USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«Daily Star» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას აიძულებს
თარიღი:  605

ბრიტანული გაზეთ „დეილი სთარი“ (Daily Star) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას აიძულებს“ (ავტორი - დენ გრენანი), რომელშიც ბუკინგემის უნივერსიტეტის პროფესორთან საუბარია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საკვანძო დაპირება იყო რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება და მეომარ მხარეებს შორის მოლაპარაკების დაწყება - სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიზნით. ასეთმა დაპირებამ დიდი როლი შეასრულა რესპუბლიკელი კანდიდატის არჩევნებაში გამარჯვებაში და თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავებაში. თუმცა თავისი ტრაბახით განთქმული პოლიტიკოსი უკვე უარი თქვა თავისი ფიცის შესრულებაზე, რომლის მიხედვით, უკრაინის ომს იგი იმავე დღეს შეწყვეტდა, როცა თავისუფალი სამყაროს ლიდერი გახდებოდა.

რასაკვირველია, 78 წლის პრეზიდენტს, როცა თეთრ სახლში შევიდა, დრო უქმად არ დაუკარგავს და უამრავ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერა ხელი - შემოიღო საგანგებო მდგომარეობა აშშ-ის საზღვრებზე იმიგრაციის ნაკადის შესაწყვეტად, გამოიყვანა აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან და შეიწყალა 2020 წლის 6 იანვარს პოსტსაარჩევნო ბუნტის მონაწილეები (მისი მომხრეები) კონგრესში (კაპიტოლიუმში) შეიჭრნენ და დაარბიეს. მაგრამ პრეზიდენტს უკრაინის ომი რატომღაც არ შეუწყვეტია.

თუმცა როგორც მსოფლიოში ცნობილი სამხედრო ექსპერტი ენტონი გლისი ამბობს ბუკინგემის უნივერსიტეტიდან „დეილი სთარ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, დონალდ ტრამპის სტრატეგია უკრაინის კონფლიქტის შეწყვეტაში ეტაპობრივად, ნელ-ნელა იქნება რეალიზებული:  „მან ჯერ თქვა ერთ დღე-ღამეშიო, შემდეგ უკან დაიხია და განაცხადა - ძალიან მალეო, თუმცა იქვე დაამატა - რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება ღაზას სექტორზე უფრო ძნელი იქნებაო, ბოლოს კი რამდენიმე თვეშიო. როგორც ვხედავთ, დონალდ ტრამპი და მისი გუნდი დარეგულირების პერიოდს თანდათან აგრძელებდა... საბოლოოდ კი დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა კიტ კელოგმა თქვა „ფოქს ნიუსის“ ინტერვიუში, რომ 100 დღეა საჭირო ომის შეწყვეტისთვისო. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ამასობაში ომი ახლო აღმოსავლეთში უკვე შეწყდა - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სწორედ დონალდ ტრამპის ხელშეწყობით“, - ამბობს პროფესორი.

„მე ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი შეთანხმების ძირითად დებულებებს ჯერ ვლადიმერ პუტინს შესთავაზებს [და თუ კრემლი მათზე დათანხმდება], შემდეგ იგივე ტექსტზე ხელს ვოლოდიმირ ზელენსკის მოაწერებს და საომარი მოქმედებები გაიყინება. ვლადიმერ პუტინი შეინარჩუნებს უკვე დაკავებულ ტერიტორიებს, უკრაინა სამუდამოდ გამოემშვიდოებება ნატოში შესვლის ოცნებას და თუ ალიანსის ევროპელი წევრები მოისურვებენ, ისინი უკრაინაში - ისე როგორც ბუფერული ზონაში - განლაგდებიან იმ მიზნით და იმედით, რომ რუსეთის არმია ნატოს ქვედანაყოფებს არ შეუტევს“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი.

პროფესორი ებტონი გლისი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს ვოლოდიმირ ზელენსკის „დარბილება“ სურს: იგი უნდა დათანხმდეს შეთავაზებულს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტი დაკარგავს იმ ქვეყანას, რომელიც, როგორც ხშირად აცხადებს ხოლმე, „მისი სამშობლოა და ძალიან უყვარს“.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ზოგჯერ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ საკმაო ირონია გამოიხატება: დონალდ ტრამპ-უმცროსმა (პრეზიდენტის ვაჟმა) უკრაინის პრეზიდენტს „არაადექვატური“ უწოდა, როცა მან უარი განაცხადა ინაუგურაციაზე მიწვევაზე. არადა, სამჯერ არაოფიციალურად ითხოვა მიწვევის მიცემას.

„საერთოდ კი, ვოლოდიმირ ზელენსკის ომის გაგრძელება უნდა. (...) იგი მსოფლიოს იმის შთაბეჭდილებას უნერგავს, რომ ყველგან და ყოველთვის თავისი ხალხის გვერდზე დგას. თუ მოიგებს ომს, მოიგებს მათთან ერთად, ხოლო თუ წააგებს, ისევ მათთან ერთად წააგებს. ობიექტურად თუ ვიტყვით, იგი „არადექვატური“ არ არის, არამედ გაბედული კაცია, რომელიც ევროპას მაგალითს აძლევს. ჩვენ, ბრიტანელებმა ვიცით ისტორიიდან, თუ რა საშინელებაა, როცა დიქტატორი თავისი მსხვერპლის კედელთან მიყენებას ცდილობს. ჩემი აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკი იარაღით ფეხზე მდგომი მოკვდება, ვიდრე დაიჩოქებს“, - ამბობს პროფესორი.

რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის პერსპექტივას, პროფესორი ენტონი გლისი დარწმუნებულია, რომ ის მხოლოდ ვლადიმერ პუტინისთვის იქნება მომგებიანი, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი „მოძრავ სამიზნედ“ იქცევა მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში.

„უკრაინა, სავარაუდოდ, თავის სუვერენიტეტს დაკარგავს ტერიტორიების მიმართ, რუსეთი გააგრძელებს  მის საშინაო საქმეებში ჩარევას, ვოლოდიმირ ზელენსკი კრემლის „მუდმივი სამიზნე“ გახდება. თუ ბედი გაუღიმებს, იგი შეიძლება ცოცხალი დარჩეს. მაგრამ თუ პუტინი მას მიწვდება, ვშიშობ, რომ ეს უკრაინის ლიდერის დასასრული იქნება. პუტინი მარჯვედ თამაშობს პოკერს. იგი თვლის, რომ დროთა ცვალებადობას გაუძლებს - ჯო ბაიდენი ხომ გაისტუმრა, დონალდ ტრამპსაც კიდევ ერთხელ გაისტუმრებს... ყველას ერთმანეთის მიყოლებით. გავიხსენოთ ის კომპრომატები, რომლებიც ვადიმერ პუტინს დონალდ ტრამპის მიმართ აქვს დაგროვილი. ერთ მშვენიერ დღეს, როცა შეთანხმების დადების მომენტი დადგება, ეს ყველაფერი ამოტივტივდება...“, - ასკვნის პროფესორი ენტონი გლისი ბუკინგემის უნივერსიტეტიდან.

წყარო: https://www.dailystar.co.uk/news/world-news/donald-trump-humiliate-zelenskyy-before-34520160

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის