2023 წლის აგვისტოში თბილისში 3,552 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 9.3% და თვიურად 2.8%-იანი კლებაა - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ანგარიშიდან ირკვევა. ორგანიზაციის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ პირველად ბაზარზე გაყიდვების ბევრად ნაკლები შემცირება დაფისირდა ვიდრე მეორადზე (-1.7% წ/წ და -14.6% წ/წ, შესაბამისად). ეს სავარაუდოდ მიუთითებს ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირებაზე, რადგან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა მიგრანტებისგან, რაც გასულ წელს ქირის მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.
2023 წლის აგვისტოში წლიური გაყიდვები თბილისის თითქმის ყველა უბანში შემცირდა. ზრდა მხოლოდ დიდი დიღმის (+17.8% წ/წ) და ნაძალადევის (+26.6% წ/წ) რაიონებში დაფიქსირდა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2) და
საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) წილის ზრდა, რაც გამოწვეულია გაზრდილი ფასებით.
ფასები პირველად ბაზარზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რასაც ასევე ხელს უწყობს დეველოპერების მხრიდან გადახდის მოქნილი სქემების შეთავაზება. ამასთან, მეორად ბაზარზე ფასები ოდნავ შემცირდა თვიურად (ზრდა გრძელდება წლიურ ჭრილში), რადგან მოთხოვნა შესუსტდა ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირების გამო.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ფიქსირდება შემდეგი ზრდის ტემპები პროექტების ტიპების მიხედვით:
• პირველადი ბაზრის პროექტები +39.4%
• მეორადი ბაზრის ახალი პროექტები +23.7%
• მეორადი ბაზრის ძველი პროექტები +15.3%
ბაზრის ზომა
2023 წლის აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო მოცულობამ 257.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 9.7%-იანი ზრდაა და ძირითადად გამოწვეული იყო პირველადი ბაზრის ზომის მნიშვნელოვანი ზრდით (+28.5% წ/წ). ეს უკანასკნელი პირველადი ბაზრის ბინებზე ფასების მკვეთრი მატების შედეგი იყო.
სამშენებლო ნებართვები
2023 წლის პირველ 8 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 48.7%-ით გაიზარდა, რაც შესაბამისობაშია 2020 წლიდან არსებულ ზრდის ტენდენციასთან. აღსანიშნავია, რომ გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობას უფრო ნელი ზრდის ტემპი ჰქონდა (+20.7% წ/წ) ვიდრე საცხოვრებელ ფართობს, რაც მიუთითებს დაგეგმილი პროექტების გაზრდილ ზომებზე. ბევრი დეველოპერი დაინტერესდა უფრო მსხვილი საცხოვრებელი პროექტის მშენებლობით, რაც გულისხმობს რამდენიმე კორპუსის, ან ზოგ შემთხვევაში მთლიანი კომპლექსის მშენებლობას.
სრულად Galt & Taggart-ის კვლევა იხილეთ ბმულზე.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.