USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
ანტისანიტარიის გამო, მყინვარწვერი ევროპის ზოგმა ტურისტულმა კომპანიამ ტურებიდან ამოიღო
თარიღი:  1189

“მყინვარწვერზე დანაგვიანების პრობლემის მთავარი მიზეზი ტურისტები არიან ანუ ძირითადად ჩრდილოელი მეზობლები, ნაკლებ-გადამხდელუნარიანები, რომლებიც ღამეს ათევენ კარავში და არ ზრუნავენ გარემოზე,” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” ნიკა ერქომაიშვილმა, სამთო-გამყოლთა ასოციაციის დირექტორმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტუმრები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან მყინვარწვერის დალაშქვრის მიზნით, ხელმეორედ ჩამოსვლაზე უარს ამბობენ სწორედ იმ ნარჩენების გამო, რომლებიც ადგილზე ხვდებათ.

“მდგომარეობა მართლა სავალალოა, აქ ტურისტებთან ერთად პრობლემაა ადგილობრივების თვითშეგნებაც და პარალელურად არც სახელმწიფო ერევა ნარჩენების მართვის პროცესში, ამიტომაც კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ცხადია ტურისტებში არ ვგულისხმობ შეგნებულ სტუმრებს ევროპიდან, ამერიკიდან, რომლებიც პირიქით ზრუნავენ და გვეხმარებიან დასუფთავებაში, აქ იგულისხმება ჩრდილოელი მეზობლები რომლებიც გარდა იმისა, რომ ნაგავს ყრიან, ბიზნესს აწარმოებენ მყივნარწვერზე და დაყავთ კლიენტები ტურზე, ისე რომ გიდობის გამოცდილებაც არ აქვთ,” - აღნიშნა ერქომაიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამ ნარჩენებისა და ანტისანიტარიის გამო, ზოგიერთმა ტურისტულმა კომპანიამ ევროპაში მყინვარწვერი ტურებიდან და პროგრამიდან საერთოდ ამოიღო.

“პრობლემის გადასაჭრელად არ გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება, ბევრი საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს, იგივე ალპებში, ასევე ევერესტზე, სადაც ექსპედიციაზე მიმავალი გუნდი, მთაზე ასვლამდე ტოვებს დაახლოებით 4 ათასი დოლარის დეპოზიტს. მას ნარჩენების დეპოზიტი ჰქვია და ყველა ადამიანს ევალება უკანა გზაზე 8-დან 10 კილომდე ნაგვის ჩამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა უკან არ უბრუნდებათ და ხმარდება ადგილის დასუფთავებას, იგივე მექანიზმი შეგვიძლია შევიმუშაოთ და გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ნახვად ტურისტულ მიმართულებაზე,” - განაცხადა ნიკო ერქომაიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პანდემიამდე, ყოველწლიურად, მყინვარწვერზე არსებულ ერთადერთ დასარჩენ ადგილს, “ბეთლემის ქოხს” ათასობით ვიზიტორისგან საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, თავშესაფრის 80 ადგილი მუდმივად დაკავებულია. ამას ემატება საკემპინგეც.

იყო დასუფთავების შემთხვევებიც, პირველად, 2004 წელს, გერმანელ და შვეიცარიელ მთამსვლელებთან ერთად მოხევეებმა 2 ტონა ნაგავი გადაზიდეს. მეორედ, 2014 წელს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარჯით, ტერიტორია 9 ტონა ნაგვისგან გაასუფთავეს. მესამედ, გასული წლის ოქტომბერში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ 20 ტონა ნარჩენი ვერტმფრენებით გაიტანა.

"ბეთლემის ქოხის“ ადმინისტრაციაში ნაგვის სისტემატურად გატანას შეუძლებლად მიიჩნევენ. მიზეზად ვერტმფრენის ქირის დიდ თანხას ასახელებენ - წუთი 45 ევრო. ამიტომ, ნარჩენების მართვის საქმეში ადმინისტრაცია სახელმწიფოსგან ითხოვს დახმარებას.

წყარო: bm.ge

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის