ბრიტანულ გაზეთ „დეილი ექსპრესში“ (Daily Express) რუბრიკით „მოგზაურობა“, დაბეჭდილია სტატია, რომლის სათაურია „ევროპის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ქვეყანა, გასაოცარი ბუნებით და საუკეთესო იაფი ღვინით“ (ავტორი - ადრიან ზორზუთი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დაუსრულებელი ბანკეტები მადისაღმძვრელი საჭმელებით, ბუნება მომაჯადოვებელი პეიზაჟებითა, სასიამოვნო და მაღალხარისხიანი ღვინო, რომლის ერთი ბოკალი სულ რაღაც 2 გირვანქა სტერლინგი ღირს, იუნესკოს სიაში შეტანილი ისტორიული ძეგლები... ეს ევროპული ქვეყანა მოგზაურებისათვის შესანიშნავი არჩევანია. აბა, გამოიცანით, რომელი სახელმწიფოა? მიგახვედრებთ: საფრანგეთი ნამდვილად არ არის, არც იტალია და, რა თქმა უნდა, არც ესპანეთი...
აქტიური დასვენების მოყვარულები შოკირებულნი იქნებიან, როცა გაიგებენ, რომ საქართველო მათი ოცნების ქვეყანას წარმოადგენს. ქვეყანა, რომელიც ეგზოტიკურ კავკასიაში, შავი ზღვის პირას მდებარეობს, რუსეთს და თურქეთს შორის, განთქმულია თავისი ღვინოებითა და დელიკატესებით.
კახეთი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მთავარ რეგიონს წარმოადგენს და ვაზის ჯიშის - „საფერავის“ სამშობლოდ ითვლება. ამ ვაზის ყურძნის დაწურვის შედეგად მზადდება ღვინო „საფერავი“, რომელიც საქართველოში წარმოებული სასმელის თითქმის 80%-ს შეადგენს. სწორედ აქ, კახეთში ღვინოს მოწყურებული მოგზაურები დაიმაყოფილებენ თავიანთ სურვილს: მათ ექნებათ შესაძლებლობა მიირთვან უძველესი ქართული წესით დამზადებული ღვინო - წესით, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული ძეგლების სიაშია შეტანილი. და თქვენ წარმოიდგინეთ - ესოდენ ძველი ტრადიციით დაყენებული ღვინის ერთ ბოკალს თქვენ სულ რაღაც 2 გირვანქა სტერლინგად შესვამთ!
როგორც მეცნიერთა გამოკვლევები ადასტურებენ, თიხის დიდ ამფორებს - „ქვევრებს“ - ქართველები ღვინის დასაყენებლად ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 6 ათასი წლის წინათ იყენებდნენ. ღვინის დამზადების ქართულმა ტრადიციამ 2013 წელს იუნესკოს სტატუსი მიიღო. მეღვინეები ფერმენტირებულ ყურძნის წვენს „ქვევრებში“ - მიწაში ჩადგმულ დიდ თიხის ჭურჭლებში ასხამენ შემდგომი დადუღებიათვის. გარკვეული დროის შემდეგ ჩინებული ღვინო შესასმელად გელოდებათ.
სტუმრები დატკბებიან და ისიამოვნებენ ქართული დროსტარების ტრადიციით, რომელსაც „სუფრა“ ჰქვია და მოიცავს ერთ დიდ მაგიდაზე გაშლილ საჭმელ-სასმელებს, სიმღერების თანხმლებით, სუფრის წევრებისათვის. სუფრის ხელმძღვანელია „თამადა“, რომელიც მღერის და თან სადღეგრძელოებს ამბობს. სუფრა შეიძლება დღე-ღამის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს, თამადას ერთიმეორეზე საუკეთესო სადღეგრძელოები არ გამოელევა.
მოგზაურებმა (დამსვენებლებს) სეუძლიათ მიირთვან ხაჭაპური - ყველისგან, კვერცხისგან და ხორბლის ფქვილისგან მომზადებული ცხელი ღვეზელი. თუ თქვენ არ გსურთ ცომეულისგან დამზადებული საჭმელი, მაშიმ შეგიძლიათ მიირთვათ შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზის ფარშით, ან მწვადი, რომლებიც უგემრიელესია.
საქართველოში - ლონდონიდან თბილისში - წასვლა შესაძლებელია British Airways-სა და EasyJet-ის სამგზავრო თვითმფრინავებით. მოგზაურობისათვის საუკეთესო სეზონია შემოდგომა, როცა დღის ტემპერატურა 20-დან 30-მდე მერყობს.
შემოდგომაზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ პირადად მიიღოთ მონაწილეობა ყურძნის მოსავლის აღების ტრადიციულ დღესასწაულში - რთველში, როცა ქართული ღვინის ფესტივალი იმართება. ეს ხდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში: ადგილობრვი მოსახლეობა ერთად იკრიბება ყურძნის საკრეფად, მღერიან და ვაზის ნაყოფს დასაწურად აგროვებენ, შემდეგ კი ერთად სუფრაზე სხდებიან და დროს სასიამოვნოდ ატარებენ.