აღნიშნული ორი გვარი წარმოადგენდნენ თანამედროვე საჩხერის მუნიციპალიტეტის თავადებს. იმერეთის საერისთავო სისტემა ჩამოყალიბებას იწყებს ჯერ კიდევ ფარნავაზის დროიდან (არგვეთის საერისთავო), ერთიანობის რღვევის შემდგომ ძირითადად სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოიქმნა ცალკეული სათავადო. სისტემა ძალზე დიდ ცვლილებებს განიცდის მისი არსებობის ბოლომდე (XIX საუკუნის II ნახევარი).
სათავადოები იმერეთში ფაქტობრივად დასრულებულ სახეს იღებს XV საუკუნეში; ამ დროს ერთიანი საქართველო იშლება და ქვეყანა რამდენიმე სამეფო–სამთავროდ ნაწილდება. სწორედ ამ დროიდან იწყება სათავადოთა განსაკუთრებული ზრდა იმერეთში.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე XV-XIX საუკუნეებში არსებობდა იმერეთის სამეფოში შემავალი სათავადო ფეოდალური სისტემა. თანამედროვე მუნიციპალიტეტის საზღვრებში ორი სათავადო სახლი იყო წარმოდგენილი – საწერეთლო და სააბაშიძეო, რომელთა განლაგების მიახლოებითი რეტროსპექტივაც რუკაზეა წარმოდგენილი. აღნიშნულ საზღვრებში მნიშვნელოვანი ცვლილება მხოლოდ XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ხდება, როდესაც გაძლიერებული წერეთელთა საგვარეულო სააბაშიძეო ფეოდალურ სახლს ართმევს სოფელ ლიჩს, მახათაურს, სავანეს, ქორეთსა და ღოდორას მიმდგომი მხარეებითურთ, ნაშრომში დართულ რუკაზე სასაზღვრო ხაზი წარმოდგენილია XVIII-XIX საუკუნეების მდგომარეობით.
სათავადოების საზღვრების კარტოგრაფირებისას წავაწყდით ერთ მცირე გაუგებრობას: მოგვექცია თუ არა თანამედროვე სოფლების: პერევი, ჯრია, ქარძმანი, თედელეთი, ჯალაბეთი, ხახიეთი, ჭოისის ტერიტორიები სააბაშიძეო მამულში, რომლის მამულებსაც ეს ტერიტორიები უშუალოდ ემიჯნება. აღნიშნული სოფლებიდან არცერთი არ ჩანს ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ეს სოფლები მაშინ არ არსებულა. ტერიტორიის კუთვნილების შესახებ არც ჩვენ მიერ მიკვლეული ისტორიული წყაროები გადმოგვცემენ რამეს. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიის სააბაშიძეო მამულში შეყვანა გადაგვაწყვეტინა იმ ფაქტორმაც, რომ აღმოსავლეთით მის მოსაზღვრე შიდა ქართლის სათავადოს – სამაჩაბლოს შემადგენლობაში ეს სოფლები და ტერიტორია არ მოიხსენიება. გეოგრაფიული არეალის მიხედვითაც ეს ტერიტორია უფრო მეტად საჩხერის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მათ ჯავის რაიონის სოფლებიდან მკვეთრად გამოყოფენ მთები: სირხლაბირტი, ალხაშენთი, რიბისი, ბილიურთა, კარდანახუმი, რუსთავი. ეს სოფლები გეოგრაფიულად უშუალოდ ებმის საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას (ადრინდელ სააბაშიძეოს).
ზემოთ მოყვანილ წყაროთა დაყრდნობით და პირადი დაკვირვებების შედეგად მოვახდინეთ XV-XIX საუკუნეების თანამედროვე საჩხერის მუნიციპალიეტის ტერიტორიაზე მდებარე სათავადოების რეტროსპექტული კარტოგრაფირება.
1810 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო დაიპყრო და გააუქმა, სამეფოსთან ერთად არსებობას წყვეტს სათავადო სისტემის მმართველობის ძველი სახე [სოსელია; ტ. II, 1981:203].
საწერეთლო. ერთ–ერთ უმსხვილეს და ძლიერ სათავადოს წარმოადგენდა საწერეთლო, რომელიც დაახლოებით XVI საუკუნეში ყალიბდება. წერეთლების სათავადო განლაგებული იყო ზემო იმერეთში. ის ძირითადად მოიცავდა თანამედროვე საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე თერჯოლის (ძევრი), ონის, ამბროლაურის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტების მცირე ნაწილსაც. აღნიშნული საზღვრები და სათავადოს განლაგების არეალი საჩხერეში წარმოდგენილია რუკაზე.
წერეთლები აგრეთვე ფლობდნენ ყმა–მამულებსაც: ჩიხას, დიდწიფელას, ოფჩას, დარკვეთს, საკურწეს, კაცხს, წინსოფელს, და სხვა. წერეთლებს ეკუთვნოდათ: მთა ხიხათა, ,,სანადირო მთა“, სოფელი როკითის ნაწილი.
საწერეთლოს საზღვრები იყო: ჩრდილოეთით რაჭის საერისთავო, სამხრეთით მდინარე ძირულა, აღმოსავლეთით ლიხის ქედი, დასავლეთით ჭიათურის წყლამდე.
XV-XIX საუკუნის საქართველოს სათავადოებს შორის, ისე საფუძვლიანად არაფერია შესწავლილი, როგორც წერეთელთა ფეოდალური სახლის ისტორია. უპირველესი წვლილი ამაში ისტორიკოს ოლღა სოსელიას მიუძღვვის.
წერეთლები იმერეთის ძირძველი მოსახლენი არ ყოფილან, ამ მოსაზრებას სათავადოს ისტორიაზე მომუშავე ყველა მკვლევარი ერთხმად იზიარებს. ეტიმოლოგიურად გვარ წერეთელის შემცველი ტოპონიმები მრავლადაა საინგილოსა და ქართლში, რაც მკვლევარებს იმის დასკვნის საშუალებას აძლევთ, რომ წერეთლები საინგილოდან გადმოსულან ქართლში, აქედან კი იმერეთში. წერეთლები ქართლიდან იმერეთში თემურ–ლენგის შემოსევების შემდეგ უნდა გადმოსულიყვნენ.
,,საწერეთლო“, როგორც წერეთელთა მფლობელობაში არსებული მამულის აღმნიშვნელი XVI საუკუნიდან ჩანს საჩხერის თანამედროვე ტერიტორიაზე.
წერეთლები ქართლის სამეფოს მოსაზღვრე, მონაპირე სათავადოს წარმოადგენდნენ. XVI საუკუნის მიწურულში ქართლის მეფე სიმონის იმერეთში ლაშქრობის დროს ისინი მის მხარეზე იბრძვიან. საწერეთლო ჩანს ვახტანგ V შაჰნავაზის მეფობისას (1658–1675) ქართლის მეფის ვასალია და არა იმერეთის.
წერეთელები მტრულ განწყობილებაში იმყოფებოდნენ გიორგი სააკაძესთან მისი მოურავობის პერიოდში. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ,,კვალად ეთქვა მუქარა ქველის წერეთელს მოურავისა. მოუხდა მოურავი, მოსწვა მამული მისი; წარმოსულს მოურავს ეწია ქველი წერეთელი და ბრძოდეს ურთიერთსა. არამედ მოურავმან განაწონნა სამნი ისარნი მკერდსა და ილტვოდა ქველი, ხოლო მოურავი მოვიდა გამარჯვებული“ [ბაგრატიონი; 1913: 67].
წერეთლები განსაკუთრებით XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ძლიერდებიან და იმერეთში ყველაზე ძლევამოსილ სათავადოდ იქცევიან [ სოსელია; 1947: 252–254].
სააბაშიძეო. სააბაშიძეო, იქმნება XV საუკუნეში; მასში ძირითადად შედიოდა თანამედროვე ზესტაფონის, ხარაგაულის, წყალტუბოს, თერჯოლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სოფლები. სააბაშიძეო ტერიტორიულად ორად იყო გაყოფილი, მისი მეორე ნაწილი საჩხერეში მდებარეობდა, რომლის საზღვრებიც რუკაზე მკვეთრადაა გამოყოფილი. სააბაშიძეოს საზღვარი: ჩრდილოეთით რაჭის საერისთავომდე, სამხრეთით მდინარე ძირულამდე, აღმოსავლეთით ლიხის ქედამდე, დასავლეთით არგვეთა–ჩხარამდე. აბაშიძეების ხელში იყო: შორაპნის, შროშის, ჭალატყის, ცუცხვათის ციხესიმაგრეები.
საჩხერის მუნიციპალიტეტის თანამედროვე ტერიტორიაზე XV საუკუნიდანვე ყალიბდება აბაშიძეთა ფეოდალური გვარის სათავადო - სააბაშიძეო, ცენტრით სოფელ ჭალაში. აბაშიძეებს ჭალაშივე გააჩნდათ სასახლე, ციხე, კარის ეკლესია და საძვალე.
აბაშიძეები საჩხერეში XVIII საუკუნემდე დიდძალ მამულებს ფლობდნენ და თითქმის ტერიტორიის 60% მათ საგამგეოს წარმოადგენდა. XVI საუკუნიდან მათ მეზობლად წერეთელთა სათავადოს ჩამოყალიბების შემდეგ ისინი ნელ-ნელა კარგავენ თავიანთ მამულებს და შედარებით სუსტდებიან.
XVIII საუკუნიდან მოყოლებული კი აბაშიძეები მხოლოდ საჩხერის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიას ფლობენ. მათ საგამგეო მამულს ჩრდილოეთიდან რაჭის ქედი ესაზღვრებოდა შემდეგი მთებით: საბვი, ფხონი, პეპელეთი, დაღვერილა, სირხლაბირტი, რიბისი, ალხაშენდა; აღმოსავლეთით: ობოლისი, კარდანახუმი, რუსთავი; სამხრეთით: მთა პერანგა, ლოხონი, შახარადეტი; დასავლეთით: დიდგორა, დიდი ცხეპარი, პატარა ცხეპარი, წიფლარი. ამ ორთოგრაფიულ დანაყოფებს შორის არსებობდა სააბაშიძეოს ფეოდის საჩხერის მონაკვეთი, ცენტრით სოფელ ჭალაში. იგი მოიცავდა შემდეგ სოფლებს: დრბო, ღონა, ორღული, ტყემალაური, ბაცქიური, პანისური, ჭლეები, პერევი, ზასხლეთი, ცხეპრისძირი, დავაეთი, ხახიეთი, თედელეთი, სინაგური, ჯალაბეთი, ფათკუჯინა, ხაფალგომი, ძირისჭალა, ხელდახეული, სადარნო, ტბეთი, ქარძმანი, წოისი, ლოხოისა, სარბეთი, დარყა, საკოხია, ძვ. იცქისი, ველები, ჭურნალი, ჯრია, ჭაბუკმთა.
აბაშიძეთა წარმოშობის შესახებ არსებობს რამდენიმე ვერსია, ერთი ვერსიის მიხედვით ისინი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალიდან არია, სადაც მათ გვარს საფუძველი ეყრება, ხოლო მეორე ვერსიით ისინი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშითად არიან.
აბაშიძეთა ჭალიდან წარმოშობა, როგორც ჩანს ძველად უფრო სარწმუნოდ მიაჩნდათ, ამ თვალსაზრისს ზურგს აბაიძეთა გვარის შესახებ არსებული ლეგენდაც უმაგრებს, რომელიც გადმოგვცემს მურვან ყრუს გადასვლას აფხაზეთში და მის ბრძოლას არჩილ მეფესთან, იგი მურვან ყრუს ლაშქარში ასახელებს აბაშს: ,, რიცხვთა ამათ შინა ყრმა ვინმე ბეგისა შთამომავლობისა დაშთა მუნ, რომელსაც მეფეი არჩილ უყოფდა პატივსა და ზრდიდა თვის თანა, ხოლო შემდგომად ამისა ნადირობას შინა ძესა მეფისა არჩილისასა იოანეს ზედა შეახლტა მგელი განსაბრძნავად და მაშინ აბაშმან აღმოიწოდა ხმალი და მით მოკლა მგელი იგი. და განარინა ძეი მეფისა და ამისა ჯილდოდ უბოძა მეფემან არჩილ თავადობა და გვარად მისცა აბაშის ძეობა და მიუბოძა მამული, ჭალასა და ზოსიათ ხევსა შინა დ სხვანიცა მასთან მყოფნი აბაშნი მიიღო აზნაურობისა ხარისხითა და დაასახლა ჭალას, რომელნიცა იწოდებიან ჭალელ აბაშიძეებად“ [ახუაშვილი; 2010: 128]. აღნიშნული ცნობა მრავლად შეიცავს ანაქრონიზმებსა და შეუსაბამობას, მაგრმ ჩვენ ამ წყაროს ცალსახად ლეენდად აღვიქვავთ და ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ იმაზე, რომ აბაშიძეთა პირვანდელ სამკვიდროდ სოფელი ჭალა ფიგურირებს, რაც რა თქმა უნდა შემთხვევითი არაა და ეს წარსულში ნამდვილ ცნობიდან, რომ აბაშიძეები ჭალიდან არიან, უნდა მოდიოდეს. აქვე აღსანიშნავია აქ დასახელებული მეორე ტოპონიმი - ზოსიათ ხევი, აღნიშნულის მსგავსი სახელწოდება ქვია ჭალის ჩრდილოეთით მდებარე ქედს ერწოს ტბასთან - ზოსწვერი, მსგავსება აშკარაა. ჩვენი აზრით აბაშიძეთა წარმოშობის ადგილი სწორედ ჭალა უნდა იყოს. ამასვე მოწმობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპიგრაფიკულ მასალებში ნახსენები უძველესი წყაროებიც.
ვახუშტი ბაგრატიონი იმერეთის ,,თავართა გუართათვი“-აში წერს: ,, აბაშიძე, ფალავანდიშვილი და ამირეჯიბი ამათ ერთობასა შინა აქუნდათ მამულნი იმერეთსა და ქართლსა შინა და შემდგომად განყოფისა სამეფოსა ერთი ძმა იქით და ერთი ძმა აქეთ დაშთნენ, ვითარცა აჩენს მამულნი და სიგელნი მათნი“ [ქც. ტ.IV, 1973: 35]. ვახუშტის ციტატა ეხმაურება ძველ ისტორიულ სინამდვილეს, როდესაც იმერეთის აღმოსავლეთი ნაწილი ფალავანდიშვილებსა და აბაშიძეებს ეპყრათ, ხოლო მათ ქართლის მხარეს ამირეჯიბები საზღვრავდნენ.