USD 2.5949
EUR 2.8998
RUB 3.1713
თბილისი
აპოლონ ჭინჭარაძე საბჭოთა კავშირში დნმ-ის ტესტის პირველ შემქმნელი, რომლის მეთოდითაც მოხდა ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება
თარიღი:  3001

აპოლონ ჯინჭარაძე  დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 6 იანვარი, 1961,  გარდ. 4 მარტი, 1989

 დნმ-ის ტესტი (გენის დაქტილოსკოპიის მეთოდი) ქართველმა მეცნიერმა, აპოლონ ჯინჭარაძემ შექმნა. ის 1989 წელს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით მოხდა რუსეთის მეფის ნიკოლოზ II ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1983 წელს.

იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში და შემდეგ გადადის ქ. მოსკოვში სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ენგელჰარტის სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. სწორედ საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობისას მან აღმოაჩინა და დაამუშავა "გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი" (ე.წ. "დნმ-ის ტესტი") ყოფილ საბჭოთა კავშირში, რისთვისაც რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებულებით 1996 წელს მიენიჭა რუსეთის სახლმწიფო პრემია მეცნიერების და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ). ის ერთადერთი ქართველი ბიოლოგია, ვისაც აღნიშნული პრემია მიენიჭა. მისი მეთოდი ვრცელდება მთელს ცოცხალ სამყაროზე. 1988 წელს მუშაობა განაგრძო თბილისის ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით მოხდა რუსეთის მეფის ნიკოლოზ II ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით. ა. ჯინჭარაძე შეტანილია გენეტიკის პრაქტიკულად ყველა სახელმძღვანელოში, რითაც ეს დარგი ისწავლება ჩვენს ქვეყანაში (ავტ.: პროფ. თ. ლეჟავა, პროფ. დ. ჯოხაძე, პროფ.ა.შათირიშვილი და სხვა). 2009 წელს იგი შეიტანეს მე-10 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში (ავტ.: ლ. ბურდილაძე, მ. ბაგალიშვილი, ქ. მაღრაძე). ქართველი მოლეკულური ბიოლოგი, გენეტიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დნმ -ის ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობები და მათი გამოყენება გენომურ დაქტილოსკოპიაში", დაიცვა 1988 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1996 - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ)

გენომური დაქტილოსკოპიის თეორიული და გამოყენებითი პრობლემების დამუშავებისთვის

 სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), პირველი ადგილი და მედალი

„ამ მეთოდით  ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა”- ქართველი მეცნიერი, რომელმაც დნმ-ის ტესტი მსოფლიოში პირველმა შექმნა

აპოლონ ჯინჭარაძე არის ქართველი მეცნიერი, რომელმაც დნმ-ის ტესტი შექმნა. დიდი მომავლის მქონე მეცნიერი სამწუხაროდ 1989 წელს, 28 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა. მისი შექმნილი მეთოდით კი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.

აპოლონ ჯინჭარაძე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში მუშაობდა, შემდეგ სამუშაოდ მოსკოვში ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში გადავიდა, სადაც საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა.

 სწორედ მაშინ აღმოაჩინა და დაამუშავა „გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი,“ რისთვისაც რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებულებით, გარდაცვალების შემდეგ, 1996 წელს მეცნიერების და ტექნიკის დარგში რუსეთის სახლმწიფო პრემია მიენიჭა. ის ერთადერთი ქართველი ბიოლოგია, ვისაც აღნიშნული პრემია აქვს მინიჭებული. მისი მეთოდი მთელს ცოცხალ სამყაროზე ვრცელდება.

საქართველოში მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში საქმიანობის გარდა, ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით კი რუსეთის მეფის ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით მოხდა. აპოლონ ჯინჭარაძის გვარი და სახელი შეტანილია გენეტიკის პრაქტიკულად ყველა სახელმძღვანელოში.

ბოლო დროს ქართველი მეცნიერის აღმოჩენა გარკვეულ წრეებში განხილვისა და დისკუსიის თემა გახდა. ასახელებენ იმას, რომ მსოფლიოში გენეტიკური დაქტილისკოპიის მეთოდის მამად ინგლისელი ალეკ ჯეფრისი მიიჩნევაო. ამაზე კი აპოლონ ჯინჭარაძის ძმა, ექიმი ბადრი ჯინჭარაძე, რომელმაც ძმის ცხოვრებისა და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ 2009 წელს წიგნი „აპოლონ ჯინჭარაძე და მისი ერთი აღმოჩენა“ მიუძღვნა, ამბობს - „რადგან გენეტიკური დაქტილისკოპიის მეთოდის მამად ჯეფრისი იგუგლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ აღმოჩენის ისტორია შეუცვლელია.

 80-იან წლებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობდა, მსოფლიო ორ ბანაკად იყო გაყოფილი და „რკინის ფარდაც“ არ იყო გადაწეული. ორი ძირითადი იზოლირებული სამყარო იყო. ამიტომ, აპოლონ ჯინჭარაძემ ამ მეორე სამყაროში, ეს მეთოდი სრულიად დამოუკიდებლად, სსრკ-ში (პირველად მსოფლიოში) აღმოაჩინა, დეტალურად დაამუშავა და განავრცო მთელი ცოცხალი სამყაროს მიმართ ასევე მის მიერ დადგენილი M13 ზონდის საფუძველზე... ამასთან, ჯეფრისის და ჯინჭარაძის ზონდები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამას იმიტომ, ვამბობ, რომ ბოლო პერიოდში ეს თემა განხილვის და დისკუსიის თემა გახდა“...

 ბადრი ჯინჭარაძის წიგნის გაცნობის შემდეგ გენეტიკოსმა და მოლეკულურმა ბიოლოგმა ნინო ლომიძემ ბატონ ბადრისთან საკუთარი აზრი დააფიქსირა:

 „აპოლონი თქვენი გვარის ღირსეული შთამომავალია... მინდა, ხაზი გავუსვა მის აღმოჩენას. პრემია იმაში მიიღო, რომ დამოუკიდებლად ახალი M13 ზონდი იპოვა... მთავარია ის, რომ აპოლონმა სწორედ თვითონ, მარტომ გააკეთა ეს აღმოჩენა, რომ ბუნებაში ინდივიდებს უნიკალური განლაგების მქონე გენები აქვთ, ეს არ იყო ბუნებაში ცნობილი, რაც სენსაცია იყო! ამიტომ არ უჯერებდნენ, არადა, ეს ჯეფრისის სტატიის გამოქვეყნებამდე მოხდა! მისი აღმოჩენა ამიტომაც გაასაიდუმლოეს. ამ აღმოჩენაზე მუშაობისას გამოქვეყნდა ჯეფრიზის შრომა! დღემდე მიმაჩნია, რომ მარტო M13 ზონდი კი არა, აპოლონმა თვითონ გენური დაქტილოსკოპიის ფაქტი აღმოაჩინა!

1986 წლის იანვარში, მოსკოვში დისერტაციის დასაცავად ვიყავი ჩასული... კამათი იყო, გაეგზავნათ თუ არა თეზისები, ფაქტი დაეანონსებინათ რუსეთის რომელიღაც კონფერენციაზე თუ დიდი და საფუძვლიანი ნაშრომი გამოექვეყნებინათ. უფროსობამ თავი შეიკავეს თეზისების გამოქვეყნებისგან. არ უნდოდათ თავისი გვარი ჯერ კიდევ ზუსტად შეუსწავლელი (!) აღმოჩენის ქვეშ დაწერილიყო, არც აპოლონს მისცეს ნება, ხვდებოდნენ, რომ ეს სენსაცია იყო, ხომ არ დაკარგავდნენ ასეთ შანსს, უფროსებს უფრო ეკუთვნით (მათი გაგებით) აღმოჩენის პატივი, ვიდრე ვიღაც, თუნდაც ულვაშიან ასპირანტს!

 ასე გახდა ჯეფრიზი დაქტილოსკოპიის მამა. ჯეფრიზის სტატიის მერე რომ ეპოვა აპოლონს ზონდი, უფრო დაუჯერებდნენ, გაეხარდებოდათ, ზონდი ჩვენც ვიპოვეთო... არავის უკარნახია, თვითონ მიხვდა აპოლონი ბევრი ფიქრის, ძიების შემდეგ, მაგრადაც იბრძოლა. ღირსეული ძმა გყავდათ“.

 იმის გამო, რომ მეცნიერის ცხოვრებაზე მწირი ინფორმაციაა, ამიტომ ბატონ ბადრის ვთხოვეთ ძმაზე მოეთხრო:

 _ სამწუხაროა, რომ აპოლონის სიცოცხლეში მის შესახებ ვერაფერის დაწერა ვერ მოეწსრო. პირველი, რაც მასზე დაიწერა, მისი ნეკროლოგი აღმოჩნდა...

 1989 წლის 4 მარტს აპოლონ ჯინჭარაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი ტრაგედია იყო... მაშინ ბორჯომში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. იმ დროს მობილური ტელეფონები არ იყო და კომუნიკაცია ჭირდა.

 თუმცა გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა. ამისთვის მიწევდა ლიკანის მე-4 სამმართველოს სანატორიუმში ჩასვლა, სადაც ტელეფონ-ავტომატები იდგა. აპოლონმა მითხრა, რომ გაციებული იყო და ყელი სტკიოდა, რის გამოც სოდიან სავლებებს იკეთებდა...

მაგრამ ის, რაც მოხდა 4 მარტს, გამთენიისას, ჩემთვის უცნობი იყო... იმავე დღეს ჩემს წასაყვანად საკუთარი მანქანით ჩემი მამიდაშვილი გია ჯაფარიძე მამასთან, ცნობილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწე რევაზ ჯაფარიძესთან ერთად ჩამოვიდა. ჩვეულებრივი სამუშაო დღე მქონდა. ჩემი უახლოესი ნათესავების ნახვა ძალიან გამიხარდა. მახსოვს, გია სრულიად შემთხვევით სვანეთშიც კი შემხვდა და ბორჯომში მისი ნახვა არ გამკვირვებია, მაგრამ ბატონი რეზოს დანახვამ დამაფიქრა, რომელიც სანატორიუმის ეზოში ჩემს მთავარ ექიმს ესაუბრებოდა. მათი ჩამოსვლის მიზეზი თითქოს დედაჩემი იყო, რომელსაც უთხოვია: 8 მარტს, ჩემს დაბადების დღეზე, ბადრი ჩამომიყვანეთო. 8 მარტს ყოველთვის ხალისიანად აღნიშნავდა ჩვენი ოჯახი, მაგრამ დედა ჯაფარიძეებს ამ მოტივით რომ არ შეაწუხებდა, დანამდვილებით ვიცოდი. ისე ვიმგზავრეთ, ჩემთვის სიმართლე არ უთქვამთ. მე, რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ ჩვენს ოჯახში რაღაც უბედურება ხდებოდა და ვცდილობდი, რამის დადგენას, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით, ბატონმა რეზომ მითხრა, რომ სხვაგვარად არ შეიძლებოდა...

 _ რა ეპიზოდების გახსენება შეგიძლიათ თქვენი ძმის ცხოვრებიდან...

 _ აპოლონმა წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი. კარგი სტუდენტი იყო. მამა შვილებს სწავლისთვის ყველა პირობას გვიქმნიდა... იყო რაღაც პერიოდი, როდესაც მე და აპოლონი დილით სახლიდან ერთად გავდიოდით. მე მივდიოდი სამედიცინო ინსტიტუტში, აპოლონი - უნივერსიტეტში. საღამოს ხშირად მეკითხებოდა ინსტიტუტის ამბებს, გარკვეულ რჩევა-დარიგებასაც მაძლევდა. თუმცა დიდხანს საუბარი და ბევრი შეკითხვის დასმა არ უყვარდა. როცა ვატყობდი, სიამოვნებდა ჩემი მოსმენა, ისედაც ენაწყლიანი სულ ენად გავიკრიფებოდი. ჩემი ეს თვისება აპოლონის გარდაცვალებისთანავე ჩემში ჩაკვდა. საერთოდ, ცხოვრებამ აზრი დაკარგა.

 ბავშვობიდან იზიდავდა ბუნება, რაღაც ექსპერიმენტებსაც ატარებდა, მრავალმხრივი ცოდნით გამოირჩეოდა და რაც მთავარია, მეცნიერება მისი გატაცება იყო. საერთოდ თავიდანვე აინტერესებდა მეცნიერული აღმოჩენები...

 მოსკოვში ყოფნისას დიდი გატაცებით გამაცნო ლაინუს პოლინგის სიტყვები იმის შესახებ, რომ ბედნიერია ადამიანი, როცა მეცნიერია, რომ მეცნიერულ კვლევა-ძიებას თან დიდი სულიერი კმაყოფილება სდევს. აპოლონს ეს უკვე განცდილი ჰქონდა და მის თვალებში იგრძნობოდა, რომ ამ მოსაზრებას სრულებით ეთანხმებოდა.

 აგროვებდა ბრძნულ გამონათქვამებს, უყვარდა იუმორისტული ალბომების კეთება. იუმორი ძალიან უყვარდა. მახსოვს, ერთხელ დიდი ასოებით დაეწერა სადღაც გაგონილი თუ წაკითხული ასეთი რამ: "დიდი მონადირეები დიდ სპილოებზე ნადირობენ"- დიდი მეცნიერები კი დიდ აღმოჩენებს აკეთებენ. აქ იუმორიცაა და აპოლონის სულისკვეთებაც. მეც არ ვიკადრე, განსაკუთრებით აპოლონის მერე პატარა სპილოებზე ნადირობა, ამიტომ არც მინადირია.

 ყველა, ვინც აპოლონს იცნობდა, ხაზგასმით აღნიშნავს მის კეთილშობილებას, კეთილგანწყობას ახლობლებისადმი, ყურადღებას მეგობრებისადმი. არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ აპოლონის დღიურის გამჭვირვალე ყდას ამშვენებს ჟურნალიდან ამოჭრილი ილიას ცნობილი სტროფი: „კაცად მაშინ ხარ საქები,/ თუ ეს წესი წესად დარგე,/ ყოველდღესა შენს თავს ჰკითხე,/ აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?“

აპოლონი ყურადღებას იჩენდა ოჯახის თითოეული წევრის მიმართ. ყოველ წელს, უკვე მოსკოვში მყოფი, აუცილებლად დარეკავდა და მამიდას და მე გვილოცავდა მედიცინის მუშაკთა დღეს. ეს დღე, როგორც წესი, უფერულად აღინიშნებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირში.

ასეთი ყურადღებიანი იყო სტუდენტობის პერიოდშიც.

 _ მასში მეცნიერ-მკვლევარი პირველად ვინ აღმოაჩინა?

 ...ადამიანი, ვინც პირველმა აპოლონში პერსპექტიული მკვლევარი დაინახა, ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის გენეტიკის კათედრის გამგე, პროფესორი თეიმურაზ ლეჟავა იყო. დღესაც გაოცებული ვარ ამ ადამიანის ალღოთი. მან აპოლონში მეცნიერ-მკვლევრისთვის საჭირო თვისებები დაინახა. მისი ყურადღება აპოლონის მიმართ და ფიქრი ჩემი ძმის სამეცნიერო კარიერაზე ჩვენი ოჯახის აღფრთოვანება და უსაზღვრო მადლიერებას იწვევდა“.

 ოჯახი და წინაპრები

 როგორც ბატონი ბადრისგან შევიტყვეთ, აპოლონის წარმატების საფუძველი მისი ოჯახი - მშობლები არიან, რომლებმაც შვილების სწორ აღზრდა-განვირებას თავიდანვე ხელი შეუწყეს. ბატონი ბადრი ასახელებს ასევე ადამიანებს - მამიდას და ბიძიას, დედის ძმას, როლებსაც მათ ცხოვრებაში ასევე დიდი ადგილი უკავიათ.

 ბადრი ჯინჭარაძე:

 „წარმოშობით გურულები ვართ. დედ-მამა, ბებია-ბაბუა ორივე მხრიდან ოზურგეთის რაიონიდან გახლდნენ. აპოლონის ბაბუა - აპოლონ ჯინჭარაძე, სოფელ ცხემლისხიდში რუსული ენისა და ლიტერატურის ცნობილი პედაგოგი, უგანათლებულესი კაცი, ჩინებული თამადა და მრავალი თაობის აღმზრდელი იყო. მისთვის ყველაზე ძვირფას საჩუქარს წიგნი წარმოადგენდა და იმ დროისთვის საუკეთესო ბიბლიოთეკაც ჰქონდა... ბაბუა ცნობილი მოქანდკის მერაბ ბერძენიშვილის მასწავლებელიც იყო. ბატონი მერაბი ავტობიოგრაფიულ წიგნში ბაბუაზე ასე წერს - „რუსულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა აპოლონ ჯინჭარაძე, რომელიც ნიკოლოზ II-ის ყოფილი ოფიცერი იყო. მისი შიში და რიდი ყველას გვქონდა“.

 რას ამბობდნენ მეცნიერზე

 აპოლონის მიზანსწრაფულობას, იმასაც, რომ საკუთარი პროფესია უზომოდ უყვარდა და ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობდა, არაერთი მეცნიერი უსვამს ხაზს.

 აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა, „უდროოდ წასული თვალსაჩინო მეცნიერის სახელი დიდ სინანულსა და სევდასთან ერთად, სიხარულსაც უკავშირდება. სინანული და სევდა გვიპყრობს, რადგან ცოცხალი აღარაა, მაგრამ გვიხარია, რომ იყო დიდი, საერთაშორისო დონის მეცნიერი. ამ ქვეყნიდან, 1989 წელს წავიდა, მაშინ, როცა რუსებს ქართველები გულზე აღარ ეხატებოდათ, 1996 წელს კი, რუსეთის სახელმწიფო პრემია მიენიჭა“.

 „აპოლონი სრულყოფილად ფლობდა უცხო ენებს, სერიოზულად იყო გატაცებული იოგათი... არავისთან არასოდეს არაფერზე დაუჩივლია... მოსკოვიდან საქართველოში იმედებით სავსე ჩამოვიდა. სჯეროდა, რომ 1989 წლის იმ გაზაფხულს ერის ის საოცარი გამოღვიძებას და გამოფხიზლებას თავისუფლება დააგვირგვინებდა...

 ...რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ აპოლონი მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო. ასეთ მოკლე დროში, იმ უძრაობის ეპოქაში შეძლო, როგორც მეცნიერი ასულიყო მსოფლიო დონემდე“ - აღნიშნავს ბადრი ჯინჭარაძე.

ავტორი: ლალი ფაცია  https://www.facebook.com/photo/?fbid=522967429510105&set=gm.1031395791097781

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის