USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
თბილისი
აგრობიზნესი და ლოგისტიკა - ზურაბ მაღრაძე გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესახებ
თარიღი:  425

თანამედროვე ეკონომიკური ცხოვრება მაქსიმალურ ინტეგრირებას მოითხოვს.  თუ ადრე ერთი წყვილი წაღის შეკერვას, ერთი შინამეურნეობა უძღვებოდა, თანამედროვე ფეხსაცმლის წარმოება შესაძლოა 72 საწარმოო ოპერაციისგან შედგებოდეს და მასში მრავალი ქვეყნის მწარმოებლები მონაწილეობდნენ. ცნობილია, რომ საკვები პროდუქტი, სანამ ის თქვენ თეფშზე აღმოჩნდება, საშუალოდ 2500 კმ-ს გადის. შესაბამისად დღევანდელ მსოფლიოში ძლიერი საქმიანი ქარები დაქრიან და ყოველი ჭკვიანი მეწარმე, გლობალურ ბაზრებზე გასასვლელად საკუთარ პროდუქტს სპეციალურად მოწყობილ ქარსაცავ ზოლში აქცევს.

საკითხის სიცხადისთვის განვიხილოთ ერთი ფერმერის საწარმოო წესრიგი ნიდერლანდებში. ჩინეთში წარმოებული სპეციალური კასეტები, რომელშიც მოთავსებულია დამულჩებული მასალა (ნეშომპალა) და რომელსაც ფერმერი იყენებს პომიდვრის სათბურში წარმოებისთვის, რუსეთი-ბელორუსი-პოლონეთი-გერმანია-ჰოლანდიის რკინიგზების გავლით, როტერდამის პორტში იცლებოდა ფერმერებისთვის. მაღალტექნოლოგიური სათბურის პომიდვრის ერთი 50 ცენტიანი თესლისგან 68 კგ პროდუქციას ღებულობენ ნიდერლანდებში, რადგან 18 მეტრამდე იზრდება პომიდვრის ბუჩქი. წარმოებულ პროდუქციას კი კვლავ გამართული რკინიგზების, პორტების და ლოგისტიკური ტერმინალების საშუალებით მსოფლიოს აწვდის ნიდერლანდელი ფერმერი და ასეთი წესრიგით საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალურ ვაჭრობაში.

სიმონ ქვარიანს, რომელმაც დაამთავრა მონპელიეს უმაღლესი აგრონომიული სასწავლებელი, ხოლო 1894-1896 წლებში მსახურობდა თბილისში ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში, ასეთი რამ აქვს ნათქვამი: “რითი შეგვიძლია აღვადგინოთ ჩვენი დაცემული მეურნეობა და შევქმნათ მაღალი სამეურნეო კულტურა? პასუხი ადვილია: ევროპის გამოცდილებით, ევროპის აგრონომიულ მეცნიერებით. სამეურნეო წარმოების ფაქტორი გახლავთ ოთხი: მიწა, შრომა, ფული და ცოდნა.“ სიმონ ქვარიანი შემთხვევით არ ვახსენეთ. ევროპაში აგროინდუსტრიის ლოგისტიკური ჯაჭვი სწორედ რკინიგზასთან არის დაკავშირებული.

თუ ჩვენ გადავხედავთ მიწის საკუთრების საშუალო მაჩვენებელს ნიდერლანდებში, ის 27 ჰექტარს უტოლდება, ანუ ნიდერლანდებში ერთი საშუალო ფერმერი საკუთრებაში ფლობს სავარგულის ამდენ ფართობს. შვედეთში ეს მონაცემია - 45 ჰა, ლატვიაში - 23 ჰა, შვეიცარიაში - 18 ჰა, ხოლო საქართველოში მონაცემი 2 ჰა-ს არ აღემატება. პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ქართველი ფერმერის 2 ჰა სავარგული ჯამში შესაძლოა 9 სხვადასხვა ადგილას მდებარეობდეს, რაც ტექნოლოგიურად, ლოგისტიკურად და ფინანსურად გაუმართლებელია. ყოველივე ეს პროდუქტის თვითღირებულებას ზრდის და ფასწარმოქმნისას კონკურენციაში ზღუდავს.

გარდა ფრაგმენტირებული სავარგულების პრობლემისა, აგროინდუსტრია კიდევ ერთ მოთხოვნას უყენებს ფერმერებს, რომელსაც ჯვარედინი მოსავლიანობა ჰქვია. აგრონომიულად დადგენილია, რომ მაგალითად ლობიოს გვერდით ხახვის, ან კარტოფილის გვერდით პომიდორის წარმოება დაუშვებელია. ასეთ დროს მავნებელ-დაავადებები ადვილად გავრცელების ხელსაყრელ გარემოს პოულობენ. შესაბამისად იზრდება შხამ-ქიმიკატების გამოყენების საჭიროება და იზრდება ხარჯებიც, რაც აგრობიზნესის საბოლოო მოგებაზე აისახება. გარდა ამისა, ჯვარედინი მოსავლიანობის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა ნიადაგების და წყლების ხარისხოვნებაზეც მოქმედებს, შედეგად მეურნეობის გრძელვადიანი მდგრადობა ვერ ნარჩუნდება. ამ დროს მცირე მიწებად დაყოფილი მეურნეობები ერთმანეთთან შეუთანხმებლად აგრძელებენ ამა თუ იმ კულტურის წარმოებას.

ნიშანდობლივია კიდევ ორი მთავარი გამოწვევა - ბუნებრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით საწარმოო სპეციალიზაციის ზონების ცოდნა და ციფრული აგროინდუტრიის  დანერგვა. საქართველოში 11 საწარმოო სპეციალიზაციის ზონა და 3 ქვეზონა არის დადგენილი, რომელთა მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა, ხელს უშლის ეროვნული სასურსათო კალათის ეფექტიან ფორმირებას. კერძოდ რა იგულისხმება ამაში? მიტროფანე ლაღიძე მის მიერ შექმნილი ბრენდის წარმოებაში, კონცენტრატის დასამზადებელ ნედლეულად ბორჯომის ხეობაში მოყვანილ კენკრას იყენებდა. სპეციალიზაციის ზონის მოთხოვნების დაცვა სწორედ ამას გულისხმობს. სინამდვილეში კი საქართველოს ნიადაგური რუკა შემდეგნაირად გამოიყურება: მსოფლიოში არსებული 52 სახეობის ნიადაგიდან, 49 საქართველოშია. აქ უკვე ციფრული აგროინდუსტრიის და ციფრული ლაბორატორიის როლი მხოლოდ იზრდება.

ევროპაში, ფერმერები და კოოპერატივები წარმოებისთვის საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას კომერციული ბანკების და საფონდო ბირჟების მეშვეობით ახორციელებენ. შემდეგ წარმოებულ პროდუქციას სასაქონლო ბირჟების მეშვეობით აწვდიან გლობალურ ბაზრებს. საქართველოში ჯერ ასეთი წესრიგი არ არის შექმნილი. სამაგიეროდ, საქართველოში ფერმერებისთვის განსხვავებულად დიდი შესაძლებლობები იხსნება. ქართული ბიზნესისთვის იბადება კარგად დავიწყებული ძველი და ახალი აბრეშუმის გზის ეპოქა. საქართველოს კვეთს შვიდი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანი, რომლის ეკონომიკური ინტერესები 80-ზე მეტ ქვეყანასთან არის დაკავშირებული. ეს დერეფნებია:

  1. შუა სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფანი - სინგაპურიდან ლიეტუვის კლაიპედას პორტამდე;
  2. კასკა დერეფანი (CASCA)- ყირგიზეთიდან სტამბოლის პორტამდე;
  3. ლაპის ლაზულის დერეფანი - ავღანეთიდან სტამბოლის პორტამდე;
  4. სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი - ინდოეთიდან ფოთის პორტის გავლით ევროპამდე.
  5. TRACECA, რომელიც 13 ქვეყანას აერთიანებს ტვირთებისა და მგზავრების გადაზიდვების პროგრამაში;
  6. CAREC -ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც აერთიანებს 11 ქვეყანას საქართველოსთან ერთად;
  7. მეშვიდე დერეფანი ჯერ არ არის დაანონსებული და იგი მომავლის დერეფანია, რომლითაც შუა აზიის ქვეყნები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით დაუკავშირდებიან თურქეთის მერსინის პორტს და იქიდან ტვირთებს მიმართავენ ეგვიპტისკენ.

საქმე ისაა, რომ საქართველო ხდება ამ დერეფნების შეკრების ერთგვარი კვანძი, კარიბჭე. სატრანზიტო ტვირთებს ჭირდება მომსახურება - შეფუთვა, გადაფუთვა, დაზღვევა, ლიზინგი, დასაწყობება, შენახვა, გადამუშავება, რეკლამა, დიზაინი და სხვა. სწორედ აქ იქმნება შესაძლებლობა ქართველი მწარმოებლისთვის, გამოიყენოს სატრანზიტო არტერიები ნედლეულის და მასალების შედარებით იაფად მოზიდვისთვის, აწარმოოს პროდუქცია და იგივე არხების გამოყენებით გაიტანოს ექსპორტზე. ნიშანდობლივია, რომ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული 46 ქვეყანასთან. ასეთ დიდ რეგიონში მსგავსი შესაძლებლობით სხვა, მეორე ქვეყანა არ არის.

გამართული ლოგისტიკური სივრცეების მოწყობას ინვესტიციები ჭირდება, რაც მცირე რესურსის მქონე ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ასეთი შესაძლებლობის შექმნისთვის გადავხედოთ ევროპულ გამოცდილებას. ევროპელი ფერმერი გაერთიანებულია სხვადასხვა სპეციალიზაციის რამდენიმე კოოპერატივში. მაგალითად, ფრანგი ფერმერი, რომელიც მისდევს მესაქონლეობას და მარცვლეულის წარმოებას, გაერთიანებულია კოოპერატივში რომელიც ემსახურება აგროტექნიკის შეკეთებას, ანუ ტექნიკურ მომსახურებას; ფერმერი გაერთიანებულია ასევე მეორე, რძის ტრანსპორტირების მომსახურების კოოპერატივში; ასევე გაერთიანებულია მესამე კოოპერატივში, საიდანაც მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის მომსახურებას ღებულობს; მეთხე კოოპერატივი - საერთო მსხვილი სამაცივრე მეურნეობის სერვისის, სადაც ფერმერები საკუთარ სტანდარტიზებულ პროდუქციას ასაწყობებენ და ამის შემდეგ, ეს კოოპერატივი წარადგენს ლიცენზირებულ, სტანდარტიზებულ და მოცულობით პროდუქციას მსხვილ სავაჭრო გარიგებისთვის, დამოუკიდებელ ბირჟებსა თუ გაყიდვების სხვა ციფრულ პლატფორმებზე.

2023 წლის ნოემბერში მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში შუა დერეფნის თაობაზე, რომლის მიხედვით რეკომენდებულია შემდეგი ლოგისტიკური სივრცეები: 1) მთავარი ეკონომიკური ცენტრები - თბილისი, რუსთავი და გორი, სადაც შემომავალი ტვირთები გადაიტვირთება საბოლოო დანიშნულებამდე. აქ იქნება საწყობები, სადაც მარაგები იმართება, ხოლო შენახვის ობიექტები იმოქმედებენ როგორც ბუფერები და წერტილები მიწოდების ჯაჭვებში კონსოლიდაციისა და დეკონსოლიდაციის მიზნით. შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მხარდაჭერით, ასეთი ცენტრები შეიძლება გადაიზარდოს სატვირთო სოფლების ლოგისტიკურ კლასტერებად; 2) ქსელის კვანძები - ხაშური და ქუთაისი. შუა დერეფანი ურთიერთდაკავშირებულია სხვა დერეფნებთან სამართავი საქონლით. დერეფნებს შორის კვანძებს შეუძლიათ უზრუნველყონ საქონლის გადაცემის შესაძლებლობა გზიდან რკინიგზაზე; 3) სპეციალური ეკონომიკური ზონა, ლოგისტიკური ცენტრი და ინდუსტრიული პარკი ფოთში და ცალკე მძლავრი ლოგისტიკური ცენტრი ახალქალაქში.

ერთგვარი გამოწვევაა ფერმერებისთვის, შექმნან კოოპერატივი ეფექტური ლოგისტიკური ჯაჭვების მიღებისთვის. ეს იქნება გაერთიანებული რესურსებით მშრალი თუ სამაცივრე საწყობის სისტემები, ფოთის საზღვაო და ახალქალაქის სარკინიგზო პორტების ირგვლივ. მძლავრი ლოგისტიკური კოოპერაცია ფერმერებს გაუადვილებს მიწოდების და პროდუქციის შეკრების პროცესებს, შეუმცირებს ლოგისტიკურ ხარჯებს. კოოპერირება ლოგისტიკის სპეციალიზაციით მისცემს დამატებით შემოსავლებს, რადგან მათი ტერმინალი დაუტვირთავ სეზონზე მოემსახურება დერეფნებში გადასაზიდ სხვა სატრანზიტო ტვირთებსაც. მითუმეტეს, რომ ლოგისტიკის წილი მსოფლიო მშპ-ში დაახლოებით 12%-ია. გარდა ამისა, გაიზრდება მათი ხელმისწავდომობა საწარმოო საშუალებებზე გლობალური ვაჭრობიდან.

მსოფლიო ბანკმა წელს ასევე დაანონსა შავი ზღვის მწვანე კაბელის პროექტის დაფინანსება 35 მლნ აშშ დოლარით. წელსვე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა, რკინიგზის სისტემებში DATA ცენტრების მოწყობის შესახებ. შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის და რკინიგზის DATA ცენტრების კავშირი ციფრულ აგროინდუსტრიასთან ცალკე განხილვის საგანია.

 

ზურაბ მაღრაძე

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

თბილისი
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.