USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
თბილისი
"ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი ზურაბ სიჭინავა: წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის პროცესი გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს
თარიღი:  525

კომპანია "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის პროცესი გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს - დასკვნით ფაზაშია სამობილიზაციო სამუშაოები, საპროექტო კვლევები და დეტალური პროექტირება. სამუშაოებს სახელმწიფოს კონტრაქტორი - საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ასრულებს, რომელმაც ტენდერში წინადადება წარმოადგინა ერთობლივი საწარმოს ფორმით.

"ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტორი კომპანიის მიერ მშენებლობისთვის განსაზღვრული ვადა 970 დღეა. ეს ვადა, თავის მხრივ ორ ეტაპად იყოფა - პირველი ეტაპი იყო სამობილიზაციო სამუშაო, ასევე პროექტირება და ყველა თანმდევი კვლევითი სამუშაო. პირველი ეტაპი, ფაქტობრივად, დასასრულს მიუახლოვდა, კონტრაქტით გაწერილი იყო, რომ ეს კვლევები 1-ელ სექტემბრამდე ხორციელდებოდა და ამის შემდეგ უნდა დაგვეწყო მშენებლობა - შესაბამისი ნებართვა უკვე გამოცემულიას სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ. რაც შეეხება მობილიზაციის ფაზას, ის სრულად დასრულდა და ტალღმტეხისთვის საჭირო კლდოვანი მასის 70-80% უკვე შემოსულია“, - განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ოქტომბრამდე ანაკლიაში მოეწყობა დროებითი ნავმისადგომი - ქვის ლოდების და ბეტონის ჯვარედინა ფორმის ბლოკების (ე.წ. "იქს ბლოკი") ტალღმტეხელის სხვადასხვა სექციებში მშენებლობისას გადასანაწილებლად. "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორის თქმით, 4 ივნისიდან უკვე დაიწყო "იქს ბლოკების“ ადგილზე წარმოება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანსპორტირების პროცესისთვის საჭირო ვადებს და სამუშაოებს.

"იქს ბლოკების“ დამზადების მიზნით, პორტის სამშენებლო ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ბეტონის ქარხანა, ასევე რეციკლირების დანადგარი. დღეში დაახლოებით 40 ცალი, კვირაში კი 240 ცალი "იქს ბლოკი“ იწარმოება და ეს პროცესი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდება - საჭიროა დაახლოებით 14,000 ცალი "იქს ბლოკი“. ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე იწარმოება 3 კუბური მეტრის მოცულობის, ხოლო კონტრაქტორი კომპანია უახლოეს პერიოდში 7 კუბური მეტრის მოცულობის ბლოკების წარმოებას გეგმავს.

რაც შეეხება დეტალურ პროექტს, კონტრაქტორი კომპანიის მიერ უკვე მომზადდა ტალღმტეხელის პირველი 650 მეტრის მოწყობის პროექტი/დიზაინი. ასევე 10 აგვისტომდე დასრულდება და წარდგენილი იქნება დასამტკიცებლად დარჩენილი მონაკვეთის მოწყობის დეტალური პროექტი/დიზაინი. ამჟამად მიმდინარეობს უშუალოდ ტალღმტეხელის მშენებლობის წინა ბათიმეტრიული და ტოპოგრაფიული კვლევები.

"რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, ის სამშენებლო და დაღრმავების სამუშაოებს მოიცავს, მიმდინარე კვირაში უკვე გამოიცა შესაბამისი სამშენებლო ნებართვა. მეორე ეტაპის ვადა თითქმის ორ წელს შეადგენს - 2027 წლის მაისში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ დაახლოებით 1400 მეტრი სიგრძის აშენებული ტალღმტეხელი და დაღრმავებული ფსკერი“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

საზოგადოება
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის - წესდება ენობრივი ბარიერი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.

კერძოდ, მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

ასევე, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

„საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მორიგი მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პაკეტი შსს-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით მოამზადა და დაჩქარებული წესით პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას.

საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ სანქციის გატარება.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით. იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის