USD 2.7236
EUR 3.1882
RUB 3.4609
თბილისი
ამირან გამყრელიძე განცხადებას ავრცელებს
თარიღი:  432
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მის მიერ დაკავებული პოსტის დატოვების შესახებ ვრცელ მიმართვას ავრცელებს, სადაც NCDC-ის მიღწევებზე და სამომავლო რეკომენდაციებზე საუბრობს.

'თბილისი პოსტი" ამირან გამყრელიძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და აღვნიშნო, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების თითქმის ათწლიანი პერიოდის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აღნიშნული პოსტი და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო უპირატესად სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას.

მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამ პოსტის დაკავებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი პერიოდისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო კიდევ ერთხელ, საკმაოდ ხანგრძლივად, ვყოფილიყავი საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და დირექტორად მუშაობისას მქონოდა საშუალება, გარკვეული წვლილი შემეტანა ჯანდაცვის სექტორის შემდგომ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, დაკისრებული მანდატის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. განვლილი ათი წლის მანძილზე იყო ბევრი გამოწვევა სხვადასხვა მიმართულებით, რისი დაძლევაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც პროფესიიდან, ასევე დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე და ამავე დროს, ეს დრო სავსე იყო დიდი თუ პატარა მიღწევითა და წარმატებით და ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევებით.

არსებული შედეგები შეუძლებელი იქნებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის გამორჩეული და დიდი გუნდის, თითოეული თანამშრომლის თავდადების და საქმისადმი ერთგულების გარეშე. ამ მნიშვნელოვანი დაწესებულების საქმიანობა და წარმატება შესაძლებელი გახდა გუნდის დაუღალავი შრომით და მისი წვლილი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაში განუსაზღვრელია.

განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გამოვყო ბოლო წლები, პანდემიის პერიოდი, როდესაც ცენტრის მთლიანი შემადგენლობა, ცენტრალური წარმომადგენლობა, რეგიონების და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების ჩათვლით, მუდმივ რეჟიმში, 24/7-ზე ჩართული იყვნენ, ერთი მხრივ, ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო, მეორე მხრივ, ახორციელებდნენ რუტინულ საქმიანობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების ქვეყნის ყველა კუთხეში, თითოეულ მოქალაქემდე უწყვეტად მისატანად. ამასთან, მსურს გამოვყო ჩვენი გუნდის წვლილი მნიშვნელოვანი წამოწყებების, მრავალი დიდი პროექტის წარმატებულ წარმართვასა და განხორციელებაში, რომლებსაც ერთობლივად ვნერგავდით ბოლო 10 წლის განმავლობაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო:
ჯანდაცვის ძირითადი ინდიკატორების (0-5 წ. ბავშვთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობადობა, ნეონატალური სიკვდილიანობა, მოზარდთა ორსულობა, აბორტების რაოდენობა) შემცირების პოზიტიური დინამიკა, ლუგარის კვლევითი ცენტრის სრული ფუნქციური ინტეგრაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზაციულ სტრუქტურაში და მისი შემდგომი განვითარება - გენომიკური კვლევები, ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციები, ახალი ვირუსების აღმოჩენა/იდენტიფიცირება მსოფლიო და საქართველოს მასშტაბით, წითელას ეპიდაფეთქების მართვა, წითურას ელიმინაცია, ცოფის ერთეულ შემთხვევებამდე დაყვანა ან საერთოდ განულება, მალარიის ადგილობრივი გადაცემის აღმოფხვრა, პოლიოვირუსის ველური და ვაქცინადერივატული შტამით გამოწვეული შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი, 6 ახალი ვაქცინის დამატება იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში და რუტინული და პრევენციული ვაქცინაციით მოცვის მკვეთრად გაუმჯობესება, ქვეყნის მასშტაბით გამართული „ცივი ჯაჭვის“ ინფრასტრუქტურა ვაქცინების შენახვა-დისტრიბუციისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის, ტუბერკულოზის ყველა ფორმის გავრცელების მკვეთრი კლება, აივ/შიდსის პრევენციული სისტემის შექმნა და სერვისების გაფართოება, ქვეყანაში „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვა, ჰეპატიტი C-ს ელიმინაციის ფლაგმან პროგრამაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა, რითაც საქართველო მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყანად, სისხლის ინფექციებზე კონტროლის უმაღლესი სტანდარტის შემუშავება და ქვეყანაში სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაძლიერება და გადაუდებელი ოპერაციული ცენტრის ჩამოყალიბება, რამაც მიმდინარე პანდემიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, არტერიული ჰიპერტენზიის მასობრივი სკრინინგის დანერგვა, იოდის ეროვნული კვლევა, იოდის ოპტიმალური ნუტრიციული სტატუსის მიღწევა და ქვეყანაში იოდ-დეფიციტის აღმოფხვრა, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის” ინიცირება, თამბაქოს კონტროლის გაძლიერება და ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირების ყოველწლიური მზარდი დინამიკის ხელშეწყობა, ცენტრში გარემოს დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბება და ამ მიმართულების მნიშვნელოვნად განვითარება, მათ შორის ქიმიურ რისკ-ფაქტორთა შეფასების ლაბორატორიის შექმნა-ამოქმედება, პოპულაციური რეგისტრებისა და მეთვალყურეობის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების განვითარება, ჯანდაცვის დიგიტალიზაციის ხელშეწყობა, კიბოს ერთიანი ინფორმაციული სისტემის, დაბადების რეგისტრის, დაბადება/გარდაცვალების სისტემის ადმინისტრირება და მრავალი სხვა, რომელთა შესახებ მეტი ინფორმაცია საჯაროდ ზიარდება როგორც ცენტრის წლიურ, ასევე მიზნობრივ ანგარიშებში.

თუმცა ყველა მიღწევის პარალელურად კვლავ განსაკუთრებულად გამოსაყოფია ამ საუკუნის უდიდესი გლობალური გამოწვევა და მსოფლიო კრიზისის მიზეზი - კოვიდ-პანდემია, პრობლემა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის საუკუნეში ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს და რის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და კვლავ იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. აქვე მინდა განსაკუთრებული თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატო მათი ოჯახების და ახლობლების მიმართ, ვისი გადარჩენაც, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო. მათ შორის ბევრია ჩემი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი და კოლეგა. ამ ბოლო წლებმა ჩემზეც მოახდინა განსაკუთრებული სტრესული და ფსიქოლოგიური გავლენა და დიდი დამღა დამასვა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კუთხით, რადგან პანდემიასთან ასოცირებული ახალი ინფორმაცია და პროცესების ყოველდღიური ანგარიშგება, მათ შორის ნეგატიური, ერთ-ერთი პირველი ზიარდებოდა ცენტრთან, პირადად ჩემთან და ჩვენს მიერ გაანალიზებული მიეწოდებოდა მთავრობასა და შესაბამის უწყებებს. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კეთდებოდა ანალიზი და სათანადო რეკომენდაციები ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, რაც შემდგომ განიხილებოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ.

ალბათ განვლილმა წლებმა მომცა უფლება და მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, გამოვყო საქართველოს ისტორიის საკმაოდ რთული პერიოდი, 1994-დან 2004-მდე წლები, როდესაც ვიყავი ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყველა პროცესის მომსწრე და მონაწილე და უღრმესი მადლობა გადავუხადო ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს თითოეულ მუშაკს, ამ ყველაზე ფაქიზი და სათუთი სფეროს წარმომადგენლებს, ქვეყნის პანდემიის წინააღმდეგ რეაგირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ასევე, დამოუკიდებლობის პერიოდში სისტემის აღმშენებლობისათვის გაწეული საქმიანობისთვის.

გასაკეთებელი წინ კვლავ მრავლადაა. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პრევენცია არის 21-ე საუკუნის და მომავლის მედიცინის ძირითადი ორიენტირი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა, მთლიანად მოსახლეობამ, გაითავისოს მისი არსი და მნიშვნელობა. ახლო მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ და მოხდეს მისი მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ჩვენი შემდგომი თაობებისთვის იგი უკვე ცხოვრების ნორმა, ყოველდღიურობაში დამკვიდრებული მიდგომა იყოს. ავადობის ძირითადი ტვირთის გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პირველადი, მეორეული და მესამეული პრევენცია და მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რაც მეცნიერულად დასაბუთებული და მრავალ წამყვან ქვეყანაში უპირობოდ აღიარებული სწორი და ეფექტური მიდგომაა.

განსაკუთრებულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რაც ჩემი შეხედულებით, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს ყოველთვის და განსაკუთრებით დღეს. გაძლიერებულ ყურადღებას საჭიროებს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემები და დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა შემუშავდეს ხელშეწყობის სტრატეგია და მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. ასევე უნდა მოხდეს ადრეულ ეტაპზე ბევრი მნიშვნელოვანი დაავადების დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და გამოვლენა, მათ შორის კიბოსა და სხვა წამყვანი ქრონიკული დაავადებების. ქვეყანაში უფრო მეტად ხელშეწყობილი უნდა იყოს მედიცინის დიგიტალიზაცია, გაძლიერდეს პრეციზიოზული, მიზნობრივი და გენომური მედიცინა და მასზე დაფუძნებული მეთვალყურეობა, გენომის შესწავლა, რაც 21-ე საუკუნის მედიცინის ქვაკუთხედია. ყველა არსებული და ახალი მიდგომა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინტერვენციებსა და სამეცნიერო ფაქტებს. ამის გარანტია ეროვნული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაა, აკადემიურ წრეებსა და სასწავლო დაწესებულებებთან მუდმივი კავშირი და უკუკავშირი, რასაც ახორციელებს ჩვენი ცენტრი და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა.

სამწუხაროდ ამ პერიოდის მანძილზე ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი არ იყო. წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი. ახლო მომავალში უნდა გაძლიერდეს ეროვნული გენომური ცენტრი და გაფართოვდეს მისი საქმიანობა, რაც ქვეყნისა და რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება, მომავალი 5 წლის მანძილზე სრულად უნდა მოხდეს ჰეპატიტი C-ს ელიმინაცია და ტყვიის მაღალი შემცველობით გამოწვეული ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების მეთვალყურეობა და კონტროლი, მაქსიმუმამდე უნდა იყოს აყვანილი იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლები და მინიმუმამდე დაყვანილი ვაქცინით მართვადი დაავადებები, გაუმჯობესდეს ინტერსექტორული თანამშრომლობა „ერთიანი ჯანმრთელობის“ ფარგლებში, დაავადების მეთვალყურეობის პროგრამებში მუდმივად ხდებოდეს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ინტეგრირება, გაუმჯობესდეს რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და შემცირდეს მათი ნეგატიური გავლენა.

ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ჯანსაღი ქალაქის პრინციპების განმახორციელებელი დასახლებების რაოდენობა, მოსახლეობის ფართო ფენებში ჯანმრთელობის ფარგლებში ამაღლდეს ცნობიერება და მაქსიმალურად დაინერგოს „ჯანსაღი ცხოვრების“ მიდგომები.

მწამს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, რაც შემდგომ განაპირობებს ცოდნაზე და გამოცდილებაზე დამყარებულ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას, მდგრადობას, კეთილდღეობასა და სწორ განვითარებას. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, მათ შორის დღეს დაკავებული პოზიციიდან, ამისკენ იყო მიმართული, ამ მიზნის მიღწევისთვის ვშრომობდი და ვიბრძოდი მთელი პროფესიული კარიერის მანძილზე, ვასწავლიდი და ვუზიარებდი ჩემს სტუდენტებს და შემდგომშიც ენთუზიაზმით გავაგრძელებ ამ მიმართულებით მოღვაწეობას. ვამაყობ, რომ მომეცა საშუალება, წლების მანძილზე მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ვყოფილიყავი საქართველოს დიდი სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი, ამ პერიოდში ქვეყნის გარეთ, მაღალი დონის სხვადასხვა პლატფორმიდან, საქართველოს სახელი ღირსეულად წარმომეჩინა და წარმედგინა, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა მნიშვნელოვან ეროვნულ და საერთაშორისო ინიციატივასა და აქტივობაში, რითაც ქვეყანა უფრო ცნობადი, დაფასებული და წარმატებული გახდა გლობალურ სამედიცინო ოჯახში და კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე.

ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ჩემი მხრიდან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, უცხოელი კოლეგისა და მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომელთა მხარდაჭერით, დახმარებითა და აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის გაძლიერება, არამედ ქვეყნის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება. იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი თაობა განაგრძობს და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას და უფრო მეტი წარმატებული ერთობლივი პროექტი განხორციელდება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ.

და ბოლოს, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მინდა მადლობა გადავუხადო 2013 წლის დასაწყისიდან, ჩემი ამ პოზიციის დაკავებიდან მოყოლებული, ქვეყნის მმართველ გუნდს, მთავრობას - აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრებს, ცალკე გამოვყოფ კოვიდ-პანდემიის პერიოდში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ჩვენი ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერას და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერება საქართველოს მოსახლეობას, ვისაც სჯეროდა ჩვენი, ვისაც სწამდა და ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიწოდებული რეკომენდაციები, ითვალისწინებდა და მომავალშიც გაითვალისწინებს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ რჩევებს და აღასრულებს მათ. როგორც მოსახლეობის კეთილგანწყობა, ასევე პოლიტიკის შემქმნელების ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი საქმიანობისთვის, დასახული მიზნებისა და ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის, რაც კვლავ და კვლავ ქვეყნის ჯანდაცვის ინდიკატორების და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებით გამოიხატება.

ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია. რამდენად წარმატებულად გავიარე ეს მიმდინარე ან სხვა გასული ეტაპები მომავალში კოლეგები, ჩვენი საზოგადოება და დრო შეაფასებს. ჩემი მხრიდან, მინდა წარმატება ვუსურვო ცენტრის მომავალ ხელმძღვანელს, ასევე ჩვენს დიდ გუნდს, და ახალგაზრდა თაობას, რომელთა დაოსტატება და განვითარება ჩემი მუდმივი საზრუნავი იყო და ყოველთვის დიდი ხალისით და უკეთესი მომავლის იმედით ვცდილობდი მაქსიმალურად შემეწყო მათთვის ხელი. იმედს ვიტოვებ, რომ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდება საუკეთესო შედეგით, ხოლო ახალი წამოწყებები კიდევ მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყანას".
ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.