USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
ახალციხეში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგური გაიხსნა
თარიღი:  749
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ახალციხეში ახალი ავტომატური სადგური დაემატა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგურის შეძენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში განხორციელდა.
ახალი სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანნა ლიბერგმა გახსნეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონიტორინგის ქსელის გაფართოების უზრუნველყოფისთვის, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„გარემოს ეროვნული სააგენტო, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებას აგრძელებს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. დღეიდან, ჰაერის ხარისხის მონაცემების მიღებას ახალციხის სადგურიდანაც შევძლებთ. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, შევძლებთ შევასრულოთ საერთაშორისო ვალდებულებები, ამასთან მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჰაერის ხარისხის მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.
შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ და პროდუქტიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება როგორც ჰაერის, ისე ზოგადად, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოში.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ვითარდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, რომელიც მოიცავს როგორც მობილურ, ისე სტაციონარულ სადგურებს. შესაბამისად, იზრდება ჰაერის ხარისხის მონაცემებზე ხელმისაწვდომობა. ამასთან, მონაცემები ყველასთვის არის ღია და გამჭვირვალე. ჩვენ ქვეყნებს შორის კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა მეტი შედეგის მისაღწევად“, - განაცხადა ანნა ლიბერგმა.
ახალი სადგურის გახსნის ღონისძიებას შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა აღნიშნა, ახალი სადგურის გახსნა რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობას ჰაერის ხარისხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე არსებულ 7 ავტომატურ და 2 მობილურ სადგურს, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური დაემატა. ახალი სადგურებიდან მიღებული მონაცემები, ეტაპობრივად, სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge აისახება.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის