USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
თბილისი
ალექსი პეტრიაშვილი - საქართველო, ნატო და შავი ზღვა
თარიღი:  989

შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ გახდა, როდესაც კრემლმა აქტიურად დაიწყო როგორც ნახევარკუნძულის მილიტარიზაცია, ისე მთლიანად შავი ზღვის აუზში საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდა.

შავ ზღვაში რუსეთის გააქტიურებამ გამოიწვია რეგიონისადმი ნატოს ინტერესის გაზრდაც. ბოლო წლებში ნატოს ექსპერტები აქტიურად განიხილავენ ე.წ. „შავი ზღვის განზომილებას“, ანუ რეგიონთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

ვითარების გამწვავება მნიშვნელოვანი გამოწვევაა თურქეთისათვის. მონტროს კონვენცია თურქეთს განსაკუთრებულ როლს ანიჭებს და ეს ქვეყანა ცდილობს, ერთი მხრივ, ეს როლი შეინარჩუნოს, ხოლო მეორე მხრივ კი, მას არ შეიძლება არ აშფოთებდეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში.

ამ ვითარებაში, რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ? რა გამოწვევებს ან შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსთვის შავი ზღვის დაბრუნება მსოფლიოს სტრატეგიულ რუკაზე?

ჩვენ ვიწყებთ რონდელის ფონდის ოთხი ექსპერტის მოსაზრებების გამოქვეყნებას, ესენია: გენერალი გიორგი სურმავა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობებს მიმოიხილავს, ზურაბ ბატიაშვილი თურქეთის მიდგომებს გაგვაცნობს, დავით ბატაშვილი რუსულ პერსპექტივაზე მსჯელობს, ხოლო ალექსი პეტრიაშვილი - დასავლეთის მიდგომასა და საქართველოს როლზე.

კრებულის სრულად წასაკითხად ეწვიეთ ბმულს:

https://www.gfsis.org/ge/publications/view/2941

საქართველო, ნატო და შავი ზღვა

ალექსი პეტრიაშვილი

2004 წელს ნატოში ოფიციალურად გაწევრიანდნენ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სახელმწიფოები - რუმინეთი და ბულგარეთი. ბევრად უფრო ადრე, 1952 წელს, მოხდა თურქეთის გაწევრიანება. არც მაშინ, გასული საუკუნის შორეულ 50- იანებში და არც 21-ე საუკუნის დასაწყისში, ახალი წევრების მიღების დროს, განსაკუთრებული აქცენტი ნატოს შავ ზღვაზე გააქტიურებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართვის შესახებ ნამდვილად არ ყოფილა. 2004 წელს უფრო მეტად ყურადღება მახვილდებოდა ცენტრალური ევროპის მიმართულებით. თუმცა, შავ ზღვაზე ალიანსის 3 წევრის და 2 ასპირანტი ქვეყნის - საქართველოსა და უკრაინის - საერთო სურათში დანახვა არც ისე რთული იქნებოდა როგორც თანამშრომლობის მომხრეების, ისე მოწინააღმდეგე რუსეთისთვის. 2008 წელს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ნატოს მიერ საქართველოსთვის და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების თაობაზე ვერ მიღებული გადაწყვეტილება იყო დრამატული შეცდომა, ვინაიდან ეს რუსეთმა ნატოს სისუსტის გამოვლინებად აღიქვა. სწორედ ამას მოჰყვა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრა და ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე მეტის ოკუპაცია.

აგვისტოს 5-დღიანი ომის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალები, სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განსაკუთრებული გულმოდგინებით ბომბავდა საქართველოს სანაპირო დაცვის კატარღებს. ორმხრივი თანამშრომლობის და მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში ნატოელი პარტნიორების მიერ გადმოცემული პრაქტიკულად ყველა კატარღა და გემი ჩაიძირა რუსეთის ავიაციის დაბომბვის შედეგად. სამწუხაროდ, რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებებისა, არ გამოდგა საკმარის საგანგაშო სიგნალად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რასაც, საუბედუროდ, კვლავ მოჰყვა რუსეთის, ამჯერად უკვე უკრაინის წინააღმდეგ, სამხედრო აგრესია. სწორედ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, დემოკრატიული თანამეგობრობა სერიოზულად დაფიქრდა რუსეთიდან მომავალი საფრთხის მასშტაბებზე და დემოკრატიული ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.

2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი სწორედ უკრაინაში განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესია იყო. მაშინ ნატომ მიიღო გადაწყვეტილება მისი წევრი სახელმწიფოების დაცვის გაძლიერებაზე. ეს გადაწყვეტილება კონკრეტულად შეეხო ბალტიისა და შავ ზღვებზე განლაგებულ წევრ-სახელმწიფოებს, მათ შორის, ბულგარეთსა და რუმინეთს. 2 ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტზე კიდევ უფრო დიდი ადგილი დაეთმო შავ ზღვაზე უსაფრთხოების პრობლემატიკას და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. სამიტზე მიღებული დეკლარაციის 23-ე პუნქტში შემდეგი ჩანაწერი გაკეთდა: „შავი ზღვის რეგიონში, უსაფრთხოების კუთხით, სიტუაცია ასევე გაუარესდა უკანასკნელ წლებში.

ჩვენ განვაგრძობთ განვითარებული მოვლენების საფუძველზე ნატოსთვის დამდგარ შედეგებზე რეაგირებას და გავითვალისწინებთ ალიანსის მიდგომებისა და პოლიტიკის ჩამოყალიბების დროს. ჩვენ განვაგრძობთ, საჭიროებისამებრ, რეგიონულ ძალისხმევას შავი ზღვის ქვეყნებისთვის, რომლის მიზანიც იქნება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება. აგრეთვე, ამ კონტექსტში ჩვენ გავაძლიერებთ დიალოგსა და თანამშრომლობას საქართველოსთან და უკრაინასთან“.

2018 წლის ივლისის სამიტზე, ბრიუსელში, გაიმართა პირველი სამმხრივი სამიტი ნატოს წევრი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოების მეთაურების მონაწილეობით. ასევე, სახელმწიფოს მეთაურების დონეზე იქნა მიღებული ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაძლიერებას შავ ზღვაზე, უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. დეკლარაციის მნიშვნელოვან ელემენტებზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მოხდება შავი ზღვის საჰაერო სივრცის მონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლა, ასევე ნატოს საზღვაო სარდლობასა და საქართველოს საზღვაო სარდლობას შორის თანამშრომლობა, განხორციელდება ხომალდების ვიზიტები შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიაზე, საუბარია ასევე ერთობლივ წვრთნებზე და იმაზე, რომ ნატოს საზღვაო ძალები განახორციელებენ საქართველოს საზღვაო სასაზღვრო ძალების წვრთნას. ყველა ის პრაქტიკული ელემენტი, რაც უკავშირდება შავ ზღვაში თანამშრომლობის საკითხებს, მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო გახდეს უფრო დაცული, მისი თავდაცვისუნარიანობა იყოს გაზრდილი და მდგრადი და ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს თავსებადი ნატოს შეიარაღებული ძალებთან2 . შავ ზღვაზე უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით თანამშრომლობის მიმართ ყურადღება და ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება.

2019 წლის 5 ოქტომბერს, ნატოსაქართველოს ერთობლივი პაკეტის მიღების 5 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს კვლავ ეწვია ჩრდილოატლანტიკური საბჭო. ამჯერად ნატოსაქართველოს კომისიის სხდომა ბათუმში გაიმართა, რომლის შედეგად მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ხაზგასმულია შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობა. კერძოდ, განცხადების მე-6 პუნქტის თანახმად, „ნატო აფასებს საქართველოს ჩართულობასა და შეტანილ წვლილს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიულ დისკუსიებსა და სიტუაციურ ანალიზში. ამ მიმართულებით ნატო კიდევ უფრო ავითარებს დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოსთან, მათ შორის არსებითი პაკეტის ფორმატშიც.

ნატოს 2019 წლის აპრილის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რამდენიმე ახალი მიმართულება უკვე ინიცირებულია. ნატო მიესალმება საქართველოს ძალისხმევას კიდევ უფრო გააძლიეროს ნატოსა და წევრი ქვეყნების ლოგისტიკური მხარდაჭერა. ნატომ გაზარდა საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების წვრთნის, ნატოს საზღვაო შენაერთებსა და საქართველოს სანაპირო დაცვას შორის ურთიერთქმედების გაზრდის, საპორტო ვიზიტების, სწავლებებისა და სიტუაციური ანალიზის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებებით. მოკავშირეები მიესალმებიან საქართველოს ძალისხმევას გააუმჯობესოს ახლად შეძენილი საპატრულო კატარღების თავსებადობა ნატოსთან“.

2020 წლის აპრილში გამართულ საგარეო საქმეთა ვირტუალურ მინისტერიალზე ასევე გადაწყდა, რომ საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების ფარგლებში მოხდება საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატოსა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში. როგორც ჯეიმს აპატურაიმ 2020 წლის მაისში ერთ-ერთი ქართული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „ნატოს გადაწყვეტილებით საქართველო უფრო ჩაერთვება აქტივობებში, რომელსაც ჩვენ „ჰიბრიდულ თავდაცვას“ ვუწოდებთ. ეს გულისხმობს რუსეთის იმ მეთოდებისგან დაცვას, რომელსაც ის იყენებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, მაგალითად, კიბერთავდასხმა, აგრეთვე დეზინფორმაცია, ენერგობლოკადა, ფარული სადაზვერვო ოპერაციები თუ სამხედრო აქტივობა. ჩვენ ამ მეთოდებს ერთი პაკეტის ნაწილად განვიხილავთ. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინასთან და საქართველოსთან ამ საკითხებზე. ჩვენ აგრეთვე გვაქვს პროგრამა, რომელშიც გვინდა ჩავრთოთ საქართველო. ეს არის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, უკეთესად გაერკვეს, რა ხდება მის საჰაერო სივრცეში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება საქართველოს უფრო აქტიური ჩართვა ერთობლივ წვრთნებში

დაბოლოს, ნატოს წევრები აქტიურად განიხილავენ საქართველოს უფრო აქტიურ ჩართვას სამხედრო წვრთნებში, მათ შორის რეგიონში“ . 2020 წლის დეკემბერში გამართულ ნატოს მინისტერიალზე გადაწყდა 2014 წელს უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP – Substantial NATO-Georgia Package) გაძლიერების შესახებ. სხვა კომპონენტებთან ერთად, გაძლიერებული პაკეტი შავ ზღვაზე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დამატებით ელემენტებსაც მოიცავს. კერძოდ, საუბარია საპორტო ვიზიტების რაოდენობის ზრდაზე, ერთობლივ წვრთნებსა და საქართველოსთვის უსაფრთხო კომუნიკაციების სისტემის უზრუნველყოფაზე. შავი ზღვის უსაფრთხოების ყველაზე ბოლო განხილვა იყო 2021 წლის 22 იანვარს, სალომე ზურაბიშვილის ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს. ამ წლების განმავლობაში დრო არ დაუკარგავს რუსეთსაც, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა შავი ზღვის ფლოტი. ამ გაძლიერებას ჰქონდა ორი დანიშნულება: უშუალოდ შავ ზღვაზე საკუთარი ძალების დემონსტრირება ნატოს საპირწონედ და სირიაში წარმოებული ოპერაციისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და ლოგისტიკური რესურსის შექმნა.

რუსეთი განსაკუთრებულ აგრესიას ამჟღავნებდა უკრაინის სამხედროსაზღვაო ფლოტის გაძლიერების, ნატოელ პარტნიორებთან ერთობლივი წვრთნებისა თუ თუნდაც პორტიდან პორტში გადაადგილების მიმართულებით. 2018 წლის 25 ნოემბერს უკრაინულ გემებს, რომლებიც ქერჩის სრუტის გავლით მარიუპოლიდან ოდესის პორტში ბრუნდებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს რუსული ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში მყოფმა სამხედრო გემებმა. შედეგად, რუსულმა მხარემ დააკავა უკრაინული ეკიპაჟები და გემები. ეს იყო კიდევ ერთი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ რუსეთი არ სცემს პატივს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მათ შორის, არც საზღვაო მიმოსვლის შესახებ არსებულ ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეთანხმებებს. მისასალმებელია, რომ უკრაინა, მიუხედავად რუსეთთან ფაქტობრივად ომის მდგომარეობაში ყოფნისა, მაინც ახერხებს საკუთარი თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებას და სათანადო შეიარაღებისა და ტექნიკის წარმოებას, მათ შორის - სამხედრო-საზღვაო საშუალებებს. კიდევ უფრო სასიხარულოა ის ფაქტი, რომ უკრაინის ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო მეტად დაჩქარებულია.

უკრაინის ფაქტორი და ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, თუმცა წინამდებარე სტატიაში არ განვიხილავთ საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებისთვის დადებით და უარყოფით მხარეებს, უკრაინასთან ერთობლივად თუ ინდივიდუალურად გაწევრიანების თვალსაზრისით. როგორც არ უნდა განვითარდეს გაწევრიანების პროცესები, უშუალოდ შავ ზღვაზე უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით ჩვენ და უკრაინამ ნამდვილად ძალიან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ. მართალია, ჩვენი საზღვაო-სამხედრო საშუალებები ფრიად მოკრძალებულია და ყველა სამხედრო-საზღვაო წვრთნაში ჩვენს მონაწილეობას უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვა ექნება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს შესათავაზებელი ნატოსთვის შავ ზღვაზე თანამშრომლობის თვალსაზრისით, კერძოდ: - ყველა ერთობლივ დოკუმენტში საუბარია საპორტო ვიზიტების გაზრდაზე - ამ დროისათვის ნატოს სამხედრო გემებისგან შემდგარი მომცრო ზომის ფლოტილია (3-დან 6-მდე ქვეყნის მონაწილეობით), ნატოს სამხედრო-საზღვაო შენაერთის (NATO Standing Maritime Counter Action Force) ნაწილი, წელიწადში მხოლოდ ორჯერ შემოდის შავ ზღვაში.

მათი აქტივობა ისეთივე უნდა იყოს საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში, როგორიც არის ნატოს წევრი ქვეყნებისთვის; - მნიშვნელოვანია ნატო-უკრაინა-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნების ჩატარება - ჩვენს განკარგულებაში არსებული „აილენდის“ კლასის 2 გემით ხანმოკლე, ღია ზღვაში წარმოებულ რამდენიმედღიან წვრთნებში მონაწილეობა ნამდვილად შეგვეძლება; - ვიზიტების რაოდენობის გაზრდა და შავ ზღვაზე ერთობლივი ვარჯიშების ჩატარება საშუალებას მოგვცემს, რომ ნატო-საქართველოს მასშტაბურ წვრთნებს, რომლებიც უკვე წლებია წარმატებით ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, დაემატოს საზღვაო კომპონენტი; - მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის ნატოს წევრ სახელმწიფოებში განლაგებულ სამხედრო შენაერთებთან ერთად, მაგალითად, რუმინეთში არსებულ მოწინავე განლაგების ბრიგადასთან ერთად (Romania Tailored Forward Presence Brigade) წვრთნებში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც.

მას შემდეგ, რაც საქართველო წლებია მონაწილეობს ერთობლივ სამხედრო ოპერაციაში ავღანეთში, წვრთნებში მონაწილეობისთვის წევრობის კრიტერიუმი/შეზღუდვა ნამდვილად უნდა მოიხსნას; - ნატოს წვრთნების დაგეგმვის და სცენარების შემუშავების დროს ასევე მნიშვნელოვანია, რომ სცენარის ნაწილი მოიცავდეს საქართველოს ტერიტორიასაც. ეს თავისთავად მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს შემდგომში ნატოს წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩართვას;  - როდესაც საუბარია სიტუაციურ ინფორმირებულობაზე (Situation Awareness), საზღვაო და საჰაერო საინფორმაციო მონაცემების გაცვლაზე (Maritime and Air Situation Data Exchange), მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უფრო სწრაფად და სრულყოფილად მიიღოს ინფორმაცია ჩვენი ნატოელი პარტნიორებისგან, თუნდაც კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ან რა იგეგმება რუსეთის მიერ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სრულყოფილი სურათის შესაქმნელად მხოლოდ ჩვენი სადაზვერვო საშუალებები საკმარისი ნამდვილად არ არის; უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიმართულებით გარკვეული ტიპის თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს თურქეთთან, რომელთანაც შექმნილია საჰაერო სიტუაციის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი (Air Situation Data Exchange). მნიშვნელოვანი იქნება მისი აქტივიზაცია; - ფოთში განთავსებული საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის შტაბ-ბინა და სუფსაში განლაგებული ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ცენტრი (Joint Maritime Operation Center), რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო ორგანოს წარმოადგენს, უნდა იყოს მჭიდროდ დაკავშირებული ნატოს საზღვაო ხელმძღვანელობის ცენტრალურ შტაბთან (NATO Maritime Command) და ნატოს წევრი ქვეყნების გადაზიდვების ცენტრთან.

გარკვეული კომუნიკაცია არსებობს, მაგრამ აუცილებელია უფრო მჭიდრო და ინტენსიური კავშირების დამყარება; - ლოგისტიკური უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს პორტებში - სარემონტო მიზნებისა და საწვავით მომარაგების უზრუნველყოფისთვის ნატოს გემებისთვის ლოგისტიკურ რუკაზე საქართველოს გაჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა; - მართალია, უკვე არსებობს ნატო-უკრაინის ჰიბრიდული პლატფორმა, რომელიც შექმნილია დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და სხვა ჰიბრიდული საფრთხეების გასანეიტრალებლად და ამ პლატფორმაში ჩასართავად საქართველოც არის მიწვეული, მაგრამ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში ან ფოთში გაჩნდეს ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი, რომელიც იქნებოდა გამოყენებული შავ ზღვაზე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით; შეიძლება ეს არ იყოს ნატოს დახელოვნების ტიპიური ცენტრი, მაგრამ შესაძლებელია შეიქმნას კრწანისში არსებული ერთობლივი წვრთნისა და სწავლების ცენტრის მსგავსი კიდევ ერთი ინფრასტრუქტურა, სადაც ერთობლივად იმუშავებენ ნატოელი და ქართველი სამხედროები.

აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში შავ ზღვაზე ნატოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები მნიშვნელოვნად იზრდება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენენ უკრაინის მიმართ და უკვე მიდის ღია საუბრები უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდების თაობაზე. ამ ვითარებაში საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა აშშ-თან თანამშრომლობის მიმართულებით როგორც სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე საპორტოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. მართალია, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი შეჩერდა, მაგრამ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ამ მიმართულებით მუშაობის რეაქტივაცია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივად თანამედროვე ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის შემთხვევაში, ყველა ზემოხსენებული ინიციატივა რეალიზებული იქნება. ვფიქრობ, „მეტი ნატოს საქართველოში“ შესაძლებლობაც მნშვნელოვნად გაიზრდება, რაც, საბოლოო ჯამში, ნატოს 2008 წლის გადაწყვეტილების რეალიზებით - საქართველოს ნატოში გაწევრიანებით დაგვირგვინდება.

 

 

ბიზნესი
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.