USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
Tbilisi
ამერიკის საგარეო პოლიტიკაში შავი ზღვა დაბრუნდა, მაგრამ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
Date:  1310

რობერტ ე. ჰამილტონი

პოლკოვნიკი (გადამდგარი) დოქტ. რობერტ ჰამილტონი – არის აშშ ჯარის ომის კოლეჯის ევრაზიის კვლევების ასოცირებული პროფესორი და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის შავი ზღვის მკვლევარი

მართალია მხოლოდ რუსეთის საქართველოში შეჭრისა (2008) და უკრაინაზე ორი თავდასხმის (2014, 2022) შემდეგ, თუმცა შავმა ზღვამ როგორც იქნა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ამ რეგიონის აღზევება არ იყო მშვიდი და შეუფერხებელი პროცესი. როგორც ამერიკის საგარეო პოლიტიკისათვის არის დამახასიათებელი, ეს პროცესი თანდათანობით და არათანაბრად მიმდინარეობდა. მხოლოდ დაახლოებით ერთი წლის წინ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დარწმუნდა აშშ ორ რამეში: რომ რუსეთი აშშ-ს ინტერესებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და რომ კრემლმა შავი ზღვის რეგიონი აშშ-ს ლიდერობით არსებულ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის გამოწვევის ადგილად აირჩია.

იმისათვის რომ გავიგოთ, თუ როგორ მოექცა შავი ზღვის რეგიონი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში, აუცილებელია  რეგიონის მიმართ აშშ-ს ცივი ომის შემდგომი მიდგომის ისტორიის მიმოხილვა. რუსეთი დიდი ხანია აქტიურია ამ რეგიონში, მაგრამ აშშ 1990-იან წლებში მოსკოვის საქართველოსა და მოლდოვაში ჩარევას თუ უკრაინაში მის პოლიტიკურ გავლენებს მცირე ყურადღებას უთმობდა. იმ ათწლეულებში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ელიტა რუსეთს ყოფილ საბჭოთა კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამდა და შავი ზღვის რეგიონის სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. აშშ-ს მთავარ ფოკუსს რუსეთის პოლიტიკური სტაბილურობა და მისი ბირთვული არსენალის უსაფრთხოება წარმოადგენდა. ამ პრობლემების მასშტაბურობამ კი, თავის მხრივ, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არსებულ გამოწვევებზე ფოკუსირების სივრცე არ დატოვა. აშშ ამ ქვეყნების პრობლემების მოგვარების საკითხის რუსეთისთვის დატოვებით კმაყოფილი  იყო, მათ შორის იმ პრობლემების, რომლებიც ნაწილობრივ რუსეთის მიერვე იყო შექმნილი.

2003 წლის ვარდების რევოლუციამ და 2004 წლის უკრაინის ნარინჯისფერმა რევოლუციამ ამ ქვეყნების მიმართ ამერიკის ინტერესი გაზარდა. ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის ხედვით, თუ ეს ქვეყნები დემოკრატიზაციას შეძლებდნენ, მათ დიდი ალბათობით სხვა ქვეყნებიც მიჰყვებოდნენ. სამწუხაროდ, ამ რევოლუციების მემკვიდრეობა ორაზროვანია. შიდა დაპირისპირებებისა და მცოცავი ავტორიტარიზმის ფონზე, ხანგრძლივად სტაბილურობის შენარჩუნება ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ აშშ უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებდა, მათი დასავლეთისკენ მობრუნება რეგიონისთვის ამერიკის ყოვლისმომცველი საგარეო პოლიტიკისა თუ სტრატეგიის შესაქმნელად  საკმარის საფუძველს არ წარმოადგენდა.

უკრაინისა და საქართველოსთვის სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციებმა ამერიკელი გადაწყვეტილების მიმღები პირების ხანგრძლივი ყურადღება ვერ მიიპყრეს, ისინი რუსეთის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. კრემლი საზღვარზე მომხდარ ამ და სხვა მასობრივ რევოლუციებს „ფერად რევოლუციებს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ ისინი კორუმპირებული, ავტორიტარულ რეჟიმების წინააღმდეგ სახალხო ამბოხების ნაცვლად, რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობების წინააღმდეგ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ მხარდაჭერილ გადატრიალებებს წარმოადგენენ. ვარდებისა და ნარინჯისფერი რევოლუციების საწყის ეტაპზე, მოსკოვმა შავი ზღვის რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერება დაიწყო. ძალიან მალევე, რუსეთმა მოძებნა შანსი მისი ახალი სამხედრო შესაძლებლობების გამოსაყენებლად. 2008 წლის აგვისტოს, ოთხი თვის თავზე მას შემდეგ, რაც ნატომ განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებოდნენ, მაგრამ მათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიანიჭა, რუსეთ-საქართველოს ომმა კარგად აჩვენა, თუ რაზე იყო რუსეთი წამსვლელი რეგიონში საკუთარი ინტერესების გასატარებლად.

ამერიკის პასუხი ორაზროვანი იყო. ამერიკელმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა რუსეთის თავდასხმა დაგმეს, მაგრამ ომი იქამდე იყო დამთავრებული, სანამ აშშ შესაბამისი პასუხისა და მისი განხორციელების გზების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა. შესაბამისად, აშშ-ს პასუხი ძირითადად საქართველოსთვის ჰუმანიტარულ დახმარებას მოიცავდა. ომიდან ხუთი თვის თავზე, ობამას ადმინისტრაციამ  რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკა წამოიწყო. გადატვირთვის ფარგლებში, ამერიკელ პოლიტიკოსებს ერჩივნათ 2008 წლის ომი გამონაკლისად, და არა რუსეთის ქმედებების ზოგად გამოხატულებად, ჩაეთვალათ. იმის ნაცვლად, რომ ეკითხათ „სად იქნება რუსეთის შემდეგი შეტევა?“, ვაშინგტონში ბევრი კითხულობდა, თუ „რატომ გათვალა საქართველომ ასე არასწორად?“.

რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის მომზადებამ საბოლოოდ დაასამარა იდეა, რომ 2008 წელი გამონაკლისს წარმოადგენდა. ამერიკელმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა რუსეთის, როგორც დასავლეთთან დაპირისპირებისკენ მიდრეკილი აქტორის აღქმა დაიწყეს. საინტერესოა ისიც, რომ რუსეთის საქართველოსა და უკრაინაში შეჭრის შედეგად, აშშ-მ და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები საფრთხის წინაშე იდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ მის დასავლეთ საზღვარზე ძალის გამოყენების ყველა შემთხვევა შავი ზღვის რეგიონში მოხდა, ნატომ თავისი ოთხი საბრძოლო ჯგუფის ბალტიისპირეთსა და პოლონეთში განლაგება გადაწყვიტა.

ერთი მხრივ, ეს წინდახედული ნაბიჯი იყო: ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ნატოს მოკავშირეები არიან, რომლებსაც ალიანსის დახმარების გარეშე თავდაცვა არ შეუძლიათ. ასე რომ, იქ შენაერთების განლაგება მომავალზე გათვლილი შემაკავებელ ზომას წარმოადგენდა. თუმცა, მეორე მხრივ, შედარებისთვის, შავი ზღვა, სადაც რუსეთმა სამხედრო ძალა არაერთხელ გამოიყენა, უგულებელყოფილი დარჩა.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, აშშ-მ და ნატომ საბოლოოდ, თუმცა ზოგიერთი მოსაზრებით დაგვიანებულად, დაასკვნეს, რომ რუსეთი შავი ზღვის რეგიონისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. შედეგად, ნატო ბალტიისპირეთისა და პოლონეთის მსგავსად, ბულგარეთში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთში მრავალეროვნული საბრძოლო შენაერთების  შეიქმნაზე შეთანხმდა. თავის მხრივ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგის (NSS) ფუნდამენტური გადახედვა დაიწყო. წინა სტრატეგია, 68 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც 2017 წელს ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში დაიწერა, რუსეთს 25-ჯერ, უკრაინასა და საქართველოს კი მხოლოდ ერთხელ ახსენებს. ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც 2022 წელს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნდა, რუსეთი 71-ჯერ, უკრაინა 32-ჯერ, ხოლო მოლდოვა და საქართველო კი ერთხელ არის ნახსენები. ბაიდენის ადმინისტრაციის ეს დოკუმენტი ასევე ბევრად უფრო პირდაპირია რუსეთის შეფასებებში. მაშინ, როდესაც წინა სტრატეგიები რუსეთს ძირგამომთხრელ ან მადესტაბილიზირებელ ძალად ახასიათებდნენ, ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მას „უკიდურესად საშიშ“ ქვეყანას უწოდებს, რომელიც „თავისუფალი და ღია საერთაშორისო სისტემისთვის“ „უშუალო საფრთხეს“ წარმოადგენს.

შავი ზღვის რეგიონი კონგრესის ინტერესის საგანიც გახდა. კონგრესი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში პირდაპირ როლს იშვიათად თამაშობს. მაგრამ, როდესაც ის პროცესში ერთვება, შედეგები ხშირად მნიშვნელოვანი და ხანგრძლივია. მართლაც, სისტემის ფუნდამენტური რეფორმის უმრავლესობა ხელისუფლების აღმასრულებელ შტოზე კონგრესის მიერ იქნა დაწესებული. ამის მაგალითებია 1947 წლის „ეროვნული უსაფრთხოების აქტი“, რომელმაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) შექმნა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (NSC); ასევე, 1986 წლის გოლდვოთერონიკოლსის აქტი“, რომელმაც თავდაცვის დეპარტამენტი ჩამოაყალიბა და ყველა ადმინისტრაციას ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა დაავალა. 2022 წლის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კონგრესი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნის პროცესში კიდევ ერთხელ ჩაერთო, რაც „2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტის“ ინიცირებით გამოიხატა, რომელიც ამ ეტაპზე როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე  სენატში ცირკულირებს. შავი ზღვის უსაფრთხოების აქტს იმ ყურადღებისა და რესურსების მობილიზაციის პოტენციალი აქვს, რომელიც ამერიკის შავი ზღვის  პოლიტიკას ასე სჭირდება.

თუ ეს ინიციატივა კანონად იქცა, მისი ორპარტიული  მხარდაჭერის გათვალისწინებით, ბაიდენის ადმინისტრაცია ვალდებული იქნება, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ თავისი მიდგომა გააძლიეროს. თეთრი სახლი ვალდებული იქნება, კანონპროექტის კანონად ქცევიდან 120 დღის განმავლობაში კონგრესს წარუდგინოს ანგარიში, რომელიც „გამოკვეთს ამერიკის შეერთებული შტატების მიმდინარე ქმედებებსა და მის პოლიტიკას შავი ზღვის ქვეყნებისა და ფართო რეგიონის მიმართ“. ანგარიში ასევე უნდა შეეხოს 18 კონკრეტულ საკითხს, რომელიც კანონპროექტშია გამოთქმული. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კანონპროექტის მიღებიდან 360 დღეში, თეთრმა სახლმა უნდა წარმოადგინოს „სტრუქტურათაშორისი  სტრატეგია… იმისთვის, რომ გაიზარდოს სამხედრო დახმარება და კოორდინაცია ნატოსა და ევროკავშირთან, გაღრმავდეს ეკონომიკური კავშირები, გაძლიერდეს ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება და გაიზარდოს შავი ზღვის ქვეყნებისთვის უსაფრთხოების მიმართულებით დახმარება, ასევე, ხელი შეეწყოს ამ ქვეყნების დემოკრატიების მედეგობას.“

ახალი უსაფრთხოების სტრატეგია და შავი ზღვის უსაფრთხოების პოტენციური აქტი შავი ზღვის რეგიონში აშშ-ს პარტნიორებისა და მოკავშირეებისთვის მოვლენების მისაღებ განვითარებას უნდა წარმოადგენდეს. აშშ-ს რესურსებისა და ყურადღების რეგიონისკენ მიმართვის გარდა, ახალი მიდგომა ამერიკული სახელმწიფო სააგენტოების კოორდინირებას საჭიროებს, რაც სპონტანურად იშვიათად ხდება. სააგენტოთა შორის კოორდინირებულ თანამშრომლობით მიდგომას შეუძლია, ამერიკის დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო ძალის საერთო მიზნების მისაღწევად თანმხვედრი მოქმედება უზრუნველყოს.  შენარჩუნების შემთხვევაში, აშშ-ს რეგიონზე ფოკუსს მისი ეკონომიკური პერსპექტივის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განვითარება შეუძლია.

თუმცა, აშშ-ს ახალი მიდგომა შავი ზღვის ყველა ქვეყანაზე თანაბარ გავლენას არ მოახდენს. ზოგიერთი, მაგალითად თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი, როგორც ნატოს წევრები, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვან ელემენტებად დარჩებიან. უკრაინა ნატოს წევრი არ არის, მაგრამ რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ის ამჟამად აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცალკეული სახელმწიფოა. ამის ფონზე, ამერიკის რეგიონალურ პოლიტიკაში საქართველოს როლი, რომელიც არც ნატოს წევრია და არც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ  იბრძვის აქტიურად, სამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

პირველი, თბილისი უსაფრთხოების მიმწოდებლად უნდა პოზიციონირებდესროგორც ის ამას ერაყსა და ავღანეთში აშშ-თან ხანგრძლივი პარტნიორობით წარმატებით ახერხებდა. ამ მისიების დასასრულს, როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს მთავრობებმა ახალ სამხედრო პარტნიორობაზე უნდა დაიწყონ მუშაობა. მეორე, საქართველომ, რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით,  მისი, როგორც შავი ზღვის სახელმწიფოს როლს უნდა გაუსვას ხაზი. ეს განსაკუთრებით ეხება უკრაინასთან, როგორც ნატოში გაწევრების პროცესში საქართველოს მთავარ პარტნიორთან, თანამშრომლობას. ბოლოდროინდელი უაზრო კინკლაობა საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის, რომელიც დასავლეთში თბილისის მიერ დაწყებულ პროცესად აღიქმება, საქართველოს რეპუტაციას სერიოზულად ვნებს.

ბოლოს, საქართველომ დემოკრატიზაციის გზაზე პროგრესი უნდა აჩვენოს. შემთხვევითი არ არის, რომ „შავი ზღვის უსაფრთხოების აქტის“ ერთ-ერთი ძირითადი ფოკუსი დემოკრატიული მედეგობის გაძლიერებაა. ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი უსაფრთხოების სტრატეგიაც ძლიერ აქცენტს აკეთებს დემოკრატიაზე: მაშინ, როდესაც ტრამპის უსაფრთხოების სტრატეგია დემოკრატიას ექვსჯერ ახსენებს, ბაიდენის ადმინისტრაციის დოკუმენტში ის 38-ჯერ არის მოხსენიებული. საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია კი ამ მიმართულებით არც თუ ისე ხელსაყრელია. სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც „შავი ზღვის უსაფრთხოების აქტის“ სპონსორია, გააჟღერა მოსაზრება, რომ საქართველოს დახმარება უნდა შეუჩერდეს და აღნიშნა: „ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ხომ არ არის დრო  საქართველოს მიმართ ჩვენს სტრატეგიას გადავხედოთ.“

ახალი უსაფრთხოების სტრატეგია და „შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“ რეგიონის ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან ყურადღებისა და დახმარების გაზრდის შესაძლებლობას სთავაზობს. იმას, თუ რამდენად შეძლებს საქართველო ამ შესაძლებლობისგან სარგებლის მიღებას, მომავალი აჩვენებს.

აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს აშშ ჯარის ომის კოლეჯისჯარისა თუ თავდაცვის დეპარტამენტის პოზიციას

 

პოლკოვნიკი (გადამდგარი) დოქტ. რობერტ ჰამილტონი – არის აშშ ჯარის ომის კოლეჯის ევრაზიის კვლევების ასოცირებული პროფესორი და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის შავი ზღვის მკვლევარი

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way