
  4. ნატო გიორგაძე, 23 წლის;
  5. თამუნა დოლიძე, 28 წლის;
  6. თინა ენუქიძე, 70 წლის;
  7. ნინო თოიძე, 22 წლის;
  8. ზაირა კიკვიძე, 61 წლის;
  9. მანანა ლოლაძე, 34 წლის (შეცდომით გავრცელდა 33 წელი);
  10. თამარ მამულაშვილი, 50 წლის;
  11. მანანა მელქაძე, 26 წლის (შეცდომით გავრცელდა 23 წელი);
  12. ვენერა მეტრეველი, 45 წლის — 9 აპრილს მომწამვლელი გაზით ტრამვირებული გადაიყვენეს საავადმყოფოში, სადაც ასფიქსიით გარდაიცვალა 12 (მაისს?);
  13. მამუკა ნოზაძე, 21 წლის (შეცდომით გავრცელდა 22 წელი);
  14. ნანა სამარგულიანი, 41 წლის;
  15. გია ქარსელაძე, 25 წლის — 10 აპრილს, კომენდანტის საათის გამოცხადებიდან 2 საათში სასიკვდილოდ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით. გარდაიცვალა საავადმყოფოში 11 აპრილს;
  16. შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის;
  17. მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის;
  18. ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის;
  19. თამარ ჭოველიძე, 16 წლის;
  20. ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის;
  21. მზია ჯინჭარაძე, 43 წლის.

9 აპრილს გამთენიისას თბილისში მთავრობის სახლის წინ მოედანზე მრავალათასიანი არასანქცირებული მიტინგის დარბევის შემდეგ დედაქალაქში შექმნილი რთული, დაძაბული ვითარების ნორმალიზაციის მოტივით საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურომ 9 აპრილს საჭიროდ მიიჩნია ქალაქში კომენდანტის საათის შემოღება. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოამზადა კომენდანტის საათის შემოღების შესახებ ბრძანებულების პროექტი, რომელიც მოიწონა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ბიურომ და თავისი 1989 წლის 9 აპრილის დადგენილებით ბრძანებულების პროექტი განსახილველად გადასცა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. იმავე დღეს, 19 სათზე მოიწვიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც პრეზიდიუმის საერთო შემადგენლობაში მყოფი 19 პირიდან სხდომას დაესწრო 11 (ოქმი №37). სხდომამ ერთხმად მიიღო ბრძანებულება ქ. თბილისში კომენდანტის საათის შემოღების შესახებ.

9 აპრილს ნაშუადღევს სამი საათისთვის, შევარდნაძე და რაზუმოვსკი თბილისში ჩამოფრინდნენ. ისინი პირდაპირ ცენტრალურ კომიტეტში გაემართნენ, სადაც შევარდნაძე ბიუროს წევრებსა და ინტელიგენციის წარმოადგენლებს შეხვდა.

ტრაგედიის შემდეგ, 9 აპრილს, ტელევიზია უპირატესად დუმდა. ეთერში გავიდა მხოლოდ სამი გადაცემა. 22:52 საათზე საინფორმაციო პროგრამა „ვრემიას“ დამთავრების შემდეგ საქართველოს ტელევიზიით გამოვიდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლლქის ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ი. როდიონოვი. მან განაცხადა, რომ იგი დანიშნულია ქალაქ თბილისის სამხედრო კომენდანტად და რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში 9 აპრილის 23 საათიდან წესდება კომენდანტის საათი (23:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე). ი. როდიონოვმა თავისი გამოსვლა დაამთავრა 22:56 საათზე. ე. ი. 4 წუთით ადრე, ვიდრე კომენდანტის საათი ძალაში შევიდოდა[26].

ხალხი მოუმზადებელი შეხვდა სიახლეს. იმავე დღეს დააკავეს 300-მდე, მსუბუქად დაჭრეს 4, ხოლო სასიკვდილოდ — ერთი ადამიანი. ქალაქს მთლიანად სამხედროები აკონტროლებდნენ. მათ ჯავშანტექნიკით გადაკეტილი ჰქონდათ ხიდები და მნიშვნელოვანი ობიექტები.

16 აპრილს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გადაიცა სამხედრო კომენდანტის ცნობა: „საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს რეკომენდაციით მიღებულია გადაწყვეტილება შემცირდეს კომენდანტის საათის ხანგრძლივობა. 16 აპრილიდან კომენდანტის საათი იმოქმედებს 24 საათიდან დილის 5 საათამდე“[27]. 17 აპრილს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურომ გამოიტანა დასკვნა, რომ 18 აპრილიდან მიზანშეწონილი იყო კომენდანტის საათის გაუქმება. იმავე დღეს საქართველოს სსრ უმაღლესის აბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება 18 აპრილის 5 საათიდან კომენდანტის აათის გაუქმების შესახებ[28].

თუ რატომ გამოცხადდა კომენდანტის საათი ასე დაგვიანებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსის პირველმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჩერეპანოვმა განაცხადა, რომ გენერალ-პოლკოვნიკ როდიონოვს ბრძანებულების ტექსტი 22:15 საათზე გადასცესო.

10 აპრილი — ქალაქი კვლავ კონტროლდება სამხედროების მიერ. ცაში აქტიურად დაფრინავდნენ ვერტმფრენები. საბჭოთა მთავრობამ 11 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადა.

დარბევის გამოძიება

კრემლის ვერსია — ჭყლეტვით გამოწვეული „ასფიქსია“

მომხდარი ტრაგედიის შესახებ პირველი განცხადება სკკპ ცკ-მა, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭომ გააკეთეს, რომლის მიხედვითაც: „8 აპრილს ღამით თბილისში მთავრობის სახლის მოედანზე ექსტრემისტი, ანტისაზოგადოებრივი ელემენტების მიერ პროვოკაციულად გამოწვეულ უწესრიგობათა აღკვეთის დროს დაშავდა ადამიანთა ჯგუფი სამოქალაქო პირთა და სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვიდან. წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 16 კაცი“[30].

საბჭოთა ხელისუფლება მომაკვდინებელი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტს უარყოფდა. როდიონოვი ამტკიცებდა, რომ აქციის დაშლისას ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია.

იგივე ნარატივს იმეორებდა საბჭოთა პრესა. „კრასნაია ზვეზდას“ 14 აპრილის გაზეთში გამოქვეყნებული სტატია „მოვლენები თბილისში“ და „ლენინსკოე ზნამია“[31] დამახინჯებით აშუქებდა მომხდარს. არნახული ცინიზმით იყო აღსავსე საკავშირო საინფორმაციო პროგრამა „ვრემიას“ რეპორტაჟი 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ — ჯარისკაცები „განსაკუთრებული მზრუნველობით ცდილობდნენ არაფერი ევნოთ ბავშვებისა და ქალებისათვის“[32].

კრემლი ყველანაირად ცდილობდა ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა თავიდან აერიდებინდა და ოფიციალურ წყაროებში ცდილობდა დაემკვიდრა აზრი, რომ ადგილზე გარდაცვლილი მოსახლეობა, მასების სწრაფი გადაადგილებისას ჭყლეტაში მოხვდა და ასფიქსიით გარდაიცვალნენ. ამავდროულად ყველა ჯარისკაცი კატეგორიულად უარყოფდა სასანგრო ნიჩბებისა და მომწამვლავი აირების გამოყენებას.

შემდგომში ასფიქსიის ვერსია, საზოგადოების მხრიდან არსებული მოცემულობიდან გამომდინარე დაიგმო, როგორც ფაქტების მიჩქმალვის მცდელობა.

საგამოძიებო კომისიები

9 აპრილს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, საქართველის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ, მომხდარში სრულად „არასანქცირებული მიტინგის“ ორგანიზატორები დაადანაშაულეს და ტრაგედიასთან დაკავშირებული ყველა გარემოებების გასარკვევად შექმნეს მთავრობის კომისია რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის ზ. ა. ჩხეიძის ხელმძღვანელობით[33][21].

მალევე საზოგადოებაში გაჩნდა საგამომძიებლო კომისიის შეცვლის აუცილებლობაც, რადგანაც როგორც საკდესის საინფორმაციო ცნობიდან ირკვეოდა, თავყრილობის აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილება რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ჰქონდა მიღებული. ამიტომ „საზოგადოებრივი აზრი გამოთქვამდა სერიოზულ ეჭვს რესპუბლიკის სამთავრობო კომისიის ობიექტურობაში, რამეთუ არავინ შეიძლება იყოს საკუთარ მოქმედებათა პირუთვნელი შემფასებელი და მსაჯული“. ახალი საგამოძიებო კომისიის შექმნა დაევალა საქართველოს სსრ-ის უმაღელს საბჭოს. კომისია უნდა დაკომპლექტებულიყო, როგორც დეპუტატებით, ისე ფართო საზოგადოების კომპეტენტური წარმომადგენლებით.

რამდენიმე დღეში, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გაფართოებულ სხდომაზე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისადმი მიღებული მიმართვისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით ქალაქ თბილისში 9 აპრილს მომხდარ გარემოებათა გამოსაკვლევად შეიქმნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს კომისია რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთაგან. კომისიაში შევიდნენ: ალექსანდრე ალექსიძე, ელგუჯა ამაშუკელი, ზურაბ ანჯაფარიძე, თამაზ გამყრელიძე, გივი გაჩეჩილაძე, იური გოდუნოვი, ნუგზარ გოგოლაშვილი, ვახტანგ ესვანჯია, მალხაზ ზაალიშვილი, რევაზ თაბუკაშვილი, ჯანსუღ კახიძე, თამარ ლაქარაშვილი, თეიმურაზ ლომსაძე, გრიგოლ ლორთქიფანიძე, პარმენ მარგველაშვილი, მუხრან მაჭავარიანი, ნოდარ მგალობლიშვილი, გიორგი მირიანაშვილი, არმენ მირზოიანი, შოთა ნადირაშვილი, ნოდარ ნათაძე, ბიძინა ნანეიშვილი, ემილ სეხნიაშვილი, გიორგი ტალიაშვილი, გურამ ფანჯიკიძე, თამაზ შავგულიძე, ელდარ შენგელაია, ჯანსუღ ჩარკვიანი, თემურ ჩხეიძე, რევაზ ჩხეიძე, რამაზ ჩხიკვაძე, სულხან ცინცაძე, ირაკლი ციციშვილი, მიხეილ ხახანაშვილი, ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ნინო ჯავახიშვილი და სერგი ჯორბენაძე[34].

ტრაგიკული მოვლენებიდან მალევე, საქართელოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან შეიქმნა საზოგადოებრივი სამედიცინო საექსპერტო კომისია 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ექსპერტიზის მიმდინარეობის მეთვალყურეობისათვის. კომისიამ მუშაობას შეუდგა 11 აპრილს ღამით. კომისიის შემადგენლობაშ შედიოდნენ მეცნიერი მედიკოსები, საზოგადოების, მათ შორის არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებიც. 14 აპრილიდან კომისიის მუშაობაში ჩაერთვნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრები[35]. აღნიშნული სამედიცინო კომისია, შემდგეომში უმაღლესი საბჭოს საგამოძიებო კომისიას დაექვემდებარა.

მედიკოსთა წინაშე დიდი ხნის მანძილზე პასუხგაუცემელი იყო ერთ მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რომელი ტიპის მომწამვლელი გაზი იყო გამოყენებული ტრაგედიის ღამეს. მომწამვლელი აირის ტიპის იდენტიფიცირება და შესაბამისად სწორი მკურნალობის დაუნიშვნელობა, საფრთხის ქვეშ აყენებდა იმ ჯერ კიდევ ცოცხალ პაციენტთა სიცოცხლეს, რომლებიც აღნიშნული მგუდავი გაზით იყვნენ დაწამლულები. საბოლოოდ ინფორმაციათა შეჯერების შედეგად დადგინდა რომ 9 აპრილს დარბევის დროს გამოყენებული იყო ორი ტიპის მომწამლავი გაზი. ერთ, რომელსაც აქვს უფრო ხანმოკლე მოქმედება და მეორე, რომელიც უფრო ხანგრძლივი მოქმედებითა დამწვავე შედეგებით ხასიათდება. პირველი გაზი წარმოადგენს ქლორაცეტოფენონს, მისი დაბალი დოზები გამოიყენება, როგორც ცრემლსადენი საშუალება. ამ მიზნით ქლორაცეტოფენონის გამოყენების დროს ჩვეულებრივ ისე გაიფრქვევა ჰაერში, რომ მისი კონცენტრაცია დავიდეს 0,0003 მილიგრამამდე ლიტრში. აღნიშნული წესი უხეშად იყო დარღვეული დაამ ნივთიერების კონცენტრაცია რამდენიმე რიგით აღემატებოდა მიღებულ ნორმებს. ეს მომწამვლელი გაზი მაღალი სიმკვრივით ხასიათდება. ამიტომაც ის ძირითადად გროვდება დაბალ სართულებზე, სარდაფებში, სათავსოებში. მეორე გაზი თავისი მოქმედების ბუნებით, როგორც ამას კლინიკა გვიჩვენებს, იყო ნეიროპარალიტიკური. იგი ძირითადად მომქმედებს ნერვული სისტემის რეცეპტორებზე და იწვევს უფრო ღრმა და ხანგრძლივ ცვლილებებს ორგანიზმში.

საქართველოს უზენაესი საბჭოს საგამოძიებო კომისიამ ძალის გამოყენება უკანონოდ მიიჩნია და პასიხისმგებლობა დაკისრა თავდაცვის მინისტრს, გენერალ იაზოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის უფროს ვიქტორ ჩებრიკოვს და პარტიის ცკ-ში სოფლის მეურნეობის მდივანს ეგორ ლიგაჩოვს, ასევე საქართველოს სსრ-ის პარტიულ ხელმძღვანელობას. კომისიის დაკსვნით ოპერაცია იყო სადამსჯელო, რადგან არსებობდა ალტერნატიული ზომების გამოყენების შესაძლებლობა.

9 აპრილს თბილისში განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობის მიერ შეიქმნა კომისია 24 წევრის შემადგენლობით, რომელთა შორის იყვნენ 9 მოკავშირე რესპუბლიკის წარმომადგენლები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეები, ცნობილი მეცნიერები და მწერლები, ჯარისა და ეკლესიის წარმომადგენლები; კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ა. სობჩაკი, თავმჯდომარის მოადგილეებად – ხ. ი. აასმიაე, ა. ი. გოლიაკოვი, ვ. პ. ტომკუსი, მდივნად – ს. ბ. სტანკევიჩი. სობჩაკის კომისიის მოხსენებასა და საბჭოთა სამხედრო პროკურატურის ანგარიშებში არ იყო პასუხი გაცემული ბევრ კითხვაზე, არ იყო ნახსენები გორბაჩოვის როლი და არ იყო გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირები.

ტრაგედიის შედეგები

15 აპრილს ჩატარდა მსხვერპლთა მასობრივი დაკრძალვა, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. მთავრობის სახლის წინ კიბეები გადაიქცა თაყვანისცემის ადგილას, სადაც აღიმართა დროებითი მემორიალი. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას საბჭოთა კავშირისთვის მოულოდნელი განვითარება მოჰყვა. თავისუფლებისთვის ბრძოლამ ქვეყანაში შეუქცევადი სახე მიიღო და ორ წელიწადში 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღსდგა.

1989 წლის აპრილს, საქართველოს სახალხო ფრონტი წინადადებით გამოვიდა, რომ მომხდარიყო მთავრობის სასახლის წინ მდებარე მოედნის რეკონსტრუქცია და იქ აგებულიყო 9 აპრილს უდანაშაულოდ დაღუპულთა მემორიალი.

9 აპრილის ღამეს მომხდარი ტრაგედიის შესახებ მსოფლიოს სულ სხვა რეალობა აჩვენა კინემატოგრაფ გოგა ხაინდრავას გადაღებულმა კადრებმა და იური როსტის ფოტოებმა. ელდარ შენგელაიამ მოახერხა გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის შეკრება და ფილმად ქცევა.

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.