USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ანა ყიფიანი-საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი
თარიღი:  2086
5 წლის ვიყავი, როდესაც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ბერკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი შევასრულე. "ნიჭიერთა ათწლედში” ჩავაბარე და აქედან დაიწყო ჩემი თავგადასავლები..
 
პირველი კონკურსი 8 წლის ასაკში მოვიგე პარიზში. ხუთი წელი ( ბაკალავრიატი) მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში ვსწავლობდი, ელისო ვირსალაძის კლასში. ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო, რადგან საქართველოს სახელი გამქონდა საზღვრებს გარეთ. სწავლის დასრულების შემდეგ, მოვიპოვე ძალიან იშვიათი - სრული გრანტი ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯში სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად (Royal College of Music).
 
ლონდონის შემდეგ კი პარიზში გადავედი, სადაც სრული სტიპენდია მოვიგე პარიზის კორტოს სახელობის კონსერვატორიაში, პროგრამით "La perfection ". უცხოეთში წასვლა ადრეულ ასაკში გადავწყვიტე, რადგან "კომფორტის ზონიდან" გასვლა მინდოდა, დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება და მიზნების მიღწევა. ყველა ის სასწავლებელი, სადაც ვსწავლობდი, გამოირჩევა განსაკუთრებული და საინტერესო მიდგომით მუსიკოსებისადმი, ბევრ უნარ-ჩვევას ანვითარებს სტუდენტებში და იძლევა ახალ შესაძლებლობებს.თავდაპირველად თბილისის დატოვების მეშინოდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით უფრო მებრძოლი და კონკურენტუნარიანი გავხდი. ჩემი კარიერა რამდენიმე ათეულ პრიზს ითვლის. ყველა ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. განსაკუთრებით სასიხარულო იყო, როდესაც გავხდი : Verbier Festival Academy-ის ელჩი; ამსტერდამში სოლო კონცერტით დამპატიჟეს, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ "Het concertgebow"-ს დარბაზში; მქონდა კონცერტები მენტონის და ლილის ფესტივალებზე.
 
პარიზში, კონკურსზე ლაურეატობის გარდა, მოვიპოვე დამატებით 7 ჯილდო (რისი პრეცედენტიც მანამდე ამ კონკურსზე არ ყოფილა). მექსიკაში გავიმარჯვე კონკურში, სადაც მოგვიანებით საკონცერტო ტურნეთი მიმიწვიეს და ჩავატარე მასტერკლასები მონტერეის კონსერვატორიაში. ჩემთვის დიდი მიღწევა იყო, როდესაც პარიზში ძალიან ცნობილი სააგენტო Anteprima-ს არტისტი გავხდი. მუსიკოსისთვის დიდი წარმატებაა, როდესაც კონცერტის დასრულების შემდეგ გულწრფელ აპლოდისმენტს იღებ და კულისებში გახარებულ მსმენელს ხვდები, რომელიც ერთი საათის განმავლობაში რეალობას გამოეთიშა, შენთან ერთად იმოგზაურა და გაიზიარა მუსიკოსის ემოციები.
 
პანდემიის გამო, სამწუხაროდ ყველა კონცერტი და ფესტივალი, რაც დაგეგმილი მქონდა გადაიდო. თუმცა 2021 წლის თებერვალში გავხდი კანადის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი ( 200 მონაწილიდან მოვხვდი საუკეთესო ხუთეულში, დავსახელდი კლასიკური ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებლად, ასევე დავიმსახურე "მაყურებლის სიმპათია-პრიზი" და მივიღე შემოთავაზებები თანამშრომლობის შესახებ). მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო კონკურსი ონლაინ მიმდინარეობდა, გამარჯვებამ მომცა სტიმული, ახალი სუნთქვა და იმედი, რომ ყველაფერი მალე აღდგება და ახალი შემართებით დავუბრუნდები სცენას.
 
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოში გავაზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება. ბატონი გელა ბეჟუაშვილის შემოთავაზებით გავხდი "ევროპული სკოლის" საპატიო ელჩი, სწავლის სრულად აღდგენის შემდეგ, ვგეგმავთ საინტერესო პროექტებს. ყველა დამწყებ მუსიკოსს მინდა ვურჩიო, რომ არ შეუშინდეთ გამოწვევებს, ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ, მაგრამ ამით უფრო ძლიერდებით, ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაუზიაროთ სხვებს. იყავით გულწრფელები, კეთილები და მიიღეთ სიამოვნება იმისგან, რასაც აკეთებთ.
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის