USD 2.6393
EUR 3.0167
RUB 3.4624
თბილისი
ამოქმედდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის ახალი პროგრამა
თარიღი:  550

ამოქმედდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის ახალი პროგრამა, რომელსაც გარკვეული წინაპირობები გააჩნია, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლების შესახებ და ინვესტორს არ დაელოდონ.

„გვინდა, კიდევ ერთი ახალი პროგრამა შევთავაზოთ ჩვენს თბილისელებს, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. პროგრამა ეხება დედაქალაქის ისტორიულ უბნებში - კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვას. არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, რომ მიუხედავად მერიის ჩართულობისა, დაელოდონ სამშენებლო პროცესს და შესაძლოა, ურჩევნიათ ამ ქონების მალევე გაყიდვა. სწორედ ეს პროგრამა იქნება კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და შესაძლებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ის კრიტერიუმები გააცნო, რომელთა დაცვაც აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია.

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხი უნდა იყოს V ან IV კატეგორია; გამოსყიდვაზე თანახმა უნდა იყოს ავარიული საცხოვრებელი სახლის ყველა მესაკუთრე; აღნიშნული ავარიული სახლის დემონტაჟმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობებს. თუ იარსებებს ზეგავლენის საფრთხე, მაშინ მერია მზადაა, გამოსყიდვის პროგრამაში ჩართოს მათ შორის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებიც იმავე პირობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამოსყიდვას დაექვემდებარება საკუთრებაში რეგისტრირებული ყველა ფართი, გარდა კონკრეტული შემთხვევებისა.

„ზოგიერთი ფართის გამოსყიდვა, ცხადია, ვერ მოხდება, მაგალითად: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონება (სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ეზო და სხვა საერთო სარგებლობის ქონება); ავტოფარეხი/ავტოსადგომი (ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობის საკუთრებაში თუ მფლობელობაში არსებულ ავტოსადგომებს ვიღებთ და მათ ადგილას ვაწყობთ რეკრეაციულ სივრცეებს); სხვენი და ტერასა, თუ იგი არ არის კეთილმოწყობილი და არ გამოიყენება საცხოვრებლად (თუ სხვენი ან ტერასა კეთილმოწყობილი იქნება და გამოყენებული იქნება საცხოვრებლად, მაგ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფართებსაც გამოვისყიდით)“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ის ფართები, რომლებიც დაექვემდებარება გამოსყიდვას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასდება.

„ფართები, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება როგორც საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფართები, რომლებიც არ გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება მათი ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. გამოსყიდული ტერიტორიები უკვე მომზადდება საინვესტიციოდ, ისე რომ ქალაქგეგმარებითად იყოს ისტორიული უბნის სპეციფიკასთან თანხვედრაში და მოხდება მისი განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამის გარდა, დედაქალაქში მიმდინარეობს ავარიული საცხოვრებელი სახლების მიმართულებით არსებული პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც, უკვე ათეულობით პროექტია მიმდინარე პროცესში.

„თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე და ყველა ვხედავთ, თუ როგორი გალამაზებული, განახლებულია ორბელიანის მოედანი, გუდიაშვილის მოედანი და სხვა ისტორიული არეალები; შევქმენით ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რასაც ასევე „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში, არც ერთი თეთრი არ ეხარჯება ჩვენს თანამოქალაქეებს. მთავარია ამ ავარიული სახლის 100% მესაკუთრეთა თანხმობა; ასევე, გვაქვს პროგრამა, როცა პროცესში ერთვება ბიზნესი. ჩვენ დეველოპერებს ვაძლევთ შესაბამის ხელშემწყობ ღონისძიებებს, K2 კოეფიციენტის მატება იქნება ეს თუ სხვა პრეფერენციები, რათა მათ უზრუნველყონ ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მესაკუთრეების ფართებით დაკმაყოფილება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის